აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმებოსტნეობა

კარტოფილის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

კარტოფილი ფართოდ გავრცელებული კულტურაა. ითვლება მეტად გემრიელ პროდუქტად და მოხმარების მიხედვით პურის შემდეგ მეორე ადგილზეა. ბოლქვებში 75% წყალი და 25% მშრალი ნივთიერებაა, რომლის 18% სახამებელია. მდიდარია C ვიტამინით. ბოლქვი შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებას სოლანინს, რომელიც ბოლქვის სინათლეზე გამწვანებისას წარმოიქმნება.

კარტოფილის მოსავლიანობის მატებას შემდეგი ფაქტორები განაპირობებს:  ჯანსაღი, მაღალი ხარისხის სათესლე-სარგავი მასალა, ჯიშების სწორი შერჩევა და დარგვისწინა მომზადება, კარტოფილის მოყვანისას აუცილებელი თესლბრუნვის დაცვა, ნიადაგის სწორად დამუშავება, პროგრამული კვება და მორწყვა, სარეველების და მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა.

მცენარე ბოლქვები დათესვიდან 20-22 დღის შემდეგ აღმოცენდება. ერთი ბოლქვიდან რამდენიმე ნაზარდი ვითარდება და ქმნის ბუჩქს, რომლის სიმაღლე 70-90 სმ-ს აღწევს.

მოსავლიანობა

კარგი მოვლის პირობებში მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე  60 ტონას აჭარბებს. საადრეო კარტოფილის მოსავლიანობა შედარებით დაბალია, ჰექტარზე — 20-25 ტონა.

კარტოფილი ლიკვიდური პროდუქტია

შესაფერის პირობებში იგი დიდხანს, 5-6 თვე ინახება და ეკონომიკურად მომგებიანი კულტურაა.

კარტოფილი და გარემო

გარემო პირობების მიმართ კარტოფილი ნაკლებად მომთხოვნია. მისი კულტივირება შესაძლებელია როგორც ზღვისპირა, ისე მაღალმთიან, (2000 მეტრზე მაღლა) ზონაში.

ტემპერატურა

კარტოფილი სითბოს ზომიერად მომთხოვნია. ზრდა-განვითარებისათვის საუკეთესოა დღის ზომიერი სითბო 15-20 გრადუსი და გრილი ღამე 8-12 გრადუსი. 40 გრადუსზე მაღალი და 7 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს საასიმილაციო პროცესებზე, ამ დროს მცენარის ზრდა-განვითარება წყდება. საქართველოს ბარში  კარტოფილი საადრეო კულტურის სახით მოდის და ზაფხულში ითესება. ზაფხულში თესვისას ბოლქვის ფორმირება გრილ პერიოდში მიმდინარეობს. მიღებული მოსავალი საუკეთესოა მომავალი წლის სათესლე მასალად.

თესლი

კარტოფილი სინათლისადმი ძალიან მომთხოვნია. მისი ნაკლებობისას მწვანე მასა ინტენსიურად იზრდება (იწოწება), ბოლქვების განვითარება ფერხდება და მოსავლიანობა საგრძნობლად მცირდება. კარტოფილის დათესვა დაჩრდილულ ადგილებში ან ხეხილის რიგთა შორისებში მიუღებელია.

წყალი

წყლისადმი ზომიერად მომთხოვნი კულტურაა. წყლის მოთხოვნილება დიდია ბოლქვების აღმოცენების და მათი ფორმირების ფაზაში. ამ პერიოდში ნიადაგში ტენიანობა მისი სრული წყალტევადობის 75-80% უნდა იყოს. ტენის დეფიციტი იწვევს ბოლქვების დეფორმაციას, სიჭარბე კი —  ლპობას.

ნიადაგი

კარტოფილი თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე მოდის, თუმცა მისთვის საუკეთესოა სტრუქტურიანი, ჰუმუსით მდიდარი და მსუბუქი ნიადაგები. მიუღებელია მკვრივ, წყალგაუმტარ ნიადაგებზე კარტოფილის მოყვანა. ამ დროს ხელი ეშლება ბოლქვების ზრდას, ფერხდება მათი ფორმირება და ვითარდება დეფორმირებული ბოლქვები.

სასუქები

კარტოფილი ნიადაგის ნაყოფიერებისადმი მომთხოვნია. მაღალი მოსავლის მიღება შესაძლებელია ორგანული სასუქებით განოყიერებულ ნიადაგზე. საკვები ელემენტებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით იგი მოითხოვს კალიუმს — ბოლქვების ფორმირებისთვის, აზოტს — ზრდისათვის, ფოსფორს — მომწიფებისთვის.

1 ჰა-ზე 60-80 ტონა გადამწვარი ნაკელის, ან 8-10 ტონა ბიოჰუმუსის  შეტანისას, მინერალური სასუქების გამოყენება არ არის საჭირო.

ორგანული სასუქების უქონლობის შემთხვევაში გამოიყენება მინერალური სასუქები. მინერალური სასუქების შეტანის ნორმები განისაზღვრება ნიადაგის ნაყოფიერების, დაგეგმილი მოსავლის რაოდენობის და მცენარის საკვებზე მოთხოვნილების მიხედვით. შესაბამისად, აუცილებელია დარგვამდე ნიადაგის ანალიზის გაკეთება.

შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით ყოველი ერთი ტონა პროდუქციის საწარმოებლად, წვეთოვანი მორწყვის შემთხვევაში, საჭიროა — 4.4 კგ. აზოტი, 2.5 კგ. ფოსფორი, 8.5 კგ. კალიუმი. სხვა შემთხვევაში კი — შესაბამისად: 4,8; 3,5; 10,5 კგ. სუფთა ნივთიერებაზე გაანგარიშებით.

წვეთოვანი მორწყვის სისტემის გამოყენების შემთხვევაში აზოტიანი სასუქის 20-30%, ფოსფორიანის 70% და კალიუმიანის 50% ჯობია კგ-ზე გადავიყვანოთ და შევიტანოთ ნიადაგის ძირითადი დამუშავებისას. სასუქების დანარჩენი რაოდენობა + კალციუმი და მაგნიუმი კი — წვეთოვანი მორწყვით და ფოთლოვანი გამოკვებით. სხვა შემთხვევაში ფოსფორიანი სასუქის მთლიანი ნორმა, კალიუმიანი სასუქის 50% და აზოტიანი სასუქის 20-30% შედის ნიადაგის ძირითადი დამუშავებისას. დანარჩენი რაოდენობა ვეგეტაციის — პერიოდში წილობრივად, ხოლო კალციუმი და მაგნიუმი ფოთლოვანი _ გამოკვებით.

ადგილი თესლბრუნვაში

კარტოფილისთვის კარგი წინამორბედებია თავთავიანი კულტურები, პარკოსნები, ბაღჩეული, მრავალწლიანი ბალახები. მისი მოყვანა დაუშვებელია პამიდვრის, თამბაქოს, წიწაკის, ბადრიჯნის შემდეგ. კარტოფილი პირველი წლის ნაკვეთზე უნდა დაბრუნდეს არანაკლებ 3 წლის შემდეგ. დაბლობ ზონაში კარტოფილის ზაფხულში დარგვა შესაძლებელია ნაწვერალზე და საადრეო ბოსტნეულის (ნიორი, ხახვი, კომბოსტო, კიტრი) მოსავლის აღების შემდეგ.

გამრავლება

კარტოფილი მრავლდება  ვეგეტატიურად და თესლით. თესლით გამრავლებას მიმართავენ სელექციური მიზნებისთვის. ვეგეტატიური გამრავლება შესაძლებელია ბოლქვით. დასარგავი ბოლქვების საშუალო წონა 60-70 გ. უნდა იყოს..

ბოლქვების თესვისწინა დამუშავება

ნიადაგის მავნებლების (მავთულა ჭიები, ცრუმავთულა ჭიები, აგრეთვე კოლორადოს ხოჭო, ვირუს გადამტანი ვექტორები), დაავადებების (როზქტონია, ქეცი) წინააღმდეგ  დასარგავი მასალა დათესვის წინ უნდა დამუშავდეს მცენარეთა დაცვის საშუალებებით. ბოლქვების დამუშავება მოხდება დათესვის დღეს ან 1 დღით ადრე. მიუღებელია სველი ბოლქვების დათესვა.

ბოლქვების გაღივება

ბოლქვების თესვისწინა გაღივება ამოკლებს ვეგეტაციის პერიოდს და კარტოფილი ადრე იწყებს მომწიფებას. გაღივება ხდება  სინათლეზე (დღის, ხელოვნური) 5-10 გრადუს ტემპერატურაზე. გაზაფხულზე დასათესი კარტოფილის გაღივება დათესვამდე 30-40 დღით ადრე იწყება.

ნიადაგის დამუშავება

ნიადაგის მოხვნა 27-30 სმ. სიღრმეზე: აღმოსავლეთ საქართველოს ნაკლებად ტენიან რაიონებში შემოდგომაზე, ხოლო  ჭარბტენიან ზონებში — ადრე გაზაფხულზე. ორგანულ-მინერალური სასუქების ძირითადი შეტანა ხდება ნიადაგის მოხვნის წინ ან დარგვამდე 1-2 თვით ადრე. მინერალური სასუქების შეტანა შესაძლებელია უშუალოდ დარგვის დროსაც.

დარგვამდე ტარდება ნიადაგის დარგვისწინა დამუშავება (კულტივაცია, ფრეზირება) და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მინერალური სასუქების შეტანა.

დათესვა

კარტოფილის თესვა იწყება, როცა ნიადაგის (10 სმ. სიღრმეზე) ტემპერატურა 7-8 გრადუსს მიაღწევს. დიდ ფართობებზე კარტოფილის დარგვა სარგავი მანქანებით ხდება. კვების არე: 70-75X28-35 სმ., მცირე ზომის ფართობებზე კი — ხელით. ერთ ჰექტარზე ითესება 40-45 ათასი ბოლქვი (3-4 ტონა). მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგზე კარტოფილი ღრმად — 10-12, ხოლო მძიმე ნიადაგებზე — 6-8 სმ. სიღრმეზე ითესება. მაღალეფექტიანია კარტოფილის შემაღლებულ ბაზოებზე დარგვა. ამ დროს  კარტოფილის ბოლქვების ფორმირება ნიადაგის მსუბუქ ფენაში ხდება, რაც საგრძნობლად ზრდის მოსავლის რაოდენობას და ხარისხს.

მოვლა

კარტოფილის აღმოცენების შემდეგ  ჩატარდება ნიადაგის მსუბუქი კულტივაცია და მიწის პირველი შემოყრა. ამ დროს ძლიერდება  ჰაერის მიწოდება ფესვთა სისტემასთან და იქმნება მცენარის ზრდა-განვითარების ოპტიმალური პირობები. ვეგეტაციის პერიოდში 3-4 ჯერ ტარდება რიგთაშორისების კულტივაცია, მიწის მეორე შემოყრა და დამატებით  მინერალური სასუქებით გამოკვება. შემაღლებულ ბაზოებზე დარგვისას მიწის შემოყრა არ არის საჭირო.

მორწყვა

თუ ტემპერატურა 12-16 გრადუსია და ნიადაგის სახნავ ფენაში ტენიანობა მისი სრული ტენტევადობის 80-85%-ს შეადგენს ბოლქვების წონაში მატება ინტენსიურია. 19-20 გრადუს ტემპერატურაზე ბოლქვების წონაში მატება მაღალია, როცა ნიადაგში ტენიანობა 90%-ია. სავეგეტაციო პერიოდში ამინდის მიხედვით კარტოფილს სულ მცირე 4-5 მორწყვა სჭირდება. ჩვეულებრივი მორწყვისას (კვალში მიშვება) ერთ ჰექტარზე ერთ ჯერზე 750 კუბური მეტრი წყალი იხარჯება, რაც მთელ სავეგეტაციო პერიოდში მინიმუმ 3000 კუბურ მეტრს შეადგენს. კარტოფილს წყალი ყველაზე დიდი რაოდენობით ესაჭიროება ბუტონიზაციის და ბოლქვების ფორმირების პერიოდში. ჭარბი ტენიანობა იწვევს ფესვების ჩახუთვას, ჟანგბადის მიწოდების შეზღუდვას, საბოლოოდ კი — ბოლქვების დალპობას. განსაკუთრებით საშიშია წყლის ჩატბორება. განვითარების ბოლო პერიოდში, როცა მწვანე მასა იწყებს გაყვითლებას ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა 65-70% უნდა იყოს.

საუკეთესო შედეგს იძლევა წვეთოვანი მორწყვა. ამ დროს მისაწოდებელი წყლის რაოდენობა საშუალოდ 2,5-ჯერ მცირდება. მცენარეები ოპტიმალურად არის უზრუნველყოფილი ტენით და საკვებით. სასუქების გამოყენების კოეფიციენტი, სულ მცირე, 20-25%-ით მატულობს, მცირდება სასუქების რაოდენობა 15-30%-ით, იზოგება დრო, მუშახელი, იზრდება მოსავლიანობა და მიღებული პროდუქციის ხარისხი.

მავნებელ-დაავადებებთან და სარეველებთან ბრძოლა.

კარტოფილის ნათესებისთვის დიდი ზიანი მოაქვს ფიტოფტორას, ალტერნარიას, მაკროსპორიოზს, კოლორადოს ხოჭოს, ბუგრებს, ვირუს მატარებლებს, ჩრჩილს და სხვ., აგრეთვე სხვადასხვა სახის სარეველებს. ნათესები დარგვიდან მოსავლის აღებამდე სუფთა უნდა იყოს. ვეგეტაციის პერიოდში მავნებელ-დაავადებებთან და სარეველებთან საბრძოლველად 4-5 წამლობის ჩატარება იქნება საჭირო. იქნებ მივუთითოთ მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემა. გამოიყენება კონტაქტური და სისტემური მოქმედების ფუნგიციდები და ინსექტიციდები. სარეველების მოსასპობად კი — სელექციური მოქმედების ჰერბიციდები.

მოსავლის აღება და შენახვა

მოსავლის აღება ხდება მშრალ, მზიან ამინდში სპეციალური მანქანებით ან ხელით. მოსავლის აღების წინ 10 დღით ადრე, კარტოფილის ნათესებს უნდა მოშორდეს მწვანე მასა. მოსავლის აღების შემდეგ  კარტოფილი დახარისხდება, ბადურებში ან სპეციალურ ყუთებში ჩაიყრება და შენობაში მოთავსდება.

სასურსათოდ და სათესლედ განკუთვნილი ბოლქვები  პლუს 1-20C და 80-85% ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის პირობებში ცალ-ცალკე ინახება.

ნუგზარ შენგელია, სსმ დოქტორი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ # 16