სტაფილოს მოვლა-მოყვანა
სტაფილო ქოლგისებრთა ოჯახის ორლებნიანი, ორწლიანი ძირხვენიანი მცენარეა. ერთი გრამი თესლი შედგება 700-1200 მარცვლისგან. მას ბრტყელი, წაგრძელებული, ელიფსური ფორმა აქვს.
სტაფილო დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს, თუმცა შაქრის შემცველობა დამოკიდებულია ჯიშზე, კლიმატურ პირობებზე და აგროტექნიკაზე. სტაფილოს, ვიტამინების მრავალფეროვნებით ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს ძირხვენიან კულტურებში. იგი შეიცავს: კაროტინს (A ვიტამინის პროვიტამინი), ასკორბინის მჟავას (C ვიტამინი), „თიამინის” (B1), ნიკოტინმჟავას (PP ვიტამინი), „რიბოფლავინს” (B2 „ვიტამინი”), „ტოკოფეროლს” (F ვიტამინი), „რუტინს” (R ვიტამინი) და ვიტამინ K-ს. საკმაოდ რაოდენობით შეიცავს იოდსაც (0,17 მგ).
სტაფილოს შეფერილობა განპირობებულია მასში პიგმენტ კაროტინის შემცველობით, რაც უფრო ინტენსიური შეფერილობა აქვს, მით მეტია ძირხვენაში კაროტინის შემცველობა. გაცილებით ფასობს ძირხვენის ფორმები, რომელიც მცირე მიწისზედა მწვანე მასას ივითარებს. ასეთ შემთხვევაში ფოთლები მაღალი პროდუქტიულობით ხასიათდება და ძირხვენებში მცირდება უხეში ბოჭკოვანი კვანძების წარმოქმნა.
კ/კალ | წყალი | ცილა | ცხიმი | შაქარი | უჯრედანა | ნაცროვანი ელემენტი | ვიტამინების მდ-ში | ||||
C
|
A | B1 | B2 | PP | |||||||
39 | 38,3 | 1,5 | 0,3 | 6,6 | 1,2 | 0,8
|
5 | 9 | 0,06 | 0,06 | 0,4 |
სტაფილოს ძირხვენას აქვს თხელი კანი, რომელიც ადვილად ითვისებს წყალს, გვალვების შედეგად ძირხვენის კანი სქელდება, ჭარბი ნალექის შემთხვევაში კი სკდება.
სტაფილოსათვის საუკეთესოა ქვიშიან-ლამიანი მდინარის პირა, ჰუმუსით მდიდარი შავმიწები, ნეიტრალური ან სუსტ მჟავე ნიადაგები (Ph-6-7). მძიმე, ჰუმუსით ღარიბი, მჟავე რეაქციის მქონე და უსტრუქტურო ნიადაგები სტაფილოსათვის გამოუსადეგარია, ასეთ შემთხვევაში ის ცუდად ვითარდება, იძენს დამახინჯებულ ფორმას, შეინიშნება აგრეთვე ძირხვენების დატოტვაც.
თესლი
თესლის გარსი შეიცავს ბევრ ზეთს, რომელიც სწრაფად მძაღდება (მწარდება), რის გამოც 2 წელზე მეტი ხნით თესლი შენახვისას, მკვეთრად მცირდება მისი აღმოცენების უნარი. გარდა ამისა ზეთის შემცველობა აფერხებს წყლის შეღწევადობას, რაც თავის მხრივ აფერხებს თესლის გაღივებას და აღმოცენებას.
სტაფილო საკმაოდ სიცივის ამტანი მცენარეა, მისი თესლები აღმოცენებას იწყებს 3-40C-ზე, აღმონაცენი უძლებს — 40C-მდე მცირეხნიან წაყინვებს. ოპტიმალური ტემპერატურა მისი განვითარებისთვის არის 17-200C. აღმონაცენები თავიდან იზრდებიან ძალიან ნელა, პირველი ნამდვილი ფოთოლი ჩნდება აღმოცენებიდან 10-15 დღეში, ძირხვენა გამსხვილებას იწყებს 40-60 დღის შემდეგ.
სტაფილოს ჯიშები ერთმანეთისაგან განსხვავდება ფორმით, ფერით, ზომით და საგემოვნო თვისებებით. ფორმის მიხედვით სტაფილო შეიძლება იყოს — მრგვალი, წაგრძელებული ბლაგვი ბოლოთი, გრძელი წვეტიანი დაბოლოებით.
ცნობილია სტაფილოს რამდენიმე სახეობა, მაგრამ ძირითადად გავრცელებულია ორი — ნანტი და შანტენე.
ნანტის ტიპი — ბლაგვწვეროიანი, ცილინდრული ფორმის ძირხვენები, სიგრძით 12-16 სმ., 2-4 სმ. დიამეტრით, წონა 60-100 გრ., ვეგეტაციის პერიოდი 80-100 დღე.
შანტენი — დიდხანს ინახება, მოსავლიანი სახეობაა, წაგრძელებული, წვეტიანი ფორმის, სავეგეტაციო პერიოდი 115-125 დღე, სიგრძე 14-20 სმ., დიამეტრი 4-6 სმ., წონა 80-140 გრ.
სტაფილოსათვის ნაკვეთის შერჩევისას გასათვალისწინებელია, ის ფაქტი რომ იგი თავიდან ნელა იზრდება და სარეველები ადვილად ჩაგრავს, ამიტომ შეძლებისდაგვარად სარეველებისაგან თავისუფალი ნაკვეთი უნდა შეირჩეს (განსაკუთრებით მრავალწლიანი სარეველებისაგან-ჭანგა). სტაფილოსათვის საუკეთესო წინამორბედებია — კომბოსტო, პომიდორი, ხახვი, კიტრი.
დაბალი სახნავი ფენის (10-15 სმ) მქონე ნიადაგებზე და ჭარბტენიან რაიონებში სტაფილო მოყავთ შემაღლებულ კვლებზე.
წინამორბედი კულტურების აღებისთანავე აწარმოებენ ნიადაგის აჩეჩვას. შემოდგომაზე, ღრმა ხვნის წინ შეაქვთ ფოსფოროვანი სასუქის მთელი ნორმა და კალიუმიანი სასუქის 2/3. ადრე გაზაფხულზე ნიადაგს ფარცხავენ და ატარებენ კულტივაციას, ამავე დროს შეაქვთ აზოტოვანი სასუქები.
საშუალო ნაყოფიერების მიწებზე შეაქვთ გამომწვარი ნაკელი 30-40 ტონა, (ნედლი ნაკელის გამოყენება დაუშვებელია, რადგან იგი აუარესებს ძირხვენების ხარისხს—მახინჯი ფორმები, მშრალი ნივთიერებების დაბალი შემცველობა, ცუდი შენახვის უნარი), ამის გარდა შეაქვთ 120-150 კგ. კალიუმი, 70-90 კგ. ფოსფორი და 90-100 კგ. აზოტი 1 ჰექტარზე. მხოლოდ მინერალური სასუქების გამოყენებისას შეაქვთ 120-150 კგ. აზოტი, 150-180 კგ. კალიუმი, 90-100 კგ. ფოსფორი 1 ჰექტარზე. შეაქვთ აგრეთვე 15 კგ. ბორის სასუქი, რომელიც ამცირებს ძირხვენების დასკდომას.
სტაფილოს თესავენ 2-3 სმ. სიღრმეზე, რიგებს შორის 18-20 სმ., ხოლო რიგებში მცენარეთა შორის 4-6 სმ., ჰექტარზე ჯიშებიდან გამომდინარე ითესება 3 დან 5-6 კგ-მდე.
გაზაფხულზე ნიადაგის სასურველი ტენიანობაა 75 %, სხვა დროს — 60-70%.
სტაფილო მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას: გამარგვლა-გამეჩხერება, რიგთაშორისების გაფხვიერება, რწყვა. ჰერბიციდების გამოყენება მნიშვნელოვნად აიოლებს მოვლის პროცესს („გეზაგარდი” 2-4ლ/ჰა კულტურული მცენარის აღმოცენებამდე და 1-2 ფოთლის ფაზაში, „პენდიგანი”, ან „სტომპი” 3-5 ლ/ჰა კულტურული მცენარის აღმოცენებამდე. აღმოცენებამდე ჰერბიციდების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს სარევლების პრობლემას. სტაფილოს აღმოცენების შემდეგ ერთლებნიანი სარევლების წინააღმდეგ მივმართავთ შემდეგი ჰერბიციდების გამოყენებას („აგილი” 0,6-0,8 ლ/ჰა, „ფიუზილადი სუპერი” 2-3 ლ/ჰა, „ცენტურიონი” 0,2-1 ლ/ჰა).
ნიადაგის ზედაპირზე წარმოქმნილი ქერქი უნდა დაიშალოს ფოცხის საშუალებით. აუცილებელია ნათესის გამეჩხერება, მცენარეთა შორის 1-2 სმ დატოვებით, მეორე გამეჩხერება ტარდება 4-5 ნამდვილი ფოთლის ფაზაში. პნევმატური (ვაკუუმური) სათესის გამოყენების შემთხვევაში მცენარეთა გამოხშირვის ოპერაციის ჩატარება საჭირო აღარ არის, რაც შრომითი დანახარჯების მნიშვნელოვან ეკონომიას აკეთებს.
საჭიროა ნათესების მინერალური სასუქებით დამატებით გამოკვება. სტაფილოს რწყავენ 2-3 ჯერ, ძირხვენების ინტენსიური განვითარების ფაზაში.
მოსავლის მასიური აღება იწყება ძირხვენების ფორმირების დამთავრების შემდეგ. აღება უნდა დამთავრდეს ხანგრძლივი საშემოდგომო წვიმების და წაყინვების დაწყებამდე. მოსავალი უნდა აიღოს მშრალ ამინდში.
სტაფილოს იღებენ სპეციალური მანქანებით (წარმადობა 0,5 ჰა/1სთ-ში). შეიძლება კარტოფილის ამღები მანქანების გამოყენებაც. აღებულ ძირხვენებს აჭრიან ფოჩებს, მსუბუქად შეაშრობენ, გადაარჩევენ, მოაშორებენ დაზიანებულ, დაავადებულ, დახეთქილ ძირხვენებს და მიაქვთ შესანახად. საქართველოში სტაფილოს საშუალო მოსავლიანობა 1 ჰა-ზე 20-25 ტონას შეადგენს. ხოლო ევროპის ქვეყნებში იგი 1 ჰექტარზე, 50-60 ტონას და უფრო მეტსაც აღწევს.
დაავადებები
სტაფილოს ალტერნარიოზი, ანუ შავი ლაქიანობა (Alternaria radicina MD) სტაფილოს განვითარების ყველა ფაზაში (აღმონაცენებს, ფოთლებს, ფესვის ყელს, ქოლგას და თესლს) აავადებს.
აღმონაცენის დაავადების შემთხვევაში ფესვის ყელი ვიწროვდება, რის გამოც შავფეხასაც უწოდებენ. ასეთ აღმონაცენთა უმეტესობა იღუპება, გადარჩენის შემთხვევაში კი მახინჯ ძირხვენებს იძლევა.
ფოთოლზე, უმეტეს შემთხვევაში, წვერთან ჩნდება შავი ლაქები, შემდეგ მათი რაოდენობა მატულობს, სოკოს ნაყოფიანობის შავი ფიფქით იფარება დაზიანებული ნაწილის ქვედა მხარე და უმეტეს შემთხვევაში ფოთოლი ხმება (ყოველივე ეს იწვევს ფართობის შემცირებას და მცენარის დასუსტებას).
სოკოს განვითარების ოპტიმალური პირობებია 24-250C და 90-100% — ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა. 85% ფარდობითი ტენიანობის შემთხვევაში სოკოს განვითარება მკვეთრად მცირდება.
ალტერნარიოზის თავიდან ასაცილებლად უნდა გამოვიყენოთ შეწამლული სათესლე მასალა და დავიცვათ თესლბრუნვა (იგი 3-4 წლის განმავლობაში აღარ უნდა დაითესოს იმავე ადგილზე). ნაკვეთში დაავადების პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე ნაკვეთი უნდა დამუშავდეს ფუნგიციდებით: „რაპიდ გოლდი” 1,5 კგ/ჰა-ზე, „რაპიდ გოლდ პლიუსი” 2,5 კგ/ჰა-ზე, „მანკოცები სუპერი” 0,5 %, „კადილაკი” 1,2-1,6 კგ/ჰა, „ციხომ ბლუ” 2,5 კგ/ჰა. გაცილებით მაღალი ეფექტი მიიღება თუ ნაკვეთები დამუშავდება პროფილაქტიკის მიზნით 2-3 ჯერ, ამ შემთხვევაში დაავადების განვითარების რისკი ნულდება.
მავნებლები: სტაფილოს ბუზი — აზიანებს სტაფილოს, ნიახურსა და ოხრახუშს. სტაფილოს ბუზი ტენის მოყვარულია, განსაკუთრებით მავნებლობს ჭარბნალექიან წლებში. ძლიერ აზიანებს დაჩრდილულ ნათესებს. ჭუპრები ნიადაგში იზამთრებენ, გამოფრენას იწყებენ აპრილის შუა რიცხვებსა და მაისის დასაწყისში, როდესაც ნიადაგი 12-17ჩჴ-მდე თბება. მათი გამოფრენა ემთხვევა ვაშლის და ასფურცელას ყვავილობას. სტაფილოზე გადადიან როდესაც მცენარე 2-3 ნამდვილი ფოთლის ფაზაშია. მაისის შუა რიცხვებიდან იწყებენ კვერცხების დებას. დედალი დებს ერთ ან რამდენიმე კვერცხს მიწაზე, მცენარესთან ახლოს. მატლები აზიანებენ ძირხვენებს, ძვრებიან შიგნით, სადაც 30 დღემდე ცხოვრობენ და მასში ჟანგისფერ ხვრელებს აკეთებენ. ამის შედეგად დაზიანებული მცენარის ფოთლები ხდება მოცისფრო, თანდათან ყვითლდება და ხმება, დაზიანებული ძირხვენები კი ლპება. ზაფხულის განმავლობაში ვითარდება ორი თაობა. მეორე თაობის ბუზები ივლისში ჩნდებიან და მავნებლობენ ისევე როგორც პირველი თაობა. სტაფილოს ბუზის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათი გამოფრენის ფაზაში უნდა გამოვიყენოთ — „კუნგფუ სუპერი” 0,1-0,15 ლ/ჰა-ზე, დი-68 0,5-1 ლ/ჰა-ზე, „ალფა-ციპი” 0,1-0,15 ლ/ჰა, იმიჯი 0,2-0,25 ლ/ჰა-ზე.
ბუგრების და თრიფსების წინააღმდეგ იგივე პრეპარატების იყენებენ — „კუნგფუ სუპერი” 0,1-0,15 ლ/ჰა-ზე, „დი-68” 0,5-1 ლ/ჰა-ზე, „ალფა-ციპი” 0,1-0,15 ლ/ჰა, „იმიჯი” 0,15-0,2 ლ/ჰა-ზე.
ანა გულბანი,
ილია მჭედლიძე