აგროსიახლეებიმექანიზაციარუბრიკები

როგორ ვებრძოლოთ სეტყვას

სეტყვის წინააღმდეგ ბრძოლა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. განსაკუთრებით ეს პრობლემა აქუალურია ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში.

მნიშვნელოვანი დანაკარგები აღირიცხება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, უნგრეთი, გერმანია, საქართველო, ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვ. ზემოთაღნიშნულ ქვეყნებში გამოგონებულია და პრაქტიკულად გამოიყენება ტექნიკური საშუალებები, რომლებიც სტაბილურად ვერ უზრუნველყოფენ ვენახების დაცვას სეტყვისაგან.

საქართველოში, მიუხედავად ამისა, რომ წლების განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების შექმნასა და გამოყენებაზე, ჯერჯერობით მათი ეფექტურობა დაბალია. ასე მაგალითად, საქართველოში 2012 წელს სეტყვამ 11 ათასი ჰა დააზიანა, ხოლო 2013 წელს — 10 ათას ჰა-ზე მეტი ფართობი. სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებმა 2016 წელს ვერ მოახერხეს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვისაგან ვენახების დაცვა. ამ ფაქტორის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა სოფლის მეურნეობას.

ანალოგიური მდგომარეობაა სომხეთში. ასეთი განაცხადება გააკეთა სომხეთის აგრარულ-გლეხური გაერთიანების ხელმძღვანელმა გრაჩ ბერბერიანმა 2016 წლის სექტემბერში. მან აღნიშნა, რომ სომხეთში 2016 წლის მაისში მოსულმა სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა არმავირის ოლქის ფერმერებს, სადაც დაზიანდა მოსავლის 30-80%. როგორც აღმოჩნდა, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებმა მუშაობა დაიწყო სტიქიის შემდეგ. სომხეთში ამჟამად არის 450 სადგური, საორიენტაციო გამოთვლებით კი საჭიროა 1000-ზე მეტი სადგური, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვას.

სეტყვასთან ბრძოლა დღეისათვის ორი მეთოდით ხდება:

— სეტყვის პროცესზე აქტიური ზემოქმედება, თვითმფრინავით ან რაკეტების საშუალებით ღრუბლებში ქიმიური რეაგენტების შეტანა.

— სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დროებითი გადახურვა სხვადასხვა სახის ბადეებით.

აღნიშნული მეთოდები ეფექტურია, მაგრამ ისინი ხშირად ვერ უზრუნველყოფენ სეტყვისაგან ფართობების სტაბილურ დაცვას.

საქართველოში, გასული საუკნის მეორე ნახევარში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებსა და სხვადასხვა სახის კონსტრუქციებზე სერიოზული სამუშაოებია ჩატარებული. მათ შორის აღსანიშნავია სამეცნიერო-საწარმოო სამხედრო ცენტრის „დელტას“ მიერ დამუშავებული დანადგარები. ასევე ორიგინალური სქემები და კონსტრუქციებია დამუშავებული ქართველი მეცნიერებისა და გამომგონებლების მიერ; აღსანიშნავია პროფ. დ. თაქთაქიშვილის, გ. შაფაქიძის, ვ. ბუჩუკურის, გ. თოფურიას, ა. იოსელიანის, ვ. მოდოვიჩკოს და სხვების შრომები. აღნიშნული ავტორების მიერ დამუშავებულ იქნა ვენახების გადასახური კონსტრუქციები და ისინი გამოცდილ იქნა საველე პირობებში.

 

 

 

 

 

 

 

 

„დელტას“ მიერ დამუშავებული სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები.

მიუხედავად ჩატარებული სერიოზული მუშაობისა, როგორც აღვნიშნეთ, არსებული მექანიზმები და დანადგარები ვერ უზრუნველყოფენა სეტყვისაგან ბაღებისა და ვენახების სტაბილურ დაცვას, ვინაიდან აღნიშნული მოწყობილობების გააქტიურება მოითხოვს წინასწარ პროგნოზირებას. ხშირად ადგილი აქვს მოწყობილობების გვიან ჩართვას და არაეფექტურ მუშაობას. ძნელია კლიმატის პროგნოზირება, ძვირია სეტყვის საწინააღმდეგო ქვემეხები, ჭურვები და ლოკატორები. ხშირ შემთხვევაში დანახარჯები იმ მოწყობილობებზე, რომლებიც დღეისათვის გავრცელებულია ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში, მნიშვნელოვნად აღემატება სეტყვისაგან მიყენებულ ეკონომიკურ და ფინანსურ დანახარჯებს.

ასევე ძვირია თვითმფრინავებით ღრუბლების დაშლა, ვინაიდან თვითმფრინავით გაფრენა ერთი საათის განმავლობაში 30 ათასი ევრო ჯდება. ამჟამად ევროპის ქვეყნებში ფართო მასშტაბით გამოიყენება სეტყვის საწინააღმდეგო ბადე სახურავები, რომელთა საშუალებით იცავენ ბაღებს არასასურველი კლიმატური ფაქტორებისაგან, როგორიცაა: სეტყვა, ქარი, მაღალი ტემპერატურა და სხვ. მათი გამოყენებით ფერმერები ღებულობენ მაღალ და ხარისხიან მოსავალს. სპეციალისტების აზრით, ასეთი ბადეები ხელს უწყობს მცენარის განვითარებას, განსაკუთრებით სამხრეთის და დასავლეთის რეგიონებში, სადაც შედარებით მაღალი ტემპერატურის კლიმატია. ასეთი ბადეების მთავარი უპირატესობა გარდა სეტყვისაგან დაცვისა მდგომარეობს ნაყოფების ქარისა და მზის დამწვრობისაგან დაცვაში. ბადეები ინარჩუნებენ სტაბილურ ტენიანობას და ასევე იცავენ მცენარეებს ტემპერატურის ძლიერი ცვალებადობისაგან.

გარდა ზემოთაღნიშნული უპირატესობებისა, სხვადასხვა ფერის ბადეები განსხვავებულად ზემოქმედებენ მცენარეზე. მაგალითად, ხურმის მოსავალი ბადეების გამოყენების შემთხვევაში 30%-ით იზრდება. ბადეების საშუალებით შესაძლებელია მცენარის ნაყოფების დამწიფების პროცესის დაჩქარება ან შენელება, მცენარის ბიომასის გაზრდა, ფესვთა სისტემის დ ღეროების გამაგრება, ნაყოფების ფერისა და ზომის რეგულირება. ღია გრუნტზე მცენარის ზრდა-განვითარების დროს ფერადი ბადეების გამოყენება ძირითადად ხდება არახელსაყრელი ბუნებრივი ფაქტორებისაგან დასაცავად, როგორიცაა ძლიერი ქარი, სეტყვა, ყინვები, ძლიერი წვიმა და სხვ.

ისრაელის კომპანია „ალეკონი“ ამზადებს სხვადასხვა სახის ბადეებს:

— ბადე „ანტიგრადნი“ (სეტყვის საწინააღმდეგო) ხეხილოვანი კულტურების და ვენახის დასაცავად;

— დამჩრდილავი ბადე მზის დამწვრობისაგან დასაცავად;

— ბადე ქარისაგან დასაცავად;

— ბადე მწერებისაგან დასაცავად;

— ბადე ზეთისხილის მცენარეების დასაცავად.

ვენახისა და ბაღებისათვის განკუთვნილი ბადე საკმარისად მკვრივი და მდგრადია, რაც საშუალებას იძლევა ის გადაჭიმულ იქნეს მცენარეების ზევით ჰორიზონტალურად. სეტყვის მოსვლის შემთხვევაში მარცვლები ბადეზე ეცემიან, კარგავენ სიჩქარეს, გადაგორდებიან ცენტრისკენ ან რჩებიან ბადეებზე, სადაც დროთა განმავლობაში დნებიან. მცენარეს მხოლოდ წვრილი შხეფები ან წვეთები ეცემა.

იტალიური კომპანია „Helios“-ი აწარმოებს ვენახებისა და ბაღების დამცავ ბადეებს და გადახურვისათვის საჭირო დანადგარის დეტალებს. მათ მიერ დამზადებული ბადეები ხანგამძლეა და საიმედოდ იცავენ მცენარეებს სეტყვისაგან და სხვა არასასურველი კლიმატური მოვლენებისგან. კომპანია ამზადებს სხვადასხვა კონსტრუქციის ბადეების სამაგრ დანადგარებს, რომლებიც ძირითადად ოთხი სახისაა:

— „კაპანია“ — ქოხისებური, დახრილი გადახურვა; (სურ. 2. ა);

— სწორი (ჰორიზონტალური) გადახურვა; (სურ. 2. ბ);

— ელასტიური გადახურვა; (სურ. 2. გ);

— V 5 – „B 5“ – Helios. (სურ. 2. დ).

 

 

 

 

 

სურ,2 _ კომპანია „Helios“-ის სეტყვის საწინააღმდეგო ბადედანადგარები.

უკანასკნელ პერიოდში ზემოთხსენებული კომპანიები ამზადებენ ხანგამძლე და საიმედო ბადე-კონსტრუქციებს, რომელთაც პრაქტიკულად იყენებს ღვინისა და ხეხილის მწარმოებელი ევროპის ყველა ქვეყანა. საქართველოში ჯერჯერობით მათი გამოყენება პრაქტიკულად არ ხდება. მართალია, აღნიშნული მოწყობილობები არ წარმოადგენენ ფუფუნებას, მაგრამ მათი გამოყენება აუცილებელია, რათა მებაღეებმა და მევენახეებმა მიიღონ მაღალი და ხარისხიანი მოსავალი.

ასეთი ბადეები განსაკუთრებით ეფექტური იქნება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, სომხეთი, სადაც სეტყვა მევენახეობისა და მებაღეობის რეგიონებში ფაქტიურად წარმოადგენს ყოველწლიურ კლიმატურ საშიშროებას.

ბაღებისა და ვენახების ბადით გადახურვის იდეას ჰყავს მოწინააღმდეგეები, რომელთაც ბადეების გამოყენება მიაჩნიათ არაეფექტურად. მათი აზრით, ბადეები ვერ გაუძლებენ ბუნებრივ-კლიმატურ პირობებს. მათი მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია ძლიერ ქარს, მოულოდნელ თოვლს, რომელთა მოქმედების შედეგად ბადეები დაზიანდება და ფერმერი ვერ მოასწრებს მათ მოხსნას და ა.შ. მიუხედავად ზოგიერთების პესიმისტური განწყობილებისა, ზემოთხსენებული კომპანიების მიერ გამოშვებული ბადე-კონსტრუქციები ფართო მასშტაბით გამოიყენება ევროპის ღვინისა და ხეხილის მწარმოებელ ქვეყნებში.

ნუგზარ ებანოიძე,

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

გიორგი ქუთელია, დოქტორანტი

სმს სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი

ჟუენლი „ახალი აგრარული საქართველო“ №-73