აგრარული განათლებააგროსიახლეებიმექანიზაციარუბრიკები

სასოფლო-სამეურნეო მცირე მექანიზაცია

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების პრივატიზაციის შედეგად ქვეყანაში არსებული  ფერმერული მეურნეობების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უმეტესობა  0,5-1,5 ჰ-ის ფარგლებში მერყეობს. მათი მნიშნელოვანი ნაწილი განლაგებულია ფერდობებზე, ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეებზე, რუთული რელიეფური კონფიგურაცით, ასევე  ნიადაგობრივი საფარიც მრავალფეროვანია.

ამას გარდა ნიადაგების საგრძნობი ნაწილს დარღვეული აქვს სტრუქტურა და ამორტიზებულია, რის გამოც რთული ხდება მისი დამუშავება, მნიშვნელოვნად იზრდება საწვავის ხარჯი, მძლავრი ტექნიკით ასეთი ნაკვეთების დამუშავების დროს ძალიან დიდია უქმი სვლების რაოდენობა, მოცდენები საკონტროლო გავლაზე, ერთი ნაკვეთიდან მეორეზე გადასვლის დროს, სატრაქტორო აგრეგატების ტექნოლოგიურ მომსახურებაზე და სხვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე ასეთ პირობებში სასოფლო-სამეურნეო  პროდუქციის წარმოებისთვის ასეთ ზონებში  მიზანშეწონილია გაზრდილი გამავლობისა და წევა-ჩაჭიდების მქონე მცირე სიმძლავრის მანევრული  სხვადასხვა გაბარიტის ტრაქტორების, მოტობლოკებისა და სპეციალური რესრურსდამზოგავი, ანტიეროზიული, კომბინირებული და ბიოლოგიური მანქანების გამოყენება. ამჟამად ბაზარზე ასეთი მანქანების, რომლებასაც ფერმერთა ყველაზე რთული მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია,  ფართო არჩევანია,

ენერგეტიკული საშუალებები

მცირე ფერმერულ მეურნეობებში გამოყენებულ ენერგეტიკულ საშუალებებს უნდა გააჩნდეს მაღალი წევა-ჩაჭიდების თვისებები, უნდა იყვნენ უნივერსალური, მოძრაობაში მდგრადი და გააჩნდეთ კარგი მანევრირების და ფერდობთან ადაპტაციის უნარი.

სურ. 1-ზე წარმოდგენილია შეწყვილებულ თვლებიანი გაზრდილი გამავლობის და წევა-ჩაჭიდების მოტობლოკი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ვაკეზე, ასევე ფერდობზე ძირითადად ნაკლებად ენერგოტევადი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებას (ნიადაგის მცირე სიღრმეზე გაფხვიერება, სასუქების შეტანა, ვიწრო რიგთაშორისების დამუშავება, მცენარეთა დაცვის ოპერაციები, ბალახების თიბვა და სხვ.) აგროტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან ის არის უნივერსალური და შესაძლებელია გამოყენებული იქნას სატრანსპორტო მისაბმელთან ერთად უგზოობის პირობებში მცირე ტვირთების გადასაზიდად.

სურ.1 შეწყვილებულ თვლებიანი მოტობლოკი

სურ.2-ზე წარმოდგენილია მცირე სიმძლავრის და ვიწრო გაბარიტების მქონე ოთხ წამყვან თვლიანი ტანდემური უნივერსალური ტრაქტორი, რომელიც განკუთვნილია მცირე ფერმერულ მეურნეობებში და სათბურებში ნიადაგდამამუშავებელი და სხვა შედარებით მაღალენერგოტევადი სამუშაოების ჩასატარებლად.

სურ. 2 ორ წამყვან ღერძიანი ტანდემური ტრაქტორი

აღნიშნულ ტრაქტორს შეუძლია 2 კორპუსიანი გუთნით ხვნა 20 სმ სიღრმემდე საშუალო და მაღალი ხვედრითი წინააღმდეგობის მქონე ნაკვეთებში. გარდა აღნიშნულისა, მას შეუძლია მცირე მოდების განის მქონე ღრმად მხვნელი გუთნის (ჩიზელის) გაწევა, ნიადაგის ფრეზირება, კულტივაცია და თესვისწინა მომზადება, მცირე ზომის სათესებით თესვა, მცენარეთა დაცვის და მოვლითი ოპერაციების ჩატარება, ბალახების თიბვის და სხვა სახის სასოფლო- სამეურნეო სამუშაოების ჩატარება. ამასთან სატრანსპორტო მისაბმელთან ერთად შეიძლება სატრაქტორო-სატრანსპორტო აგრეგატის შედგენა და უგზოობის პირობებში გამოყენება.

ნიადაგდამამუშავებელი მანქანები

მემცენარეობის პროდუქციის წარმოების თანამედროვე სამანქანო ტექნოლოგიები ითვალისწინებს ცვლის დროის რაციონალურად გამოყენებას. სწორედ ამიტომ შეიქმნა მოტობლოკური საბრუნი გუთანი, რომელიც წარმოდგენილია სურ. 3-ზე და უზრუნველყოფს ნიადაგის დამუშავებას მაქოსებური მოძრაობის წესით 20 სმ სიღრმემდე. ამ დროს მიიღწევა მუშა სვლების მაქსიმალური მნიშვნელობა ე.ი. მინიმუმადე მცირდება სახნავი მოტობლოკური აგრეგატის უქმი სვლები, რაც შესაბამისად ზრდის აგრეგატის წარმადობას და შესაბამისად ამცირებს საწვავის, დროის, შრომის და ფულადი სახსრების საექსპლუატაციო დანახარჯებს.

სურ. 3 მოტობლოკური საბრუნი გუთანი

იმისათვის, რომ ნიადაგებში შემცირებული იქნას წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიული მოვლენები, აუცილებელია ჩატარდეს ნიადაგის პერიოდული ღრმა და ბელტის გადაუბრუნებლად დამუშავება. ნიადაგის ღრმად დამუშავება უზრუნველყოფს დროის მცირე მონაკვეთში წყლის მაღალ გამტარიანობას, შედეგად მცირდება ეროზიის განვითარების შესაძლებლობები. ნიადაგის ბელტის გადაბრუნების გარეშე დამუშავებისთვის გამოიყენება ანტიეროზიული ღრმად დამამუშავებელი კომბინირებული მანქანები. მცირეკონტურიან ნაკვეთებზე ასეთი ნიადაგების რეკულტივაციისთვის გამოიყენება ნიადაგის ფენობრივად დამამუშავებელი ბიოლოგიური კომბინირებული მანქანა (სურ.4), რომელიც აგრეგატირდება სტანდარტულ 7-9 ცხენისძალიან მოტობლოკზე. მოცემული ერთკორპუსიანი ღრმად გამაფხვიერებლი ტექნოლოგიური მანქანა 30-32 სმ სიღრმემდე უზრუნველყოფს ნიადაგის გაფხვიერებას.

სურ. 4 ერთკორპუსიანი ღრმად გამაფხვიერებლი

 

ნაკვეთებში ნიადაგის ხვნის შედეგად ზედაპირზე გამოჩენილი ქვებისგან გასაწმენდად შექმნილია მცირეკონტურიანი ნაკვეთებისთვის განკუთვნილი გაზრდილი წევა-ჩაჭიდების მქონე მოტობლოკზე დააგრეგატებული ნაკვეთის ქვებისგან გამწმენდი მანქანა (სურ 5), რომელიც უზრუნველყოფს ზედაპირზე გამოჩენილი და მცირე სიღრმეზე მყოფი ქვების ამოყრას და მათ ასაკრეფად მომზადებას. აღნიშნული ოპერაციის  ჩატარება

 

სურ. 5 ზედაპირული ქვებისგან ნიადაგის გამწმენდი მოტობლოკური აგრეგატი

მარცვლოვანი, ბოსტნეული, ბაღჩეული და სხვა სახის სათოხნი კულტურების მოვლა-მოყვანისთვის გამოიყენება დაბაზოებისა და დაკვალვის ტექნოლოგია, რომელიც გათვალისწინებულია როგორც ზედმეტად დატენიანებული, ასე სარწყავი ზონებისათვის. ბაზოებს შორის მოთავსებული ნიადაგები წარმოადგენენ კარგ წყალგამტარებს ზედმეტი წვიმის დროს, ხოლო მორწყვის დროს წყალმიმღებებს, მასიური და მაღალი ბაზოები ნაკლებად გამოშრებიან გვალვიან ამინდში და უკეთ ორთქლდებიან ზედმეტი ტენიანობის პირობებში. ამასთან გვალვიან პერიოდში ტენით გაჯერების კარგ საშუალებას წარმოადგენენ. ბაზოებზე დათესილი და დარგული მცენარეების ფესვთა სისტემა ან ძირხვენა-ტუბერები არ ზიანდებიან ტრაქტორის თვლებისაგან. ბაზოები საშუალებას გვაძლევენ შედარებით გავაიოლოთ ძირხვენებისა და ტუბერების მექანიზებული აღების პირობები, რადგან ბაზოებიდან კომბაინის ტრანსპორტიორზე ხვდება 30…40%-ითთესვისწინა დამუშავების და სათესი აგრეგატების სამუშაო ორგანოებს იცავს გატეხვისგან და დაბლაგვებისგან. ნაკლები მიწა. სურ. 6 ზე წარმოდგენილია ბაზოწარმომქმნელი კომბინირებული სატრაქტორო აგრეგატი, რომელიც უზრუნველყოფს ნიადაგის გაფხვიერებას და ტრაპეციული ბაზოების წარმოქმნას.

სურ. 6 ბაზოწარმომქმნელი აგრეგატი

კარტოფილსა და სხვა ტუბერიან კულტურებში ამჟამად ფართოდ იყენებენ მასიურ სფერულ კვლებს (ბაზოს ერთ-ერთი სახეობა). სფერულ კვლებზე ორ მწკრივად განლაგებით გამორიცხულია კარტოფილის ტუბერების დაზიანება ტრაქტორის სავალი თვლებით; კვლებზე ორ ზოლად განლაგებულ კარტოფილის მწკრივებში სასუქის შეტანა ხდება ერთ ზოლად, რაც სასუქის ხარჯს 2-3-ჯერ ამცირებს. სურ. 7 ზე წარმოდგენილია მასიური სფერული კვლების წარმომქმნელი სატრაქტორო აგრეგატი.

სურ.7 მასიური სფერული კვლების წარმომქმნელი აგრეგატი

ნიადაგის დამულჩვით დამუშავების ტექნოლოგია ითვალისწინებს ნაწვერალის და სხვა მცენარეული ნარჩენების გამოყენებას ტენის დაგროვებისა და შენახვისათვის, ხოლო კოკისპირული წვიმების დროს ნიადაგის დაცვას ჩამორეცხვისა და ზედმეტი ტენიანობისაგან. იგი ასუსტებს ტემპერატურის დღე-ღამური და სეზონური ცვალებადობის გავლენას, ამცირებს ნიადაგის გაყინვის სიღრმეს ზამთრობით და იცავს გადახურებისაგან ზაფხულის სიცხეების დროს, ხელს უწყობს მკვრივი წვრილკოშტოვანი სტრუქტურის წარმოქმნას, აძლიერებს მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობას და აჩქარებს მასთან დაკავშირებულ დადებით ბიოქიმიურ პროცესებს, ჩარგავს სარეველებს, ხელს უშლის მათ ამოსვლას.

უკანასკნელ წლებში განვითარებული სოფლის მეურნეობის ქვეყნებში მცენარეული ანარჩენების მაგივრად ფართოდ გამოიყენება პლასტიკური მულჩი და შესაბამისად შეიქმნა კომბინირებული მანქანები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნიადაგის დაბაზოებას და დაფარვას პლასტიკური პერფორირებული მულჩით, რომელთ შეფერილობა ირჩევა მოსაყვანი კულტურის მიხედვით. აღნიშნული ტექნოლოგიური ოპერაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ფულადი სახსრების დანახარჯებს მოცემული კულტურის მოყვანაზე. მცირეკონტურიან ნაკვეთებში ბაზოწარმოქმნისა და ნიადაგის პლასტიკური მულჩით დაფარვისთვის გამოიყენება მოტობლოკზე დააგრეგატებული კომბინირებული ტექნოლოგიური მანქანა (სურ. 8), რომელიც ერთი გავლით უზრუნველყოფს ნიადაგის გაფხვიერებას, ბაზოს წარმოქმნას და პლასტიკური მულჩის დაფენას.

სურ.8 ბაზოწარმომქმნელი და პლასტიკური მულჩის დამგები აგრეგატი

 

მცირე გაბარიტიანი სათესი და სარგავი მანქანები

მცირეკონტურიანი ნაკვეთების მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიაში ძირითად ტექნიკურ საშუალებას წარმოადგენს მოტობლოკზე დააგრეგატებული სათესი კომპლექსი, რომელიც გათვალისწინებულია მარცვლეული, პარკოსანი, საკვები და ტექნიკური კულტურების დასათესად მინიმალური ტექნოლოგიის პრინციპით (სურ, 9).

ეს კომპლექსები უზრუნველყოფენ: სათესი კვლის თესვისწინა მომზადებას, ზუსტ თანაბარ თესვას, კვალის დახურვას და მიტკეპნას, მინერალური სასუქის შეტანას. ამგვარად, ერთი გავლით ეს კომპლექსი გამორიცხავს სხვადასხვა აგრეგატებით ჩასატარებელ 3-4 გავლას, რითაც მნიშვნელოვნად ამცირებს ნიადაგის დატკეპნას, ამცირებს ნიადაგიდან წყლის აორთქლებას, ეროზიული პროცესების განვითარებას, მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას, გამორიცხული მექანიზებული ოპერაციების ხარჯზე აკეთებს საწვავის და შრომის ხარჯის, აქედან გამომდინარე ფულადი სახსრების მნიშვნელოვან ეკონომიას. ამას გარდა ეს სათესები საშუალებას იძლევა საკმაოდ შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდეს თესვა, ვიდრე ჩვეულებრივი სათესი კომპლექსების გამოყენების შემთხვევაში, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონებისთვის, სადაც სავეგეტაციო პერიოდები საგრძნობლად მოკლეა.

სურ. 9 კომბინირებული სათესი მოტობლოკური აგტეგატი

მარცვლეული კულტურების და ბალახების სათესად მცირეკონტურიანი ნაკვეთებისთვის შეიქმნა ნიადაგის კომბინირებული სათესი ტექნოლოგიური მანქანა, რომლის დააგრეგატება შეიძლება როგორც მცირე სიმძლავრის ტრაქტორზე, ასევე 9-10 ცხენისძალიან მოტობლოკზე. (სურ. 10 )

სურ. 10. მცირეკონტურიან ნაკვეთებში ბალახების სათესი კომბინირებული მანქანა

მცირეკონტურიან ნაკვეთებში და სათბურებში ბაღჩეული, ბოსტნეული და ტექნიკური კულტურების ჩითილების დასარგავად შექმნილია მცირე სიმძლავრის ტრაქტორზე დააგრეგატებული ორ რიგიანი ჩითილების სარგავი კომბინირებული ტექნოლოგიური მანქანა სურ. 11), რომელიც ერთი გავლით უზრუნველყოფს კვლების გახსნას, ჩითილების რგვას, კვლების დახურვას და პირველად მოტკეპნას. ამასთან ერთად ასეთი ტიპის ზოგიერთი ფირმის წარმოების მანქანა უზრუნველყოფს რგვასთან ერთად სასუქების შეტანას.

სურ. 11. მცირეკონტურიანი ნაკვეთებისთვის განკუთვნილი ჩითილსარგავი კომბინირებული მანქანა

მრავალწლოვანი კულტურების სარგავად მცირეკონტურიან ნაკვეთებში და სათბურებში შექმნილია ნერგების ორმოების ამოსაღები ტექნოლოგიური მანქანა, რომელიც აგრეგატირდება სპეციალურ მინიტრაქტორზე (სურ.12). აღნიშნული მანქანა უზრუნველყოფს 1 მეტრამდე სიღრმის ორმოს ამოღებას, ამოღებული ნაწილის გაფხვიერებას და ამზადებს ნერგების ჩასარგავად.

სურ. 12 ორმოს ამომღები მანქანა

მცენარეთა მოვლისა და დაცვის ტექნიკური საშუალებები

ამჟამად შექმნილია ბაღებში და ვენახებში მცენარეთა დამცავი ზოლის დამამუშავებელი აქტიურ მუშა ორგანოებიანი (ფრეზული) მანქანები, რომლებიც რიგთაშორისების დამამუშავებელი მანქანებისთვის მიუწვდომელ დამცავ ზოლში უზრუნველყოფენ ნიადაგის გაფხვიერებას და სარეველების მოჭრას (სურ.13). აღნიშნული მანქანა გამორიცხავს ხეხილის და ვენახის ძირებთან ახლოს ნიადაგის ხელით დამუშავების საკმაოდ შრომატევად პროცესს, რომელიც ჩვენთან, როგორც წესი ხელით სრულდება

სურ. 13. მცენარეთა რიგთაშორისების დამცავი ზოლის დამამუშავებლი ფრეზი

 

უკანასკნელ ხანს როგორც ერთწლოვანი, ასევე მრავალწლოვანი კულტურებისთვის შეიქმნა მცენარეთა დაცვის მცირე მექანიზაციის ისეთი მანქანები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაო სითხიდან ნისლისებური მასის წარმოქმნას. რაც თავის მხრივ განაპირობებს მცენარის ზედაპირზე სამუშაო სითხის თანაბარ განაწილებას და მის შიგა ფენებში შეღწევისუნარიანობის გაზრდას. აქ წარმოდგენელია მცირე ფერმერული მეურნეობებისთვის განკუთვნილი ტანდემურ მინიტრაქტორზე დააგრეგატებული ნისლისებური მასის წარმომქმნელი შემასხურებელი. სურ. 14.

სურ.14 პალმეტური ბაღებისთვის განკუთვნილი მინიტრაქტორზე დააგრეგატებული შემასხურებელი მანქანა

მოსავლის ასაღები მანქანები

კომბაინებზე გაზრდილი მოთხოვნის პირობებში მწარმოებელი ფირმები უშვებენ კომბაინის მოდელებს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მწარმოებლობით, საცვლელი ადაპტერებით, სხვადასხვა კულტურების ასაღებად ხედერების მოდების განით, გამომლეწი აპარატის კონსტრუქციებით და სხვა კინემატიკური თუ დინამიკური მაჩვენებლებით.

საქართველოს პირობებში მცირეკონტურიან და ფერდობებზე განლაგებული ნაკვეთებში მოსავლის აღების სამუშაოების ჩასატარებლად რეკომენდირებულია ადაპტური მუხლუხა კომბაინის გამოყენება (სურ. 15), რომელიც ხასიათდება გაზრდილი გამავლობით, ნიადაგზე დაწოლის შემცირებით და მოსავლის მცირე დანაკარგებით.

სურ 15. მუხლუხა კომბაინი

მცირეკონტურიან ნაკვეთებში, რომლებიც მობილური ტექნიკისთვის მიუღწეველია შექმნილია გაზრდილი წევა- ჩაჭიდების თვისებების მქონე ადაპტური მოტობლოკური აგრეგატი, რომელიც უზრუნველყოფს თივის აღებას როგორც ვაკეზე, ასევე 20 გრადუსამდე დახრილობის ფერდობებზე. (სურ.16)

მცირე ფერმერულ მეურნეობებში მეცხოველეობის საკვები ბალახების დამზადების მიზნით უკანასკნელ წლებში შეიქმნა მცირეგაბარიტიანი მრგვალი ბარდანების დამამზადებელი ტექნოლოგიური მანქანა (სურ. 17), რომლებიც უზრუნველყოფს წინასწარ გარკვეული ტენიანობის მქონე მრგვალი ბარდანების დამზადებას, რაც განაპირობებს ბალახების კვებითი ღირებულებების შენარჩუნებას, მოსახერხებელია ტრანსპორტირებისთვის და ცხოველებისთვის მისაწოდებლად. აღნიშნული მანქანა აგრეგატირდება მცირე სიმძლავრის და გაბარიტების მქონე ტანდემურ ტრაქტორებზე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებები მხოლოდ მცირე ნაწილია დღეს არსებული მრავალრიცხროვანი სხვადასხვა დანიშნულების და სიმძლავრის ტექნიკური საშუალებების არსენალიდან. ამჟამად სასოფლო- სამეურნეო მანქანათმშენებელ ქარხნებში მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა კომბინირებული, ენერგორესურსდამზოგავი და ნიადაგდამცავი მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების შექმნისთვის, რომელთა ნაწილი სერიულ წარმოებაში უკვე არის დანერგილი.

სურ.17 მრგვალი ბარდანების დამამზადებელი მცირეგაბარიტიანი აგრეგატი

 ნუგზარ ებანოიძეოთარ ქარჩავა ვლადიმერ მირუაშვილი,

გიორგი ქუთელიანოდარ ნათენაძე

სმს. სამეცნიერო კვლევითი ცენტრი