აგროსიახლეებიმედიასტატიები

ჩვენ და ნიტრატები _ ქიმია+ქიმია=ქიმიას

სასურსათო პრობლემაზე უამრავი სტატია, თუ ნაშრომი დაწერილა, მიღებულია უამრავი კანონი და ნორმატიული აქტი, მაგრამ პრობლემა პრობლემად პრობლემად რჩება. ქვეყანაში სურსათის წარმოება ჭირს, იმპორტის მოცულობა იზრდება, ჩვენს სასურსათო კალათაში მოწამლულ-დანაგვიანებული პროდუქტის წილი კი სულ უფრო მატულობს.

ქართული სოფელი დაკნინებულია, ფეხზე წამოდგომას ცდილობს და ამ მდგომარეობაში მუშავდება მოსავლის მოყვანის მცდარი მეთოდები და წესები დაწყებული მორწყვით, შეწამვლით, სასუქების გამოყენებითა და ა.შ.

საქართველოში ნიადაგის გასანოყიერებლად ძირითადად აზოტიან სასუქს იყენებენ და ყველა სახეობას გვარჯილას ეძახიან. ფოსფორიანი, კალიუმიანი, მით უფრო სხვა სახის სასუქის შესახებ, ან არაფერი იციან, უმრავლესობისთვის იგი მიუწვდომელია.

სოფლად „გვარჯილა“_  გვარჯილაა, მაღალპროცენტიანია ის, დაბალპროცენტიანი, სწრაფხსნადი, თუ გვიანხსნადი, ის მაინც ერთი და იმავე დოზით, ერთსა და იმავე დროს შეაქვთ ნიადაგში, რაც ცხადია ამ ნიადაგების დეგრადაციას იწვევს, ხელოვნური აზოტის შემცველობას უსაზღვროდ ზრდის, იოლად გადადის პროდუქტში და შემდეგ ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში, რაც დამანგრეველია როგორც ეკოლოგიისთვის, ისე ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის წარმოებული პროდუქცია (გარდა მთის ძირითადი ნაწილისა და ზოგიერთი, თითზე ჩამოსათვლელი ეკომეურნეობისა) ტოქსიკურობით არაფრით ჩამოუვარდება იაფფასიან, იმპორტირებულ „ნაგავს“.

ამას ხელს უწყობს, როგორც მწარმოებელი, ისე მომხმარებელი. მოსახლეობის გაუთვითცნობიერებლობა, რა მძიმე მოვლენასთან გვაქვს საქმე. ამიტომ აუცილებელია მოსახლეობას განემარტოს სავალალო რეალობა.

ნიტრატები აზოტმჟავა მარილებია, რაც ნიადაგში ბუნებრივადაც საკმარისად არსებობდა, მაგრამ ადამიანმა თავისი სუბიექტური მიდგომებით დაარღვია რა ნიადაგის ეკობალანსი, მნიშვნელოვნად შეამცირა მისი ბუნებრივი დონე. ამიტომ გახდა აუცილებელი მისი აზოტოვანი სასუქებით ხელოვნურად შევსება. დღეს ნიადაგები იმდენად არის გადაგვარებული, რომ თვით აზოტის დამგროვებელი მცენარეებიც კი ხელოვნური აზოტის გარეშე მოსავალს აღარ იძლევა, ანუ მიწა გაზარმაცებული. სუსტი ნიადაგები სუსტ და დაავადებულ საკვებს იძლევა. როგორიც არის საკვები, ისეთივეა ადამიანი.

აზოტმჟავას მარილების უზომო დაგროვებას მოსდევს მისი გარდაქმნა ნიტრატებად, რაც ძლიერი შხამია. ნიტრატებით დანაგვიანებულ სურსათს უფრო მეტად აბინძურებს აგროქიმიკატების არნახული ბუმი. მრავალი სახის შხამი მთელი წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაშია ჩართული. მათი უმეტესობა დაბალხარისხიანი და ძლიერ ტოქსიკურია. ამას ემატება ზოგიერთი სახის შესანახი პროდუქციის ქიმიურად დამუშავება და მივიღეთ: ქიმია+ქიმია=ქიმიას.

ამ მხრივ განსაკუთრებით საგანგაშოა ხორბლის მოყვანის ქიმიზაციის დონე. ხორბალი ვიდრე თესლი იწამლება, ჯეჯილში შეაქვთ გვარჯილა, შემდეგ სარეველების საწინააღმდეგოდ ჰერბიციდები, მავნებლებისა და დაავადებების საწინააღმდეგოდ მინიმუმ 1-2-ჯერ შხამები (რამდენიმე სახის), მიღებული მოსავლის უკეთ შენახვის მიზნით ზოგჯერ იყენებენ ე.წ. ბეღლის მავნებლები წინააღმდეგ ქიმიურ საშუალებებს, პურის ცხობის დროს მას უმატებენ სხვადასხვა სახის ემულგატორებს. როგორც ხედავთ ამას კომენტარი აღარ სჭირდება, მაგრამ ეს ჯაჭვი აქ არ მთავრდება. კოდირებული ხორბალი, ანუ ის თესლი, რომელმაც ამხელა ქიმიური დამუშავების სტადია გაიარა, ხვდება მეორე ციკლში, როგორც თესლი ითესება და კიდევ უფრო მეტად ტოქსიკურდება, იგი შემდეგ გადადის მესამე ციკლში და საბოლოოდ გამოდის, რომ ზოგიერთი ჯიშის ხორბალი, რომელიც ჩვენში იწარმოება (ითესება) 30-40 – ჯერ მუშავდება ქიმიურად. თუ ვინმეს ეჭვი შეეპარება ამაში, შეუძლია გადაამოწმოს ამ ფაქტის სისწორე და დარწმუნდება

როგორია ნიტრატების დასაშვები ნორმა?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ნიტრატების მიღების დღიური ნორმა ადამიანის წონის ყოველ კოლოგრამზე დასაშვებია 5 მილიგრამის ოდენობით. ანუ, თუ ადამიანი იწონის 70 კილოგრამს მისთვის უსაფრთხოა დღიური დოზა 350 მილიგრამი. 500 მილიგრამი ითვლება დასაშვებ ზღვრულ​ დოზად, ხოლო _ 600 მომწამვლელად. ახალშობილისთვის 10 მილიგრამი მომწამვლელია. მცირე დოზაც კი საშიშია მეძუძური ქალისთვის, ვინაიდან ნიტრატები პირდაპირ რძეში გადადის. საფრთხის მასშტაბის გათავისება სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან ჭარხალი, მწვანილი, ისპანახი, და სხვა მცენარეები კილოგრამზე 4000 მილიგრამამდე ნიტრატს აგროვებს.

როგორ შევამციროთ ნიტრატების რაოდენობა პროდუქციაში?

ნიტრატები უფრო მეტად გროვდება სტაფილოს გულის ნაწილში, კომბოსტოს გარე ფოთლებში და ღეროებში, ჭარხლის ზედა და ქვედა ნაწილებში, კარტოფილსა და კიტრის კანში, საზამთროსა და ნესვის ქერქში, მწვანილის ღეროებში. თუ ბოსტნეულს ამ ნაწილებს მოვაცილებთ გარკვეულ შეღავათს მივიღებთ. თუ ცივ წყალში ორ საათს გავაჩერებთ ბოსტნეულს, მასში 5-15 %-ით შემცირდება ნიტრატების რაოდენობა. თბური დამუშავება: ხარშვა, შეწვა 20-80 %-ით ამცირებს ნიტრატების რაოდენობას, ის 30-40 წუთის განმავლობაში ნახარშში გადადის, მაგრამ აქ სხვა პრობლემას ვაწყდებით: რეცხვის და ხარშვის დროს თუ ნიტრატები რაოდენობა ნახევრდება, სასარგებლო ნივთიერებების 95 იკარგება.

რა მოსდის ნიტრატებს ბოსტნეულის დამწნილებისას?

პირველი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ნიტრატების ნიტრიტებად გარდაქმნის ინტენსიური პროცესი, შემდეგ ნელ-ნელა კლებულობს და 10 დღის შემდეგ მწნილი სრულიად უსაფრთხოა.

აქედან წარმოიდგინეთ რასთან გვაქვს საქმე ვინც ბაზარში წვრილად დაჭრილი კომბოსტოს მწნილს ვყიდულობთ. ის ჩვენს თვალწინ ბაზარშივე მზადდება მარილითა და ძმრის ესენციის დამატებით. 1-3 დღის შემდეგ იგი სარეალიზაციოდ მზადაა და მას მოვიხმართ მაშინ, როცა მასში ნიტრიტების რაოდენობა პიკს აღწევს. ეს უფრო სერიოზული თემაა და მას მოგვიანებითაც დავუბრუნდებით.

რა გავლენას ახდენს ნიტრატები ადამიანის ჯანმრთელობაზე?

ნიტრატი თავისთავად მავნე ნივთიერება არ არის, მაგრამ კუჭ-ნაწლავში მოხვედრის შემდეგ, ის ნიტრიტად, შხამად გარდაიქმნება. ნიტრიტი რეაქციაში შედის სისხლში, ჰემოგლობინთან და წითელ ნაწილაკებს საშუალებას აღარ აძლევს, უჯრედებს ჟანგბადი მიაწოდონ. შედეგად ორგანიზმში იცვლება ნივთიერებათა ცვლა, არასტაბილური ხდება ნერვული სისტემა, სუსტდება ორგანიზმის დამცავი ფუნქციები, ფეხმძიმე ქალებს ექმნებათ არასასურველი აბორტის საშიშროება, მეძუძურ ქალებს ეკარგებათ რძე, მცირდება მამაკაცური პოტენცია. ერთი წლის ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა ნიტრატების მიმართ. ცნობილია.

მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხანგრძლივად მაღალნიტრატიანი საკვების მიღება იწვევს კუჭის კიბოს, საერთოდ ნიტრატების გადაჭარბებული მიღების შედეგია მომრავლებული სიმსივნური, გულსისხლძარღვთა და ალერგიული დაავადებები.

რა სიმპტომები აქვს ნიტრატებით მოწამვლას? 

ნიტრატების მსუბუქი მოწამვლისას ჩნდება ძილის არევა, სისუსტე, ტოქსიკური დოზის მიღებისას მოწამვლის ნიშნები ჩნდება ორგანიზმში მისი მოხვედრიდან 1-6 საათის შემდეგ. მძიმე მოწამვლა იწყება გულზიდვებით, კუჭისაშლით, დიდდება და შეხებისას მტკივნეული ხდება ღვიძლი,  მცირდება არტერიული წნევა, გულისცემა არათანაბარი და სუსტია, კიდურები ცივდება, ხშირდება სუნთქვა, იწყება თავის ტკივილი, ყურებში შუილი, იგრძნობა საერთო სისუსტე, ირღვევა მოძრაობის კოორდინაცია, ადამიანი კარგავს გონებას და კომაში ვარდება.

რძის პროდუქტებში თუ არის ნიტრატები?

თუ საქონელი მაღალაზოტშემცველ საკვებს იღებს, მისი რძე და რძის პროდუქტები შესაძლებელია შეიცავდეს ჯანმრთელობისთვის საშიშ ნიტრატების დოზას.

უნდა გვახსოვდეს, რომ ნიტრატი ნიტრიტად ჰაერში არსებული ჟანგბადისა და მიკროორგანიზმების ზემოქმედებით გარდაიქმნება. ე.ი. თუ ნიტრატებით მდიდარ ბოსტნეულს დატოვებთ დაჭრილს 15-20 წუთზე მეტ ხანს ჰაერზე, ხელთ შეგრჩებათ შხამი. ასევე უნდა ერიდოთ ბაზარში დაზიანებული ბოსტნეულის ყიდვას. ბუნებრივად ისმის კითხვა, აგრერიგად ჯანსაღ საკვებად მიჩნეულ სალათების მიმართ. ნიტრატის ნიტრიტად გარდაქმნის პროცესი განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს პროდუქტში, რომელიც რამდენჯერმე იცვლის ადგილს სუფრასა და მაცივარს შორის.

ნიტრატი გამოიყენება ხორცის გადამმუშავებელ მრეწველობაში, როგორც კონსერვანტი და პროდუქციისთვის თვალმახარა წითელი ფერის მიმცემი დანამატი. ძეხვეულსა და შებოლილ ხორცს ხასხასა წითელი ფერი ხშირად, სწორედ ნიტრატების „წყალობით“ აქვს მიღებული.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“