ტკივილგამაყუჩებელი მწარე წიწაკა
„ჩილი“ მწარე წიწაკა მეცნიერებს ახალი ტკივილგამაყუჩებელი წამლის შექმნაში დაეხმარება.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მწარე წიწაკის თვისებების უკეთესად შესწავლა მათ ახალი პრეპარატის შემუშავებასა და ტკივილის საწყისი მიზეზის აღმოფხვრაში დაეხმარება.
ტეხასელ მკვლევართა ჯგუფი ვარაუდობს, რომ კაპსაცინის _ მწარე წიწაკის მთავარი შემადგენელი _ მსგავსი ნივთიერება, ადამიანში ტკივილის გამოწვევის საწყისი მიზეზია.
სწორედ კაპსაცინი ანიჭებს წიწაკას ისეთ პირმფუფქავ გემოს. თუ მეცნიერები მოახერხებენ, ადამიანის ორგანიზმში მსგავსი ნივთიერების წარმოქმნა შეაჩერონ, ისინი შეძლებენ ავადმყოფს თავიდან ააცილონ ქრონიკული ტკივილები.
ეს მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება ტკივილის მექანიზმის და მის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
დოქტორი კენეტ ხარდგრივსი:
„ჩვენ აღმოვაჩინეთ ენდოგენური მოლეკულების ოჯახი, რომელიც თვისებებით გვაგონებს კაპსაცინს. ადამიანის ორგანიზმი მას გამოყოფს ტრავმის დროს. ამჯერად ჩვენ გავარკვიეთ, როგორ დავბლოკოთ ეს მექანიზმი ახალი კლასის პრეპარატების მეშვეობით, რომელებიც ნარკოტიკების მსგავსად არ იწვევს მიჩვევას“.
ადრე მეცნიერები კაპსაცინს აკავშირებდნენ ავთვისებიანი უჯრედების განადგურებასა და თავის ტვინის ნერვული ქსოვილის ნორმალიზებასთან.
ტკივილის შეჩერება
მკვლევარებმა რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს, რა დროსაც გაირკვა, რომ გარკვეული ნერვების დაბლოკვა თაგვებს კაპსაცინისადმი, ესეიგი ტკივილის ფაქტორისადმი მგრძნობიარეს ხდის.
ამ ექსპერიმენტების შედეგად უკვე იქმნება ახალი ტკივილგამაყუჩებელი წამალი.
დოქტორი კენეტ ხარდრივსის განცხადებით, ამან ექიმების ტკივილის მექანიზმისადმი დამოკიდებულება შესაძლოა სრულიად შეცვალოს, რაც უმნიშვნელოვანესი გარღვევ იქნება ტკივილის მექანიზმის შეცნობასა და მასთან ბრძოლაში. ამ საქმეში მწარე წიწაკა მთავარი მოქმედი გმირი გახდება.
წიწაკა საოცარი სანელებელია რომელიც უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. იგი ამაგრებს იმუნიტეტს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს ბრონქული ასთმით დაავადებული ადამიანის მდგომარეობას და ა.შ.
მწარე წიწაკაში შემავალი ალკალოიდები ადამიანის ორგანიზმს ხელს უწყობს მძიმე საკვების მონელებაში, ცხიმების და საზიანო ნივთიერებების განეიტრალებაში, ამცირებს მიღებული პროდუქტის კალორიულობას და ჭარბი წონის დაგროვებას. ამასთან უნიკალური თვისებებით აფერხებს სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.
მწარე წიწაკა დაბალკალორიული ბოსტნეულია და ნახშირწყლებს თითქმის არ შეიცავს, იგი ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას და შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა.
მათ ვისაც მომატებული მჟავიანობა, გასტრიტი, დიაბეტი, ღვიძლის, ნაწლავებისა და წყლულოვანი დაავადებები აწუხებთ, მწარე წიწაკის გამოყენებას უნდა მოერიდონ, რადგან იგი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, რამაც შესაძლოა დაავადება გაამწვავოს.