ჩვენი ფოსტა
- — როგორ მოვიყვანო საადრეო სტაფილო და მწვანილი? (შიდა ქართლი)
— ამისათვის დაგჭირდებათ კვალსათბურების მოწყობა, რომელიც სისტემატურ ყურადღებას საჭიროებს (დროული განიავებაც ერთხელ დღეში, მორწყვა) ამის გარდა სტაფილოსათვის მნიშვნელოვანია საადრეო ან საშუალოდ საადრეო ჰიბრიდების შერჩევა.
- — სამეგრელოში რომელი ჯიშის კარტოფილი ხარობს? (სამეგრელო)
— განსაკუთრებული ჯიში, რომელიც სამეგრელოს რეგიონისათვის გამოდგებოდა, არ არსებობს, რადგან სამეგრელოს ამ მხრივ შეზღუდვა არ გააჩნია. უბრალოდ, უნდა შეირჩეს შედარებით საადრეო ან საშუალოდ საადრეო ჯიშები, რათა ბოლქვებმა მაღალი სიცხეების დაწყებამდე ჩამოყალიბების დაწყება შეძლოს. გარდა ამისა, აუცილებელია შესაფერისი მიწის ნაკვეთის შერჩევა — კარტოფილი ცუდად ვითარდება მძიმე თიხნარ ნიადაგებზე, ვერ იტანს დაჩრდილვასა და წყლის ჩადგომას.
- — კომბოსტოს მატლები რომ ცვივა, რა ზომები უნდა მივიღოთ? (სამეგრელო)
— ეს მავნებელი კომბოსტოს თეთრულა და მისი შთამომავლებია, რომლებიც წელიწადში რამდენიმე თაობას იძლევიან. მათ წინაამღდეგ საჭიროა ისეთი პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა „ბი-58“, „ნურელ-დე“, „დი-68“, „პირინექსი“, „ციპიპლიუსი“ და ა.შ 0,2% ხსნარის გამოყენება (10 ლიტრ წყალში იხსნება 20 გრ. პრეპარატი), ამის გარდა შეიძლება გამოვიყენოთ პრეპარტები: „კონფიდორმაქსი“, „კუნფუ-სუპერი“, „იმიჯი“ და ა.შ 0,01% (10 ლიტრ წყალში იხსნება 1 გრ. პრეპარატი).
- — ჩვენი რეგიონის ძირითადი პრობლემაა პომიდვრისა და ბადრიჯნის ნარგავების ჭკნობა. მცენარე ჩითილებისა და მსხმოიარობის პერიოდში ჭკნება. ძალიან გთხოვთ, გვირჩიოთ, რა ეფექტიანი სამკურნალო საშუალებები გამოვიყენოთ?
— ჩითილების ძირითადი პრობლემაა ფესვის ყელის სიდამპლე, მის წინაამღდეგ უნდა გამოიყენოთ ისეთი პრეპარატები, როგორიცაა „პრევიკური“, „ფუნდაზოლი“, „პროპაკური“ 0,15-0,2 % (10 ლიტრ წყალში გახსენით 15-20 გრ. პრეპარატი). წამლობის გამოყენება რეკომენდებულია ორჯერ. პირველი — მცენარეთა დათესვიდან მათ აღმოცენებამდე, მეორე — მცენარეთა აღმოცენების შემდეგ, როდესაც ისინი დაიწყებენ ნამდვილი ფოთლების წარმოქმნას. წამლობა გაცილებით ეფექტურია პროფილაქტიკის მიზნით ანუ მანამ, სანამ დაავადების ერთეული ნიშნები დაიწყებენ გამოვლენას.
გარდა ამისა, საჭიროა ადგილმონაცვლეობა, როგორც საჩითილისთვის (ან გრუნტის შეცვალა), ისე დიდი მცენარეეებისთვის, გადაბმულად, რამდენიმე წელიწადი ერთი და იმავე ადგილზე მოყვანა აბინძურებს ნიადაგს სხვადასხვა პათოგენებით. დაიცავით საჩითილე ჭარბი ტენისა და წყლის ჩადგომისაგან, ხშირად გაანიავეთ იგი.
- — როგორ ვებრძოლოთ კომბოსტოს ბუგრს. რა გამოვიყენოთ, რომ კარტოფილი არ დაიღუპოს? (შიდა ქართლი)
— ეს მავნებელი ძალიან გავრცელებულია არამარტო შიდა ქართლში, წელიწადში რამოდენიმე თაობას იძლევიან. მათ წინაამღდეგ საჭიროა ისეთი პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა „ბი-58“, „დი-68“, „ნურელ-დე“, „პირინექსი“, „ციპიპლიუსი, „ალფაციპი“, „აქტელიკი“ და ა.შ 0,2 % ხსნარის გამოყენება (10 ლიტრ წყალში იხსნება 20 გრ. პრეპარატი), ამის გარდა შეიძლება გამოვიყენოთ პრეპარატები „კონფიდორმაქსი“, „კუნფუ-სუპერი“, „იმიჯი“ და ა.შ 0,01 % (10 ლიტრ წყალში იხსნება 1 გრ. პრეპარატი). მცენარეთა დამუშავება უნდა დაიწყოთ მავნებელთა გამოჩენის პირველი ნიშნებისთანავე, გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ თუ პრეპარატებს გამოიყენებთ პროფილაქტიკის მიზნით (ანუ მანამ სანამ მავნებლები გამოჩნდებიან) მცენარეთა დამუშავება უნდა გაიმეოროთ რამდენჯერმე 7-10 დღიანი ინტერვალით და პრეპარტების მონაცლეობით.
- — როგორ და რა პერიოდში უნდა ვებრძოლოთ პომიდვრის ფიტოფტოროზს, ე.წ. „კიბოს”? (შიდა ქართლი)
— პომიდვრის ფიტოფტოროზი საკმაოდ გავრცელებული დაავადება და პომიდორს დიდ ზიანს აყენებს, მთელი ვეგატაციის მანძილზე. მისი განვითარების ხელშემწყობ პირობებად გვევლინება მაღალი ტენიანობა (მოღრუბლული ან წვიმინი ამინდი) და თბილი ამინდი (ზომიერი ან ოდნავ მაღალი ტემპერატურა).
ამ დაავადების თავიდან აცილების მიზნით უნდა მივმართოთ პროფილაქტიკურ წამლობას, რომელიც უნდა ატარებდეს სისტემატურ ხასიათს (ყოველ-7-14 დღეში) განსაკუთრებით დაავადების განვითრებისათვის ხელშემწყობი გარემო კლიმატური პირობების დროს. უნდა გამოვიყენოთ ისეთი პრეპარატები, როგორიც არის „ციხომბლუ“ 2,5 კგ/ჰა-ზე, „რაპიდ გოლდი“, „რაპოდ გოლდ პლიუსი“, „მანკოცები სუპერი“, „კადილაკი“, „პოლირამი“, „ანტრაკოლი“ და ა.შ. 1.5-2 კგ/ჰა-ზე.
აგრეთვე, ისეთი სისტემური პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა „შავიტი„ 0,2%, „როდომილგოლდი“ 0,2 % და ა.შ. აუცილებელია სისტემური და კონტაქტური პრეპარატებით დამუშავების მონაცვლეობა.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“