მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო
საქართველოში უკანასკნელ საუკუნეთა მიჯნაზე განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ შეცვალა საზოგადოებრივ უთრთიერთობებში. ერთ დროს ჩაკეტილი ქვეყანა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციებისათვის, საქმიანი მოღვაწეობის ასპარეზად გადაიქცა. უცხოეთის უამრავმა ფირმამ თუ კავშირმა გახსნა ოფისები (ერთ დროს კანტორას რომ ეძახდნენ) თბილისსა და რეგიონებში. აასე რომ ყველა ფუსფუსებდა, ხელს აფათურებდა, ქვეყანა კი თავის განვითარებით ვერ დაიკვეხნიდა. რას იზამ, როგორც იტყვიან ყველაფერს დრო სჭირდებაო. აადამიანები კი, ამაოების ბადეში გახლართულები, დროის აჩქარებულ სუნთქვას ვერ ვგრძნობთ და როდესაც მას ჩავუკვირდებით, მაშინღა ვხვდებით თუ რა ფუჭად გაგვივლია, ისედაც მოკლე, წუთისოფლის გზა. თუმცა მოსაგონარი კი ბევრი გვრჩება. აამაოებისკენ სწრაფვამ დააკავშირა ერთმანეთს საქართველოს და საფრანგეთის ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთაც უნდა შეესწავლათ საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშები, მათი წარმომავლობა და რაც მთავარია ის, თუ ქართველები რამდენად სწრაფად და მსოფლიოში აპრობირებული წესების შესაბამისად აყენებდნენ ღვინოს.
სასაცილოა არა? სიდრის სმით კუჭდათხელებულებმა და უმზეობით ჭორფლგადაპენტილმა ფრანგებმა ჩვენ, ღვინის გამომგონებლებს, უნდა შეგვიმოწმონ რამდენად სწორედ ვაყენებთ ამ, უფლისაგან ბოძებულ სითხეს. მაგრამ რას იზამ ისტორია და ტრადიციები სხვა არის, ხოლო საქმე სხვა. ქართველებმაც არ დააყოვნეს და თავისი ფრანგი პარტნიორები ჩამოსვლისთანავე ეროვნულ მუზეუმში “გააქანეს” და მელაანში აღმოჩენილი ათასწლეულების წინ ჩამოსხმული ღვინის ღმერთის ქანდაკება აჩვენეს. ფრანგებმა ღვინის ღმერთის გაშლილი ხელები და სასმისი რომ დაინახეს, აღფრთოვანებულებს აღმოხდათ “აუფფ…”, ხოლო წელს ქვევით რომ დახედეს ქანდაკებას, მცირე პაუზის შემდეგ ამოიგმინეს _ “ეუფფ…” მაგრამ მაშინვე დაწყნარდნენ, რადგან ქართველი პარტნიორებისათვის გადმორიცხული გრანტები გაახსენდათ და თავის თავს შთააგონეს უფრო სერიოზულები ყოფილიყვნენ.
ერთობლივი საქმიანობის ორი კვირის თავზე, გადაწყდა, რომ დაეთვალიერებინათ მეღვინეობის ძირითადი რეგიონი _ კახეთი.
ნოდარ ბაწელაშვილი რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ_ერთი თანამშრომელი გახლდათ, წარმოშობით კახელი იყო და დღესაც შენარჩუნებული ჰქონდა მამა_პაპის ადგილ_მამული სოფ. იღბლიანში, რომელიც კავკასიონის ფერდობის ძირში იყო გაშლილი. სოფელი თავისი არსებობის მრავალ საუკუნეს ითვლიდა. იღბლიანელების დამარცხებას მტერი ვერ ახერხებდა, რადგან სოფლელებს კავკასიონის ქედში გამოთხრილი ჰქონდათ გვირაბები. გაუვალ ტყეებში შენიღბულ სამალავების აღმოჩენა ერთობ რთული საქმე იყო და ამიტომ მომხვდური, მხოლოდ სოფელში დარჩენილ ქონებას თუ მოიალაფებდა და უკან ბრუნდებოდა. ხოლო იღბლიანელებს გვირაბებში ჰყავდაც ხალხიც და ფრინველ_საქონელიც. ქვევრებით სავსე იყო იქაურობა. ღვინო და წყალი არ აკლდათ და შეეძლოთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფილიყვნენ სამალავში. ერთი ეგ არის, რომ მზის სინათლე ენატრებოდათ. დღეს კი ამ გვირაბების ფუნქცია ღვინის შენახვა იყო. შიგნით მოწყობილი მარნების ხილვას არაფერი სჯობდა. ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულ ქვევრებსა და კასრებში მრავალწლიანი უნიკალური ქართული ღვინოები ინახებოდა. გვირაბების შესასვლელში ღია ცის ქვეშ, უღრან ტყეში, წყაროების გარემოცვაში ჩადგმულ სახელდახელო ქოხებში დავანებულ სიმყუდროვეს საუკუნეების სიღრმეში გადაჰყავდა ადამიანი, ავიწყებდა მსოფლიო ცივილიზაციის ხმაურიან ატმოსფეროს და თითქოს დრო ჩერდებოდა, რომელიც არც წარსულს და არც აწმყოს არ ემორჩილებოდა. ის, იმქვეყნიური იდილიის მსგავსი რამ გახლდათ, რაც მარადისობის შეგრძნებას აღვივებდა ღმერთის მიერ ნაბოძებ სულში. თვალს მოავლებდი ქოხში კედლის განაპირას მდგომ დიდ ტახტს, მის გვერდზე მიდგმულ აკვნებს, შუა ცეცხლს, ათასნაირ საოჯახო ნივთს და მიხვდებოდი, რომ ქართველი ჭეშმარითად ღმერთის მიერ შექმნილი მხვნელ_მთესველი იყო, რომელსაც უფალმა თავისი საქმის განსახორციელებლად ეს სამოთხე უბოძა.
ფრანგები მათ წინ გადაშლილ საოცრებას გაფართოებული თვალებით შესცქეროდნენ და მხოლოდ ფოტოაპარატების წამიერი ნათება თუ არღვევდა ირგვლივ დავანებულ მყუდროებას. საოცრებათა სამყაროში ჩამოწოლილი სიწყნარე და ძველ საქართველოში “მოგზაურობა” კარის ჭრიალმა დაარღვია. ქოხში ლოყებღაჟღაჟა, ულვაშებჩამოშვებული და გვერდზე ქუდდახურული გაღიმებული ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა, პირდაპირ ნოდარ ბაწელაშვილისკენ გასწია და თან ხმამაღლა დაიწყო საუბარი:
_ ნოდაარ! კაცო კარდონია თუ პარდონია, ამათა ჩემგანა გადაეცი, არ მოგშივდააათ? ეგე, ის თამადაც მოგიყვანე გაღმა უბნიდანა შე რო მითხარი. არ დავსხდეეეთ?
_ ჰო, ჰო ზაქრო, ეხლავე მოვალთ ძმაო.
ზაქრომ სტუმრებისკენ გაიხედა, ქუდი მოიხადა და დაგვიანებული ბოდიში რომ მოეხადა, პირი ბოლომდე გააღო, თვალები გადმოკარკლა, ისედაც ღაჟღაჟა სახე უფრო გაუწითლდა, თავი დაიქნია და კარებში გაუჩინარდა.
ნოდარი სტუმრებს მიუახლოვდა და აცნობა, რომ მასპინძლები მათ სადილზე ეპატიჟებოდნენ. მუცელღმერთა ფრანგებში ამ ცნობამ დიდი გამოფხიზლება და ჟრიამული გამოიწვია და ყველანი გაიკრიბნენ ქოხიდან.
ქართული სუფრა იქვე გვირაბის ახლოს მდებარე ძველ მარანში იყო გაშლილი. ტყეში გვიანი გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა. მარანთან მოჩუხჩუხე წყარო მასთან მისულ ადამიანს თითქოს ესაუბრებოდა და მის მობრძანებას ლოცავდა. ერთ_ერთი ფრანგს გაოცებისაგან წამოსცდა:
_ აქ ყველაფერი გელაპარაკება სულიერი თუ უსულო, თან ისეთ ენაზე, რომ ის ყველა ადამიანისთვის გასაგებია. ნოდარმა მყისვე გადაუთარგმნა მასპინძელებს ფრანგის ნათქვამი. _ მაგაი უთხარი, რქაწითელ დაელაპარაკოი და მერე იქნება მთვარეზე მოუნდეი…
_ გაჩუმდი! _ აღარ დაამთავრებინა ზაქროს ვანომ, _ იქნება იცის ქართული და სირცხვილი უნდა ვჭამოოთ?
ამ დროს ნოდარს ფრანგების არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჟაკ მატიე მიუახლოვდა, ხელი მოკიდა და განმარტოვდნენ.
_ მისიე ნოდარ, თქვენ კარგად მოგეხსენებათ ჩვენი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი, რაზეც უკვე ერთობლივად ვმუშაობთ კიდეც.
_ მე მგონი პრობლემები არ გვაქვს ბბატონო ჟაკ, _ გაკვირვებულმა შეაგება სიტყვა ნოდარმა.
_ არა, არავითარი, _ გაეღიმა ფრანგს,
_ მე, უბრალოდ თქვენ დაგიმალეთ ჩვენი პროექტის ერთი მუხლი, რაზეც პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, თუმცა ეს საერთო საქმეზე ზეგავლენას არ ახდენს, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ.
_ გისმენთ. _ მოიკრიბა ყურადღება ნოდარმა.
_ როდესაც ჩვენ ქართველებთან თანამშრომლობა გადავწყვიტეთ… _ მცირე ხნით შეწყვიტა საუბარი ჟაკმა და გაიღიმა, _ არც ვიცი დამიჯერებთ თუ არა…
_ განაგრძეთ მისიე, _ შეაშველა სიტყვა ნოდარმა.
_ ერთი სიტყვით, _ ემოციურ ფონზე გააგრძელა საუბარი ფრანგმა, _ მე აქ წამოსვლამდე სიზმარი ვნახე. გგამომეცხადა შავ ანაფორაში ჩაცმული კაცი, აი თქვენი სასულიერო პირის მსგავსი და მითხრა, რომ მე ჩემს სამშობლოში მოვდიოდი, რომ ჩემი წინაპრები, ქრისტემდე მეექვსე საუკუნეში აყრილან კავკასიიდან, კერძოდ იბერიიდან და დასახლებულან ჯერ კიდევ ადამიანის მიერ აუთვისებელ ევროპაში, კერძოდ ახლანდელი გერმანიის შვაბიის მხარეში, სადაც მაღალ დონეზე განუვითარებიათ მევენახეობა. ხოლო ჩემი წინაპარი შუა საუკუნეებში გადასახლებულა საფრანგეთში და იქ გაუშენებია ვენახი.
_ საინტერესოა, _ გაეღიმა ნოდარს, _ ესე იგი თქვენ ქართველი ხართ?
_ დიახ, ასეა, _ დაბნეული საუბრობდა მატიე, _ მაგრამ საინტერესო რა არის იცით, ჩემი პაპა მიყვებოდა, რომ მასთან მეცხრამეტე საუკუნის, თუ არ ვცდები 90_იან წლებში, საქართველოდან ჩასულან შვაბები და თავიანთი თავადისთვის წაუღიათ წითელი ყურძნის ნერგები.ეს საუკეთესო ჯიშის ყურძენია და მისგან საქართველოში მიუღიათ შესანიშნავი წითელი ღვინო. ასე რომ ჩემს გვარს დღეს უკვე საკუთარ თანამემამულეებთან მეორე შეხვედრა აქვს. მაგრამ მარტო ამაში არ არის საქმე, _ განაგრძო ჟაკმა, _ მე ისევ მინდა სიზმარს დავუბრუნდე. იმ ბერმა მთავარი რაც მითხრა, ის არ მითქვამს. როდესაც ჩახვალ საქართველოში და მიგიწვევენ სუფრასთან, აუცილებლად ჩაიწერე თამადის სადღეგრძელოები და შემდეგ გადაათარგმნინეო.
_ არ არის პრობლემა, _ აფორიაქდა მასპინძელი, _ ახლავე მოვატანინებ ჩამწერს…
_ არა, არა, დაწყნარდი მისიე. _ გააჩერა ჟაკმა ნოდარი, _ მომისმინე, დავამთავრებ საუბარს. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ის უკვე მომზადებული მაქვს და მინდა მხოლოდ თქვენ იცოდეთ, კონსპირაციულად ვაპირებ ჩაწერას, რომ ზედმეტი დისკომფორტი თავიდან ავაცილო ყველას. თან მინდა რომ ხელოვნური არ გამოვიდეს და რეალობასთან ახლოს იყოს. მთავარი მათქმევინე კავკასიელო, _ გაცხარდა გენით კიდევ ერთი ქართველი, _ ნუ ჩქარობ. ერთმა მითხრა, რომ, ღმერთმა ქართველ კაცს ორი რამის წარმოების უფლება მისცა. ეს არის რკინა და ღვინო. რკინასავით მედგარი რომ არის ქართელი იმიტომ გაუძლო ისტორიის ქარტეხილსო, ხოლო ღვინო კი უფლის სისხლია, რომლითაც ძლიერდება ღვთის რჩეული ადამიანი და მუდამ ადიდებს ღმერთსო.
ქართული სუფრა წმიდა წირვის გაგრძელებააო, დაუგდე თამადის სიტყვებს ყური და მიხვდები, რომ იგი ღმერთს ესაუბრება. თამადა აუცილებლად ნაზიარები უნდა იყოს ქრისტეს სისხლსა და ხორცთან, სხვანაირად ის ვერ გადმოსცემს იმას, რასაც უფალი ეუბნება მასო.
_ ეს ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენი თამადა უფლის სისხლსა და ხორცს უკვე რამდენიმე წელია რაც სისტემატურად ეზიარება და სადღეგრძელოებიც კარგი გამოსდის, _ ამაყად თქვა ნოდარმა, _ თუმცა, როგორც ჩვენთან იტყვიან, “გაგონილს ნანახი სჯობიაო”.
შემდეგ ჟაკი დანარჩენ სტუმრებთან ერთად მიიპატიჟა ქართულ სუფრასთან. ფფრანგმა კიდევ ერთხელ გააჩერა ნოდარი და სთხოვა:
_ ჩაწერაზე არავისთან… ძალიან გთხოვ. ნოდარმა თანხმობის ნიშნად ხელი ჩამოართვა და ყველას, სტუმარ_მასპინძელს სთხოვა მაგიდას შემოსხდომოდნენ.
სუფრა სანაქებო იყო. ქართულთან ერთად, ცოტა ევროპულიც. შეიძლება ითქვას მასპინძლებს გადაუჭარბებიათ კიდეც და ქართულ სასმელებთან ერთად ფრანგული, ესპანური და გერმანული ღვინოებიც იდგა სუფრაზე, შოტლანდიური ვისკიც. ერთი სიტყვით სხვადასვა ზომის ბოთლებით და სართულებად დალაგებული საჭმელებით იყო სავსე სუფრა.
თამადაც გამოჩნდა. ჩვეულებრივი ქართული ჯიშისა და მოდგმისა, მომღიმარი სახით. გიორგი ავალიშვილი ამ მხარის შვილი გახლდათ. უაღრესად წესიერი და პატიოსანი ოჯახის შვილი, მყარი საუნივერსიტეტო განათლებით. მრავალი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი და რაც მთავარია მართმადიდებელი ქრისტიანი. მან ჩვეულებისამებრ ხელი ჩამოართვა ყველას _ სტუმარს _ მასპინძელს და სუფრასთან მიიწვია. ვინაიდან სადილს სასულიერო პირი არ ესწრებოდა, გიორგიმ სანთელი აანთო, წაიკითხა ლოცვები, ჯვარი გადასახა სუფრას და სთხოვა თანამეინახეებს გაეტეხათ პური.
მცირეოდენი დანაყრების შემდეგ, თამადამ თვალით ანიშნა გვერდზე მჯდომ კოტე სუჯაშვილს, რომ ჭიქები შეევსო. როდესაც კოტემ ღვინის ბოთლის გახსნა დაიწყო, გიორგიმ გადაულაპარაკა:
_ კი მაგრამ ჩვენი ქვევრის რქაწითელი არ მოიტანეს?
_ არაო, რა ვიცი, უხერხულია სტუმრებს არ ეწყინოს, მაინც გაუფილტრავიაო, _ ლაპარაკობდა კოტე და თან ბოთლს ხსნიდა.
_ მაიცა, მაიცა, _ გააჩერა გიორგიმ და ნოდარს გადაულაპარაკა,
_ ამ გაფილტრულ ღვინით აპირებ ამ ხალხის პატივისცემას. ჶესენი ჩვენი ეროვნულის გასასინჯად მოვიდნენ აქ. ეს ღვინო თბილისშიც თავზესაყრელი აქვთ.
ნოდარს ხმა არ ამოუღია, მიხვდა რომ შეცდა. ზაქროს ანიშნა ღვინო მოეტანა. გახარებული ზაქრო მაშინვე გაიქცა მარანში, ათ ვედრიანი ქვევრი ჰქონდა მიზანში ამოღებული. უცბათ მოხადა პირი, ორშიმოთი თიხის დოქებში ჩაასხა და მიარბენინა სუფრასთან.
_ აი, ეგრე რა შე მამაცხონებულო. _ სახე გაუნათდა გიორგის. ჭიქა შეივსო, ფეხზე ადგა და მიმართა სუფრის წევრებს, _ ღრმად პატივცემულო საზოგადოებავ, სტუმრებო და მასპინძლებო, ქალბატონებო და ბატონებო, უფალმა კიდევ ერთი ლამაზი დღე გვაჩუქა ამ წუთისოფელში. ის ყოველთვის ჩვენთვის ზრუნავს და ჩვენგანაც იმასვე ელის, რომ კაცი, რომელიც მან შექმნა თავის ხატად, თავისი ამქვეყნიური ცხოვრებით მიემსგავსოს უფალს. სამწუხაროდ ეს ასე არ არის და ამიტომაც წმიდა იოანე ოქროპირი ჯერ კიდევ როდის ბრძანებდა: “ ადამიანო… შენი სიყვარულით გადმოვიდა ღმერთი ციდან… უფალს აფურთხეს, მან კი თავისი წმინდა ნერწყვით დაბადებიდან ბრმას თვალი აუხილა; ხელი გაარტყეს, მან კი გამხმარი ხელი აღუდგინა; ებრაელებმა დევნეს იგი, მან კი დევნა მათი ცოდვები; ჯვარზე მოკლეს, როგორც ავაზაკი, მან კი მოკლა სიკვდილი მათი; ტყევეობაში, უდაბნოში მყოფთ, მშიერთ მწყურვალთ მანანა უწვიმა, მან კი წყალი ითხოვა და ნაღველი ასვეს; ზღვა განუპო ებრაელებს და გამოიყვანა, ამის სანაცვლოდ ლახვრით გვერდი გაუპეს.” თავის საქმეში გაწაფულებმაც ვერ ივარგეს და როგორც ილია მართალი ბრძანებდა: “თითქმის დავით წინასწარმეტყველის სიმაღლემდე ასულმა ქართველმა პოეტმა” დავით გურამიშვილმა სწორად თქვა: “ასეთი კარგი საჩინო, რა ცუდად მიგიჩნიესო, ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც განაბნიესო.” დიდება უფალს! მე მინდა გთხოვოთ ყველას _ დიდსა და პატარას, ქუდოსან_მანდილოსანს, ავდგეთ ფეხზე და მივირთვათ უფლის სადიდებელი.
თამადამ მიირთვა სასმისით ღვინო და დაჯდა. ფეხზე მდგარი ჟაკ მატიე თარჯიმანს ყურადღებით უსმენდა. მერე კი აღფრთოვანებული შემოტრიალდა თამადისკენ, ჭიქა მაღლა ასწია და დასტურის ნიშნად ქვევრის რქაწითელით სავსე სასმისი ბოლომდე ჩამოცალა. უცებ შეჩერდა, ტუჩები რამდენჯერმე აამოძრავა, თითქოს დააგემოვნა ღვინოო და ნოდარს ჰკითხა: _ ეს რა ღვინოა?
_ ეს ის ღვინოა, _ უთხრა ნოდარმა, _ რომელსაც ჩვენი წინაპრები და ჩვენც ტრადიციული წესით ვაყენებთ ქვევრში, ანუ ტანინებიანი_გაუფილტრავი.
_ რა დიდებული ღვინოა, _ თქვა ჟაკმა, _ აი ეს ღვინო უნდა გაიტანო მსოფლიო ბაზარზე. რატომ არ გაგაქვთ?
_ არატრანსპორტაბელურია მისიე, უპასუხა ნოდარმა, _ ტრანსპორტირებისას ფერს და გემოს იცვლის, ჩვენ ამას ღვინის გადაბრუნებას ვეძახით. ლამაზი ქალივით ნაზია. ისეთივე მოფერება და მოვლა უნდა, როგორც ქალს. ამიტომ ადგილიდან შორს არ მიგვაქვს თვისებები რომ არ დაკარგოს.
ჟაკ მატიე დაჯდა სკამზე და რქაწითელით სავსე დოქს შეხედა. უცებ შინაგანმა ხმამ დაიწყო ლაპარაკი _ “მოგეწონე? ხედავ რა მაგარი ვარ! ჯერ რამდენიმე ჭიქა კიდე დალიე, მერე ნახავ მთვარეზე ოპერის მოსმენა რომ მოგინდება.” ჟაკმა მიმოიხედა, ვინმე ხომ არ საუბრობს ზურგს უკან ან გვერდითო, მაგრამ არა. ისევ შეხედა თიხის დოქს და ხმამ ისევ გააგრძელა _ “რას მიყურებ! შენ ჯერ კიდევ არ იცი ვისთანა გაქვს საქმე. შენ ეს სირისტიანი ღვინოები ხომ არ გგონივარ გვერდზე რომ დამიწყეს. ღვინოს შუშაში რა უნდა, ხომ გაიგუდა. ის მიწაში უნდა იყოს, რადგან მიწიდან მოდის. როგორც თევზი ვერ გაძლებს დიდხანს წყლის გარეშე, ისე ღვინოც ვერ გაძლებს მიწის გარეშე. ხომ ხედავ მე მიწის ზევითა ვარ და მაინც მიწაში ვარ, მშობლიურ მიწაში, ამ სირისტიანებმა კი, რომელთაც გამაგრებისათვის, წყლად რომ არ იქცნენ, სპირტს უმატებენ, თვითონაც არ იციან ვის ნათითხნ ჭურჭელში ახჩობენ. კარგი ეხლა, სადღეგრძელოს მოუსმინე და მერე გავაგრძელოთ საუბარი.”
გაოცებულმა ჟაკმა თამადისკენ გადაიხედა, რომელიც მორიგი სადღეგრძელოს სათქმელად ემზადებოდა. თავისთვის ჩაილაპარაკა: “მართლა სამოთხეში ვართ, მიწიერ სამოთხეში. აქ ყველა და ყველაფერი ლაპარაკობს და თან რა აზრიანად.”
ამ დროს კი გიორგიმ მორიგი სადღეგრძელოს წარმოთქმა დაიწყო:
_ ჩემო კეთილო ხალხო, ჩვენს დიდ პოეტს უთქვამს _ “სამშობლო, როგორც უფალი ერთია ქვეყანაზედა.” ქართველი კაცი უფლის სადიდებლის შემდეგ სამშობლოს სადღეგრძელოს სვამდა. ეს ქვეყანა ხომ უფლის დედის, წმიდა მარიამის წილხვედრია და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ საუკუნეების ქარცეცხლში გამოვლილები დღემდე სარწმუნოებით, ენით და მამულით მოვედით:
“ქართლ-კახეთი იმერეთი,
გურია და სამეგრელო,
რაჭა, ლეჩხუმ-ჯავახეთი
და მესხეთი სასახელო.
ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი
სვანეთი და აფხაზეთი,
ძველი ტაო, იმერ ხევი
საინგილო და ლაზეთი.
მთიულეთი საარაკო
და აჭარის ზღვა და მდელო,
ყველა ჩემი სამშობლოა
საყვარელი საქართველო!”
საქართველო და საფრანგეთი, მსოფლიოში უდიდესი და უძვირფასესი საქმის მკეთებელი ქვეყნებია. ღვინო ხომ ქრისტეს სისხლია. მაშ გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს, ამჟამად ადგილის დედის თამადობით! _ დაამთავრა თვალზე ცრემლმორეულმა გიორგიმ სადღეგრძელო და თიხის ჯამში ჩამოსხმულ რქაწითელს დაეწაფა. დაცლილი ჯამი, მერიქიფის ხელით ჟაკს გაუგზავნა და თან გასძახა:
_ ჟაკ შეუდგები ქრისტესა?
ფრანგს გადაუთარგმნეს თამადის ნათქვამი, მაგრამ გაკვირვებულმა ვერაფერი ვერ გაიგო. მხრები აიჩეჩა. გიორგიმ აუხსნა, რომ ძველ საქართველოში, სადღეგრძელოს ერთად მირთმევის მიზნით, თამადა ასე მიმართავდა თანამეინახეს.
_ აბა, ალავერდი რაღაა? _ იკითხა ქართულ სუფრაზე „გამოზრდილმა” ჟაკმა.
_ დალიე რა, _ მოესმა ჟაკს თიხის დოქიდან რქაწითელის ხმა,
_ თამადას ნუ მოაცდენ, მაგას მე აგიხსნი
. შინაგანი ხმის გაგონებაზე შემკრთალ ფრანგს ღვინის დასალევად მომზადებული პირი ღია დარჩა და შემკრთალმა მზერა დოქისკენ გააპარა.
_ ხო, შენ გეუბნები! _ არ ისვენებდა რქაწითელი, _ დალიე და დაჯექი.
ჟაკმა ჩამოცალა ღვინით სავეს ფიალა, დაჯდა და თიხის დოქს მიაშტერდა.
_ ჟაკ! _ დაიწყო ღვინომ საუბარი, _ ალავერდი რას ნიშნავს იცი?
მატიემ მხრები აიჩეჩა.
რქაწითელმა განაგრძო: _ ალაჰვერდ თურქული სიტყვაა და ღვთის ნაბოძებს ნიშნავს. მეტიჩარა ქართველების შემოტანილია ეს სიტყვა, ვითომ თურქების პატივსაცემად, სინამდვილეში ისე ჩაჭედეს ქართულ სუფრაზე, რომ დღეს ყველა, დიდი თუ პატარა, ალავერდს გაიძახის. არადა ჩვენი წესი სადღეგრძელოს გადალოცვისა იყო “შევუდგეთ ქრისტესა”, რაც ღვინით, ანუ სიმბოლურად ქრისტეს სისხლით, როგორც ბარძიმით, ერთმანეთთან დაკავშირებას ნიშნავდა, რაც ამყარებდა იმ აზრს, რომ ქართული სუფრა წირვის გაგრძელებაა. გაიგე ფრანგო!? ეს შენ უნდა იცოდე, რადგან ღვინის ქვეყნიდან ხარ.
_ უკაცრავად, _ შეაწყვეტინა სიტყვა რქაწითელს ჟაკმა, _ მაპატიეთ კადნიერებისთვის, სანამ კითხვას დაგისვამდეთ, იქნებ მიბრძანოთ როგორ მოგმართოდ, ღვინის დოქო? ასე!?..
_ რა დოქი, რის დოქი, მე რქაწითელი მქვია, დოქი ჩემი სახლია, ჩემი შესამოსელი. შენ ხომ არ დაითვერი ჟაკ? როგორ ხასიათზე დადგები მე რომ ასე მოგმართო: ბატონო ტანსაცმელო, ან მისიე შარვალ_კოსტუმო, ჰა!?
_ კარგით, კარგით მისიე რქაწითელო, კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი თქვენს წინაშე, _ აკანკალებული ხმით განაგრძო საუბარი ჟაკმა, _ იცით რაშია საქმე? ჩვენ როდესაც კახეთში წამოვედით, გზად რამდენიმე ისტორიული ძეგლი დაგვათვალიერებინეს, მათ შორის ულამაზესი და უმშვენიერესი ალავერდი. გამოდის რომ თურქების საპატივცემულოდ დაერქვა ამ ტაძარს სახელი თუ?…
_ ეგა ჟაკ სხვა რამეა, _ შეაწყვეტინა ფრანგს სიტყვა რქაწითელმა, _ აი, ეხლა ჩვენ სადაც ვიმყოფებით, ამ მთებს კავკასიონი ჰქვია. კავკასიონს, გომბორის ქედსა და გარე კახეთის ზეგანს შორის მდებარე ველს, დღეს ალაზნის ველი ეწოდება. ჩვენი დიდი მეცნიერის, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ძველად თურმე ალონი ერქვა. “ველი ალონად წოდებული.” მდინარე ალაზანსაც სახელი აქედან მიუღია. ვახუშტი წერდა: “ალაზნის დასავლეთით არს ალავერდი, კახეთის მთის კალთის ველსა ზედა ზღუდე _ პალატებიანი, გუმბათიანი, რომელმან მოიღო სახელი ალონის გამო ალონგუერდი.” ესე იგი მაგ ადგილს ალონგუერდი ერქვა. აარაბების და თურქების ხანგრძლივი ბატონობის დროს, ქართული ალონგუერდი თურქულ_არაბულმა სიტყვამ _ ალავერდმა ჩაანაცვლა, რაც “ღვთის ნაბოძებთან” ერთად, ნაყოფიერებასთან და მოსავლიანობასთან იყო დაკავშირებული. ეს უკანასკნელი კი ალაზნის სანახებისთვის უცხო არ არის. ჟაკ გაიგეეე?
ჟაკი განცვიფრებული შესცქეროდა გაუნძრევლად მდგარ თიხის დოქს და თან თვალს თამადისკენ გააპარებდა ხოლმე, რომელიც მორიგი სადღეგრძელოს წარმოსათქმელად ემზადებოდა.
_ ბიჭო! თავი დაანებე მაგ კაცს, რა ყურები გამოუჭედე მაგ შენი დარიგებებით, _ მოესმა ზურგს უკან რქაწითელს. მიიხედა და რას ხედავს, ქართული წესით დამზადებული ბოთლში ჩასხმული “ტიბაანი” ელაპარაკება. გაეცინა რქაწითელს და ღიმილით მიაძახა:
_ წადი შე გაფილტრულო! კაცს რომ ძარღვებსა და ჯანს გამოაცლიან, ეს იგივეა, რომ დაასაჭურისონ. შენ ხმას ნუ იღებ. მიდი აგერ შენს უკან ბებერი ფრანგი ქალი ზის და იმას ელაპარაკე. შენ რა მოსატანი იყავი სუფრასთან.
“ტიბაანმა” ხმა ვერ ამოიღო. ან რა უნდა ეთქვა დასპირტულ_დასტერილებურ, ერთ დროს ღვინოდყოფილს.
ამასობაში თამადა ფეხზე წამოდგა და მორიგი სადღეგ-რძელოს წარმოთქმა დაიწყო:
_ ქართული სუფრა, რომ კარგად წარიმართოს, აუცილებელია თავიდან სამი სადღეგრძელო შევსვათ. ეს არის უფლის სადიდებელი, სამშობლოს სადღეგრძელო და იმ გმირების მოსაგონარი, ვინც თავისი სიცოცხლე გასწირა ქვეყნის და ერის გადასარჩენად. პირველი ორი სადღეგრძელო ჩვენ მივირთვით. ახლა კი ის გმირები მოვიგონოთ, ვისი თავდადების სანაცვლოდ, ჩვენ ჩვენს სამშობლოში ვცხოვრობთ. გარეშე მტერთან ბრძოლა საქართველოში დღემდე გრძელდება და ამ მცირე ომებს ასობით ახალგაზრდა, საჯიშე ვაჟაკაცების სიცოცხლე შეეწირა. ასევე იყო საფრანგეთშიც. მარტო ახალგაზრდა ქალის, ჟანა დარკის გმირობა რად ღირს. გთხოვთ, ყველანი ფეხზე ავდგეთ და მივირთვათ ჩვენი გმირების შესანდობარი. მაგიდის გარშემო სიჩუმე ჩამოვარდა. ყველამ ერთდროულად მიირთვა სასმისი და სუფრა ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა.
თამადამ ჭაშნაგირები და მერიქიფეები იხმო და შესაბამისი დავალებები მისცა. მერიქიფეები ფიალების შევსებას შეუდგნენ, ხოლო ჭაშნაგირები გარეთ გავიდნენ. თამადამ ფიალა აიღო ხელში და დინჯად დაიწყო მორიგი სადღეგრძელო:
_ ქალბატონებო და ბატონებო, რაც ეხლა მე უნდა ვილაპარაკო, ჩვენი ქვეყნის ძირითად საქმიანობას და ამ საქმიანობის მამოძრავებელს _ ვაზს შეეხება. ჩვენმა დიდმა წინაპარმა დიდი გარჯისა და ოფლის ფასად უპატრონა და გადმოგვილოცა ქართველებს ვაზის უნიკალური ჯიშები: რქაწითელი, საფერავი, ოჯალეში, ალადასტური, ცოლიკაური, ციცქა, უსახელოური და ასე შემდეგ. მან დაგვიტოვა მართალი ღვინის დაყენების რეცეპტი. ჩვენი უპირველესი ტაძრის, სვეტიცხოვლის კედელზე მან გამოსახა “სიცოცხლის ხე”, რომელიც ვაზის მტევნებით შეამკო და ამით ვაზი და ღვინო სიცოცხლეს, გადარჩენას დაუკავშირა. მან შეიცნო, რომ ღვინო ქრისტეს სისხლის წინა სახეა. ის თვით უფალმა გამოარჩია, გააკეთილშობილა და გვიკურთხა, სულისა და ხორცის საკურნებლად დაგვიდგინა. ამიტომ ვაზი ჩვენი ერის სიმბოლოა, ქრისტეს სისხლი_მართმადიდებლობის ჭეშმარიტი განმსაზღვრელი. მის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ქვეყანა. სანამ ვაზი და ღვინოა საქართველოში, ჩვენ არ გადავშენდებით.
თამადას სიტყვა ტაშის დაკვრამ შეაწყვეტინა. ფრანგები განსაკუთრებული ემოციით შეხვდნენ სადღეგრძელოს. გიორგიმ ყველას ანიშნა, რომ ჯერ სათქმელი არ დაემთავრებინა. სიჩუმემ დაისადგურა და თამადამ განაგრძო:
_ ქართული ვაზის ამბავი საქართველოს უტყვი ისტორიაა. ქართველი ერის და ვაზის ბედის განუყოფლობა ისტორიამ დაადასტურა. მტერმა იცოდა, რომ ვაზის ამოძირკვით ჩვენს სულიერებას, ქართველობას ემუქრებოდა საფრთხე. ამიტომაც დაუნდობლად გვიჩეხავდა ვაზს, ვენახს ნავენახარად გვიქცევდნენ, ფუძეს გვიშლიდნენ. ქართველ კაცს საბედისწერო პირობებშიც კი, ბედის ანაბარა არასოდეს მიუტოვებია ვაზი. ომებით იავარქმნილი ამოისუნთქავდა თუ არა, ვაზის გაშენებას იწყებდა. საეკლესიო მამულებში ვაზი ყოველთვის იყო ერთ_ერთი უწმიდესი მცენარე. მეფე დემეტრი პირველი ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ საგალობელში წმიდა ქალწულს ვაზს ადარებს: “შენ ხარ ვენახი ახლად აყვავებული.” ჩვენმა სახელოვანმა მეცნიერმა ივანე ჯავახიშვილმა ვაზის 524 ჯიშის ნუსხა დაგვიტოვა. ხოლო მაქსიმე რამიშვილი კი ამბობდა: “ თითოეული ქართული ვაზის ჯიში ისტორიული ძეგლია. რქაწითელის, საფერავის, თავკვერის, ცოლიკაურის, ოჯალეშის, ჩხავერის, ალექსანდროულის და სხვათა შექმნაზე იმდენი შრომაა გაწეული, რამდენიც სვეტიცხოვლის, გელათის, გრემის, იყალთოს და სხვა ისტორიული ძეგლების მშენებლობაზე.” აამიტომაც ამბობდა წმიდა ილია მართალი: “ჩვენებური ღვინო მართალი ღვინოა… ჩვენს ღვინოში არ არის რა, გარდა ყურძნის წვენისა.” სწორედ ასეთი ღვინო, დავით წინასწარმეტყველის თქმისა არ იყოს: “ახარებს გულსა კაცისასა.” მაშ გაუმარჯოს ყველაზე სათაყვანებელ მცენარეს დედამიწის ზურგზე _ ვაზს.
ისევ ტაშმა იგრიალა. ფრანგები, უკვე აწითლებული ლოყებით ვერ მალავდნენ კმაყოფილებას და აღტაცებას. ერთ-ერთმა, რომელიც საფრანგეთის მევენახეობის მხარიდან იყო წამოიძახა:
_ ერთი ჩვენებური ღვინოც გავსინჯოთ. მისი ექსპორტი საკმაოდ წარმატებულია მსოფლიო ბაზარზე. იქვე მაგიდაზე მდგარ გაუხსნელ ფრანგულ ღვინოს მოჰკიდა ხელი და მისი გახსნა დაიწყო.
_ ჰმ! _ ჩაილაპარაკა თავისთვის რქაწითელმა, _ მაგის გახსნას ჩვენი ადესა მოატანინონ. დაიწყო სიაფანდი ღვინოების შეჯიბრი. ჟაკ! მიდი უთხარი ადესა მოიტანეთ_თქო. შენ დაგიჯერებენ.
რქაწითელისაგან შეძარხოშებულმა მატიემ მართლა დაიძახა ხმამაღლა:
_ ადესა გავსინჯოთ, ადესა.
თუმცა არ იცოდა რა ღვინოზე ლაპარაკობდა. ასე იცის რქაწითელმა.
ნოდარს ცოტა არ იყოს გაუკვირდა სტუმრის თხოვნა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და ბიჭებს ანიშნა შემოეტანათ ღვინო.
რქაწითელმა გადაიხარხარა და როცა ადესა ლამაზი, გამჭირვალე შუშის დოქით წინ დაუდგეს ჟაკს, ამ უკანასკნელმა შეიცხადა:
_ ეს მიწაში ანუ თიხის დოქში რატომ არ არის ჩასხმული?
_ მაგას რა უნდა მიწაში, _ გაეცინა რქაწითელს, _ ყვავივით ხის წვეროშია გამოკიდებული. ტყუილად კი არ უმღერიან: “ხის წვეროში ჩიტი გჭამდა გიდლით ჩამოგიტანეო, რა ყოფილხარ ყურძნის წვენო მაინც ვერ გამიტანეო.” ეხლა აიღე ეგ შენი ფრანგული ღვინო და ადესის გვერდით დადგი, როგორც ჩვენში იტყვიან: “ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო.” რა მაგარი დუეტი გამოუვათ. შენ კი, ჟაკ, ღვინოს ნუ აურევ, თორემ მე უცბათ ვიცი გაბრაზება, ადვილად გაგთიშავ და თამადის სადღეგრძელოების ჩაწერა და პურ_მარილი უკან დაგრჩება. სჯობს ცოტა დალიო და დრო გაატარო.
ჟაკმა ცივად გაუშვა გაშეშებული ხელი მშობლიური ღვინით სავსე დაბეჭდილ ბოთლს, მიუჩინა ადგილი ადესის გვერდით, მშვიდად დაეშვა სკამზე და მოემზადა მორიგი სადღეგრძელოს მოსასმენად, რომლის წარმოთქმასაც აპირებდა ფეხზე წამომდგარი თამადა.
_ მაშ ასე, ჩემო კეთილო ადამიანებო, _ დაიწყო გაღიმებულმა გიორგიმ და მარჯვენა ხელი, რომელზეც ღვინით სავსე ფიალა იწონებდა თავს, ზევით ასწია, _ მე მინდა ამ ლამაზი ქართული სასმისით ჩვენი წინაპრების სადღეგრძელო შემოგთავაზოთ. დამეთანხმებით, განსაკუთრებით კი ჩვენი სტუმრები, როდესაც დავხედავთ საქართველოს რუკას, გაოცებულებს გაგვიელვებს გონებაში აზრი, როგორ გაძლო ამ ქვეყანამ და როგორ გადარჩა. მართლაც რამდენადაც მშვენიერია საქართველო, იმდენად საბედისწერო ადგილზე დაავანა განგებამ, ორ ზღვას შუა, საქრისტიანო_სამუსლიმანო გზაგასაყარზე და იმპერიების გარემოცვაში. ამიტომაც არის ჩვენი ისტორია ქარცეცხლიანი. რომ არა ღმერთის მფარველობა, ჩვენი წინაპრების მარჯვენა, დღეს საქართველო აღარ იარსებებდა და აღარც შესანიშნავი პურ-ღვინო იქნებოდა თქვენი მასპინძელი. ქართული მისალმება გამარჯვება, სიტყვა გამარჯვნებისაგან წარმოსდგება, რაც უფლის გზით სიარულს ნიშნავს. ჩვენმა წინაპრებმა სახელოვნად განვლეს გზა ისტორიულ ქარტეხილებში და დღემდე ვცხოვრობთ ამ მადლიან მიწაზე. ისტორიულ აღმასვლაში თითოეული ჩვენთაგანის წინაპარს თავისი მოკრძალებული წვლილი აქვს შეტანილი. ამიტომ მე მინდა მათი შესანდობარი დავლიო და ვთხოვო მაღალ ღმერთს ნათელში ამყოფოს მათი სულები.
მამაკაცები ფეხზე წამოდგნენ და ყველამ ბოლომდე ჩამოცალა რქაწითელით სავსე ფიალა. ჟაკი, რომელიც ყველა სასმისს ბოლომდე მიირთმევდა და გაუთამამდა რქაწითელს, დაჯდომისას, რომ არა ნოდარის დახმარება, ასცდებოდა სკამს.
ჟაკ! _ გაისმა რქაწითელის ხმა დოქიდან, _ რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო, თქვენი, ევროპელების სირისტიანი ღვინო არ გეგონოთ, თორემ თუ გადაჭარბებით მიირთვი ჩემი ნექტარი, ამ, თქვენგან სამოთხედ აღიარებული ადგილიდან უკუნეთ ჯოჯოხეთში მოხვდები. ჟაკმა სახეზე მოისვა ორივე ხელი, სკამზე გასწორდა, თავი რქაწითელით სავეს დოქისაკენ დასწია და ხმადაბლა ჩაილაპარაკა:
_ თქვენები რომ სვამენ. ისინი არ დათვრებიან?
_ ბიჭო შენ ვინა ხარ!? _ გაეცინა რქაწითელს, _ აბა შეხედე, ეგენი მხოლოდ ფიალებს ცლიან ბოლომდე, ჭიქაში კი ღვინოს ცოტას ასხამენ და მისი დალევის შემდეგ ბევრს ტოვებენ შიგნით. შენ კი ჭიქაშიც და ფიალაშიც გვალვა გააჩინე. რუსი რომ იყო არ გაგაფრთხილებდი. იმათ ხომ ღვინის ფასი არ იციან. შენ ხომ ფრანგი ხარ, თან წარმოშობით კავკასიელი, ღვინის ქვეყნიდან, ეს უნდა იცოდე. თქვენს ქვეყანაში ყლუპებით სვამთ ღვინოს, აქ რა მოგივიდა კაცო? სიდრი ხომ არა ვარ, რომ გამაფუჭო?
მარანში ზაქრო და ვანო შემოვიდნენ. ხელში მწვადით დახუნძლული შამფურები ეკავათ. ირგვლივ საამო სურნელი დატრიალდა. სუფრის წევრები გამოცოცხლდნენ. ფრანგებისთვის უცხო არ იყო შემწვარი ღორის ხორცი, მაგრამ წალამზე შემწვარმა მაინც თავისი გაიტანა და კიდევ ერთი საოცრებად მოევლინა ისედაც განცვიფრებულ სტუმრებს.
_ თუ გინდა რომ დიდხანს გაძლო სუფრასთან, მწვადი მიირთვი ჟაკ. _არ ისვენებდა რქაწითელი.
ჟაკმა გაითვალისწინა რქაწითელის შენიშვნა, გემრიელად მიირთვა მწვადი და ჭიქაც ისე შეავსო როგორც უთხრეს. შემდეგ მიუბრუნდა ნოდარს და ჰკითხა:
_ მისიე ნოდარ, მაინტერესებს თქვენთან ღვინით რატომ არ ავსებენ პირამდე ჭიქებს და სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ ბოლომდე რატომ არ ცლიან?
_ ეს ტრადიცია სათავეს საუკუნეების სიღრმიდან იღებს, _ უპასუხა ნოდარმა, _ ქართველს მტერი მუდამ ჰყავდა და სიმცირის გამო ძირითადათ თავდაცვა უხდებოდა.. ამიტომ მისთვის არც დათრობა შეიძლებოდა და არც გადაჭარბებული ფიზიკური შრომა. ის ყოველთვის ფხიზლად და ფიზიკურად მომზადებული უნდა ყოფილიყო, რომ მოულოდნელად მომხდურ მტერს დახვედროდა. ეს ჩვევა დღემდე მოგვდენს და ვცდილობთ, რომ ტრადიცია არ დავარღვიოთ.
ჟაკმა თავი გააქნია, წარმოიდგინა რომ ის მტერს არ უნდა დახვედროდა და როდესაც თამადამ სტუმრების სადღეგრძელო წარმოსთქვა, მან სამადლობელი ბოლომდე ჩამოცალა, ნელა დაეშვა სკამზე და ერთგვარ მოჯადოებულ სივრცეში გადაეშვა.
_ გამოგვეცალა ხელიდან. _ ჩაიბუტბუტა რქაწითელმა და დოქში შეჯანჯღარდა.
მაგიდიდან თავჩაქინდრული ჟაკი დაფრინავდა ხან საფრანგეთის და ხან საქართველოს თავზე. ბოლოს თავისი დიდი პაპა ფრანსუა გამოეცხადა. ჟაკს მასთან ახლოს უნდოდა მისვლა, მაგრამ რაღაც ძალა აჩერებდა. ბოლოს როგორც იქნა ისინი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ.
ჟაკ! _ მკაცრი ტონით მიმართა ფრანსუამ შვილიშვილს, _ ხომ გაგაფრთხილეს, რომ საქართველოში სასმელს არ მიეძალოო. განა რადგან მეღვინე ხარ ლოთობა ხომ არ უნდა გაიხადო შენი ცხოვრების თანამგზავრად. რისთვის ჩახვედი საქართველოში თუ გახსოვს? ჟაკმა მოიკრიბა ძალ-ღონე და თავაწეულმა უპასუხა:
_ ღვინის წამოსაღებად.
_ მერე ეძებ იმ ღვინოებს, რომლებიც ევროპაში უნდა გადმოტვირთო? ერთი მათგანი სწორედ ეგ არის რქაწითელი, რომლითაც შენ გამოთვერი. ხოლო მეორე ივრისპირეთშია. მას საფერავი ჰქვია. მისი ნერგი საქართველოში მცხოვრებმა გერმანელმა შვაბებმა ჩემგან წაიღეს, თავად ჩოლოყაშვილთან ერთად შეაჯვარეს ადგილობრივ წითელი ვაზის ჯიშთან და მიიღეს უნიკალური საფერავი, რომელსაც ბადალი არა ჰყავს მსოფლიოში. აი, ეგ ღვინოები უნდა გამოაგზავნო აქეთ.
_ საფერავიც და რქაწითელიც ორივე უნიკალური ჯიშია, _ უპასუხა ჟაკმა პაპას, _ მაგრამ მათი ტრანსპორტირება არ შეიძლება, რადგან ისინი მიწაში ანუ ქვევრში იწურება და იქიდან ასევე მიწაში ანუ დოქში ჩამოისხმება და გადაადგილებას ვერ უძლებს. მაშინ, მაშინ, _ დაიბნა ფრანგი, _ მიწიანად უნდა წამოვიღო… საქართველოს არავინ გამომატანს საფრანგეთში…
_ მის უდიდებულესობას, ქართულ ღვინოებს გაუმარჯოს! _ თამადის წარმოთქმულმა სიტყვებმა გამოაფხიზლა ჟაკი, _ საფერავისა და რქაწითელის თამადობით. რქაწითელი, ბატონებო, სუფრის მთავარსარდალია, ხოლო საფერავი _ საბარძიმე, რომელიც ტაძრის საკურთხეველში სული წმიდის გადმოსვლის შემდეგ, ქრისტეს სისხლად გარდაიქმნება და აძლიერებს მორწმუნეებს. მაშ გაუმარჯოს მსოფლიოში ყველაზე უძვირფასეს სითხეს _ ღვინოს საფერავისა და რქაწითელის თამადობით.
_ გაიგე ჟაკ!? _ შეეხმიანა ფრანგს დოქიდან რქაწითელი, _ საქართველოდან ბერძნებმა ოქროს საწმისის გატანა კი შეძლეს, მაგრამ ღვინოს, ნაღდ ღვინოს ვერავინ გაიტანს. ეს ჩვენი სიმდიდრე და სიამაყეა. თუ გინდათ აგერ გაფილტრულ ანუ ნამუსგარეცხილ ღვინოებს გაგატანთ რამდენიც გინდათ, ჩვენ კი ნურას უკაცრავად.
_ კი, მაგრამ თქვენ რატომ არა?
_ არ ცხრებოდა ჟაკი. _ იმიტომ ჩემო კარგო, რომ უფლის მეორედ მოსვლა აქ, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, საქართველოში უნდა მოხდეს და ყველა, ცხონებისათვის ღირსი ადამიანი აქ უნდა ეზიაროს ქრისტეს სისხლს_ ღვინოს. ამიტომ ჩვენ, მიწიდან შექმნილი სითხე ქართულ მიწაშივე უნდა ვინახებოდეთ, რათა ღირსეულად აღვასრულოთ ჩვენზე დაკისრებული ღვთიური მისია. ასე, რომ ზოგიერთებივით, მსოფლიოში სატანტალოდ არა გვცალია.
ჟაკი განცვიფრებული უყურებდა საფერავს, რქაწითელს, თანამეინახეთა გაბრწყინებულ სახეებს და მხოლოდ ახლა მიხვდა, თურმე რა შორს ყოფილა ჭეშმარიტებისაგან, რომ ევროპა კი არ არის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრი, არამედ ეს მიწა, რომელიც ღვთისმშობელმა თავის სავანედ გამოარჩია…
სოფელ იღბლიანს კი თავზე დასდგომოდა მთვარის ნათელი, რომელმაც ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი გადაშალა და სათუთად ჩაიკრა გულში.
იოსებ სიბოშვილი, სართიჭალა
2009 წელი