აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

თამბაქოს მოვლა-მოყვანა

თამბაქოს მნიშვნელობა და ისტორია საქართველოში

თამბაქოს იყენებენ უმთავრესად მოსაწევად, მისი ჩაყვითლებული და ფერმენტირებული ფოთლებიდან მზადდება პაპიროსი, სიგარები, სიგარეტები, საჩიბუხე თამბაქო. ეს კულტურა ასევე გამოიყენება მედიცინაში სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად. მისი ფოთლებიდან მიიღება ვაშლმჟავა და ლიმონმჟავა, რომელსაც იყენებენ კვებისა და საპარფიუმერიო მრეწველობაში. საქართველოში თამბაქო შემოიტანეს მე-19 საუკუნეში. 1850 წელს საქართველოში არსებობდა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება, რომელიც საქართველოში მეთამბაქოების განვითარებისათვის ხელის შეწყობის მიზნით სხვა ქვეყნებიდან იწერდა თამბაქოს თესლს და ამ დარგის სპეციალისტებს. მე-19 საუკუნის სამოციან წლებში თამბაქო საბოლოოდ გავრცელდა შავი ზღვის სანაპიროზე, კერძოდ აფხაზეთში, სადაც მისთვის სავსებით შესაფერისი კლიმატური და ნიადაგური პირობები აღმოჩნდა. მაღალხარისხოვან ნედლეულს საქართველოში განსაკუთრებით თამბაქოს „სამსუნი“ და „ტრაპიზონის“ ჯიშები იძლეოდა. აღმოსავლეთ საქართველოში ხარისხოვანი თამბაქოს წარმოების მხრივ გამოირჩეოდა ლაგოდეხის რაიონი, სადაც წარმატებით მოჰყავდათ ჯიშები „დიუბეკი“, „სამსუნი“ და „ტრაპიზონი“.მე-20 საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში თამბაქოს მოსავალმა მეტად თვალსაჩინო მაჩვენებლებს მიაღწია. გაიზარდა არა მარტო მოსავლიანობა, არამედ ხარისხიც. ძირითადად სამრეწველო მეთამბაქოება გავრცელებული იყო: აფხაზეთსა და აჭარაში, ლაგოდეხსა და მარნეულში. ამ მეტად განსხვავებულ კლიმატურ-ნიადაგობრივ პირობებში თამბაქოს ხარისხიც სხვადასხვა იყო.

 თამბაქოს ბიოლოგიური თავისებურება

თამბაქო (Nicotiana Tabacum) ერთწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, რომლის სიმაღლე 1,0- 3,0მ აღწევს.Lფესვთა სისტემა მთავარღერძაა, უხვად დატოტვილი და მისი მთავარი მასა ძირითადად სახნავ ფენაშია მოთავსებული. ფოთოლი დიდი ზომისაა, სიგრძით 10-50 სმ; სიგანით 10-30 სმ. ნაყოფი კოლოფია, რომელშიც ვითარდება 4000-მდე წვრილი, ყავისფერი თესლი. 1000 თესლის მასა 0,06-0,08გ უდრის. თამბაქოს თესლის მომწიფების პროცესი გრძელდება მოსავლის აღების შემდეგაც. ამიტომ დასათესად უკეთესია წინა წლის მოსავლის თესლი. თამბაქო სითბოსმოყვარული მცენარეა. მისი აღმოცენებისთვის და ნორმალური განვითარებისთვის საჭიროა 20-250C ტემპერატურა. სითბოს საერთო მოთხოვნილება ჯიშების მიხედვით შეადგენს 1900-34000 C. დიდ მოთხოვნილებას იჩენს თამბაქო სინათლის და წყლის მიმართაც. უხვი და მაღალხარისხიანი მოსავლის მისაღებად საჭიროა მცენარის შეუფერხებელი მომარაგება წყლით. განსაკუთრებით საჭიოა წყალი ჩითილების დარგვის დროს. თამბაქო საკმაოდ მომთხოვნია საკვები ნივთიერებების მიმართაც. 1,5ტ / ჰა მოსავლიანობის დროს ნიადაგიდან გამოაქვს 90კგ. აზოტი, 25კგ. ფოსფორი და 70კგ. კალიუმი. თამბაქოსთვის კარგია მცირე ჰუმუსიანი, მსუბუქი, ნეშომპალა-კარბონატული ან ეწეროვანი ნიადაგები, რომლებიც წყალს კარგად ატარებენ. არ გამოდგება მძიმე თიხა, დაჭაობებული, მლაშე და ქვიშა ნიადაგები.

თამბაქოს კულტურის მოყვანა მოიცავს 2 პერიოდს: ჩითილის პერიოდს და ღია გრუნტის პერიოდს. მცენარის სავეგეტაციო პერიოდი ჯიშების მიხედვით შეადგენს 110-165 დღეს, აქედან 35-45 დღე ჩითის პერიოდს უკავია.

საქართველოში გავრცელებული ჯიშები

სამსუნი 27. მისი ფოთოლი საშუალო ზომისაა, იგი იძლევა არომატულ, გემოიან ნედლეულს. საშუალო სავეგეტაციო პერიოდის ჯიშია. სამსუნებს შორის ის მაღალმოსავლიან ჯიშად ითვლება. ჰექტარზე იძლევა საშუალოდ 1,1-1,5 ტონა მოსავალს. მისი სიმაღლე 150 სმ.- ია. შავი ზღვის სანაპიროზე ეს ჯიში მაღალხარისხოვან, ნარინჯისფერ და მუქნარინჯისფერ, ელასტიურ, ნაზ, მაღალარომატულ ნედლეულს იძლევა. სხვა რაიონებში კი იგივე ჯიში – მოყვითალო, ნარინჯისფერ, ნაკლებად ტიპიური გემოს მქონე საჩონჩხე ნედლეულს იძლევა. თავისი არომატულობის გამო ის გამოიყენება საკუპაჟედ სხვა ნედლეულის გასაუმჯობესებლად.

ტრაპიზონი 1268 (იგივე ლაგოდეხური ტრაპიზონი), გავრცელებულია ლაგოდეხის რაიონში, ასევე აზერბაიჯანშიც. გამოყვანილია ლაგოდეხის მეთამბაქოეობის საცდელ სადგურში. ის იძლევა ნეიტრალურ, საჩონჩხე, ღია ფერის და საშუალო სიმაგრის, სუსტ არომატიან ნედლეულს. ჯიში საშუალო-საგვიანოა, საშუალო მოსავლიანობა 1,8-2,3 ტ/ჰა.

 ადგილი თესლბრუნვაში

თესლბრუნვაში თამბაქო თავის პირვანდელ ადგილს არ უნდა დაუბრუნდეს 3-4 წელზე ადრე. წინააღმდეგ შეთხვევაში მოსალოდნელია: ნიადაგის გამოფიტვა, სტრუქტურის დარღვევა, მავნებელთა და დაავადებების გავრცელება, მოსავლიანობის შემცირება და პროდუქცისს ხარისხის გაუარესება. თამბაქოსთვის ცუდი წინამორბედებია: მზესუმზირა, კარტოფილი, პამიდორი, ბაღჩეული კულტურები, რადგანაც მათ აქვთ საერთ დაავდებები და მავნებლები.

განოყიერება

ორგანული სასუქის -ნაკელის დიდი დოზები (40ტ/ჰა) მართალია იწვევს მოსავლიანობის გადიდებას, მაგრამ ამას თან სდევს ფოთლის ხარისხის გაუარესება, ამიტომ მიღებულია 20ტ/ჰა რაოდენობით გამოყენება. მინერალური სასუქების ზუსტი დოზები დგინდება ნიადაგის ანალიზის ჩატარების შემდეგ. ასეთის არქონის შემთხვევაში ზოგადი რეკომენდაციები ასეთია:

აჭარის პირობებში:

  • ამონიუმის გვარჯილა -120კგ/ჰა
  • სუპერფოსფატი- 400კგ/ჰა
  • კალიუმიანი მარილი -200კგ/ჰა.

საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებისთვის:

  • ამონიუმის გვარჯილა -100კგ/ჰა
  • სუპერფოსფატი- 300კგ/ჰა
  • კალიუმიანი მარილი -200კგ/ჰა.
ჩითილის გამოყვანა

ჩითილის გამოყვანა ხდება კვალსათბურებში ან სათბურებში. თამბაქოს თესლი ძალზე წვრილია, ამიტომ ითესება ზერელედ (0,5სმ. სიღრმეზე) ან ზემოდან მობნევით. ნიადაგი უნდა იყოს ტენიანი. სათბურში 1მ2 ფართობზე ითესება 0,6გ. თესლი, ზამთრის კვალსათბურში კი 0,8 -1გ.; 1მ2 ფართობიდან მიიღება დაახლოებით 1200 ნერგი. 1 ჰექტარი პლანტაციისთვის კი საჭიროა დაახლოებით 80 მ2 კვალსათბურის დატვირთვა. თესვის ვადა დამოკიდებულია დარგვის ვადაზე და კვალსათბურის ტიპზე (თბილი, ნახევრად თბილი და ცივი კვალსათბური) იმ ანგარიშით, რომ გადასარგავი ჩითილის ასაკი 35-45 დღის უნდა იყოს. ჩითილის მოვლა – დათესვიდან მესამე ფოთლის ასაკამდე ნიადაგი მუდმივად ტენიანი უნდა იყოს. შემდეგ მორწყვა უნდა შემცირდეს და დღეში ერთხელ უნდა წარმოებდეს. გადარგვამდე 10-12 დღით ადრე კი ირწყვება დღეგამოშვებით, მაგრამ მეტი ნორმით. ჩითილის გამოკვებას იწყებენ სამი წყვილი ფოთლის განვითარების შემდეგ. 1მ2 -ზე შეაქვთ 19გ. – გოგირდმჟავა ამონიუმი; 10გ.- სუპერფოსფატი და 5გ. – გოგირდმჟავა კალიუმი. გამოკვება წარმოებს 3-4-ჯერ. სურ. 1 ჩითილების გამოზრდა კასეტები სურ. 2 თამბაქოს სარგავი აგრეგატი უკანასკნელი გამოკვება უნდა შეწყდეს მინდორში გადარგვამდე 7-10 დღით ადრე. თამბაქოს დაავადების -პერენოსპოროზის საწინააღმდეგოდ ნერგს წამლავენ 80%- იანი ცინების 0,3% ხსნარით – 0,25ლ 1მ2 ფართობზე.

 ღია გრუნტში დარგვა

დასარგავად ვარგის ნერგს უნდა ჰქონდეს 5-6 ფოთოლი და კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა. ნერგი უნდა იყოს საღი, ასაკით 35-45 დღის, მისი სიდიდე 10-12სმ. უნდა აღწევდეს. ჩითილების დარგვის ვადაა 15 აპრილიდან მაისის ბოლომდე რეგიონების მიხედვით. თამბაქოს ერთბაშად, შემჭიდროვებულ ვადებში დარგვა მიზანშეწონილი არ არის, რადგან მოსავალიც ერთდროულად შემოვა და გაძნელდება მისი აღება და შრობა. ამიტომ საქართველოს პირობებში რეკომენდირებულია თამბაქოს მთელი ფართობის 15%- დაირგოს ადრე -აპრილის მეორე ნახევარში, მაისში 30%(დასაწყისში) და 35% მაისის ბოლოს. თითოეული ჯიში, მისი ზრდა- განვითარების ხასიათის მიხედვით, საჭიროებს შესაფერის კვების არეს. ნაკლებ კვების არეს აძლევენ პატარა და საშუალოფოთლიან ჯიშებს (სამსუნი, დიუბეკი), ხოლო ფართოფოთლიანი ჯიში საჭიროებს უფრო დიდ კვების არეს(ტრაპიზონი და სასიგარე ჯიშები) დასავლეთში თამბაქოს სამსუნის ჯიშებს რგავენ 60х15სმ. კვების არით, რაც ჰექტარზე უდრის 105 000 მცენარეს. ტრაპიზონი ირგვება 60х18სმ. ანუ ჰექტარზე 81 000 მცენარე. ფერდობზე სიხშირე კიდევ უფრო მეტია 55х15სმ. -115 მცენარე ჰექტარზე. აღმოსავლეთში კვების არე უფრო მეტია საჭირო – 65х20სმ.

პლანტაციის მოვლა

პლანტაციის მოვლა მოიცავს შემდეგი სახის სამუშაოებს:

  • მწკრივთაშორის დამუშავება და გაფხვიერება – 3-4-ჯერ ზაფხულის პერიოდში.
  • მორწყვა – 2-3-ჯერ გვალვიან ზაფხულში
  • თამბაქოს თავების წაწყვეტა და ფურჩქვნა – სუსტ მცენარეებს აცლიან ყვავილედს პირველი ყვავილის გამოტანისთანავე და მიაყოლებენ 3-4 ფოთოლს. ძლიერ მცენარეების თავის წაჭრა ყვავილთა 50% გაშლის პრიოდში ხდება. ფოთლებს არ აყოლებენ.
 მოსავლის აღება

თამბაქოს მოსავალს იღებენ ტექნიკური სიმწიფის ფაზაში. ფოთოლი ამ დროს ღია მწვანე ფერის ხდება, მისი წვერო და კიდეები ოდნავ ყვითლდება, ფოთოლი წებოვანი ხდება, მთავარი ძარღვი ღია ფერია და ფოტოლი ტკაცუნით სცილდება ღეროს. ფოთლის მომწიფება 5-6 იარაუსად ხდება და შესაბამისად შეტეხვაც ამდენივეჯერ წარმოებს. ტრაპიზონის ჯიშები 6-ჯერ საჭიროებენ შეტეხვას, ხოლო სამსუნის ჯიშები 7-ჯერ. ამის მიხედვით თამბაქოს მოსავლის აღება გრძელდება ორი თვე. უმაღლესი ხარისხის თამბაქოს იძლევა ზედა იარუსის ფოთლები – მეოთხე და მეხუთე შეტეხვა. მოსავლის აღება უმჯობესია საღამოს საათებში.

 ანემსვა

თამბაქოს ფოთოლი შეტეხვიდან ერთი დღე-ღამის განმავლობაში უნდა აინემსოს 5-6 მეტრიან ზონარზე. ამისათვის ფოთოლს წინსწარ ახარისხებენ, სიმწიფის, სიდიდის, მექანიკური თუ მავნებელ-დაავადებათა მიერ დაზიანების ნიშნებით. თამბაქოს ფოთლის ანემსვა წარმოებს როგორც ხელით ასევე მექანიზმებითაც.

ფოთლის შრობა

ანემსილი თამბაქო ჯერ უნდა გაშრეს და ისე გაიგზავნოს საფერმენტაციოდ. შრობა რთული პროცესია და შედგება ორი ფაზისაგან: ჩაყვითლება და ფიქსაცია. ჩაყვითლება მიმდინარეობს 25-300 და 80-85% ტენიანობის პირობებში. ამ დროს ნიკოტინის შემცველობა მცირდება, არომატული ნივთიერებების რაოდენობა კი იმატებს. მცირდება ტენიანობა. ფოთოლი ღებულობს ყვითელ ფერს. პრაქტიკაში გავრცელებულია ჩარჩოებზე ფოთლის ჩაყვითლება. ჩაყვითლება დამთავრებულად ითვლება მაშინ, როცა ფოთლის მეოთხედი(სამსუნში) ან ნახევარი(ტრაპიზონში) გაყვითლდება.

თამბაქოს დაავადებები
  • პერენოსპოროზი ანუ ცრუ ნაცარი (ცინების 0,4% ხსნარით)
  • ფესვის სიდამპლე
  • ნერგის სიდამპლე
  • ნაცარი
  • მოზაიკა
  • ფოთლის რგოლლაქიანობა
თამბაქოს მავნებლები
  • მახრა
  • ხვატარი
  • მდელოს ფარვანა
  • კარადრინა
  • კოლოფის მატლი
  • თრიფსი
  • მავთულა ჭია

პერენოსპოროზის და სხვა დაავადებების წინააღმდეგ ვეგეტაციის პერიოდის განმავლობაში ასხურებენ 80%- იანი ცინების 0,4%-იანი ხსნარს 2,4-4კგ/ჰა ფართობზე ან 80%-იანი პოლიკარბაცინს 2,4-3,2კგ/ჰა. შესხურების ვადები და ჯერადობა დგინდება დაავდების სიგნალის მიხედვით. შესხურება უნდა დამთავრდეს ფოთლის მორიგ შეტეხვამდე 6 დღით ადრე. აუცილებელია სისტემატური ღონისძიებების ჩატარება მავნებელ- გადამტანების და სარეველების წინააღმდეგ. ხვატარის, თრიფსების წინააღმდეგ შესაძლებელია აქტელიკის, ბი-58, დინამიდის გამოყენება. პლანტაციის დროული და სწორი მოვლა არის მაღალი და ხარისხიანი მოსავლის გარანტია.

თამბაქოს მეორე მოსავლის მიღება

ძირითადი მოსავლის აღების შემდეგ, სიცივეების დაწყებამდე, კიდევ საკმარისი დრო რჩება, რომ მცენარემ გააგრძელოს ზრდა და ფოთლის დამატებითი მოსავალი მოგვცეს. ფერმერები მცენარის ამ შესაძლებლობას იყენებენ და მეორე -დამატებითი მოსავლის მიღებას სხვადასხვა წესით აღწევენ:

პირველი წესი. მოსავლის აღების დამთავრებისთანავე ღეროებს ჭრიან მიწიდან 20 სმ სიმაღლეზე. პლანტაციაში შეაქვთ მინერალური სასუქები-60 კგ ამონიუმის გვარჯილა, 100 კგ სუპერფოსფატი და თოხნისა და კულტივაციის მეშვეობით მას ნიადაგში ათავსებენ. თუ ნიადაგში ტენი საკმარისი არ არის , მას რწყავენ. ამ პირობებში მცენარე ნამხრეებს იკეთებს. ნორმალური განვითარებისთვის საჭიროა, რომ დატოვებული იქნეს მხოლოდ ერთი ან ორი ნამხრევი.

მეორე წესი. ღეროს ზედა ნაწილში კარგად განვითარებულ სამ ნახრევს ტოვებენ. თავებს წააჭრიან და იღლიიდან გამოტანილ ნამხრეებს აცლიან. დატოვებულ ნამხრევებს კი 6-8 ფოთოლს უნარჩუნებენ.

მესამე წესი. უკანასკნელი შეტეხვისთანავე ღეროზე ტოვებენ ერთ ან ორს კარგად განვითარებულ ნამხრევს, მის ზემოთ კი ღეროს ჭრიან.

შემდგენელები: ლალი ალფაიძე

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი