ხეხილის რეკომენდებული და პერსპექტიული ჯიშების მოკლე ბიოლოგიურ-სამეურნეო დახასიათება
ვაშლის ჯიშები
გოლდენ დელიშესი — ამერიკული ჯიშია, ნაპოვნია მე-19 საუკუნეში შემთხვევითი თესლნერგის სახით. ცნობილია ამ ჯიშის მრავალი კლონი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია გოლდენ სმუთი, გოლდენ ბი, გოლდენ რეინდერსი,
გოლდსპური და სხვა. ხე საშუალო ზრდისაა, მალე შედის მსხმოიარობაში, მაღალმოსავლიანია, მოითხოვს ნაყოფების დანორმებას. ნაყოფი ყვითელი ფერისაა, კონუსური, საშუალო ან დიდი ზომის, ხასიათდება საუკეთესო საგემოვნო თვისებებით, იკრიფება სექტემბრის ბოლოს, ან ოქტომბრის დასაწყისში, ინახება აპრილ-მაისამდე, მაღალპროდუქტიული ჯიშია, რეკომენდებულია სამრეწველო მეხილეობის ზონისთვის.
ზამთრის ბანანი — ამერიკული ჯიში. ხე საშუალო ზრდისაა, მაღალმოსავლიანია, ნაყოფი ყვითელი ფერის, მრგვალი, მზის მხარეს ალისფერი ლოყით, საშუალო ან დიდი ზომისაა, აქვს დამახასიათებელი არომატი, ხასიათდება საუკეთესო საგემოვნო თვისებებით, იკრიფება სექტემბრის ბოლოს — ოქტომბრის დასაწყისში, ინახება მარტ-აპრილამდე. მაღალპროდუქტიული ჯიშია, რეკომენდებულია სამრეწველო მეხილეობის ზონებისთვის.
კეხურა — ადგილობრივი ჯიშია. ამ ჯიშის მრავალი კლონია ცნობილი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია გოლდენ სმუტი, გოლდენ ბი, გოლდენ რეინდერსი. ხე ძლიერი ზრდით ხასიათდება, მსხმოიარობას იწყებს გვიან, მაღალმოსავლიანია, ხასიათდება მეწლეობით. აქვს მრგვალი, მსხვილი, საშუალო საგემოვნო თვისებების წითელი ნაყოფი, იკრიფება ოქტომბრის ბოლოს, კარგად ინახება მაის-ივნისამდე. მაღალპროდუქტიული ჯიშია, რეკომენდებულია სამრეწველო მეხილეობის ზონებისთვის.
ივერია — ქართული სელექციური ჯიშია (ავტორი თ. ცერცვაძე). ხე საშუალო და ძლიერი ზრდისაა, ხასიათდება მეწლეობით. აქვს მრგვალი, მსხვილი ნაზი რბილობი, ცხიმიანი კანი, წვნიანი, მომჟავო-მოტკბო გემოს წითელი ფერის, საშუალო საგემოვნო თვისებების მქონე ნაყოფი. იკრიფება ოქტომბრის ბოლოს, კარგად ინახება მაის-ივნისამდე, მაღალპროდუქტიული ჯიშია. რეკომენდებულია სამრეწველო მეხილეობის ზონებისთვის.
შამპანური რენეტი — ძველი ევროპული ჯიშია. ხე საშუალო ზრდისაა, მალე შედის მსხმოიარობაში, მაღალმოსავლიანია, ნაყოფი ყვითელი ფერის, საშუალო ზომის, კანი გლუვი, პრიალა. ზოგჯერ ალისფერი ლოყით, ფორმით შებრტყელებული, იკრიფება სექტემბერის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. ინახება აპრილ-მაისამდე. რეკომენდებულია სამრეწველო მეხილეობის ზონისთვის.
ქართული სინაპი — ადგილობრივი ჯიშია. საკმაოდ დიდი ხე იზრდება, გვიან ისხამს, უხვმოსავლიანია. აქვს მოგრძო-ცილინდრული ფორმის, მწვანე ფერის, მზის მხარეს ჟოლოსფერ-წითლად შეფერილი, შებრტყელებული, საშუალო ზომის ნაყოფი. იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევარში, ინახება აპრილ-მაისამდე. რეკომენდებულია სამრეწველო მეხილეობის ზონისთვის.
რედ დელიშესი — ამერიკული ჯიშია, ნაპოვნია მე-19 საუკუნეში თესლ-ნერგის სახით. ცნობილია ამ ჯიშის მრავალი კლონი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია სტარკრიმსონი, რედ ჩიფი, სტარკ დელიშესი და სხვა. ხე სუსტი ზრდისაა, მალე შედის მსხმოიარობაში, მაღალმოსავლიანია, მოითხოვს დანორმებას, ნაყოფი წითელი, სრულ სიმწიფეში მუქი იისფერია, კონუსური, საშუალო ან დიდი ზომის, ხასიათდება საუკეთესო საგემოვნო თვისებებით, იკრიფება სექტემბრის ბოლოს, ინახება მარტ-აპრილამდე.
მსხლის ჯიშები
ვილიამსი — სინონიმი „სუნიანი მსხალი”, ინგლისური წარმოშობის ჯიშია, ხე საშუალო ზრდისაა, ნაყოფი იკრიფება აგვისტოს დასაწყისში. ნაყოფი მსხვილი, მოგრძო, მსხლისებრი ფორმის, კანი თხელი, სრული, სიმწიფეში იღებს ლიმონისფერ-ყვითელ ფერს, აქვს რბილობი თეთრი, მდნარი, სასიამოვნო სიტკბო (მოტკბო-მომჟავო) გემო. ინახება 2-3 კვირა. ჯიში რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს სამრეწველო მეხილეობის რაიონებში გასავრცელებლად.
გულაბი — ადგილობრივი ჯიშია, აერთიანებს სხვადასხვა ფორმებს — მესხური გულაბი, ქართლური, ლეჩხუმური და ა.შ. ნაყოფი იკრიფება ივლისის ბოლოს და მაშინვე მოიხმარება. ნაყოფი საშუალო, ტიპური მსხლისებრი ფორმის, კანი თხელი და ნაზი, მომწვანო-მოყვითალო ფერის, რბილობი წვრილმარცვლიანი, მდნარი, სასიამოვნო სიტკბოს-სიმჟავის. ჯიში რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს სამრეწველო მეხილეობის რაიონებში გასავრცელებლად.
ბერნე-არდანპონი — სინონიმი „კომშა მსხალი”, ძველი ბელგიური ჯიშია, ხე საშუალო ზრდისაა, ნაყოფი საშუალო, ზარისებრი ფორმის, ზედაპირი ბორცვიანი, წახნაგოვანი, კანი — თხელი და გლუვი, რბილობი — მდნარი. ნაყოფი იკრიფება ოქტომბრის დასაწყისში.
ბერე-ბოსკი — სინონიმი „ალექსანდროული”, ფრანგული წარმოშობის ჯიშია, ხე საშუალო ზრდისაა, ნაყოფი იკრიფება სექტემბრის შუა რიცხვებიდან, ნაყოფი მსხვილი, მსხლისებრი ფორმის, კანი — თხელი, დაფარული ჟანგაროთი, სრულ სიმწიფეს იღებს მუქ ყვითელ შეფერვას, რბილობი თეთრი, ტკბილი, სასიამოვნო, სურნელოვანი. ჯიში რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს მეხილეობის რაიონებში გასავრცელებლად.
ზვიად ბობოქაშვილი,სმმ დოქტორი,
კუკური ძერია, სმმ დოქტორი