აგრარული განათლებააგროსიახლეებისტატიები

უძველესი ქართული ტრადიცია და ალტერნატიული მიწათმოქმედების უახლესი მიღწევა

ქართული მიწათმოქმედება ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოს ცივილიზაციათა შორის. საქართველოში აღმოჩენილი სასოფლო-სამეურნეო იარაღები და სარწყავი სისტემები მიუთითებენ, რომ ქართველები აგრარული საქმით დაკავებული იყვნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 10 000 წლის წინათ.

უკანასკნელი საუკუნეების მანძილზე საქართველო მუდმივად განიცდიდა შევიწროებას მეზობელი სახელმწიფოებისაგან და ამიტომ ყოველთვის ცდილობდა სასოფლო-სამეურნეო წარმოება ისე მოეწყო, რომ წლის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონოდა გამოეკვება საკუთარი მოსახლეობა. ივ. ჯავახიშვილი „საქართველოს ეკომომიკურ გეოგრაფია“-ში მიუთითებს, რომ ქართველებს 2000-მდე სასოფლო-სამეურნეო კულტურა მოჰყავდათ. კულტურათა ასეთი მრავალფეროვნება გამოწვეული იყო: პირველი, საქართველოს მრავალფეროვანი ნიადაგურ-კლიმატური პირობებით და მეორე, საცხოვრებელი პირობებით. ამ უკანასკნელში იგულისხმება მუდმივი საომარი მოქმედებები და მთელი წლის მანძილზე საკვების მოპოვების პრობლემა. ქართველი ხალხი ყოველთვის ცდილობდა, მრავალკულტურიანი მეურნეობა ჰქონოდა, რაც საშუალებას მისცემდა წლის ყველა დროში სურსათზე მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა. ამის საფუძველს ისიც იძლეოდა, რომ გლეხებს ნაკვეთების მცირე ფართობები ჰქონდათ. სწორედ სასოფლო-სამეურნეო წარმოების ასეთმა წესმა შეაძლებინა ქართველ ერს გაეძლო ისტორიული ძალადობისათვის და დღემდე მოეღწია. ქართველი ხალხის ეს ტრადიცია თანამედროვე ალტერნატიული მიწათმოქმედების ერთ-ერთი მიმართულების ნათელი მაგალითია.

1974 წელს ავსტრალიელმა ზოოლოგმა ბილ მოლისონმა დევიდ ჰოლცგრენთან ერთად ტასმანიის კუნძულებზე ნახა პატარა სოფელი, რომლის მცხოვრებლებიც თვითონ მოიპოვებდნენ ყველაფერს, რაც მათ სჭირდებოდათ, თვითონ მოჰყავდათ საკვები, თვითონ აცხობდნენ პურს, იმზადებდნენ ფეხსაცმელს, იჭერდნენ თევზს და ამუშავებდნენ ლითონს. ბუნებრივი პირობების ცვლილებებთან ერთად მცირდებოდა მცენარეული და თევზის რესურსები, მრავალფეროვნება და თანდათან ადამიანებმა მიზნად დაისახეს შეექმნათ ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის სისტემა, რომელშიც უნდა გამოყენებულიყო მრავალწლიანი და ერთწლიანი მცენარეების მრავალიარუსიანი სისტემა: ხეები, ბუჩქები, ბალახები, სოკოები, ნაყოფფესვიანები. 1978 წელს გამოქვეყნდა წიგნები „პერმაკულტურა ერთი“ და „პერმაკულტურა ორი“. „პერმაკულტურა“ ინგლისური სიტყვაა და „პერმანენტულ სოფლის მეურნეობას“ ნიშნავს. ეს არის სიცოცხლისუნარიანი უსასრულო, ხანგრძლივად განვითარებადი ბუნების პროექტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს უწყვეტად გამოვიყენოთ ბიოლოგიური რესურსები.

დღეისათვის პერმაკულტურა ალტერნატიული მიწათმოქმედების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომლის პრინციპებია: 1. ადამიანის გარშემო ცხოველმყოფელი, უსასრულოდ განვითარებადი გარემოს შექმნა; 2. შრომითი და ბიოლოგიური რესურსების ეფექტური გამოყენება; 3. უზრუნველყოფს გამძლე, ავტონომიურ, ეკონომიკურად ცხოველმყოფელ თვითმწარმოებელ ჩაკეტილ ციკლს; 4. ასეთი წარმოება უნარჩენოა და მუშაობს ხანგრძლივად.

პერმაკულტურა საშუალებას იძლევა მცირე ნაკვეთზე, მცირე ენერგოეფექტური ინტენსიური სისტემებით (ექსტენსიურის ნაცვლად) მოიხმაროს დიდი რაოდენობის ენერგია, გამოიყენოს სახეობების და კულტურების მრავალფეროვნება ერთფეროვნების ნაცვლად, უზრუნველყოს ეკოლოგიური და სოციალური ცვლილებების სტაბილურობა. პერმაკულტურა ზრდის პროდუქციის მრავალფეროვნებას, წარმოებული პროდუქციის საერთო თანხას, აუმჯობესებს ხარისხს, ზოგავს ენერგიას, უკეთ იყენებს მზის, წყლის და ქარის ენერგიებს, საშუალებას იძლევა პროდუქცია იწარმოოს ქალაქებში, ვითარდება ჯგუფური პასუხისმგებლობა, უმჯობესდება ეკოლოგიური პირობები, საქმეში ჩართულია სახლი, გზა, გუბურა, მინდორი, ტყე. ყველა ელემენტი ასრულებს მრავლობით ფუნქციას და მკვიდრდება სტაბილურობა. ალტერნატიული მიწათმოქმედების მიმართულება — პერმაკულტურა — იყენებს მეთოდებს, რომლებიც კი არ აუარესებს, არამედ აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას, იზრდება ჰუმუსის ფენა, უმჯობესდება ნიადაგის მიკროფლორა, ძლიერდება მცენარეები, აღდგება ცოცხალ ორგანიზმებს შორის ბალანსი და კვებითი ჯაჭვები. პერმაკულტურის მიზანია მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ სრულფასოვანი ბუნება და საკვები პროდუქტები.

პერმაკულტურის მაგალითად ხშირად მოჰყავთ ავსტრიელი აგრონომი ზეპ ხოლცერი. მან 45 ჰა მთის ფართობზე შექმნა სამოთხე — ყველაფერი გონივრულად და, პრაქტიკულად, ყველა წვრილმანის გათვალისწინებით დაგეგმა. მისი დევიზია „ცოტა მუშაობა, მეტი ეფექტი“. იგი მიისწრაფვის სრული დამოუკიდებლობისაკენ, აქვს თავისი წისქვილი, ზეთის სახდელი და ელექტროსადგური. ხოლცერმა შექმნა „საკვები ბაღი“, სადაც სიმბიოზში იზრდება ნაყოფიანი ხეები და ბუჩქოვნები, წიწვოვანი, ფოთლოვანი და დეკორატიული მცენარეები, შექმნა ტბების სისტემა, ქვებით შემოღობა, გააკეთა თხრილები და შექმნა მიკროკლიმატი, რომელიც საშუალებას იძლევა მოიყვანოს სითბოს მოყვარული მცენარეები კივი, ბალი, გოგრა, ყურძენი და მრავალი სხვ. იგი არ იყენებს არც ქიმიურ სასუქებს და არც შხამქიმიკატებს. ბრძნულად ორგანიზებული ეკოსისტემა თვითონ არეგულირებს ყველა პროცესს. ხოლცერი ცხოველებს იყენებს, როგორც მუშებს. ღორები უხნავენ, აფხვიერებენ ნიადაგს და ამზადებენ სათესად, რისთვისაც ის დასამუშავებელ მიწას აყრის სიმინდს და ბარდას და ძებნაში ღორები გადათხრიან მთელ ნაკვეთს. ხოლცერის ეს ჭკვიანური პროექტი საშუალებას იძლევა ნაცვლად სახელწიფო დოტაციისა მიიღოს შემოსავალი, რომელიც საშუალებას აძლევს დააფინანსოს ეკოლოგიური პროექტები.

საქართველოს ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართველი ხალხი პერმაკულტურას საუკუნეებია იყენებს. ეს შესაძლოა რთული გასაგები იყოს, ამიტომ უახლოეს მაგალითს მოვიყვანთ. დასავლეთ საქართველოში თითქმის ყველა ჭკვიანი გლეხი სიმინდის ნათესში ლობიოს, გოგრას, სოიოს შეთესავდა და ნათესის დასაცავად იყენებდა სორგოს (ცოცხი). გლეხმა ასეთი ნათესის ფასი კარგად იცოდა. ლობიო და სოიო, როგორც პარკოსანი, აუმჯობესებდა ნიადაგს (აზოტით). ლობიოს ჯერ იყენებდა საკვებად, მწვანე სახით, შემდეგ მარცვალს ზამთარში. სოიოს და გოგრას იყენებდა ცხოველის საკვებად და ხშირად თავის საკვებადაც. მან კარგად იცოდა, რომ გოგრის ნათესი ნიადაგში ტენის შენარჩუნების კარგი საშუალებაა. ცოცხი კარგად იცავდა ნათესს ქარისაგან, რომელსაც შემდეგ პირადი მოხმარებისათვის ან გასაყიდად იყენებდა. გარდა ამისა, ყველა ოჯახს მოჰყავდა მწვანილი, ბოლოკი, ბადრიჯანი, წიწაკის სხვადასხვა სახეობა. აღნიშნული სქემა პერმაკულტურის საუკეთესო მაგალითია, რომელიც უზრუნველყოფს მრავალფეროვნებას, ენერგეტიკული რესურსების განაწილებას, წლის განმავლობაში საკვებით მომარაგებას, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებას და სხვა.

ასეთივე მაგალითები საქართველოს ყველა რეგიონში უამრავია. სამწუხაროდ, ეს ტრადიცია ჩვენმა მოსახლეობამ დაივიწყა და ჯერჯერობით გახსენებას არ ცდილობს, არადა დღეისათვის ქართველი ხალხის გადარჩენის ყველაზე კარგი შესაძლებლობა პერმაკულტურის დანერგვაა. მისი გამოყენებით მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება თავის კუთვნილ 1.25 ჰა ფართობზე ისე დაგეგმოს კულტურათა მორიგეობა, რომ წლის ყველა პერიოდში ოჯახი საკვებით და შემოსავლებით უზრუნველყოს. ქვემო ქართლის და ლაგოდეხის რეგიონისათვის მიწათმოქმედების ეს კულტურა დიდი ხანია გამოიყენება, თუმცა კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნებით და ზამთრის პერიოდის უკეთ დაგეგმვით, შედეგების გაუმჯობესება შესაძლებელია.

კახეთის რეგიონში პერმაკულტურის დანერგვა მკვეთრად გააუმჯობესებს როგორც კერძო მესაკუთრეთა, ისე ქალაქის მოსახლეობის პირობებს. ცნობილი და დადასტურებულია, რომ როცა კახეთიდან შემოდის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, თბილისში ფასები მკვეთრად ეცემა. კახეთის რეგიონის პირობები საშუალებას იძლევა წლის განმავლობაში უწყვეტად ვაწარმოოთ ადრეული და საგვიანო ბოსტნეული (სხვადასხვა სახის მწვანილი, მწვანე ხახვი, ბოლოკი, წიწაკის მრავალფეროვნება, სალათის ფურცელი). სავეგეტაციო პერიოდი ისე უნდა განაწილდეს, რომ თითოეულ პერიოდში ხდებოდეს მოსავლის აღება და შემოსავლის მიღება. კულტურები უნდა განლაგდეს ზედმეტი ფართობის ათვისების გარეშე. „მეგობარი“ (მცენარეები, რომლებიც ერთმანეთს ხელს არ უშლიან, პირიქით, ხელს უწყობენ ერთმანეთის განვითარებას და იცავენ მათ) მცენარეების შერჩევით უნდა მოხდეს მრავალწლიან კულტურებში ერთწლიანების მოყვანა. კახეთის რეგიონში საადრეო და საგვიანო მოსავლის მისაღებად პერსპექტიულია გათბობის გარეშე სათბურების გამოყენება. სამწუხაროდ ჯერ კიდევ აუთვისებელია ახალი კულტურების დანერგვის შედეგად მიღებული ეფექტი, ნაკლებად ვიყენებთ პეკინის, ბრიუსელის კომბოსტოს და ბროკოლს, სხვადასხვა ფერის ბულგარულ წიწაკას, ჩაიოტს (მექსიკური კიტრი), ლურჯ კარტოფილს, გოგრა ბიბის და სხვა. სამწუხაროდ, სათანადოდ არ ვაფასებთ სტაფილოს და ჭარხალს. ეს კულტურები მაღალშემოსავლიანია.

კახეთის მსგავსად ქართლის ზონაც საუკეთესოა პერმაკულტურისათვის. ამ ზონის სიახლოვე ქალაქის დასახლებასთან კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ბოსტნეულის წარმოებას. ერთ-ერთი მიმართულება პერმაკულტურის მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების თანაცხოვრებისა კარგად შეიძლება გამოვიყენოთ ქართლის ხილის ბაღებში.

დასავლეთ საქართველოზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს ეხებოდა ძირითადად იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებს. განსხვავებული პირობებია ზემო იმერეთსა და გურიაში. მთიანი ზონისათვის ხოლცევის მაგალითი შესანიშნავია, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან გაცილებით უკეთესი ბუნებრივი პირობებია, ვიდრე ავსტრიაში. გასათვალისწინებელია, რომ ამ ზონაში გაცილებით მეტი გამოცდილება და ცოდნაა საჭირო, ვიდრე სხვებში.

სასიამოვნოა აჭარის რეგიონი, რომელიც წარმატებით იყენებს სასათბურე მეურნეობებს და ბოსტნეული კულტურების ახალ, პერსპექტიულ ფორმებს. ამ რეგიონში მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ჩაის და ციტრუსების მეურნეობების პერმაკულტურაში ჩართვას, რაც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ციტრუსის მოსავალი, რომლის შენახვისუნარიანობის გაზრდა საშუალებას მისცემს მოსახლეობას ნაყოფის რეალიზაცია მოახდინოს ხანგრძლივად და გაზარდოს შემოსავლები.

იაპონელი ფუკუოკა აცხადებს, რომ “თუ ადამიანი დაივიწყებს ბუნებაზე ბატონობას და მისცემს საშუალებას ბუნებამ თვითონ მართოს თავისი თავი, დარწმუნდება, რომ ბუნება უზრუნველყოფს ადამიანს ყველა აუცილებელი საჭიროებით“. მისი აზრით, უმჯობესია ყველა იაპონელი დაკავებული იყოს ფერმერობით, რაც უზრუნველყოფს მთელი წლის განმავლობაში მათ საკვებით დაკმაყოფილებას.

საქართველოს ბუნებრივი პირობები კიდევ უფრო მეტ საშუალებას იძლევა და ამიტომ სასურველია უფრო აქტიურად მოვკიდოთ ხელი ტრადიციულ მიწათმოქმედებას და საკუთარი ოჯახები ჯანსაღი საკვებით უზრუნველვყოთ.

დღეს ქვეყნის სამრეწველო პოტენციალი იმდენად დაბალია, რომ გადარჩენის ერთადერთი საშუალება სწორად დაგეგმილი და გააზრებული სოფლის მეურნეობაა, პერმაკულტურა კი, ეს უძველესი ქართული ტრადიცია და ალტერნატიული მიწათმოქმედების უახლესი მიღწევა წარმატების გარანტიაა.

ცოტნე სამადაშვილი, გულნარი ჩხუტიაშვილი,

ნუგზარ ბენდიანიშვილი,

სოფლის მეურნეობის

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი