სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მას ქვეყნის მთლიანი ეროვნული პროდუქტის ფორმირებაში დიდი ადგილი უკავია
მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში სოფლის მეურნეობის წარმოების მაღალი დონე ხელისუფლების ნებაზე და შექმნილ გარემოზეა დამოკიდებული. ამ ქვეყნებში კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ სასურსათო უსაფრთხოება (უზრუნველყოფა), შიდა ბაზარზე დამკვიდრება და საექსპორტო ბაზარზე პოზიციების განმტკიცება სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებით განუვითარებლად წარმოუდგენელია. აღნიშნულის დასტურად ისიც საკმარისია, რომ ევროკავშირის ბიუჯეტის სოლიდური ნაწილი — 50 მილიარდ ევროზე მეტი, ყოველწლიურად სასოფლო-სამეურნეო წარმოებასა და სოფლის განვითარებაზე იხარჯება.
მსგავსი სუბსიდირების განხორციელების მიზანი სოფლად ცხოვრების დონის ზრდა, მოსახლეობის დამაგრება და საცხოვრებელი პირობების ქალაქის დონესთან გათანაბრებაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა და ამიტომ, ევროკავშირში სოფლის მეურნეობა მისი ერთიანობის უმთავრეს ქვაკუთხედად მოიაზრება.
ჩვენთვისაც სოფლის სიძლიერე ეროვნული იდენტობის გადარჩენის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. სწორედ ამის გათვალისწინებით ცდილობდა ილია ჭავჭავაძეც ქართული მიწისა და სოფლის გადარჩენას.
გლობალური ეკონომიკის პირობებში, როდესაც საზღვრები ღიაა და ზღუდეები არ არსებობს, როცა კონკურენტი ქვეყნის სოფლის მეურნეობა სახელმწიფოსგან დახმარებას იღებს, მძლავრად სუბსიდირებულია, საგანგებო საპასუხო ზომების მიუღებლად მათთვის კონკურენციის გაწევა წარმოუდგენელია.
საქართველოს სოფლის მეურნეობა მრავალი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას.
მთავარი პრობლემაა, რომ დღემდე არ არსებობდა დაბალანსებული და მიზნობრივი სოფლის მეურნეობის პოლიტიკა. არ არსებობს ნება თუ საით უნდა წავიდეს ამ სფეროს განვითარების ვექტორები.
ერთ სტატიაში რთული იქნება ამ დარგის მთელი პოლიტიკის ჩამოყალიბება, თუმცა, შევეცდებით გამოვყოთ შედარებით უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომელთა მოგვარებაც ქვეყნის სოფლის მეურნეობას და უზრუნველყოფს მის შეუქცევად განვითარებას სტიმულს მისცემს.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვარჩევ სასოფლო-სამეურნეო სექტორში განსახორციელებელ პირველი რიგის ზოგად ამოცანებს, რომელთა შორის მნიშვნელოვანია:
სასოფლო-სამეურნეო სფეროში მეცნიერებისა და განათლების დონის ამაღლება;
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების საშუალებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა;
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, რეალიზაციისა და ბაზარზე ხელმისაწვდომობის ზრდა.
თითოეული ამოცანა ცალ-ცალკე განვიხილოთ:
სასოფლო-სამეურნეო სფეროში მეცნიერებისა და განათლების განვითარება.
აღნიშნული ფაქტორი უკიდურესად მნიშვნელოვანია და აუცილებელია ეროვნულ ფასეულობებზე და ტრადიციებზე დამკვიდრებული ძლიერი, კონკურენტუნარიანი და თანამედროვე სოფლის მეურნეობის ჩამოსაყალიბებლად.
ამ ამოცანის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია, შემდეგი ღონისძიებების ეტაპობრივად განხორციელება:
- უნდა გაძლიერდეს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება არსებული კადრების, გადამზადებული კადრებისა და პირველ ეტაპზე – მოწვეული უცხოელი კონსულტანტებისაგან;
- ზემოაღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერული კვლევისა და სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაციის (იგულისხმება, მიწების რაოდენობა, მფლობელების რაოდენობა ფართობების ზომა, კლიმატური პირობები, სარწყავი სისტემების მდგომარეობა, ნიადაგის ხარისხი და სხვა…) ანალიზის საფუძველზე, ამ სფეროში აშშ-სა და ევროკავშირის გამოცდილების გაზიარებითა და საშინაო და საგარეო ბაზრის მოთხოვნებისა და არსებული რესურსების შესაძლებლობების მაქსიმალური გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უნდა მომზადდეს ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების რეალური გეგმა;
- სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაში ცალკე უნდა გამოიყოს და განისაზღვროს:
ა) სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც მოცემული პერიოდისათვის საქართველოს სასურსათო უზრუნველყოფისათვის (უსაფრთხოებისათვის) აუცილებელ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულთა სახეობებს, მათი წარმოების მოცულობებს (რაოდენობას) და წარმოებისათვის აუცილებელი შესაბამის მიწის ფართობებს განსაზღვრავს. შესაბამისად, გეგმით უნდა განისაზღვროს ის ზონები და ფერმერთა კატეგორიები, რომლებიც ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამაში ჩაერთვებიან.
ბ) მარკეტინგული თვალსაზრისით მიზანშეწონილი და პრიორიტეტული კულტურების (იგულისხმება მომგებიანი პროდუქტები, რომელთაც სასურსათო უზრუნველყოფისათვის დიდი მნიშვნელობა არა აქვთ, მაგრამ ეკონომიური თვალსაზრისით მაღალრენტაბელურია) რეგიონის, ზონისა თუ მიკროზონის მასშტაბით დანერგვა;
- სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმა უნდა ასახავდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ისეთი მოცულობით წარმოებას, რომლებიც ოპტიმალური ან საკმარისი იქნება ქვეყნის შიდა (გადამმუშავებელი სიმძლავრეების გათვალისწინებით) და საექსპორტო (პოტენციალისთვის) მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. პრიორიტეტული კულტურების მოყვანასთან დაკავშირებით, ფერმერებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა, სწორედ ასეთი პარამეტრების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
- სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება უნდა იყოს:
ა) გეგმაში განსაზღვრული პირდაპირი და ირიბი სუბსიდირების სახით სასურსათო უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პროდუქტების წარმოების სახელმწიფო დახმარებაში იგულისხმება ახალი ტექნოლოგიებით მოსავლიანობისა და ნედლეულის ხარისხის მაქსიმალური ზრდა. მაგალითისათვის, ხორბალი, რომელიც სასურსათო უზრუნველყოფისათვის ერთ-ერთი პირველი პროდუქტია, გაცილებით ნაკლებადმომგებიანია, ვიდრე ნებისმიერი ბოსტნეული კულტურა. აღნიშნულის გამო, არსებული საჭიროებების გათვალისწინებითა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფერმერისათვის უნდა მოხდეს ხორბლის წარმოების სტიმულირება, რათა მას ჰქონდეს ხორბლის მოყვანის ინტერესი. აღნიშნული ზომა შესაძლებელს გახდის სასურსათო უზრუნველყოფის განმტკიცებასა და ამ პროდუქტების იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებას. ამასთან მაკროეკონომიკური ეფექტიც მეტი იქნება, რადგან გაიზრდება დასაქმება და ვალუტა დარჩება ქვეყანაში;
ბ) სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან დაკავშირებითაც, შესაბამისი ანალიზისა და მეცნიერული დასაბუთების საფუძველზე, სუბსიდირების გარკვეული სქემების ამოქმედება.
- საერთო კონტექსტში უნდა განიხილოს და ყურადღება მიექცეს მეცხოველეობის განვითარებას. აუცილებელია შეიქმნას, გავრცელდეს და დაინერგოს მეცნიერულ გათვლებზე დაფუძნებული მეცხოველეობის განვითარების გეგმები, სადაც ცალკე იქნება გააზრებული თითოეული რეგიონის სპეციფიკა და ბაზრის მოთხოვნებიდან და ადგილობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე გაიცემა რეკომენდაციები. ყურადღება უნდა გამახვილდეს სანაშენე მეურნეობების განვითარებაზე და აბორიგენული ჯიშების გადარჩენაზე და გაუმჯობესებაზე;
- ზემოაღნიშნული მოქმედებების პარალელურად, ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე, პერმანენტულად უნდა განხორციელდეს სისტემური, მიზანმიმართული, ერთიანი და მოწესრიგებული სწავლების კომპონენტი, ექსტენცია. სწავლების კომპონენტის მთავარი წყარო უნდა იყოს ზემოაღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ხოლო სიახლეების სრულყოფილი დანერგვისათვის და მათი ადგილებზე მისატანად აუცილებელია გაიხსნას თანამედროვე ფერმერთა სახლები;
- სამინისტროს სისტემაში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალური კვლევითი და პოლიტიკის სამსახურები მუდმივად უნდა ამუშავებდნენ მსოფლიოში მოწინავე სიახლეებს და მას საქართველოში ნერგავდნენ. შემდგომ ეტაპზე კი, როდესაც გაძლიერდება ადგილობრივი მეცნიერება და განვითარდება საცდელი ინსტიტუტები, სიახლეების შემუშავება უნდა დაიწყოს საქართველოშიც;
- ზემოაღნიშნული ზომების პარალელურად, საწყის ეტაპზევე, მეცნიერების კომპონენტის გაძლიერების მიზნით, უნდა ამოქმედდეს უკვე არსებული სპეციალისტების აღრიცხვისა და გადამზადების პროგრამა, უნდა დაიწყოს სახელმწიფო საგრანტო პროგრამების ინტენსიური რეკლამირება, რომელიც დააინტერესებს და მოიზიდავს აგრარულ სპეციალობებზე ნიჭიერ აბიტურიენტებს. განათლების კომპონენტის გაძლიერების თვალსაზრისით, ამავე პროგრამის ფარგლებში, ასევე მნიშვნელოვანია სტუდენტების საზღვარგარეთ გადამზადება. ეს ღონისძიებები შესაძლებლობას მოგვცემს, რომ დაწყებიდან, დაახლოებით, 5 წლის შემდეგ, საქართველოში არსებობდეს სოფლის მეურნეობის სპეციალობებში მომზადებული პირების სრულყოფილი და საკმარისი ბაზა. კვალიფიციური კადრები კი წინაპირობაა ტექნოლოგიურ-ინოვაციური განვითარებისათვის და ყველა დანარჩენი ზემოაღნიშნული ღონისძიებების წარმატებით განსახორციელებლად.
მამუკა მათიაშვილი, სამართლის დოქტორი,
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“