ნიადაგის ეროზია და მის საწინააღმდეგო ღონისძიებები /რეკომენდაცია
მიწის და წყლის რესურსების დაცვა წარმოადგენს ზოგადსაკაცობრიო, გლობალურ პრობლემას. მიწა და წყალი პლანეტაზე ადამიანის სიცოცხლის მთავარი პირობაა. ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შენარჩუნება და შედგომი გაუმჯობესება, მისი დამუშავების ეკოლოგიურად მისაღები ტექნოლოგიების დადგენა და პრაქტიკაში განხორციელება თანამედროვე აგრარული მეცნიერების უმნიშვნელოვანესი საკითხია.
დღეისათვის უმთავრესი ამოცანაა – მიწათმოქმედების პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ზრდა, პირველ რიგში კი სამარცვლე მეურნეობისა და საკვებწარმოების. ამ ამოცანის გადაჭრის ძირითადი გზაა – სას.სამ. კულტურათა მოსავლიანობის, მარცვლეულის, საკვებისა და სხვა პროდუქციის რადენობის ზრდა ნიადაგის ნაყოფიერების გადიდებისა და მიწათმოქმედების მეცნიერულად დასაბუთე¬ბული ზონალური სისტემების დანერგვის საფუძველზე.
ზონალური (ადგილობრივი) მიდგომა წარმოადგენს მიწათმოქმედების მართვის მეცნიერულად დასაბუთებულ სისტემას, ე.ი. მიწათმოქმედების სისტემის, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების შერჩევას, კონკრეტულ ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებთან შეთანაწყობით.
მოწინავე მეცნიერული გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ზემოაღნიშნული ამოცანების წარმატებით გადაჭრაში უმნიშ¬ვნე-ლოვანესი როლი ენიჭება მიწათმოქმედების ნიადაგდამცავი სისტემის გამოყენებას.
იმის გამო, რომ პრაქტიკულად ყველა ნიადაგი, განსაზღვრულ პირობებში განიცდის დაშლას წყლის, ქარისა და მანქანების სავალი ნაწილის ზემოქმედებით, მიწათ¬მოქმედების თითოეულ ზონალურ სისტემას უნდა გააჩნდეს ნიადაგდამცავი ხასიათი, ე.ი. უნდა უზრუნველყოფდეს ნიადაგის დაცვას ეროზიის, დეფლაციის, გაჭუჭყიანებისა და სხვა არახელსაყრელი პროცესებისაგან, რომლებიც იწვევენ ნიადაგის ნაყოფიერების შემცირებას.
ამგვარად, მიწათმოქმედების თანამედროვე ზონალური სისტემა წარმოადგენს კომპლექსს (თესლბრუნვები, ნიადაგის დამუშავება, სასუქების შეტანა, სარეველებთან, მავნებლებთან ბრძოლა და სხვ.), რომლის ყველა რგოლი სრულად ითვალისწინებს და რაციონალურად იყენებს ადგილობრივ ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებს და მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებს.
ზონალური სისტემების ყველაზე სუსტ წერტილს წარმოადგენს ნიადაგის დამუშავება. ამის მთავარი მიზეზია სხვადასხვა ნიადაგდამცავი ხერხების ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი ახალი ექსპერიმენტული მონაცემები, აგრეთვე ეროზიის საწინააღმდეგო ტექნიკის ნაკლებობა.
ნიადაგი რთული ბიოლოგიური სისტემაა. მის სწორ გამოყენებაზეა დამოკიდებული სასოფლო-სამეურნეო და მეცხოველეობის პროდუქტებით მოსახლეობის მზარდი მოთ¬ხოვ-ნილების დაკმაყოფილება.
ნიადაგის ეროზიისაგან დაცვა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადაუდებელ პრობლემად იქცა. ნიადაგის ეროზიული პროცესების განვითარების კანონზომიერებების შესწავლას, ეროზიისაგან ნიადაგის დაცვის ღონისძიებების წარმოებაში დანერგვას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის, როგორც მცირემიწიანი ქვეყნისათვის, სადაც აღარაა იმის საშუალება, რომ მნიშვნელოვანი კაპიტალური დანახარჯების გარეშე ავითვისოთ ახალი სახნავ-სათესი ფართობები და ამით გავზარდოთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება. ამიტომ სხვა ღონისძიებებთან ერთად, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს არსებული სავარგულების ეროზიისაგან დაცვას და მიწის რაციონალურად გამოყენების საკითხს. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული აგროტექ¬ნიკური სამუშაოები უნდა გატარდეს ეროზიისაგან ნიადაგის დაცვის ღონისძიებების ფონზე, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ეროზიის საზიანო მოქმედება.
ნიადაგის ეროზიის შესწავლას და მისგან ნიადაგის დაცვის ღონისძიებების შემუშავება-დანერგვას, საქართველოში საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოებია ჩატარებული, ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის და მისი ნაყოფიერების ამაღლების ახალი პროგრესული მეთოდების შემუშავება-დანერგვა შემდგომ გაფართოებას მოითხოვს, რადგანაც ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობის საქმეს.
ნაშრომში, სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის მიმოხილვითი ანალიზის საფუძველზე და სამთო მიწათ¬მოქმედების სფეროში სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში წლების განმავლობაში წარმოებული თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით დახასიათებულია ნიადაგის ეროზიის ძირითადი სახეები და მასთან ბრძოლის აგროტექნიკური ღონისძიებები. შემოთავა¬ზე-ბულია რეკომენდაციები ეროზიასაშიშ ზონებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის სამანქანო ტექნოლოგიებისა და მანქანათა კომპლექსების ფორმირების შესახებ.
ეროზიის სახეები
ეროზია ლათინური სიტყვაა და ნიშანავს ჩაჭმას, ამოჭმას. ეროზიის ცნებას სხვადასხვა მკვლევარი [2,3,4,10,11 და 16] სხვადასხვანაირად განმარტავს, მაგრამ ყველა განმარ¬ტებაში საერთო მაინც ის არის, რომ ნიადაგის ეროზიად მიიჩნევენ ნიადაგის საფარის დაშლასა და დაშლილი პროდუქტების ჩამორეცხვას ან გადახვეტას წყლისა და ქარის მოქმედებით.
ნიადაგის ეროზია მრავალგვარია. იგი დამოკიდებულია გამომწვევ ფაქტორებზე, მოქმედების ინტენსივობაზე, დარღვევით-დაშლითი მოქმედების ხარისხზე და სხვა.
განვითარების ტემპების მიხედვით არჩევენ ნორმალურ და აჩქარებულ ეროზიას. ნიადაგის ნორმალურ ეროზიას ბუნებრივს, გეოლოგიურს უწოდებენ. ნორმალური ანუ გეოლოგიური ეროზია, რომელიც ასეული წლების მანძილზე მიმდინარეობს, სასარგებლო პროცესია. ზედაპირის ასეთი ნელი ცვლილება ალუვიური ვაკეების წარმოქმნის შესაძლებლობას იძლევა. ნორმალურ ან გეოლოგიურ ეროზიას პრაქტიკულად ნიადაგის ნაყოფიერების შემცირების თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს და შესაბამისად, ნიადაგის დაცვის რაიმე ღონისძიებების გატარებას არ მოითხოვს.
აჩქარებული ეროზია წარმოადგენს პროცესს, რომლის დროსაც ნიადაგის ზედაპირის ჩამორეცხვის ტემპები მკვეთრად აღემატება ნიადაგწარმოქმნის პროცესების ტემპს.
ნიადაგის აჩქარებული ეროზია განპირობებულია ბუნებრივი ფაქტორებითა და ადამიანის არასწორი სამეურნეო მოქმედებით – სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების დაბალი აგროტექნიკა, ტყეების განადგურება, ფერდობების არასწორი ათვისება-დამუშავება და სხვა.
პრაქტიკულად მისი საზიანო მოქმედება ნიადაგის ნაყოფიერი ფენის თანდათანობით ჩამორეცხვაში გამოიხატება, რითაც უარესდება ნიადაგის ნაყოფიერება. დროთა განმავლობაში მისგან დაცვის ღონისძიებების გაუტარებლობის შემთხვევაში, ნიადაგი საერთოდ უვარგისი ხდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებისათვის.
თანამედროვე პრაქტიკაში ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის ღონისძიებების გატარებისას, საქმე გვაქვს მის ორ სახესთან – ნიადაგის ზედაპირულ ჩამორეცხვასთან და ნიადაგის ახვეტასთან. მათი გამომწვევი ძირითადი ფაქტორებია წყალი და ქარი, შესაბამისად არჩევენ წყლისმიერ და ქარისმიერ ეროზიას.
წყლისმიერი ეროზია
საქართველოში არსებული სახნავი მიწების 46%-ზე მეტი განიცდის ეროზიულ მოვლენებს, მათი საერთო ფართი კი ყოველწლიურად იზრდება… რესპუბლიკის სახნავი მიწები ძირითადად განიცდის წყლისმიერ (205,7 ათასი ჰა) და ქარისმიერ (106,5 ათასი ჰა) [2] ეროზიულ მოვლენებს. დასავლეთ საქართველოს 186,8 ათასი ჰა სახნავი ფართობიდან წყლისმიერ ეროზიას განიცდის 63 ათასი ჰა, ე.ი. დასავლეთ საქართველო ძირითადად განიცდის წყლი¬სმიერ ეროზიულ მოვლენას.
წყლისმიერი ეროზიიდან ფართოდაა გავრცელებული ნიადაგის ზედაპირული და სიღრმითი ეროზია.
ნიადაგის ზედაპირული ანუ სიბრტყითი ეროზია, წყლისმიერი ეროზიის სხვა ფორმებთან შედარებით, თანამედ¬როვე ეტაპზე ყველაზე უფრო გავრცელებული და ზიანის მომტანია სოფლის მეურნეობისათვის. მისი საზიანო ქმედება განსაკუთრებით ვლინდება ძველ სახნავ-სათეს ფართობებზე, სადაც ნიადაგის წლიური დანაკარგი საშუალოდ ჰექტრიდან შეადგენს 10-15 ტონას.
გარდა ამისა, იგი იწვევს ნიადაგში შეტანილი საკვები ნივთიერებების გამორეცხვას.
ნიადაგის წყლისმიერი ეროზიის სხვა ფორმებთან შედარებით იგი თვალით ნაკლებ შესამჩნევია, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება ჩამორეცხოს მთელი სახნავი ფენა. ზედაპირული ანუ სიბრტყითი ეროზია უფრო საშიშია, ვიდრე სიღრმითი, რადგანაც იგი თითქმის შეუმჩნევლად რეცხავს ნიადაგის ზედა ფენას და თანდათანობით ფიტავს მას, შემდეგ კი წარმოშობს ხრამებს.
ხშირ შემთხვევაში, ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გაუტარებლობის გამო, ნიადაგის ზედაპირულ-სიბრტყითი ეროზია გადადის განვითარების შემდგომ ფორმაში- ე.წ. ნაკადისებურ ეროზიაში. ამ დროს ხანგრძ¬ლივი წვიმების შედეგად ნიადაგის ზედაპირზე წარმოიქმნება პატარ-პატარა წყალნაღარები, რომელთა სიღრმე საშუალოდ 5-10 სმ-ს აღწევს, სიგანე კი შეიძლება მეტიც იყოს. ამ წყალნაღარებში მოდენილი წყლის ნაკადები მიკრორელიეფურ დადაბლებებში, ფერდობის ქვედა ნაწილში თანდათანობით ერთდებიან და წყალუხვი ხდებიან. ამ დროს წყალნაღარები თითქმის 20-25 სმ სიღრმეს აღწევენ და მასში მოდენილ წყალს მიაქვს დიდი რაოდენობით ნიადაგის მკვრივი მასა.
მრავაწლიანი დაკვირვებით მიღებული მონაცე¬მებიდან დადგინდა, რომ ზემო იმერეთის პირობებში, სიმინდით დაკავებული 11-120-იანი დაქანების მქონე ფერდობებიდან, ტყის ყომრალი ნიადაგის ზედა ნაყოფიერი ფენის საშუალო წლიური დანაკარგი 110-120 ტონას, ხოლო ვენახით დაკავებული ფერდობებიდან – 1ჰა-ზე – 50-60 ტონას შეადგენდა.
ნაკადისებური ეროზიის შედეგად წარმოქმნილი მცირე სიღრმის წყალნაღარები, ნიადაგის დამუშავების დროს ისპობიან, მაგრამ პირვანდელი სახით დარჩენის შემთხვევაში, თოვლისა და წვიმის წყლების ინტენსიური ქმედების შედეგად თანდათანობით ღრმავდებიან, ჩვეულებრივი დამუშავების დროს აღარ ისპობიან და გადადიან ნიადაგის სიღრმით ეროზიაში.
საქართველოში რელიეფის და სხვა ბუნებრივი პირობების თავისებურებათა გამო, ნიადაგის სიღრმითი დახრამვითი პროცესები მკვეთრად არის გამოხატული, რასაც დიდი ზიანი მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის.
საკმარისია აღინიშნოს, რომ ხრამებს, ღარტაფებს და სხვა ეროზიულ ფორმებს რესპუბლიკის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზონის ტერიტორიის 20-25% უჭირავს.
სიღრმითი ეროზიის შედეგად წარმოქმნილი ხრამები ანაწევრებენ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიას, ამით რთულდება თესლბრუნვის მინდვრების სწორი განლაგება და ძნელდება სასოფლო-სამეურნეო იარაღების გამოყენება.
ნიადაგის დახრამვა იწვევს მის ახლო მდებარე ნაკვეთების ჰიდროლოგიური რეჟიმის შეცვლას, რაც აუარესებს ნიადაგის ტენის ბალანსს და იწვევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის შემცირებას.
ქარისმიერი ეროზია
ქარისმიერი ეროზია (დეფლაცია) განპირობებულია ძლიერი ქარებით, რომელთაც ნახტომისებრ მოძრაობაში მოჰყავს ნიადაგის ზედა ფენის ნაწილაკები, რომლებიც ურთიერთშეჯახებით იშლებიან უფრო წვრილ ნაწილაკებად. ეს პროცესი ხანგრძლივი ძლიერი ქარების დროს ჯაჭვური რეაქციის ხასიათს იღებს. ქარისმიერი ეროზია განსაკუთ¬რებით ძლიერ ვლინდება მაშინ, როდესაც ქარის სიჩქარე 12-15 მ/წმ-ს აღემატება.
საქართველოში ქარისმიერი ეროზია განსაკუთრებით ძლიერ ფორმებში ვლინდება აღმოსავლეთ საქართველოში (შირაქი, გარეკახეთის ზეგანი, ქართლის ვაკე, ალაზნის დაბლობი და სხვა). ნიადაგის ზედა ფენების ახვეტით იგი ანადგურებს სახნავ-სათესი ფართობების დიდ მასივებს. ნიადაგის ნაწილაკებთან ერთად ქარს მიაქვს ახლად დათესილი თესლი, აშიშვლებს მცენარეთა ფესვებს და მექანიკურად აზიანებს, როგორც ერთწლიან, ისე მრავალწლიან მცენარეებს. ნიადაგის წაღებული მასით ივსება სარწყავი არხები, წყალსაცავები, იფარება გზები, ქარსაფრები და სხვა, რომელთა გაწმენდაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ნიადაგის ზედა 2,5-3სმ ფენის ახვეტა ნიშნავს იმას, რომ ნიადაგი ერთ ჰა-ზე კარგავს 785კგ. აზოტს, 175კგ. ფოსფორს და 3 ტონაზე მეტ კალიუმს.
ქარისმიერ ეროზიას განიცდის აღმოსავლეთ საქართველოს სახნავი მიწების 105,5 ათასი ჰა. ამ მიწების გარკვეული ნაწილი (50-55 ათასი ჰა) ქარისმიერ ეროზიასთან ერთად განიცდის წყლისმიერ ეროზიასაც.
საქართველოში ქარისმიერი ეროზიის განვითარების მთავარი მიზეზი, ისე როგორც წყლისმიერისა, არის ფიზიკურ-გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობები, ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს აგრეთვე ადამიანის არასწორი სამეურნეო საქმიანობაც.
ქარისმიერი ეროზია თავისი მოქმედებით განსხვავდება წყლისმიერი ეროზიისაგან. წყლისმიერი ეროზიის მოქმედების არეალი ხშირად განისაზღვრება დაქანებული რელიეფის პირობებით და რაც უფრო დიდია დაქანება, მით მეტია საზიანო მოქმედება. წყალს ჩამორეცხილი ნიადაგი ერთი მიმართულებით – ზემოდან ქვევით მიაქვს, ქარისმიერი ეროზია კი თავს იჩენს რელიეფის ყოველ პირობებში და ქარის მიერ ჰაერში ატაცებული ნიადაგის ნაწილაკები გადაადგილდება ქარის მოძრაობის მიმართულებით. (სურ.3).
აღმოსავლეთ საქართველოში ქარისმიერი ეროზია მეტ-ნაკლებად მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ უფრო ხშირად ძლიერ ფორმებში მჟღავნდება ადრე გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როდესაც ნიადაგი დიდ მასივებზე გათავისუფლებულია მცენარეული საფარისაგან, დამუშავებულია და ახლად აღმოცენებული მცენარეულობით ჯერ კიდევ სუსტად არის დამაგრებული.
მრავალწლიანი დაკვირვებებიდან ირკვევა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ქარისმიერი ეროზია ძლიერ ფორმებში ვლინდება 2-3 წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებით კი მშრალ-გვალვიან წლებში.
ეროზიული პროცესების განვითარების თავისებურე¬ბებისა და მათი ინტენსივობის მიხედვით საქართველოს ტერიტორია დაყოფილია შემდეგ ნიადაგურ-ეროზიულ ზონებად:
I – დასავლეთ საქართველოს წყლისმიერი ეროზიის განვითარების ზონა;
II – აღმოსავლეთ საქართველოს ქარისმიერი ეროზიის განვითარების ზონა;
III – აღმოსავლეთ საქართველოს წყლისმიერი ეროზიის განვითარების ზონა;
IV – აღმოსავლეთ საქართველოს წყლისმიერ-ქარისმიერი ეროზიის განვითარების ზონა;
V – კოლხეთის დაბლობი.
ირიგაციული ეროზია.
საქართველოს იმ რაიონებში, სადაც ატმოსფერული ნალექები არასაკმარისი რაოდენობით მოდის, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალი და მყარი მოსავლის მიღების მიზნით, მორწყვას უძველესი დროიდან მიმართავენ. მორწყვით არეგულირებენ ნიადაგის ტენის რეჟიმს, რომელიც ნიადაგის ნაყოფიერების ერთ-ერთი ელემენტია და ამიტომაც იგი შეთანწყობილი უნდა იყოს ნიადაგის ნაყოფიერების განმსაზღვრელ სხვა ელემენტებთან.
ნიადაგის მორწყვის თანამედროვე ტექნიკა ძირითადად ორი მიმართულებით ვითარდება – თვითდინებითი მორწყვის წესების გაუმჯობესება, სხვადასხვა ტიპის სარწყავი კვლების და ზოლების გამოყენებით, მეორე – ხელოვნური დაწვიმების ტექნიკის შემდგომი განვითარება.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების თვითდინებით მორწყვას ფართო გამოყენება აქვს. დადებით მხარეებთან ერთად მას უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. კერძოდ, რწყვისათვის წყლის დიდი რაოდენობით მიწოდება და ნიადაგის ზედაპირზე სარწყავი წყლის არათანაბარი განაწილება, რაც ე.წ. ირიგაციული ეროზიის განვითარებით ნიადაგის ზედა ნაყოფიერი ფენის ჩამორეცხვას იწვევს.
ირიგაციული ეროზია განსაკუთრებით ვლინდება ისეთ ნიადაგებზე, რომლებიც განვითარებულია გაჯის, ლიოსისებრ თიხნარზე და მერგელებზე. ასეთ ნიადაგებზე უსისტემო მორწყვისა და დიდი რაოდენობით წყლის მიშვების დროს, ნიადაგის ზედაპირზე ჩნდება დიდი სიღრმის წყალნაღარები და ხრამებიც კი, რომლებიც აუარესებენ ნიადაგის ნაყოფიერების მაჩვენებლებს და აძნელებენ მანქანა-იარაღების მუშაობას.
რევაზ მახარობლიძე – სსმმა აკადემიკოსი, ტმ დოქტორი, პროფესორი,
თემურ ტატიშვილი – აკადემიური დოქტორი,
არჩილ ფანჯავიძე – ინჟინერ-მექანიკოსი,
როლანდ ჯაფარიძე – აკადემიური დოქტორი,
ი.კალანდაძე – ინჟინერ-მექანიკოსი.