ატმის კრიზისის დაძლევის ყველაზე ეფექტიანი გზა
ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად აფართოებს დახმარების პოტენციურ მიმღებთა წრეს, უზრუნველყოფს ერთის მხრივ — ფინანსური და ორგანიზაციული რესურსების მიზნობრივ მიმართვას და მეორეს მხრივ — აუცილებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებას. სამწუხაროდ, ისე როგორც ყოველთვის, ახლაც არსებობს საშიშროება, რომ არასწორი კონცეპტუალური მიდგომების შემთხვევაში გაწეული ფინანსური დახმარების შედეგები იქნება დაბალი ქმედითუნარიანობის მქონე, ან სულაც უკუშედეგის მომტანი, როგორც ხდებოდა განვლილი ორი ათეული წლის განმავლობაში.
სახელმწიფოს მხრიდან აგრარული წარმოების ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება ე.წ. „იაფი სესხის“ პროგრამის საშუალებით, რომლის ფარგლებში ჯერჯერობით დაფინანსებულია მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციები. ახლად შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების აბსოლუტურ უმრავლესობას რიგი მიზეზების (უპირველეს ყოვლისა კომერციული ბანკებისთვის არამიმზიდველი საგარანტიო უზრუნველყოფა) გამო, პრაქტიკულად არ გააჩნიათ პერსპექტივა დააკმაყოფილონ კომერციული ბანკების მოთხოვნები „იაფი სესხის“ მიღებაზე. ამიტომ აუცილებელია მოიძებნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშემწყობი სხვა გზები.
ერთ-ერთ ასეთ მიმართულებას, ხელშეკრულების საფუძველზე არსებული სახელმწიფო საწარმოების (ან ისეთი კერძო საწარმოების მიერ, რომლებიც ქვემოთ მოყვანილ პირობებს დათანხმდებიან) მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პირველადი პროდუქციის (ნედლეულის) გადამუშავება წარმოადგენს, სადაც გადამუშავებული საბოლოო პროდუქტი შესაძლოა იყოს კოოპერატივისა და საწარმოს ერთობლივი წილობრივი საკუთრება (თუმცა ხელშეკრულებაში შეიძლება იყოს საბოლოო პროდუქტის თანამესაკუთრეობის სხვა ფორმაც). გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის (მოგების) გარკვეული ნაწილი მოხმარდება ამ კოოპერატივის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებს, ხოლო დარჩენილი ნაწილი გადანაწილდება კოოპერატივის წევრებზე მათ მიერ გადამმუშავებელ საწარმოზე მიწოდებული ნედლეულის ღირებულების პროპორციულად.
ამ მიმართულებით ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ევროპის ერთ-ერთი მაღალგანვითარებული ქვეყნის — დანიის სახამებლის მწარმოებელი კოოპერატივის მაგალითი. ცნობისათვის შევნიშნავთ, რომ დანიაში კარტოფილის სახამებლის წარმოების საერთო მოცულობიდან 85% (საშუალოდ 170 ათასი ტონა წელიწადში) გადის ექსპორტზე და რეალიზდება 40-ზე მეტ ქვეყანაში. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ კარტოფილის სახამებელს აწარმოებს მხოლოდ 5 საწარმო, რომელიც ეკუთვნის კოოპერატივს, რომელიც 3000-ზე მეტ ფერმერს აერთიანებს.
კერძოდ, ფერმერი არის აქციების მფლობელი.
თითოეული აქცია აძლევს უფლებას და იმავდროულად ვალდებულებას 100კგ. კარტოფილის ჩაბარებაზე (10 აქციის მფლობელს აქვს უფლება და ვალდებულება ჩააბაროს 1000კგ. კარტოფილი).
კარტოფილის ჩაბარების რიგს განსაზღვრავს საწარმო და ადგილზევე ანაზღაურებს პროდუქციის მინიმალურ ღირებულებას.
სახამებლის გაყიდვის შემდეგ მიღებული მოგება ნაწილდება აქციების რაოდენობის მიხედვით.
აქციების გაყიდვა ან გასხვისება ნებადართულია. აქციის ფასს განსაზღვრავს კარტოფილის ფასი გაყიდვის მომენტისთვის.
კოოპერატივის მართვას ახორციელებს წევრთა (წარმომადგენელთა) კრება, რომელიც ირჩევს საწარმოს მმართველ დირექტორატს კოოპერატივის წევრებიდან.
კოოპერატივის წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმა და ეს დამოკიდებული არაა წევრის საკუთრებაში არსებული აქციების საერთო რაოდენობაზე.
მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილია მსგავსი მოდელი დაინერგოს საქართველოში, რადგან ამით არ იზღუდება ფერმერთა თავისუფლება და ამავდროულად ე.წ. კოლექტივიზაციის შიშიც ქრება. ამასთან, იქმნება პირველი პრეცენდენტი გადამმუშავებელ საწარმოსა და კოოპერატივის ვერტიკალური ინტეგრაციისათვის (წარმოების, გადამუშავების და რეალიზაციის ერთიანი ციკლი).
აღნიშნულთან მიმართებით უდავოდ მნიშვნელოვანია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სსიპ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ კვების მრეწველობის ინსტიტუტის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული ინსტიტუტის ბაზაზე არსებული საკონსერვო წარმოების ტექნიკური რესურსების ჩართვასკახეთის რეგიონში ატმის მოსავლის (არაკონდიციური ნაწილის 15-20-ათასი ტ.) გადამუშავების პროექტში და ამ გზით მიღებული შემოსავლებით როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, ასევე გადამმუშავებული საწარმოების განვითარების ხელშეწყობისათვის.
ამ პროექტის განხორციელებით მიღებული სინერგიული ეფექტი რეალურად გამოიხატება:
- კახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ინტენსიურ განვითარებაში,
- სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, გადამუშავების და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნაში, სადაც პირველადი პროდუქციის მწარმოებლები ყოველგვარი შუამავალი რგოლების გარეშე მიიღებენ მნიშვნელოვნად გაზრდილ შემოსავლებს საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან,
- ევროპული ტიპის, ვერტიკალური ინტეგრირების პრინციპზე დაფუძნებული, ორდონიანი კოოპერაციული სისტემის ჩამოყალიბებაში, რომლის ფარგლებში მოხდება პირველადი პროდუქციის მწარმოებელთა სახელმწიფო მხარდაჭერა არა მხოლოდ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის საკითხში, არამედ ამ პროდუქციიდან ლიკვიდური, მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნით, რაც გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს როგორც ფერმერს, ასევე ქვეყანას,
- დემოკრატიულ და სოციალური სოლიდარობის პრინციპებზე დაფუძნებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციას კლასიკური შიდასაწარმოო ურთიერთობების დანერგვაში,
- შედარებით წვრილი — 3-5 წევრიანი კოოპერატივების მაგივრად (სამწუხაროდ, დღემდე დაფუძნებული კოოპერატივების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ასეთია) მრავალწევრიანი (მინიმუმ 50 წევრი) კოოპერატივების სტიმულირებაში და პირველი დონის კოოპერატივების მიერ საწარმოო და მარკეტინგული ფუნქციებით აღჭურვილი მეორე დონის კოოპერატივის შექმნაში,
- სისტემურ-სინერგიული ეფექტი მიიღწევა შემდეგი ძირითადი კომპონენტების ერთობლიობის საფუძველზე:
— ეკონომიკური ეფექტი,
— სოციალური ეფექტი,
— პროექტის სიცოცხლისუნარიანობა.
- ამდენად, სსიპ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ კვების მრეწველობის ინსტიტუტის ექსპერიმენტული ქარხნის ძირითადი საშუალებების (საერთო ღირებულებით — 500 ათასი ლარი) ჩართვა დაგეგმილ ეკონომიკურ საქმიანობაში გვევლინება, როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის მნიშვნელოვანი კომპონენტი.
თუ აღნიშნული პროექტი არ განხორციელდება ტექნიკური და/ან ორგანიზაციული საკითხების გამო, სახელმწიფომ ანალოგიური მიდგომები ატმის მოსავლის აღების პერიოდში უნდა განახორციელოს (გურჯაანის რაიონში) მის საკუთრებაში არსებული საწარმოს „გრუზვინპრომის“ ბაზაზე. პროექტს კოორდინაციას გაუწევს სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტო“.
„იაფი სესხის“ პროგრამის ფარგლებში (ან სხვა სახსრებით) განხორციელდება სახელმწიფო შპს „გრუზვინპრომის“ აღჭურვა შესაბამისი ტექნოლოგიური ხაზით და გურჯაანის რაიონის სოფლების მოსახლეობიდან მოხდება არაკონდიციური ატმის მიღება და გადამუშავება. საბოლოო პროდუქცია რეალიზებული იქნება შპს „გრუზვინპრომის“ მიერ („გრუზვინპრომისა“ და სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს“ ერთობლივი პროექტით). გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული წმინდა მოგება გადანაწილდება ნედლეულის მწარმოებლებზე, მათ მიერ გადამმუშავებელ საწარმოზე მიწოდებული ნედლეულის ღირებულების შესაბამისად, საიდანაც ამ თანხის გარკვეული ნაწილი მოხმარდება გურჯაანის რაიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებას. მათი დამფუძნებლები გახდებიან ზემოთაღნიშნული პროდუქციის მწარმოებლები, რომელთა საპაიო შენატანების ფორმირება განხორციელდება მათ მიერ „გრუზვინპრომზე“ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების პროპორციულად.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშემწყობ ღონისძიებებს ან მხოლოდ ატმის რეალიზაციის მიზნით მოახდენს მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების (შპს, სააქციო საზოგადოება და სხვა) ხელშეწყობას თუნდაც მხოლოდ ე.წ. „იაფი სესხის“ პროგრამის ფარგლებში, მაშინ:
- ვერ მოხერხდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, გადამუშავების და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნა.
- აგროსექტორი პრაქტიკულად ჩაიკეტება (დაიხურება) კოოპერაციული, სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული, დემოკრატიული და ცივილიზებული შიდასაწარმოო ურთიერთობების განვითარებისთვის. ის გადაიქცევა ფეოდალური საწარმოო ურთიერთობების ასპარეზად, სადაც აგრომწარმოებლებიდან ნედლეულის შესყიდვა მოხდება იმ ფასებით, რომელსაც მათ უკარნახებს მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული გადამმუშავებელი საწარმო. ეკონომიკური პროცესი ამ სექტორში მიმართული იქნება არა ფერმერების შემოსავლების მატებაზე, არამედ მათი ეკონომიკური ინტერესების შეზღუდვით გადამმუშავებელ საწარმოთა მეპატრონეების გამდიდრებაზე.
- ცხადია, ასეთი მიდგომა მხოლოდ უკუშედეგის მომტანი იქნება, რაც საფუძველშივე ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების კურსს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სისტემის განვითარებაში კოოპერატივს, როგორც ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, ანიჭებს პრიორიტეტულ მნიშვნელობას სხვა ფორმებს შორის.
დასასრულს არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ აგროსამრეწველო ინტეგრაციისა და კოოპერაციის სისტემურ-სინერგიულ ეფექტზე გავლენას ახდენს რიგი ნეგატიური ფაქტორები, რაც ძირითადად სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის არსისა და მნიშვნელობის არასაკმარის გაცნობიერებასა და ძირითადი პრინციპების დარღვევასთან არის დაკავშირებული. მიმაჩნია, რომ მიმდინარე ეტაპზე სახელმწიფომ ცალსახად უნდა განსაზღვროს, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განხორციელება წარმოადგენს მასშტაბურ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამიზნულია უშუალოდ სოფლად მცხოვრები ადამიანების და საბოლოო ანგარიშით, მთელი საზოგადოების საკეთილდღეოდ. არსებული რეალობის გათვალისწინებით სწორედ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და იკისროს ამ მნიშვნელოვანი პროცესის ფორსირებულად და ეფექტურად წარმართვის მაკოორდინირებელი და ხელშემწყობი ფუნქცია.
პაატა კოღუაშვილი, პროფესორი
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“
PS.ეს წერილი 2014 წელს დაიწერა, ატმისა და სხვა ხილის ჩაბარება-გადამუშვების პრობლემა ქვეყანაში კვლავ მწვავედ დგას. „ატმის კრიზისის“ დასაძლევად სოფლის მეურნეობაში დახარჯული ასობით მილიონი ლარის პირობაზე ბევრი არაფერი გაკეთებულა. პრობლემა პრობლემადვე რჩება.