აგრარული განათლებააგროსიახლეებიდარგები

ბიოსერტიფიცირება

ბიოსერტიფიცირებას ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავალი, ველურად მზარდი მცენარეების ნაყოფი ან სხვა ნაწილები, სასოფლო-სამეურნეო ცხოველები და მეცხოველეობის პირველადი პროდუქცია, აკვაკულტურა, გადამუშავებული სასურსათო პროდუქცია, ცხოველთა საკვები, სათესლე და სარგავი მასალა. პროდუქცია, რომელზეც დატანილია ნიშანდება „ბიო“, „ეკო“ ან „ორგანული“, აუცილებლად უნდა იყოს სერტიფიცირებული ბიოსერტიფიცირების აკრედიტირებული ორგანოს მიერ.

ბიოსერტიფიკატის მისაღებად მწარმოებელმა უნდა შეასრულოს ბიოსტანდარტის ყველა მოთხოვნა. ბიოსტანდარტი სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში ნებადართული მეთოდებისა და საწარმოო საშუალებების, პროდუქციის შენახვის, გადამუშავების, დაფასოებისა და ტრანსპორტირების წესების ერთობლიობაა.

ბიოსერტიფიკატის მიღების მსურველმა საწყის ეტაპზე უნდა:

  • შეისწავლოს სტანდარტის მოთხოვნები და შეიმუშაოს ბიოპროდუქციის სტანდარტით ნებადართულ მეთოდებსა და საწარმოო საშუალებებზე დაფუძნებული წარმოების სისტემა;
  • შეადგინოს მიწის, სავარგულების, შენობა-ნაგებობების, დანადგარების, ტექნიკისა და საწარმოს სხვა აქტივების აღწერა და დაურთოს მას შესაბამისი რუკები და საჭიროებისამებრ, წყლისა და ნიადაგის ანალიზის შედეგები;
  • შეიტანოს განაცხადი ბიოსერტიფიცირების ორგანოში და დაურთოს მას ბიოწარმოების სისტემისა და მეურნეობის (საწარმოს) აღწერილობა.

მეურნეობამ უნდა გაიაროს გარდამავალი პერიოდი, სანამ შეძლებს ბიოსერტიფიკატის მიღებას. სერტიფიცირების ორგანო ვალდებულია მწარმოებელს ჩაუტაროს ყოველწლიური ინსპექტირება როგორც გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ისე მის შემდეგაც. ინსპექტირება მეურნეობაში უნდა ჩატარდეს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სეზონის პერიოდში, ხოლო გადამამუშავებელ საწარმოში — ბიოპროდუქტის გადამუშავების დროს. თუ ყოველწლიური ინსპექტირება ოპტიმალურ დროს ვერ ჩატარდა, თავიდან უნდა დაიწყოს გარდამავალი პერიოდის ათვლა. თუ ინსპექტორს სტანდარტის დარღვევის დასაბუთებული ეჭვი გაუჩნდა, მწარმოებელს ჩაუტარდება დამატებითი გაუფრთხილებელი ინსპექტირება. დაახლოებით 10 წელიწადში ერთხელ სერტიფიცირების ორგანომ გაუფრთხილებელი ინსპექტირება შეიძლება ფორმალური მიზეზის გარეშეც ჩაატაროს.

ინსპექტორისათვის შესაძლებელი უნდა იყოს ყველა სახის ჩანაწერის, საბუთის, ნაკვეთის, შენობა-ნაგებობის, ტექნიკის, დანადგარის და ხელსაწყოს შემოწმება და დათვალიერება. ინსპექტირება იწყება მეურნეობისა ან„და საწარმოს ხელმძღვანელთან და ბიოწარმოებაზე პასუხიმგებელ პირებთან ინსპექტირების ამოცანებისა და გეგმის განხილვით. შემდეგ. ინსპექტორი ამოწმებს ბიოწარმოების საბუთებსა და ჩანაწერებს; ინფორმაციის გადასამოწმებლად აკვირდება წარმოების პროცესს, ათვალიერებს ინფრასტრუქტურას და ესაუბრება რიგით თანამშრომლებს. დათვალიერების დროს მას ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღების უფლება აქვს. ბოლოს ინსპექტორი გააცნობს წარმოების ხელმძღვანელობას გამოვლენილ შეუსაბამობებს და შეათანხმებს მასთან ამ შეუსაბამობების გამოსასწორებლად აუცილებელ მაკორექტირებელ ქმედებებს. სერტიფიცირების ორგანო მწარმოებელს ინსპექტირების დასრულებულ ანგარიშსა და გადაწყვეტილებას ათი დღის ვადაში უგზავნის. გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია შეუსაბამობები და მათი შესრულების ვადები, ხოლო სტანდარტის უხეში დარღვევისას — სანქციებიც.

ბიოპროდუქციის ევროკავშირში გატანის შემთხვევაში სერტიფიცირების ორგანო ატარებს საექსპორტო პარტიის დატვირთვის ინსპექტირებას და გასცემს „იმპორტის ინსპექტირების სერტიფიკატს“, რომელიც ევროპელმა მყიდველმა უნდა წარადგინოს თავისი ქვეყნის საბაჟოში ბიოპროდუქციის განსაბაჟებლად.

შპს „კავკასსერტი” საქართველოში ბიოსერტიფიცირების ერთადერთი ადგილობრივი კომპანიაა. ის აკრედიტებულია გერმანიის აკრედიტაციის ცენტრის (DakkS) მიერ და შესულია ევროკომისიის მესამე ქვეყნების ბიოსერტიფიცირების ეკვივალენტური კომპანიების სიაში. შპს „კავკასსერტი” გასცემს ბიოსერტიფიკატს, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. ამჟამად „კავკასსერტის” სასერტიფიკაციო მომსახურებით სარგებლობს 45 მწარმოებელი, რომელთა ნახევარი უკვე ფლობს ბიოსერტიფიკატს.

დავით ბედოშვილი,

ზურაბ ნადარეიშვილი,

(შპს „კავკასსერტი”)