ცხოველის პროდუქტიულობაზე და ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორები
ცხოველის ჯანმრთელობა და პროდუქტიულობა ძირითადად დამოკიდებულია მოვლა–შენახვის და კვების დონეზე ანუ მის კეთილდღეობაზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს თავისუფლების 5 პრინციპს, რომელთაგანაც ერთ–ერთი მთავარია „თავისუფლება დისკომფორტული მდგომარეობისაგან“.
ცხოველისათვის კომფორტის და დისკომფორტის შემქმნელია ის გარემო, რომელშიც ის მუდმივად იმყოფება (საძოვარი, შენობა).
ეკოლოგიური გარემო ჩამოყალიბებული კლიმატით (ატმოსფერო პროცესების ერთობლიობით) ამა თუ იმ მეცხოველეობის საწარმოს ფუნქციონირების ზონაში გარკვეულწილად მოქმედებს ცხოველთა სიცოცხლისუნარიანობაზე, პროდუქტიულობაზე, გამრავლების პროცესებზე, დაავადების მიმართ გამძლეობაზე და ამთვისებლობაზე.
კლიმატის (რომელსაც განსაზღვრავს ამინდის მდგრადობა) ნეგატიური ცვალებადობა ხშირად მიზეზი ხდება როგორც ინფექციური, ასევე არაინფექციური დაავადებების მასიური გავრცელებისა. მაგალითად ენზოოტიების განვითარება ბუნებაში ბალანსის დარღვევის შედეგია.
ამინდის (ატმოსფეროს ფიზიკური მდგომარეობის) ცვალებადობის წინასწარ განსაზღვრა მნიშვნელოვანია ხარისხიანი და სუფთა პროდუქტების წარმოებისათვის, რადგან ამინდის თანმიმდევრული ცვალებადობა ნაკლებად საზიანოა ორგანიზმისათვის, ვიდრე მისი მკვეთრი (მოულოდნელი) ცვლილება. ამ დროს ორგანიზმი ვერ ასწრებს შეგუებითი მექანიზმების ამოქმედებას. ამინდის ცვალებადობის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია აგრეთვე დაავადებათა დიაგნოსტიკა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარება გადამდები სნეულებების, ტოქსიკოზების და ცხოველთა სხვა პათოლოგიების მიმდინარეობისას.
აქედან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვლევის იმ მეთოდებს, რომელთა გამოყენება გვაძლევს საშუალებას დროულად გამოვავლინოთ ის ძირითადი ფაქტორები (კლიმატი, ამინდი), რომლებიც ხელს უწყობენ ცხოველთა დაავადებების მასიურ გაჩენას და გავრცელებას.
კლიმატი, განსხვავებით ამინდისაგან, უფრო მდგრადია, დამოკიდებულია ლანდშაფტზე და არის სეზონური.
მაღალპროდუქტიული ცხოველები უფრო მგრძნობიარენი არიან კლიმატის და ამინდის ცვალებადობისადმი, ვიდრე დაბალპროდუქტიული ინდივიდები.
მიუხედავად ცხოველის მაღალი ჯიშობრივი და სანაშენე ნიშანთვისებებისა, მისთვის არახელსაყრელი კლიმატური პირობები არ აძლევს საშუალებას, ბოლომდე გამოამჟღავნოს თავისი გენეტიკური პოტენციალი.
საქართველოს შედარებით მცირე ტერიტორიაზე არის დედამიწის ზედაპირზე არსებული კლიმატის (ჰავის) თითქმის ყველა ზონა— დაწყებული ნოტიო სუბტროპიკულიდან, დამთავრებული მარადი თოვლისა და მყინვარების ზონით. საქართველოს ჰავას განსაზღვრავს მისი მდებარეობა. ჰავის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობენ შავი ზღვა და კავკასიონი. უკანასკნელი ქვეყანას იცავს ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასების უშუალო შემოჭრისაგან, ხოლო შავი ზღვა და სამხრეთ მთიანეთიდან შემოჭრილი ჰაერის თბილი მასები აზომიერებს ტემპერატურის მერყეობას და ხელს უწყობს ნალექების მოსვლას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.
ამრიგად, საქართველოს ჰავის ფორმირებაში მონაწილეობენ როგორც ზომიერ, ისე სუბტროპიკულ სარტყელში განვითარებული ატმოსფერული პროცესები.
თავისი მნიშვნელობით ძირითადი ფაქტორი, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ცხოველის პროდუქტიულობაზე და ჯანმრთელობაზე კვების შემდეგ არის გარემო ტემპერატურა.
საქართველო მზისგან მნიშვნელოვან სითბოს იღებს. მზის ნათების ხანგრძლივობა 1350-2520 საათია, მზისაგან მიღებული ჯამური რადიაცია კი 115-153 კკალ„სმ2 წელიწადში. ჰაერის ტემპერატურა ადგილის ჰავის თავისებურების მაჩვენებლის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია და იგი დიდი კონტრასტებით გამოირჩევა. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სოხუმში (150C) ხოლო დაბალი — კავკასიონის თხემზე (5000 მ) — 12,50C. განსაკუთრებული თბილი ზამთრით გამოირჩევა კოლხეთი, სადაც იანვრის საშუალო ტემპერატურა 5-70C-ია.
ატმოსფერული პროცესების ერთობლიობა განსაზღვრავს ტერიტორიის ტენიანობის საკმაოდ დიდ კონტრასტებს. საქართველოს დიდი ნაწილი ატმოსფერული ნალექების სიუხვით გამოირჩევა, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 400-500 მმ ფარგლებში იცვლება. საქართველო გამოირჩევა დღე-ღამეში მოსული ნალექების სიუხვითაც (352 მმ). მაქსიმალური ნალექების მოსვლის ზონები დასავლეთ საქართველოშია.
გაბატონებული ატმოსფერული პროცესების სირთულის გამო, ნალექების შიგაწლიური განაწილება თავისებურია: დასავლეთ საქართველოში ნალექების მაქსიმუმი ზამთარში ან შემოდგომაზეა, მინიმალური — გაზაფხულზე ან ზაფხულში, აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმუმი ზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისშია, მინიმალური ზამთარში.
ამინდი მრავალმხრივი მოქმედებით ხასიათდება. ცხელ ამინდს შეუძლია გამოიწვიოს ცხოველის ორგანიზმის გადახურება, როგორც შენობაში ასევე, მის გარეთ საძოვარზე ან ტრანსპორტირების დროს. პათოლოგიური პროცესების განვითარებას იწვევს თერმორეგულაციის დაძაბულობა.
ცივი ამინდი ხელს უწყობს ცხოველების გაციებას და მოყინვას. ღრუბლიანი ამინდი (ზამთარში და გაზაფხულზე) მკვეთრად ამცირებს მზის ულტრაიისფერი სხივების აქტიურ მოქმედებას ცხოველის ორგანიზმზე. ამინდის ზემოქმედებით შეიძლება გააქტიურდეს ან შემცირდეს საკვები მცენარეების ზრდა-განვითარება, შეიცვალოს მასში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესები და დაგროვდეს ტოქსიკური ნივთიერებები, ამაღლდეს ან გაუარესდეს საკვების და წყლის ხარისხი, შენელდეს ან გაძლიერდეს ცხოველთა რეპროდუქტული აქტიურობა, დაამუხრუჭოს ან პირიქით ხელი შეუწყოს ინფექციური და ინვაზიური დაავადებების აღმძვრელობის გამრავლებას და გავრცელებას.
ამინდის თანდათანობით ცვლა უარყოფითად არ მოქმედებს ცხოველზე, რადგან ხდება ორგანიზმის ადაპტაცია. ცხოველები ხდებიან უფრო გამძლე. აქტიურდება კანის თერმორეგულაცია, კუნთების და ჰუმორალური აპარატის ტონუსი, ნივთიერებათა ცვლა და ორგანიზმის ფუნქცია და სხვა.
საქართველოში ძირითადად მიმართავენ ცხოველების საძოვრულ შენახვას, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ცხოველის პროდუქტიულობაზე, პირველ რიგში კი ჯანმრთელობაზე. საძოვარზე ცხოველი მრავალი სახეობის მცენარეს იღებს, რომელიც მდიდარია მინერალებით, ვიტამინებით და ორგანიზმისათვის საჭირო სხვა ნივთიერებებით.
საძოვარზე ცხოველი დროის დიდ ნაწილს სუფთა ჰაერზე ატარებს და აქტიურად მოძრაობს მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ. მზის ულტრაიისფერი სხივები დადებითად მოქმედებს ცხოველის ორგანიზმზე. ის ხელს უწყობს დ-ვიტამინის სინთეზს და სხვა.
სასურველია, რომ ცხოველი საძოვარზე დღე-ღამის განმავლობაში 10-14 საათი იმყოფებოდეს, ძოვების ოპტიმალური დრო კი ამინდის მიხედვით განვსაზღვროთ. ზაფხულის ცხელ ამინდში ძოვებისათვის საუკეთესოა დილის და საღამოს პერიოდი. შუადღისას ცხოველი სასურველ შენობას ან ჩრდილს შევაფაროთ. ცხოველთა ამგვარ ძოვებას ხშირად მიმართავენ აზერბაიჯანელი მეჯოგეები ქვემო ქართლის და კახეთის მთელ რიგ სოფლებში. ასეთი მიდგომა გამორიცხავს მაღალი ტემპერატურის დისკომფორტულ გავლენას ცხოველზე.
ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელი პროდუქტების წარმოებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე ცხოველთა სადგომების მიკროკლიმატის პარამეტრებს და მათ სისტემატურ კონტროლს.
ცხოველთა ფიზიოლიოგიური მდგომარეობა დამოკიდებულია იმ პირობებზე, რომელშიც ისინი იმყოფებიან. ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესების დარღვევის შემთხვევაში პროდუქტიულობა ქვეითდება 35%-მდე.
არადამაკმაყოფილებელ გარემოს მივყავართ ცხოველთა მასიურ დაავადებამდე. აქედან გამომდინარე ცხოველთა სათანადო მიკროკლიმატის პირობებში მოთავსება შენობაში სპეციალისტების ძირითად ამოცანას წარმოადგენს.
შენობასთან, სადაც ცხოველებს დაბმულად ინახავენ, უნდა მოვაწყოთ სასეირნო მოედანი, სადაც ცხოველები ზამთარის თბილ ამინდში გაყავთ რამდენიმე საათით. ცხოველის ფიზიკური აქტიურობა დადებითად მოქმედებს პროდუქტიულობაზე და ჯანმრთელობაზე. მოციონზე გაყვანა განსაკუთრებით სასარგებლოა მაკე პირუტყვისათვის. მოციონით სარგებლობის დროს ნაყოფი კარგად ვითარდება, მშობიარობა მიმდინარეობს ნორმალურად, ადვილად ცილდება მომყოლი, უმჯობესდება ხსენის ფორმირება და იზრდება მერძეული პროდუქტიულობა.
შენობაში ცხოველისათვის საჭირო მიკროკლიმატის შექმნა შედარებით იოლია, ვიდრე ღია ცის ქვეშ ბუნებასთან ბრძოლა.
ამინდის პროგნოზის მიხედვით უნდა გადავწყვიტოთ თუ როგორი რეჟიმით უნდა ვაძოვოთ ცხოველები ან როდის გადავიყვანოთ ისინი ბაგურ შენახვაზე. პირუტყვი როგორც საძოვარზე ისე შენობაში სუფთა და სათანადო ტემპერატურის წყალს უნდა ღებულობდეს ნებაზე ან მინიმუმ 3-4 ჯერ დღე-ღამეში.
დაბალი ტემპერატურის (100-ზე ქვევით) წყალი უარყოფითად მოქმედებს წინა კუჭებში მიმდინარე მონელების პროცესებზე. ცივი წყალი გავლენას ახდენს აგრეთვე მაკე პირუტყვზე, შეიძლება განვითარდეს აბორტი.
თბილი წყალი (100-200-ზე ზევით) წყურვილს არ უკლავს ცხოველს მინიმუმ 3-4-ჯერ დღე-ღამეში.
ცხოველებს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ მათ არ შეექმნათ დისკომფორტი.
თენგიზ ყურაშვილი,
ეკატერინე ღვალაძე
აგრარული უნივერსიტეტი