წყალსარგებლობის განრიგის მნიშვნელობა სტაბილური სარწყავი სეზონისთვის
სარწყავი სეზონის ეფექტიანად მართვა და წყლის რესურსების სამართლიანი გადანაწილება სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. შპს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელსი განმარტებით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე უმნიშვნელოვანეს როლს წყალსარგებლობის განრიგის წინასწარი შეთანხმება ასრულებს.
ეს მექანიზმი საშუალებას აძლევს სახელმწიფო კომპანიას, ზუსტად დაგეგმოს რესურსები, ხოლო ფერმერებს _ კრიტიკულ პერიოდებში საჭირო რაოდენობის წყალი გარანტირებულად მიიღონ.
როგორც შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, გიგლა თამაზაშვილი ამბობს, წყალსარგებლობის განრიგის დროული შეთანხმება მომხმარებლებისთვის სარწყავი წყლის სტაბილური და შეუფერხებელი მიწოდების საწინდარია.
ბატონი გიგლას განმარტებით, ეს პროცესი კომპანიას აძლევს საშუალებას, წინასწარ განსაზღვროს მოთხოვნა და ეფექტიანად მოემსახუროს თითოეულ ფერმერს.
„წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების საწყის ეტაპზე წყალმომხმარებელს არანაირი ფინანსური ვალდებულება არ წარმოეშობა. კომპანია ვალდებულია, ფერმერს მისთვის სასურველ ადგილსა და პერიოდში მიაწოდოს საჭირო რაოდენობის სარწყავი წყალი,“ – აღნიშნავს გიგლა თამაზაშვილმა.
მოქნილი პირობები და ანგარიშსწორება
ფერმერებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა მომსახურების საფასურის გადახდის მექანიზმი. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი საფასურს იხდის მხოლოდ რეალურად ჩატარებული რწყვის ოპერაციის შემდეგ. ანგარიშსწორება ხდება 15-დღიანი მორწყვის ციკლის დასრულებიდან მომდევნო თვეში.
ამას გარდა სისტემა მაქსიმალურად მორგებულია ფერმერის საჭიროებებსა და ცვალებად ამინდზე, რაც გრაფიკის ცვლილების მოქნილ შესაძლებლობას იძლევა:
- რწყვის ოპერაციის გაუქმება შესაძლებელია მომსახურების დაწყებამდე 20 დღით ადრე;
- განრიგის სხვა პერიოდზე გადატანა შესაძლებელია 10 დღით ადრე;
- წყალმომხმარებელი დაგეგმილი მომსახურებით თუ არ ისარგებლებს, მას საფასურის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება.
როგორ მივიღოთ მომსახურება?
სარწყავი წყლის შეუფერხებლად მისაღებად, აუცილებელია ფერმერებმა დროულად მიმართონ „საქართველოს მელიორაციის“ რეგიონულ სერვისცენტრებს. ხელშეკრულების გაფორმება და გრაფიკის წინასწარ შეთანხმება არის ერთადერთი გზა, რათა თავიდან იქნას აცილებული წყლის დეფიციტი ან ტექნიკური შეფერხებები მორწყვის პროცესში.
წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება არ არის მხოლოდ ბიუროკრატიული პროცედურა; ეს არის პარტნიორობა სახელმწიფოსა და ფერმერს შორის, რომელიც მოსავლიანობის გაზრდას და რესურსების რაციონალურ გამოყენებას ისახავს მიზნად.
მოქნილი პირობები და ფინანსური რისკების არარსებობა ფერმერებს აძლევს საშუალებას, უფრო თამამად დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა და დარწმუნდნენ, რომ მათი ნაკვეთები საჭირო დროს საჭირო რაოდენობის წყლით მომარაგდება.

