აგრარული განათლებააგროსიახლეებიმემცენარეობა

კურკოვანი კულტურების პროფესიული დაცვა

ჩვენი ქვეყნის კლიმატურ-ბუნებრივი პირობები უმეტესი სახეობის კუროვანი კულტურების: ალუჩის, ქლიავის, ტყემლის, ალუბლის, ბლის, ატმის, გარგრის ზრდა-განვითარებისთვის მეტად ხელსაყრელია. აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით შესაძლებელია ქართულ სუფრას ამშვენებდეს სხვადასხვა კულტურების ნაყოფი, მათ ასევე დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს და გარკვეული შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
სწორი აგროტექნიკური ღონისძიებების, კერძოდ მავნებელ-დაავადებათა ბრძოლის ღონისძიებების გატარების გარეშე მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღება წარმოუდგენელია. მავნებელ დაავადებათა მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა კურკოვანი კულტურები, რომლებიც გარკვეულ წლებში დიდ ზიანს აყენებენ მცენარეებს და ამცირებენ მათი ექსპლუატაციის ვადებს. ესენია: მონილიოზი ანუ რუხი სიდამპლე, ამ დაავადებას ორი ფორმა გააჩნია: მონილიოზური დამწვრობა და ნაყოფის სიდამპლე.
მონილიოზური დამწვრობა
 მონილიოზური დამწვრობა გაზაფხულზე ვლინდება, რაც ყვავილების ფერის შეცვლითა და მათი შემდგომი გახმობით გამოიხატება, ფოთლებიც აჩერებს ზრდას, ყვავილთან ერთად ჩამოეკიდებიან ტოტებიც. ძლიერი დაზიანების შემთხვევაში მცენარე ნახანძრალის შთაბეჭდილებას ტოვებს. ნაყოფებზე დაავადება მურა ფერის ლაქების სახით ვლინდება, რომლებიც სწრაფად ერთდებიან და მთელ ნაყოფს მოიცავენ. დამპალი ნაყოფები ძირს ცვივა ან გამხმარი სახით მცენარის ტოტებზე მომავალი წლის გაზაფხულამდე რჩება. დაავადების მასიურ გავრცელებას ხელს უწყობს გაზაფხულზე გახანგრძლივებური დაბალი ტემპერატურა, ხშირი წვიმები, ნისლი და ჭარბი ტენიანობა. დაავადებული ხეები კნინდება, სწრაფად ბერდება, ნაყოფები არასტანდარტულია და მოსავლიანობაც მცირდება.
კოკომიკოზი 
დაავადების სიმპტომები ყველა ნაწილზე ვლინდება: ფოთლებზე, ყუნწებზე, ნაყოფებზე, ხანდახან ყლორტებზეც. ფოთლების ზედა მხარეზე ჯერ გამოჩნდებიან ფოთლისებრი, მოიისფრო ლაქები, ხოლო ქვედა მხარეებზე, განსაკუთრებით ტენიან ამინდში _ მოვარდისფრო, მოთეთრო ფიფქები, რომელიც დაავადების გამომწვევი სოკოს ნაყოფიანობას წარმოადგენს. ხოლო ყლორტებზე, ყუნწებზე ან ნაყოფებზე წარმოიქმნება ჩაზნექილი, ყავისფერი ლაქები ან წყლულები მოთეთრო ფიფქებით. ნაყოფები დეფორმირებულია, ცუდად ვითარდება და უგემურია. ძლიერი დაზიანების შემთხვევაში ფოთლები ნაადრევად ცვივა, ივლის-აგვისტოში ზრდასრული ხეები ფოთლების 60-80% კარგავენ, ხოლო ახალგზარდა ხეები სრულად ფოთლების გარეშე რჩება. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს დაბალი ტემპერატურა და ტენი.
კლასტეროსპორიოზი ანუ ფოთლების დაფაცხავება. დაავადების სიმპტომები შესაძლებელია შევამჩნიოთ მცენარის მიწისზედა, თითქმის, ყველა ორგანოებზე. ფოთლებზე დაავადების სიმპტომები გამოვლინდება მომრგვალო, ღია ყავისფერი ლაქების სახით, რომელიც შემოსაზღვრულია მურა წითელი ხაზებით, ძლიერი დაავადების დროს შუა ნაწილები, ე.ი. ქსოვილები, ცარიელია და ფოთლები ცვენას იწყებს. ყლორტებსა და კვირტებზე კი მცირე ზომის, მრგვალი ნარინჯისფერწითელი ლაქები, რომლებიც მოგვიანებით იბზარება,  სკდება და წებოსმაგვარი მასა გამოიყოფა. კვირტები და ყლორტები ღებულობს წითელ, მოყვითალო ან მურა შეფერილობას, რადგან წებოსმაგვარი სითხე მყარდება და მცენარის ნაწილებს ფარავს. ნაყოფებზე წარმოიქმნება მცირე, წითელი ფერის მსუბუქად ჩაზნექილი ლაქები, შემდგომში დაზიანებული ქსოვილები ამოვარდება ან რჩება დაბზარული, გამერქნებული სახით, საიდანაც წებოსმაგვარი მასა გამოდის. ნაყოფები მახინჯ ფორმას იძენს, ადგილ-ადგილ დაზიანებული ადგილები კურკებამდე ხმება. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს თბილი, ტენიანი  კლიმატი. დაავადება იწვევს ნაადრევ ფოთოლცვენას, რის შედეგად შემოდგომაზე ყლორტებს ივითარებს, მერქანი ვერ ასწრებს ბუნებრივ სიმწიფეს და ზამთარს ხეები დასუსტებული ხვდება და ხშირად იყინება, საბოლოო ჯამში მცენარე სუსტდება და მოსავლიანობა მცირდება.
ატმის ნაცარი

აავადებს ფოთლებს და ყლორტებს. ფოთლებზე ნაცრისფერი ფიფქი ჯერ ლაქების სახითაა, შემდეგ კი ფოთოლს მთლიანად ედება. ასეთი ფოთოლი ყვითლდება და ნაადრევად ცვივა. დაავადების გარეგნული ნიშნები ადრეულ ჯიშებზე მაისის მეორე ნახევრიდან ვლინდება, ძირითად ხელშემწყობ პირობად ითვლება წინა წლის ინფექციის მარაგი, ხანგრძლივი და ხშირი წვიმების დროს დაავადება ნაკლებად ვითარდება. ხოლო შეფარდებითი ტენიანობის მაღალი დონე დაავადებისთვის ხელშემწყობია. ტოტების დაავადება უფრო სერიოზულია. ის ლაქების სახით იწყება და შემდეგ მთელ ტოტს ედება, ასეთი ტოტი ძლიერ სუსტდება, დეფორმირდება და წვერი უხმება.
ატმის ფოთლის სიხუჭუჭე
აავადებს ფოთლებს, ტოტებს, ყვავილებსა და ნაყოფებს, ფოთლების და ტოტების დაზიანება ხშირია, ხოლო ყვავილისა და ნაყოფის დაავადება შედარებით იშვიათია. დაავადება ფოთლის ფირფიტის დახუჭუჭებით იწყება. დასაწყისში ფოთოლი მწვანე ფერისაა, შემდგომ მკრთალდება, ზოგ ადგილზე მოწითალო ფერი გადაჰკრავს, ხოლო ბოლოს მონაცრისფრო ელფერს იღებს, შემდგომ ასეთი ფოთლები ცვივა, ხოლო ნაადრევად გაცვენილი ფოთლების ადგილას მომავალი წლის კვირტების ხარჯზე ახალი ფოთლები ვითარდება, რის გამოც ტოტი კარგად ვერ მწიფდება და ზამთარში წვერი ეყინება.
კურკოვან კულტურებს დიდ ზიანს აყენებს, აგრეთვე, მავნებელი მწერები და ტკიპები. მწუწნი მავნებლებიდან აღსანიშნავია ატმის ანუ თამბაქოს ბუგრი, ალუბლის ბუგრი, ქლიავის ბუგრი, აბლაბუდისებრი ტკიპები (მურა, კუნელის, წითელი). ისინი ფოთლისა და ახალგაზრდა ყლორტების უჯრედების წვენს წუწნიან, რის შემდეგ ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესი, კერძოდ მცირდება ფოტოსინთეზის აქტივობა, მცენარე ძლიერ სუსტდება და ნაყოფი არასტანდარტული და უხარისხო გამოდის, საბოლოო ჯამში მოსავალი მცირდება.
ფოთლის და ნაყოფის მღრღნელი მავნებლებიდან აღსანიშნავია: ქლიავის ნაყოფჭამია,  აღმოსავლური ნაყოფჭამია, ალუბლის ხერხია, ალუბლის ბუზი და სხვ. ხოლო დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია მეტად საშიში მავნებელი ამერიკული თეთრი პეპელა. კურკოვნების კომპლექსური, პროფესიონალური დაცვა ითვალისწინებს არა ერთი ან ორი მავნე ორგანიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გატარებას, არამედ მთელ ღონისძიებათა სისტემას, როგორებიცაა აგროტექნიკური, პროფილაქტიკული და მცენარეთა დაცვა.
გთავაზობთ შვეიცარულო კომპანია sin­gen­ta-ას მიერ შემოთავაზებული მცენარეთა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემას:
I.    ადრეულ გაზაფხულზე კვირტების დაბერვის ფაზაში 3% ბორდოს ნარევით წამლობა.
II.    კოკრების გამოჩენაყვავილების წინ 0,035% _ ხორუსი + 0,5% _ თიოვიტ ჯეტ + 0,08% _ აქტარა“.
III.    ყვავილების ფაზაში, განსაკუთრებით მაშინ თუ დაბალი ტემპერატურისა და ხშირი ატმოსფერული ნალექების გამო ყვავილობა ჭიანურდება:
0,03% _
სკორით წამლობა.
IV.    ყვავილობის დამთავრება:
0,03% _
სკორი+0,04% _ ტოპაზი +0,15% _ აქტელიკი
V.    8-10 დღის შემდეგ 0,03% _ ტასპა +0,04% _ კარატე ზეონი.
VI.    10-12 დღის შემდეგ:
0,2% _
დითან _ 45+0,04% _ კარატე ზეონი.
ტკიპების გავრცელების შემთხვევაში კომბინირებულ ნაზავს დაემატება 0,1% _ ნვერტიმეკი.
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წამლობის ჯერადობას, პრეპარატების  ასორტიმენტს და ვადებს  განსაზღვრულ მცენარეთა დაცვის სპეციალისტი, რომელიც მავნებელ-დაავადებათა განვითარების ინტენსივობას და ადგილობრივ პირობებს ითვალისწინებს.

ზურაბ ლოლაძე
sin­gen­ta -ს წარმომადგენელი ამიერკავკასიაში