ჰიგიენური მოთხოვნები ბავშვთა (მ.შ ჩვილ ბავშვთა) სასურსათო პროდუქტების წარმოება-დაფასოებისადმი
ბავშვთა (მ.შ ჩვილ ბავშვთა) სასურსათო პროდუქტების წარმოება-დაფასოების საწარმოს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის №165 დადგენილების („ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“) მიხედვით, სჭირდება შესაბამისი ლიცენზია, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს
ლიცენზიის მისაღებად საჭიროა: საწარმოო ობიექტის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ინფორმაცია წარმოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის; მთლიანი შიდა საწარმოო პროცესებისთვის პასუხისმგებელი პირის; პროდუქციის უვნებლობის შიდა საწარმოო კონტროლის სისტემის შესახებ; მოქმედი ნორმატივების შესაბამისად დამუშავებული ტექნოლოგიური ინსტრუქცია; წარმოების სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასკვნა (დასკვნის მიღება შესაძლებელია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებაში განხორციელებული ინსპექტირების შედეგებიდან გამომდინარე. დასკვნის წარმოდგენის უფლება უშუალოდ ლიცენზიის მაძიებელსაც აქვს).
სურსათის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია სალიცენზიო პირობებში მითითებული მონაცემების სისწორე შეამოწმოს უშუალოდ ადგილზე საწარმოს დათვალიერებით და დოკუმენტაციის შესწავლით.
ლიცენზიის გაცემის ან უარის თქმის მაქსიმალური ვადა 3 თვეა.
მოთხოვნები ტერიტორიისადმი
— საწარმოს ტერიტორიის შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ: მისასვლელი გზების მდგომარეობა; ატმოსფერული ნალექების და მოედნებიდან ჩამონადენი წყლების ტერიტორიაზე დაგროვება.
— საწარმოს ტერიტორია მიზანშეწონილია დაიყოს: საწარმოო და დამხმარე-სასაწყობო ზონებად.
— საწარმოს ტერიტორია უნდა იყოს შემოღობილი, კეთილმოწყობილი და დამაბინძურებლებისგან (მაწანწალა ცხოველებისგან და სხვა დამაბინძურებლებისაგან) დაცული.
— ტერიტორია მოსახერხებელი უნდა იყოს მყარი და თხევადი ნარჩენების გასატანად; შემკრები კონტეინერებისათვის ადგილი ცალკე გამოიყოს;
ტერიტორია უნდა სუფთავდებოდეს რეგულარულად; ტერიტორიაზე გასათავსებული ნაგებობები, ინვენტარი, აღჭურვილობა, მწვანე ნარგავები და სხვა მასალები საწარმოს არ უნდა აბინძურებდეს.
მოთხოვნები საწარმოო უბნისადმი _ საამქროსადმი
— საწარმოს — საამქროს შესასვლელები უნდა მოეწყოს ისე, რომ გამოირიცხოს ბავშვთა (მ.შ ჩვილ ბავშვთა) სასურსათო პროდუქტების დაბინძურება და უნდა იძლეოდეს დასუფთავება/დეზინფიცირების საშუალებას (დეზობარიერები).
— საწარმოო უბნების განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობას, რათა ჯვარედინი დაბინძურების საფრთხე გამოირიცხოს.
— ბავშვთა (მ.შ ჩვილ ბავშვთა) სასურსათო პროდუქტების საწარმოებლად საჭირო რძის მიღება უნდა განხორციელდეს დახურულ სათავსში ან გადახურულ ბაქანზე.
— ბავშვთა (მ.შ ჩვილ ბავშვთა) სასურსათო პროდუქტების საწარმოებლად საჭირო რძის მისაღები ამოსატუმბი შლანგები 80-100 სმ. სიგრძის უჟანგავი ლითონის ქანჩით უნდა ბოლოვდებოდეს.
— ბავშვთა (მ.შ ჩვილ ბავშვთა) სასურსათო პროდუქტები სპეციალურად გამოყოფილ მოწყობილობებზე და ბაქტერიოციდული ნათურებით უზრუნველყოფილ ცალკე სათავსოში უნდა დაფასოვდეს .
— საწარმოო უბნის — საამქროს იატაკი უნდა იყოს წყალგაუმტარი, ისეთი მასალით დამზადებული, რომელიც არ სრუტავს სიხეს და შესაბამის სადრენაჟე სისტემით აღჭურვილი, ირეცხებოდეს სწრაფად და იძლეოდეს იოლად დეზინფიცირების საშუალებას. იატაკის მოსაპირკეთებლად გამოყენებული მასალა არ უნდა იყოს ტოქსიკური.
— კედლების მოსაპირკეთებლად გამოყენებული მასალაც წყალგაუმტარი, არატოქსიკური, იოლად გასარეცხი და ადვილად სადეზინფექციო უნდა იყოს.
ჭერი უნდა მოპირკეთდეს ისე, რომ ადვილად გაიწმინდოს, არ იწვევდეს ანაორთქლის სითხის კონდენსირებას და ობის წარმოქმნას.
— განათება უნდა იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური სინათლის შესაბამისი. გასანათებელ მოწყობილობებს (ნათურები) უნდა ქონდეს დამცავი ცხაურები ან ბრები. ვენტილაცია უნდა იყოს ეფექტიანი, ბუნებრივი ან ხელოვნური და მინიმუმამდე ამცირებდეს კონდენსატის წარმოქმნას. დაფასოების საამქროებში უნდა იყოს სავენტილაციო ფილტრები.
— გარეთ გამავალი ფანჯრები უნდა დაიფაროს მწერებისაგან დამცავი ბადეებით.
საწარმო უბნებში/საამქროებში უნდა განთავსდეს ნარჩენების შესაგროვებელი საკმარისი ტევადობის და რაოდენობის ურნები.
— საწარმო უბნებში — საამქროებში უნდა დამონტაჟდეს იატაკის მოსარეცხი შლანგები და კრონშტეინების მეშვეობით კედლებზე მიმაგრდეს.
— ტუალეტები უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავება-დეზინფიცირების შესაძლებლობას და აღჭურვოს შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით.
— ხელსაბანი ნიჟარები უნდა დამონტაჟდეს საკმარისი რაოდენობით, რათა პერსონალის პირადი ჰიგიენის დაცვა უზრუნველყოს.
— გასახდელები უნდა მოეწყოს ისე, რომ პერსონალი თავისუფლად მოძრაობდეს. დამცავი ტანსაცმელი ცალკე უნდა ინახებოდეს.
მოთხოვნები წყალმომარაგებისა და კანალიზაციისადმი
საწარმოში გამოყენებული წყალი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის №349/N ბრძანებით დამტკიცებული სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.
საწარმო უნდა მარაგდებოდეს როგორც ცივი, ისე — ცხელი წყლით. დრენაჟის სისტემა უნდა იყოს ეფექტიანი, გამართულ მდგომარეობაში.
პასტერიზაციისათვის ან სხვა ტექნოლოგიური მიზნებისათვის გამოყენებული წყლის ორთქლი სურსათის დაბინძურების საფრთხეს არ უნდა ქმნიდეს.
სასმელი წყლის სამარაგო რეზერვუარის არსებობის შემთხვევაში იგი დაცული უნდა იყოს დაბინძურებისაგან და პერიოდული რეცხვა-დეზინფექცია უტარდებოდეს. სასმელი წყლის სამარაგო რეზერვუარიდან გამომავალ წყალზე უნდა დაწესდეს სისტემატური ლაბორატორიული კონტროლი. იმ შემთხვევაში თუ საწარმო იყენებს სუფთა — ჭაბურღილის წყალს, ამ წყლის მილგაყვანილობა აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს სხვა ფერით. სუფთა — ჭაბურღილის წყლის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ ტექნიკური მიზნებისთვის.
საწარმოო და საყოფაცხოვრებო საკანალიზაციო სისტემები რეკომენდებულია მოეწყოს განცალკევებულად.
მოთხოვნები აღჭურვილობების, ტექნოლოგიური
ოწყობილობებისა და ტევადობებისადმი
ბავშვთა (მ.შ ჩვილ ბავშვთა) სასურსათო პროდუქტების საწარმოებლად საჭირო რძის მიმღები რეზერვუარები, რძისგამტარები, დასამუშავებელი მაგიდები, ავზები და სხვა ტევადობები დამზადებული უნდა იყოს ისეთი მასალისგან, რომელიც დაშვებულია ბავშვთა (მ.შ ჩვილ ბავშვთა) სასურსათო პროდუქტებთან კონტაქტისათვის, იყოს არატოქსიკური და კოროზიისადმი მდგრადი.
ჰქონდეს გლუვი ზედაპირები, ადვილად იწმინდებოდეს. ყოველი ცვლის დამთავრების შემდეგ ირეცხებოდეს და დეზინფიცირდებოდეს.
ბავშვთა (მ.შ ჩვილ ბავშვთა) წარმოება/დაფასოებისათვის და შენახვისათვის საჭირო რეზერვუარები ყოველი დაცლის შემდეგ უნდა მუშავდებოდეს.
წარმოებაში ხის მასალა არ უნდა გამოვიყენოთ.
რეკომენდებულია გამზომი ხელსაწყოების დამოწმება-მეტროლოგია.
მოწყობილობები ტექნოლოგიური სქემის მიხედვით უნდა განლაგდეს, რათა უზრუნველყოს ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა, თანამიმდევრულობა, ადვილად მისადგომობა.
მოთხოვნები ბავშვთა (მ.შ ჩვილ ბავშვთა) სასურსათო პროდუქტებისა და
ტექნოლოგიური პროცესებისადმი
ბავშვთა (მ.შ ჩვილ ბავშვთა) სასურსათო პროდუქტების დასამზადებლად საწარმოს მხოლოდ სპეციალურად შერჩეული ფერმებიდან გამორჩეული ჯანმრთელი ცხოველების რძე უნდა მიეწოდებოდეს.
ბავშვთა (მ.შ ჩვილ ბავშვთა) სასურსათო პროდუქტების საწარმოებლად საჭირო ნედლი რძე ისეთი ცხოველისგან უნდა იყოს მიღებული, რომელსაც არ აღენიშნებოდა ინფექციური დაავადებების სიმპტომები (ბრუცელოზი, ტუბერკულოზი), სასქესო ორგანოს ინფიცირება, რომელსაც თან ახლავს გამონადენი, ენტერიტი, რომელსაც თან ახლავს დიარეა და სიცხე, სარძევე ჯირკვლის დაზიანება ან ანთება, რომელსაც არ მიუღია აკრძალული ვეტერინარული პრეპარატები, ხოლო დაშვებულის მიღების შემთხვევაში დაცული იყოს დაყოვნების პერიოდები და იგი სრულად გამოდევნილია ცხოველის ორგანიზმიდან.
ბავშვთა (მ.შ ჩვილ ბავშვთა) მშრალი რძის პროდუქტების წარმოებისას რძე მაშინვე უნდა გაიგზავნოს გადასამუშავებლად.
უნდა ხდებოდეს ბავშვთა (მ.შ ჩვილ ბავშვთა) სასურსათო პროდუქტების ყოველდღიური დეგუსტაცია, ხოლო ნიმუშები შეინახოს რეალიზაციის ვადის დამთავრებამდე.
წარმოების ადგილი, იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ რძის დაბინძურების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
ბავშვთა (მ.შ ჩვილ ბავშვთა) სასურსათო პროდუქტების საწარმოებლად განკუთვნილი რძე მოწველისთანავე უნდა გაგრილდეს არა უმეტეს 80C ტემპერატურაზე, ხოლო ტრანსპორტირებისა და დანიშნულების ადგილზე მიტანისას არ უნდა აღემატებოდეს 100C ტემპერატურას. საწარმოში რძის შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 60C-ს და ეს ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს მის თერმულ გადამუშავებამდე. რძის შენახვა შესაძლებელია უფრო მაღალ ტემპერატურაზე თუ: რძის გადამუშავება ხორციელდება მოწველისთანავე ან საწარმოში რძის მიღებიდან 4 სთ-ს განმავლობაში; ან ნედლი და პასტერიზებული რძე უნდა ინახებოდეს სხვადასხვა ტევადობის ჭურჭელში და ეს ჭურჭლები უნდა იყოს მარკირებული. აუცილებელია პასტერიზაციის ტემპერატურის კონტროლი.
გადასამუშავებელი ან ჩამოსასხმელი რძის გამოყენება შეიძლება მას შემდეგ, როცა ფოსფატაზას რეაქციაზე უარყოფითი შედეგი იქნება მიღებული.
ცალკე უნდა გამოიყოს ბაქტერიული დედოს მოსამზადებელი სათავსო.
საწარმოში უნდა დაინერგოს მიკვლევადობის ეფექტური სისტემა.
იმ საწარმოებში, სადაც ნედლი რძე თერმულად მუშავდება, უნდა დაინერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა.
საწარმო უნდა აღიჭურვოს ლაბორატორიით. ლაბორატორიული კვლევები უნდა ტარდებოდეს იმ პარამეტრებზე და იმ სიხშირით, რაც წარმოებული სურსათის უვნებლობას უზრუნველყოფს.
ბავშვთა (მ.შ ჩვილ ბავშვთა) სასურსათო პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/N ბრძანების „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ მიხედვით დადგენილ ჰიგიენურ ნორმატივებს, მოცემულს ამ ბრძანების მე-8 დანართში.
რეკომენდებლია ბავშვთა (მ.შ ჩვილ ბავშვთა) სასურსათო პროდუქტები დამზადდეს საკვებდანამატების გარეშე.
იმ შემთხვევაში თუ ბავშვთა (მ.შ ჩვილ ბავშვთა) სასურსათო პროდუქტებში დამატებულია ფორტიფიკანტები (მიკროელემენტები და ვიტამინები) მზა პროდუქციაში ფორტიფიკატების შემცველობის დონეები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 19 ოქტომბრის N300/N ბრძანების „სურსათის ფორტიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მოთხოვნებს.
ბავშვთა (მ.შ ჩვილ ბავშვთა) რძის პროდუქტებს უნდა ჰქონდეს საიდენტიფიკაციო ნიშანდება.
მოთხოვნები დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციისა და დასალაგებელი ინვენტარისადმი
საწარმოში დასალაგებელი ინვენტარი, სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს ცალკე, სურსათისა და შესაფუთი მასალებისაგან განცალკევებით. დასალაგებელი ინვენტარი ფერებისა და ნომრების მიხედვით უნდა იყოს მარკირებული. ინვენტარი რომელიც ტუალეტის დასალაგებლად გამოიყენება გამოყოფილი უნდა იყოს.
დერატიზაცია და დეზინსექცია რეგულარულად უნდა ჩატარდეს და შესრულებული სამუშაოები აღირიცხოს.
გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებები ადამიანისათვის ტოქსიკური არ უნდა იყოს.
მოთხოვნები შესაფუთი მასალის, ტარისა და ეტიკეტირებისადმი
წარმოებაში გამოყენებული შესაფუთი მასალა და ტარა უნდა ინახებოდეს ცალკე, უნდა იყოს დაშვებული როგორც ბავშვთა (მ.შ ჩვილ ბავშვთა) სასურსათო პროდუქტებთან შესაბამისობაში არსებული მასალა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის №182/N ბრძანებით დამტკიცებულ სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.
ეტიკეტირება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 11 დეკემბრის №2-231 ბრძანებით დამტკიცებული სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად უნდა განხორციელდეს.
მოთხოვნები პერსონალის პირადი ჰიგიენისადმი
საწარმოო პროცესთან იმ პირის დაშვება, რომელიც დაავადებულია და ეს დაავადება შესაძლებელია გავრცელდეს სურსათით, წარმოებისა და გადამუშავების პროცესში არ უნდა დაიშვას. პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კონტროლი რეგულარულად უნდა ხორციელდებოდეს.
პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი დამცავი ტანსაცმლით. დაუშვებელია პერსონალისთვის იმ ნივთების ტარება (ბეჭდები, საყურეები, მაჯის საათი და ა.შ.) რომელიც შესაძლებელია სურსათის დაბინძურების წყარო გახდეს.
საწარმოში დამცავი ტანსაცმლის გარეშე უცხო პირთა შესვლა დაუშვებელია!
მოთხოვნები ტრანსპორტირებისადმი
ყველა ჭურჭელი და ტევადობა რომელიც ბავშვთა (მ.შ ჩვილ ბავშვთა) სასურსათო პროდუქტების გადასაზიდად გამოიყენება, რეცხვისა და დეზინფიცირების შესაბამის საშუალებას უნდა იძლეოდეს.
გადასაზიდი საშუალებები იმგვარად უნდა იყოს დაცული, რომ დაბინძურების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
გადასაზიდი ჭურჭელი და ტევადობები სხვა რამის გადასაზიდად არ უნდა გამოიყენებოდეს.
კახა სოხაძე
სურსათის ეროვნული სააგენტო