სამრეწველო შეჯვარების ორგანიზაცია მესაქონლეობაში
ძროხის ხორცი, პრაქტიკულად ყველა ეროვნებისა და კონფესიის ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი საკვები პროდუქტია. ის ოპტიმალური რაოდენობითა და ფორმით შეიცავს იმ საყუათო და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ადამიანის ორგანიზმის ფორმირებასა და ცხოველმოქმედების პროცესში.
დაზუსტებული ნორმებით საშუალოდ ერთი ადამიანის მიერ ხორცის წლიური მოხმარებამ უნდა შეადგენს 70-75 კგ, საიდანაც ძროხის ხორცზე უნდა მოდიოდეს 25 კგ, ანუ საერთო რაოდენობის 33–35%.
რა მდგომარეობაა საქართველოში?
2011–2015 წ.წ. პერიოდში ხორცის წარმოება ჩვენში გაიზარდა 12,8 ათ. ტონით და შეადგინა 62,1 ათ. ტონა. იმავე მონაცემებით ქვეყანაში სულ მოხმარებული იყო 118.5–132.5 ათ. ტ. ხორცი, მ.შ. 26,4-30,6 ათ.ტ. ძროხის. ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ ერთ მოსახლეზე მოხმარებამ შეადგინა 31,9–35,7 და 7,11-8,25 კგ, შესაბამისად.
ადვილი დასანახია, რომ ხორცის მოხმარების ნორმა ჩვენში საერთო რაოდენობით და სტრუქტურულად (ძროხის ხორცის ხვედრითი წილით) სანახევროდაც ვერ აკმაყოფილებს საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს.
არსებული მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ საქართველოში წლის დასაწყისისთვის არსებულ ყოველ 1 სულ ძროხაზე აწარმოებენ 14,4-19,6 კგ ძროხის ხორცს (ნაკლავი მასით), რაც საგრძნობლად ჩამორჩება არა მარტო მოწინავე მეცხოველეობის, არამედ ბევრი განვითარებადი ქვეყნის მონაცემებს.
ასეთი მდგომარეობა გაპირობებულია მრავალი ორგანიზაციული საკითხების მოუგვარებლობით, ხორცის წარმოების გაზრდაზე ბიზნესის ნაკლებად დაინტერესებით, აგრეთვე არსებული რესურსების არაეფექტურად გამოყენებით; მათ შორის:
- ჯერ კიდევ იშვიათობაა ძროხის ხორცის წარმოებაზე მომუშავე სპეციალიზებული ფერმერული მეურნეობები;
- ძროხის მოზარდის გამოზრდა-სუქებისას, ძირითადად, ექტენსიური მეთოდები გამოყენება;
- სახორცე მოზარდის კვებაში იშვიათად გამოიყენება სპეციალური კომბინირებული საკვები, რძის შემცვლელი და სხვა საშუალებები.
უსისტემოდ და ნაკლებად ეფექტურად გამოიყენება ბუნებრივი საკვები სავარგულების საკვები ბაზა;
- დაბალია ცხოველთა სახორცე პროდუქტიულობის გენეტიკური პოტენციალი;
- სარძეო მეძროხეობისგან განსხვავებით, სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ყურადღება ექცევა მეცხოველეობის ამ მიმართულების განვითარებას.
და ეს მაშინ, როდესაც ძროხის ხორცის წარმოების დონე აშკარად ჩამორჩება ბაზრის მოთხოვნილებას; შექმნილი სიტუაცია, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესის თვალსაზრისით გასათვალისწინებელი მომენტია, რამეთუ, რძის წარმოებასთან შედარებით, ხორცის წარმოება ბევრად უფრო მომგებიანია.
ამასთან, ძროხის ხორცის ეფექტურად წარმოებისთვის, ტექნოლოგიური სიახლეების, კვების ეფექტური მეთოდებისა და თანამედროვე საკვები საშუალებების მიზანმიმართულად გამოყენებასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასუქი კონტიგენტის სახორცე პროდუქტიულობის გენეტიკური პოტენციალის მქონე ცხოველების ყოლას; ამ საქმეში თავისი ადგილს დაიკავებს მსოფლიოში აღიარებული სახორცე პროდუქტიული მიმართულების ჯიშების ჩვენში გავრცელებული ძროხასთან სამრეწველო შეჯვარების მეთოდის დანერგვა.
ქართველი მეცნიერების მიერ სახორცე პროდუქტიულობაზე გამოცდილია ძროხის ადგილობრივი და ინტროდუცირებული ჯიშების მალმწიფადი ბრიტანული, დიდტანიანი ფრანგულ-იტალიური და ზებუსნაირი, ე.წ. „ახალი სამყაროს“ სახორცე პროდუქტიული მიმართულების ჯიშებთან ნაჯვარები. გამოვლენილია მაღალეფექტური კომბინაციები, რომელთა გამოზრდა-სუქება დადებით შედეგს იძლევა როგორც ბაგური, ასევე ბაგურ-საძოვრული კვების პირობებში.
ბაგურ-საძოვრულ პირობებში შესწავლილი სულადობიდან განსაკუთრებულად ეფექტურები აღმოჩნდნენ ადგილობრივი ძროხის ბრამანის ტიპის ზებუსთან I თაობის ჰიბრიდები:
- უმჯობესდება სარეპროდუქტორო სულადობის აღწარმოების მაჩვენებლები; კერძოდ, ხალასად მოშენებასთან შედარებით, მაკე ფურებისა და სიცოცხლისუნარიანი ნამატის რაოდენობა იზრდება 9,2 და 11,5%- ით,შესაბამისად;
- მცირდება ერთი ნაყოფიერი დაგრილებისთვის საჭირო დაგრილების/დათესვლის რაოდენობა და გართულებული მშობიარობის შემთხვევები.
- იზრდება F1 ჰიბრიდების/ნაჯვარების სიცოცხლისუნარიანობა და მათი გარემოს უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედებისადმი ტოლერანტობა;
- F1თაობის ჰიბრიდები, როგორც ზომიერად, ასევე ინტენსიურად კვების პირობებში, ზრდის სისწრაფით 8,0-16,2%- ით აღემატებიან ხალასჯიშიან თანატოლებს და უმჯობესდება საკლავი პროდუქტიულობა;
- 10,8-17,1%- ით მცირდება ცოცხალი მასის ერთეულ ნამატზე საკვების დანახარჯები და 1-1,5 თვით დასაკლავი კონდიციის მიღწევის ასაკი.
- აბერდინ-ანგუსური ჯიშის მწარმოებლებიდან მიღებული ორჯიშიანი ნაჯვარები (F1) ზრდის პოტენციური შესაძლებლობით ჩამოუვარდებიან ზებუს ჰიბრიდებს, მაგრამ აღემატებიან მათ დაკვლის ძირითადი პროდუქტების გამოსავლიანობითა და ხორცის ხარისხით.
ზებუს ორჯიშიანებთან ერთად გამოცდილი იქნა სამჯიშიანი ჰიბრიდები, რა დროსაც სადედედ გამოყენებული იყო ზებუ ევროპული F1 დეკეულები და ფურები, რომლებიც გავანაყოფიერეთ აბერდინ- ანგუსური და კიანური მწარმოებლებით. დადგენილია, რომ:
- ზებუს ჰიბრიდი (F1) ფურები ავლენენ კარგ დედობრივ თვისებებს, უფრო მაღალ ნაყოფიერებასა და მერძეულობას, ვიდრე ხალასი ევროპული ჯიშის თანატოლები.
- ზრდის პოტენციით სამჯიშიანები 3,2-4,7%- ით აღემატებიან ორჯიშიანებს, რაც უზრუნველყოფს მათ უფრო მაღალ ცოცხალ მასას სხვადასხვა ასაკში.
- ტანხორცის მასითა და გამოსავალით, ტანხორცში რბილობის ხვედრითი წილით, მისი ქიმიური შედგენილობითა და ფიზიკურ-ტექნოლოგიური თვისებებით აშკარადაა გამოიკვეთა სამჯიშიანი ჰიბრიდების უპირატესობა.
სამჯიშიანი ჰიბრიდებიდან გამოიკვეთა აბერდინ-ანგუსური ჯიშის ½ სისხლიანი – ♂აბერდინ-ანგუსური X ♀(♂ზებუ X ♀ ადგილობრივი) სულადობა, რომლებიც ხორცის გამოსავლიანობითა და ხარისხით სჯობდნენ კიანური ჯიშის მწარმოებლებიდან მიღებულ თანატოლებს.
ბრამანის ტიპის ზებუს ორი და სამჯიშიანი ჰიბრიდების განსაკუთრებულ ღირსებას წარმოადგენს მათი ტოლერანტობა გარემოს ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურისადმი და რეზისტენტობა სისხლის პარაზიტული დაავადებებისადმი, აგრეთვე საძოვრის უხეში ბალახის ათვისების კარგი უნარი.
ეს თავისებურება საქართველოს ბარის რაიონების ფერმერებს საშუალებას მისცემს საძოვრული შენახვის პირობებში პრაქტიკულად გამორიცხონ კლიმატის უარყოფითი გავლენით წონამატის შემცირება და სისხლის პარაზიტული, აგრეთვე ზოგიერთი სხვა დაავადებებით გამოწვეული ზარალი.
ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ზრდის ენერგიითა და სახორცე პროდუქტიულობით ზებუს ჰიბრიდები ხალას თანატოლებს აღემატებიან ნებისმიერი დონით კვების პირობებში, უფრო მეტიც, მათი უპირატესობა უფრო თვალნათლივია ზომიერი და მწირი, აგრეთვე უხეში საკვების დიდი რაოდენობით შემცველი, ულუფებით კვებისას.
ფერმერულ მეურნეობებში ძროხის ორჯიშიანი სამრეწველო შეჯვარების ორგანიზაცია
სამუშაო პროგრამის შედგენისას გასათვალისწინებელია, რომ სამრეწველო შეჯვარებამ არ უნდა შეამციროს რძის წარმოების მოცულობა და არ უნდა შეაფერხოს ნახირის ნორმალური აღწარმოების პროცესი.
სახორცე ჯიშებთან შესაჯვარებლად, როგორც წესი, გამოყოფენ იმ ფურებს რომლებიც იწველიან ცოტა რძეს, აგრეთვე ასაკის მიზეზით გამოსაწუნებელ ფურებს, ან კიდევ იმათ, რომელთა მონაშენი, ფერმერის მოსაზრებით, არ გამოდგება ნახირის შესავსებად.
საშუალო და მსხვილ ფერმერულ მეურნეობებში სესაჯვარებლად გადარჩეული კონტიგენტის რაოდენობა დამოკიდებულია ძირითადი სადგამის სულადობის დაგეგმილი წუნდებისა და ნახირის აღწარმოების დონეზე, აგრეთვე ნამატის გამოსავალზე. ასეთმა ცხოველებმა შეიძლება შეადგინოს სადედე სულადობის 0- დან 30%- მდე.
სამრეწველო შეჯვარებისთვის გამოყოფილი სადედე პირუტყვის ხვედრითი წილის დამოკიდებულება ნახირის აღწარმოების დონესთან
წუნდების ხვედრითი წილი, % საერთო სულადობიდან | ყოველი 100 ფურიდან მიღებულია ნამატი, % | შესაჯვარებლად გადასარჩევი სადედე პირუტყვი, % საერთო სულადობიდან | |
ფურის |
ძირითადი ჯიშის დეკეულების | ||
10 | 40 | 65-70 | 10-15 |
75-80 | 15-20 | ||
85-90 | 20-25 | ||
15 | 40 | 70-75 | 15-20 |
80-85 | 20-25 | ||
90-95 | 25-30 | ||
20 | 40 | 75-80 | 10-15 |
85-90 | 15-20 | ||
95 და მეტი | 25 | ||
25 | 35 | 85-90 | 10-15 |
რამდენადაც ბრამანის ტიპის ზებუს, აგრეთვე აბერდინ-ანგუსური ჯიშის მწარმოებლის შეძენა და უცხოეთიდან საქართველოში ტრანსპორტირება საკმაოდ დიდ თანხას საჭიროებს, ფერმერს აქვს შესაძლებლობა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერებაზე მომუშავე კომპანია „კავკასიის გენეტიკა“- ს შეუკვეთოს გასანაყოფიერებელი მასალა (სპერმა), ხოლო უშუალოდ ფურების და/ან დეკეულების ხელოვნური დათესვლაში მათ დაეხმარებათ ამავე კომპანიის საყრდენი პუნქტები, რომლებიც საქმიანობენ ქვეყნის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ ადგილობრივ ძროხასთან ზებუს ჰიბრიდის ემბრიონული განვითარების პერიოდი ჩვეულებრივზე (280-285 დღე) 3-5 დღით უფრო ხანგრძლივია. ამასთან, ახალშობილის ცოცხალი მასა იშვიათად აღემატება 28–30 კგ- ს და, როგორც წესი, გართულებულ მშობიარობას არა აქვს ადგილი.
გარეგნულად ჰიბრიდი ხბო განსხვავდება ადგილობრივი ჯიშის მოზარდისგან შედარებით გრძელი ყურებით მაღალი ფეხებით და ჩვეულებრივზე უფრო დიდი ფართობის კანის ნაოჭებით ღაბაბზე, გუგუბოსა და მუცელზე. ზებუსთვის დამახასიათებელი კუზი I თაობის ნაჯვარებში, აგრეთვე აბერდინ-ანგუსური მწარმოებლებიდან მიღებულ თაობაში „იკარგება“.
ამასთან, ზებუს ჰიბრიდი მოზარდი საკმაოდ ენერგიულია და ადრეული ასაკიდანვე იწყებს მოცულობიანი და მარცვლოვანი საკვების ჭამას, რაც უზრუნველყოფს მის სწრაფად ზრდა-განვითარებას.
ჯემალ გუგუშვილი – სსმმ აკადემიის აკადემიკოსი,
გიული გოგოლი – სმმ დოქტორი, პროფესორი;
ზაზა ლაშხი – სმმ აკადემიური დოქტორი.