აგრარული განათლებადარგებიმემცენარეობა

როდის და ვინ შემოიტანა ჩაის პირველი ბუჩქი საქართველოში?

ჩაი უძველესი ჩინური კულტურაა, რომელიც 1753 წელს ცნობილმა შვედმა ბოტანიკოსმა კარლ ლინეიმ პირველად აღწერა და მეცნიერული სახელი (თჰეა) უწოდა. ჩაი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაზი და ყველაზე გავრცელებული არომატული სასმელია. მას მრავალი სამკურნალო თვისება აქვს. ჩაის ძველი მცოდნენი მის თერაპიულ ეფექტიანობაზე ამბობდნენ, რომ ჩაის ნაყენი წყურვილის მომკვლელი, ორგანიზმში დაგროვილი შხამებისაგან გამაუვნებელყოფელი, სიმხნევის მიმცემი, წონის დამკლები, საჭმლის მომნელებელი სისტემის მომწესრიგებელი, უძლურების მკურნალი საუკეთესო სასმელია.
ჩაის კულტურა საქართველოში

საქართველოში ჩაის შემოტანისა და გაშენების რამდენიმე ვერსია არსებობს. თავდაპირველად ჩაი გაცილებით ადრე კულტივირებამდეც ყოფილა ცნობილი და პირველად 1770 წელს გამოჩენილა, როცა რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II-მ ერეკლე II-ს სამოვარი და ჩაის სერვისი აჩუქა. ჩაის ბუჩქის შემოტანა და გაშენება კი მოგვიანებით XIX საუკუნიდან განხორციელდა. ერთ-ერთი ვერსიით ჩაის კულტივირების პიონერად თავადი მიხა ერისთავი ითვლება. თავადმა ჩაი პირველად ჩინეთში ნახა, ნაყენი დააგემოვნა და მისი სამშობლოში გაშენება გადაწყვიტა. რადგანაც იმ პერიოდისთვის ჩინეთიდან ჩაის თესლის ან ნერგის გატანა აკრძალული იყო, თავადმა გახვრეტილ ყავარჯენში ჩალაგებული ჩაის თესლი მალულად გადმოიტანა ჩინეთის საზღვარზე და საქართველოში გაავრცელა. 1864 წელს მიხა ერისთავმა პირველმა წაიღო ქართული ჩაის ნიმუში სანქტ-პეტერბურგში რუსეთის საერთაშორისო გამოფენაზე, რამაც ქართული ჩაის მსოფლიო აღიარებას ჩაუყარა საფუძვლი. 1899 წელს კი პარიზის საერთაშორისო გამოფენა-დეგუსტაციაზე ქართული ჩაი დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

ერთ-ერთი ვერსიით გურიის მთავარმა მამია გურიელმა ჩაის კულტურა XIX საუკუნის 10-ან წლებში შემოიტანა და გააშენა გურიასა და მთელ დასავლეთ საქართველოში. სხვა შედარებით ვრცელი ამბავი გვაუწყებს, რომ ჩაის „ქართულ სამშობლოდ“ აჭარა ითვლება. 1847 წელს კავკასიის ნამესტნიკის თავად მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის მცდელობით ყირიმიდან იმპერატორ ნიკიტას ბაღიდან შემოიტანეს და აჭარის ტერიტორიაზე გააშენეს რამდენიმე ჩაის ბუჩქი (თავადმა ვორონცოვმა რუსეთში გასაშენებლად ჩაი 1833 წელს ჩინეთიდან გამოიწერა და ყირიმში გააშენა, კავკასიის ნამესტნიკობამდე 11 წლით ადრე, მაგრამ ამ კულტურამ მაშინ იქ ვერ იხარა.). ჩაის კულტურის მოვლა-მოყვანის მეთვალყურეობა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას მიანდეს. ამ საზოგადოების წევრად 1892 წელს არჩეული იქნა პოლონეთში განათლებამიღებული აგრონომი ერმილე ნაკაშიძე, რომელსაც დაევალა საქართველოში — გურია-სამეგრელოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩაის კულტურის გავრცელების ხელშეწყობა. სამუშაო წარმატებით განხორციელდა, კულტურა ადაპტირებული იქნა, მაგრამ სირთულე ნაყენის დაყენებისას შეიქმნა. მიუხედავად დიდი მცდელობისა და ოთხნახევარი წლის დაკვირვებისა, მაინც ვერ მოხერხდა ჩაის ნაყენის თვისებების სრულყოფილი გამოვლენა, რის შედეგადაც გადაწყდა ჩინეთიდან ჩაის საქმის მცოდნის ჩამოყვანა.

1893 წელს არჩევანი შეჩერდა და ჩამოყვანილი იქნა 23 წლის ჩინელი ახალგაზრდა, ტრადიციული, დიდგვაროვანი ოჯახის შვილი ლიუ წუნჭოუ, იგივე ლაო ჯონჯაო, რომელმაც იკისრა ჩაის მოშენება ამიერკავკასიაში, კერძოდ აჭარაში. ლაო ჯონჯაომ 30-წლიანი დიდი შრომის შედეგად გააშენა პლანტაციები, ააშენა ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი ფაბრიკა და დასაბამი მისცა საქართველოში ჩაის ფოთლისაგან სრულყოფილი გემური თვისებების მქონე მაღალი ხარისხის სასმელი ნაყენის მიღებას. რაც შეეხება ჩაის გემურ თვისებებს, მას მხოლოდ ის ადგილობრივი რეგიონი და პლანტაცია განსაზღვრავს, სადაც კულტურა მოჰყავთ. საქართველოში ჩაის ბუჩქის წარმატებული განვითარება და გემური თვისებაც ქვეყნის შესაფერისმა გარემომ განაპირობა. ნიადაგის თვისობრიობამ, აგროეკოლოგიურმა ზონებმა, განსაკუთრებით დასავლეთ რეგიონის სუბტროპიკულმა ჰავამ, რომელიც ძალიან ჰგავს ჩინეთის სუბტროპიკულ კლიმატს, ხელი შეუწყო კულტურის სწრაფ განვითარებას და განსაზღვრა მისი შემდგომი ბედი არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო სავაჭრო ასპარეზზე. მსოფლიოში ჩაის წამყვან 17 ძირითად ქყვეყნას შორის საქართველოს მე-11 ადგილი ეკავა: ჩინეთი, ინდოეთი, შრი-ლანკა, კენია, ინდონეზია, თურქეთი, ვიეტნამი, მიანმა, იაპონია, ბანგლადეში, საქართველო, არგენტინა, ირანი, უგანდა, მალავი, ტანზანია, სამხ. აფრიკა.

ჩაის სამშობლო და წეს-ჩვეულებები

ჩაის წარმოშობას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. მწვანე ჩაის სამშობლოდ ჩინეთი პირველად ძვ. წ. III ათასწლეულის ჩინურ ქრონიკებშია მოხსენიებული, საიდანაც მომდინარეობს მისი უძველესი სახელწოდება „ჩინური ბალახი”, თუმცა, ჩაი ბალახი არაა და „ახალგაზრდა ფოთოლს” ნიშნავს. ჩაის ბუჩქის წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ იგი ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ რაიონში იზრდებოდა, სხვები ტიბეტის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონს და ზოგადად ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთს ასახელებენ, თუმცა ინდოეთსაც მიიჩნევენ ჩაის სამშობლოდ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ჩაი ჩინეთში ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე XI საუკუნეში ჩნდება. ჩინეთში მეჩაიეობა ფართოდ გავრცელდა თანის ეპოქაში (618-907 წწ.) და არნახულ წარმატებას მიაღწია სუნის ეპოქაში (960-1279 წწ).

ჩინელებს ჩაისადმი განსაკუთრებული ფაქიზი დამოკიდებულება ჰქონდათ, რაც იმ დროიდანვე აისახებოდა ლიტერატურაში, პოეზიასა და მუსიკაში. იწერებოდა ლექსები, იქმნებოდა სიმღერები. თანის ეპოქის გამოჩენილმა მოღვაწემ ლუ იუმ წიგნიც კი დაწერა „ტრაქტატი ჩაიზე“, „ჩა ჭინ“, რომელიც შედგება სამი ნაკვეთისა და 10 თავისაგან. ლუ იუს „ტრაქტატი ჩაიზე“ დიდი პატივით მიიღეს იმ დროის არისტოკრატ მეცნიერთა შორის. ჩინეთში ჩაის რიტუალის მაღალ კულტურულ დონეზე მეტყველებს მისი დაყენებისა და სმის განსაკუთრებული წესებიც. ჩაის სმის ცერემონიალის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაყენის მომზადების წესების მკაცრად დაცვას, რაც ჩაის უნარჩუნებს კვებითსა და სამკურნალო თვისებებს. მაგ: ცინის ეპოქაში იმპერატორის სასახლეში ჩაის სმა იწყებოდა ჩაის ფოთლების მზერით და ტკბობით, რომელიც გულისხმობდა სტუმრის მიერ მოწონებული ჩაის ფოთლის შერჩევას, სპეციალურ მოსამზადებელ ჭურჭელში მოთავსებას და გარკვეული წესით მოდუღებას, შემდეგ შესაბამის ჭურჭელში განაწილებას და გამასპინძლებას მუსიკის თანხლებით. ჩაის სმის რიტუალის არაჩვეულებრივი დახვეწილობით გამოირჩევა პაის ეროვნების ხალხი (იუნნანის პროვინცია). პაიელები სტუმრებს სამნახადი ჩაით უმასპინძლდებიან. პირველი ნახადი ტკბილია, მეორე — მწარე (მწკლარტე), ხოლო მესამეს თან ახლავს კაკალი, თაფლი, ბრინჯი და ჯანჯაფილი (იგივე კოჭა (სბ), იმბირი ანუ ინბირი (რუს.) ჩინეთში სტუმრის ჩაით გამასპინძლება დიდ პატივად ითვლება.

ჩინეთი მრავალენოვანი ქვეყანაა და ჩაის სახეობები და წეს-ჩვეულებები დიდად განსხვავდება ერთმანეთისაგან. შესაბამისად განსხვავდება ჩაის არომატის უპირატესობანი. მაგ: მდინარე იანძის ჩრდილოეთით მცხოვრებლები უპირატესობას სურნელოვან ჩაის ანიჭებენ, სამხრეთელები კი მწვანეს. იუნნანის პროვინციაში მილისებურად გამშრალ ჩაის მიირთმევენ, ტიბეტელები — ჩაის კარაქთან ერთად, მონღოლები — რძესა და მარილთან ერთად. ჩაის გემური თვისებები დიდადაა დამოკიდებული არა მარტო ჩაის, არამედ წყლის ხარისხზე, ტემპერატურულ რეჟიმზე და ჩაის დასაყენებელ ჭურჭელზე. შემონახულია უძველესი ჩაის რიტუალის ჭურჭლის ნაკრები, რომელმაც დროთა განმავლობაში სახე იცვალა. დღეისათვის საუკეთესო ჩაის მოსამზადებლად ითვლება: ფაიფურის ჭურჭელი, შემდეგ კერამიკა, მინა და ბოლოს ლითონი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩინელებს ეს ცალსახად არასწორად მიაჩნიათ გამომდინარე ჩაის ჯიშებიდან. მაგ.: ჩაის ჯიში „ულჩა“ წითელ-ყავისფერ კერამიკის ჩაიდანში უნდა მომზადდეს და შეისვას თეთრი ფაიფურის ფინჯნებით. ჩაის ფოთოლი „ლუნწინი“ დახვეწილი ფორმის, ხასხასა მწვანე ფერის, სურნელებისა და სიტკბოს გამო უნდა დაილიოს მინის ჭიქებით, რომელშიც ზურმუხტოვანი ნორჩი მოფარფატე ფოთლები სასიამოვნო გრძნობის აღმძვრელი და სასიამოვნო სამზერია. ჩინელების განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩაისადმი გამოიხატება იმითაც, რომ იგი სოფლის მეურნეობის სფეროს სცილდება და ტრადიციული კულტურის ჩარჩოებში ექცევა. ჩინური ქრონიკით ჩაის თავდაპირველად მხოლოდ მმართველები და სასულიერო პირები მოიხმარდნენ, ხოლო აქტიური სმა V საუკუნეში დაიწყეს. დიდი ხნის მანძილზე იგი მხოლოდ აზიის მოსახლეობის სასმელად ითვლებოდა. ევროპაში ჩაი მხოლოდ XVI-XVIII საუკუნეებში დამკვიდრდა.

ამრიგად, ზემოთმოყვანილი ისტორიული ვერსიები ის მცირე ნაწილია, რომლის გაცნობა ან შეხსენება ინტერესმოკლებული არ იქნება, რამეთუ თანამედროვე ეტაპზე „მწვანე ოქროდ“ წოდებული ჩაის ინდუსტრია დღითი-დღე ვითარდება, იზრდება მასზე მოთხოვნილება, ფართოვდება გამოყენების არეალი, იქმნება ახალი ბრენდები, იზრდება ბაზარი. მსოფლიოში ჩაი წყლის მერე ყველაზე დიდ მოთხოვნად სასმელად ითვლება.

 

მარინე (მაკა) დოსმიშვილი,

ციცო დოსმიშვილი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“