ჰუმინურ-ორგანული სასუქების გამოყენების პერსპექტივები ბიოპროდუქციის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებში

მინერალური სასუქების ალტერნატიული ორგანული სასუქების დანერგვა აგროეკოლოგიის პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი მიმართულებაა. სოფლის მეურნეობაში მინერალური სასუქების საყოველთაო გამოყენება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში მთელ მსოფლიოს მიაჩნდა, რომ სოფლის მეურნეობაში ყველა პრობლემის გადაწყვეტა მინერალური სასუქებით იქნებოდა შესაძლებელი. „ქიმიური ეიფორია” ჯანსაღი მიდგომით მხოლოდ 90-იან წლებში შეიცვალა — ქიმიზაცია არაა პანაცეა და რომ მინერალური სასუქების საყოველთაო გამოყენებას მრავალი ნეგატიური მხარე გააჩნია [1,2]. ორგანულ სასუქებს — ნაკელს, ტორფს, საპროპელს და სხვას მიწათმოქმედებაში უხსოვარი დროიდან იყენებენ. გასული საუკუნის ბოლოს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ტარდება პირველი მეცნიერიული გამოკვლევები, რომლებითაც დასტურდება, რომ ბუნებრივი ჰუმინურ-ორგანული სასუქების წარმოება და გამოყენება ყველაზე უფრო პერსპექტიული მიმართულებაა. ის ე.წ. „მომავლის ტექნოლოგიებად განიხილება”[3-5].

1981 წელს გადაწყდა შექმნილიყო ჰუმინური ნაერთების კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია (IHSS). ამავე პერიოდიდან დაიწყო ევროპის მოწინავე ქვეყნებში და აშშ-ში ჰუმინური სასუქების ტექნოლოგიების შემუშავების აქტიური ხანა [5,6]. უკანასკნელ პერიოდში ორგანულ მიწათმოქმედებაში ჰუმინური ტიპის სასუქების გამოყენება განსაკუთრებით იზრდება. საქმე ის არის, რომ ბუნებრივი ჰუმატები მაღალმოლეკულურ ნაერთთა კომპლექსური ნაკრებია, რომლებიც უნიკალური სტრუქტურული აგებულების და ფიზიკო-ქიმიური თვისებების გამო მაღალი ბიოლოგიური აქტივობით ხასიათდება. მცენარეულ უჯრედში ჰუმინური ნაერთების მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სტიმულაციის ეფექტით ნივთიერებათა ცვლის მრავალ პროცესზე. დადგენილია, რომ ჰუმატები აუმჯობესებენ უჯრედის მემბრანულ განვლადობას, ზრდიან ფერმენტთა აქტივობას და ფოტოსინთეზის პროდუქტიულობას. ამასთან ერთად ააქტიურებს სუნთქვით პროცესებს, ცილების, შაქრების, ვიტამინების და სხვა კვებითი ღირებულების ნაერთთა სინთეზს. ჰუმატები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ ნიადაგის ფიზიკო-ქიმიურ მახასიათებლებს. ასევე მნიშვნელოვანია ჰუმატების მოქმედებით ნიადაგის მიკროფლორის გააქტიურება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ნიადაგის რეკულტივაციას და ჰუმუსის წარმოქმნას. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჰუმინურ-ორგანული სასუქები ეკოლოგიურად უსაფრთხოა და წარმატებით გამოიყენება ორგანულ მიწათმოქმედებაში.

რეზიუმე. წარმოდგენილი ნაშრომი ეხება ახალი ტიპის თხევადი ჰუმინურ-ორგანული სასუქის წარმოების ტექნოლოგიას ადგილობრივი ბუნებრივი ჰუმატების (ტორფი, ლეონარდიტი) ბაზაზე. ცნობილია, რომ ბუნებრივი ჰუმატები თავიანთ შემადგენლობაში შეიცავენ მცენარის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო მრავალ კომპონენტს. პრობლემის გადაწყვეტა მდგომარეობს იმაში, რომ ბუნებრივი ჰუმატები წყალში უხსნად მაღალმოლეკულურ ნაერთთა კომპლექსია და ტექნოლოგიური გადამუშავების გარეშე მცენარეული უჯრედის მიერ პრაქტიკულად ვერ შეითვისებიან. შესაბამისად, საჭიროა ჰუმატების შემცველი ნედლეულიდან მცენარისათვის საჭირო ნივთიერებების (ჰუმინის და ფულვო მჟავები, პეპტიდები, ამინომჟავები, ნახშირწყლები, მიკრო და მაკრო ელემენტები) ხსნად მდგომარეობაში გადაყვანა და დისპერსიის ისეთი ხარისხის მიღწევა, რომ უჯრედში ადვილად შესათვისებელ ფორმებამდე იყვნენ დიფერენცირებული. ჩვენს მიერ დამუშავებულია ინოვაციური ტექნოლოგია და დაპატენტებულია „ჰუმინურ-ორგანული სასუქის მიღების ხერხი ადგილობრივი ტორფის ბაზაზე” (პატენტი #3977, 29.11.2005 წ., სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენი, 13(209), თბილისი, 2006წ.). წარმოდგენილ ტექნოლოგიაში ბუნებრივი ჰუმატების ტუტე ჰიდროლიზის და დისპერსიის პროცესში გამოყენებულია ჰიდრო სისტემის ულტრაბგერითი რეაქტორი (კავიტატორი).

აღნიშნული ტექნოლოგიით მიღწეულია ტორფის შემადგენლობაში არსებული ბუნებრივი მაღალმოლეკულური ჰუმატების და სხვა მნიშვნელოვანი ნაერთების სრული ექსტრაქცია და დისპერსიის მაღალი ხარისხი. უკანასკნელი თავის მხრივ უზრუნველყოფს ჰუმინური ნაერთების წყალში ხსნადობას, მათი ბიოლოგიური აქტივობის სრული პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობას და მცენარეული უჯრედის ზრდის სტიმულაციის ეფექტს. პროდუქციის საცდელმა ნიმუშებმა გაიარა ლაბორატორიული და საწარმოო გამოცდები სოფლის მეურნეობის წამყვან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში და ფერმერულ მეურნეობებში. იგი დარეგისტრირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში, როგორც „ჰუმინურ-ორგანული სასუქი” საფირმო სახელწოდებით „აგროვიტა” (სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა #56, 10.08.2010წ., ხელახალი რეგისტრაცია #56„15, 04.09.2015წ.). სასუქს მინიჭებული აქვს „ბიოწარმოების სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი” — # CC-D-128-01.

კვლევის ობიექტი და მეთოდები. კვლევის ობიექტად აღებული გვქონდა მარცვლოვანი კულტურები, ბოსტნეული, ბოლქვოვანი მცენარეები, მწვანილი, მრავალწლიანი თესლოვანი და კურკოვანი კულტურები, ყვავილოვანი და დეკორატიული მცენარეები. კვლევა ტარდებოდა როგორც ღია გრუნტში, ასევე სათბურში. ხორციელდებოდა ფესვური და ფოთლოვანი კვება. საკვლევ ნიმუშებში „აგროვიტას” სხვადასხვა კონცენტრაციების ეფექტი საკონტროლო ნიმუშებთან შედარებით ცნობილი მეთოდების გამოყენებით დგინდებოდა [8,9].

მიღებული შედეგები და მათი განხილვა. კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა ჯიშის და სახეობის მცენარეთა გამოკვებისათვის ჰუმინურ-ორგანულ სასუქ „აგროვიტას” ოპტიმალური კონცენტრაციების და ვადების დადგენა. ჩატარებული კვლევების შედეგად შემუშავებულია „აგროვიტას” გამოყენების ინსტრუქცია და რეკომენდაციები მოხმარების შესახებ.

რეკომენდაციები მოხმარების შესახებ. სასუქი გამოიყენება წყალში გახსნილი სახით როგორც დამოუკიდებლად, ასევე მცენარეთა დაცვის საშუალებებთან და სხვა სასუქებთან ნარევის სახით. თანაფარდობის შერჩევა „სასუქი — წყალი” ხდება თანდართული ინსტრუქციის მიხედვით:

  1. ფესვიდან კვება — „აგროვიტას” 0,5 — 1,0 % წყალხსნარი; 2. ფოთლოვანი კვება — 0,5 % წყალხსნარი; 3. ნიადაგის განოყიერება — 4-5 ლ„ჰა-ზე; 4. ჩითილების, ნერგების, სათესლე ბოლქვების ჩალბობა დათესვამდე — 1,0% წყალხსნარი; 5. სათესლე მასალის დალბობა — 1,0% წყალხსნარი.

მცენარეთა ფესვური და ფოთლოვანი გამოკვებისათვის რეკომენდებულია ვეგეტაციის განმავლობაში 3-4-ჯერადი გამოყენება 10-12 დღის ინტერვალით.

 

ქრისტო კახნიაშვილი,

ბიოლოგიის მეცნიერებათა

დოქტორი, საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი, შპს „აგროვიტა პროდაქშენის” წარმოების მენეჯერი,

თბილისი, საქართველო

კახაბერ ხუციშვილი,

შპს „აგროვიტას” დამფუძნებელი,

ს„მ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Христева Л.А.Физиологическая функция гуминовой кислоты в процессах обмена высщих растений. В сб.:«Гуминовые удобрения, теория и практика их применения». Харьков, 1957, с.95-103;
  2. Дурмишидзе С.В., Кахниашвили Х.А. и др. Биотрансформация ксенобиотиков в растениях. Тб. 1989, 288 с.;
  3. Перминова И.В. Что такое гуминовые вещества? «Химия и жизнь» 2008, №1, с.57;
  4. Наумова Г.В.Торф и биотехнологии. Минск: Наука и техника. 1987, 158с.;
  5. Петраков А.Д. Радченко С.М. и др.Способ получения органоминеральных удобрений и технологическая линия для его получения. Ратент РФ №2296731, Б.И. 2007, №10;

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.