ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობას სერტიფიცირებული სანერგის სტატუსი მიენიჭა
სანერგე მეურნეობაში წარმოებული სარგავი მასალის ხარისხი, ჯიშობრივი სიწმინდე და ფიტოსანიტარიული მდგომარეობა შესაბამის სტანდარტებთან იქნება უზრუნველყოფილი. ეროვნულ კატალოგში კი ციტრუსოვანთა 15 ჯიშია რეგისტრირებული.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობას სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობის სტატუსი მიანიჭა.
ამასთანავე, სანერგე მეურნეობა რეგისტრირებულია კვალიფიციური სანერგე მეურნეობების რეესტრში და მინიჭებული აქვს CAC სტანდარტის შესაბამისი სტატუსი.
ჩაქვის სანერგე მეურნეობის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია ციტრუსოვანთა ჯიშობრივი მრავალფეროვნების აღრიცხვა და დაცვა. წლეულს, გაზაფხულზე სანერგეში არსებული ციტრუსოვანთა 15 სხვადასხვა ჯიში „საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნულ კატალოგში“ დარეგისტრირდა.
ჯიშების იდენტიფიკაცია და აღწერა საერთაშორისო მეთოდოლოგიური მოთხოვნებისა და შესაბამისი მახასიათებლების გათვალისწინებით განხორციელდა. ამ პროცესის მიზანია თითოეული ჯიშის იდენტურობის, განმასხვავებელი ნიშნებისა და ძირითადი ბიოლოგიური და სამეურნეო მახასიათებლების სათანადო შეფასება.
სანერგე მეურნეობაში სარგავი მასალის წარმოება დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობს. დაცულია ნერგების ხარისხის, ჯიშობრივი სიწმინდის, ფიტოსანიტარიული მდგომარეობისა და წარმოების პროცესის მიკვლევადობის უზრუნველყოფის პირობები.
საქმიანობა ეფუძნება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, შესაბამის სტანდარტებსა და ნორმატიულ აქტებს, მათ შორის, საქართველოს მთავრობის №478 დადგენილებით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობის სერტიფიცირება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია აჭარაში მეხილეობისა და, განსაკუთრებით, ციტრუსოვანთა დარგის განვითარებისათვის. ხარისხიანი და სანდო სარგავი მასალის წარმოება ხელს შეუწყობს ახალი ბაღების გაშენებას, ჯიშობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას, ასევე ციტრუსოვანთა წარმოებაში თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას.

