დარგებიმეცხოველეობა

კამეჩის ქცევის რეაქციები და გარემოს ტემპერატურისადმი შემგუებლობა

 ქცევის რეაქციები: ქცევის რეაქციები: ქცევის რეაქციები: გარეული წინაპრების მსგავსად, შინაური კამეჩი ხასიათდება კარგად გამოხატული ჯოგური ინსტიქტით. ამასთან, მკვლევარები ასკვნიან, რომ ძროხისაგან განსხვავებით კამეჩების უმეტესობას, როგორც წესი, არა აქვს “წინამძღოლობის უნარი”, ამიტომ, საძოვარზე ყოფნისას, სასურველია მწყემსი ნახირს მიუძღოდეს წინ ან მიჰყვებოდეს გვერდით. ასეთ შემთხვევაში, ნახირი ინსტიქტურად მიჰყვება მწყემსს.

კამეჩი ბუნებრივად ეჩვევა კონკრეტულ ტერიტორიას და ცხოველთა ჯგუფს, ხოლო უცხო ტერიტორიაზე და/ან ცხოველთა ჯგუფში მოხვედრისას განიცდის დისკომფორტს. ასევე, ძროხასთან შედარებით გაცილებით ძნელია ღობით ან სხვა საშუალებით (მაგ. ელექტრო მწყემსით) მისი კონკრეტულ ნაკვეთზე გაჩერება.

საძოვარზე ყოფნისას კამეჩი ჭამს იმავე საკვებს, რასაც ძროხა. ამასთან, ბუნებრივ პირობებში ყოფნისას ის უპირატესობას ანიჭებს უფრო უხეშ საკვებს, ნაკლებად არჩევს ბალახეულს და ჭამს ცენოზის უფრო ფართო ასორტიმენტს, მათ შორის სარეველა ბალახებს, რასაც, ჩვეულებრივად, ძროხა არ ჭამს. ამასთან, კამეჩს შეუძლია უფრო დაბალი ბალახის ძოვა, ვიდრე ძროხას და ამ მაჩვენებლით ის უახლოვდება ცხვარს.

ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ნახეს, რომ კამეჩი საკმაოდ მადიანად შეექცევა ისლს, ლელქაშს, წალამს, წყლის სარეველებს, აგრეთვე წყალსატევის ნაპირას მდგარი ტირიფის თუ სხვა მცენარეების ფოთლებსა და ყლორტებს. შიმშილისას კი კამეჩი ჭამს ხის ქერქს და ტოტებს.

კვებითი ქცევის რეაქციებიდან საყურადღებოა ის, რომ კამეჩს აქვს უნარი ჩასწვდეს წყლის საკმაოდ სქელი ფენით დაფარულ მცენარეებს და ჭამოს ისინი (სურ. 20, 20ა). კვებითი ქცევის თავისებურებების გათვალისწინებით, ავსტრალიის კვინსლენდის შტატში კამეჩი წარმატებით გამოიყენეს ძროხის გაძოვების შემდეგ დარჩენილი სარეველა ბალახების საწინააღმდეგოდ საბრძოლველად.

თავისუფლად ყოფნისას, კამეჩი გაცილებით უფრო ხშირად ექექება ხეს, ვიდრე ძროხა. შედეგად, ადგილი აქვს ხისაგან ქერქის მოცილების შემთხვევებს და იქმნება მისი გახმობის საშიშროება;

კამეჩს შეუძლია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინოს გარემოზე. მეცნიერები ხშირად რეკომენდაციას უწევენ გამოიყენონ კამეჩი დაჭაობებულ რაიონებში სარეველებისა და ჭაობის მცენარეების უკონტროლოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად. დიდ ბრიტანეთში კამეჩი გამოიყენეს საძოვრების “გასასუფთავებლად”, ვინაიდან, სხვა მცოხნავებისაგან განსხვავებით, მაღალტენიან ნაკვეთებზე ძოვებისას ეს ცხოველები უპირატესობას ანიჭებენ მდარე ხარისხის ე.წ. სარეველა მცენარეებს.

ბუნების დაცვითი ღონისძიებების თვალსაზრისით გასათვალისწინებელია ის, რომ კამეჩის თავისუფლად ძოვებისას ფართობების გადატვირთვა იწვევს მცენარეული საფარის გათელვას, არც თუ იშვიათად კი ეს ცხოველი ხელს უშლის წყლის ფრინველების ბუნებრივი აღწარმოების პროცესს.

სქესობრივი ქცევის თავისებურებებიდან ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ფურკამეჩებში ნაკლები ინტენსივობით არის გამოხატული ხურაობის გარეგნული რეფლექსები, რაც გარკვეულ პრობლემას ქმნის ხელოვნურად განაყოფიერებისას. ამასთან, კურო-მწარმოებელთან შედარებით, ხარკამეჩი გაცილებით იოლად ეჩვევა ვაგინით სპერმის აღებას, ხოლო ვაგინის ოპტიმალური ტემპერატურა +36…+410C –ის ფარგლებში უნდა იყოს.

გარემოს ტემპერატურისადმი შემგუებლობა

კამეჩისათვის თერმონეიტრალური ტემპერატურის დიაპაზონი +8… +100C – დან +23…+240C- მდეა, ანუ ამ მაჩვენებლით ის საკმაოდ ახლოს დგას ძროხის ევროპულ ჯიშებთან, რომელთათვის თერმონეიტრალური ტემპერატურა +4…+60C- დან +23…+250C- მდე ფარგლებშია.

ამასთან, მიუხედავად კონსტიტუციური სიმაგრისა, ბიოლოგიური თავისებურებების გამო, ძროხასთან შედარებით, კამეჩის ორგანიზმის ფიზიოლოგიური შესაძლებლობები ექსტრემალურად მაღალი ან დაბალი ტემპერატურის პირობებში შეინარჩუნიოს ჰომეოსტაზი, შეზღუდულია. საქმე ის არის, რომ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისას შავი (მუქი) კანი და მასში საოფლე ჯირკვლების მცირე რაოდენობა ხელს უწყობს ტემპერატურული სტრესის განვითარებას და იწვევს სხეულის ტემპერატურის, პულსისა და სუნთქვის სიხშირის მატებას.

აღნიშნულის გამო, პაპანაქება სიცხისას, კამეჩი უფრო მეტად განიცდის დისკომფორტს, ვიდრე ძროხა. ამის დასტურია ეგვიპტელი მეცნიერების გამოკვლევათა შედეგები. მათ ნახეს, რომ მზეზე ორი საათით ექსპოზიციისას კამეჩის სხეულის ტემპერატურა იზრდებოდა 1,30C – ით, მაშინ, როდე საც ძროხის სხეულის ტემპერატურამ მოიმატა მხოლოდ 0,2…0,30C-ით.

მეორე მხრივ, იშვიათი და მოკლე ბალანი, ზამთრის საფარში თივთიკის მინიმალური რაოდენობა არის კამეჩის სიცივისადმი მგრძნობიარობის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი.

სიცხისადმი გამძლეობა

კამეჩი ჰიდროფილური ცხოველია, ამიტომ ის გავრცელებულია ზომიერი და ცხელი კლიმატური ზონის დაჭაობებულ ფართობების, აგრეთვე მდინარეების, წყალსატევებისა და ტბების მიმდებარე ტერიტორიებზე. ასეთ პირობებში, განსაკუთრებით კი ჭარბტენიან საძოვრებზე კამეჩი ბევრად უფრო კარგად გრძნობს თავს და ავლენს უფრო მაღალ პროდუქტიულობას, ვიდრე ძროხა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძროხისაგან განსხვავებით, პაპანაქება სიცხისაგან თავის დასაცავად კამეჩი ჩრდილში ყოფნასთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს წყალში წოლას. ამის გამო, ზაფხულობით დღის უმეტეს ნაწილს (ხშირად 5 საათი და მეტი) ის ატარებს წყალში და/ან ტალახში ჩაწოლილი.

ამასთან, დადგენილია, რომ ჩრდილში ყოფნისას კამეჩი სხეულის ზედაპირიდან უფრო ინტენსიურად გასცემს ჭარბ სითბოს, ვიდრე ძროხა, მაგრამ ეს ხდება არა ტენის აორთქლების (კონვექციის) ხარჯზე, არამედ გამოსხივების გზით, რასაც ხელს უწყობს ძლიერ განვითარებული კანის და კანქვეშა კაპილარული სისხლძარღვების ქსელი.

ამ ფაქტს მიაქციეს ყურადღება ავსტრალიელმა, ამერიკელმა, მალაიზიელმა და სხვა ქვეყნის მკვლევარებმა. მათ დაადგინეს, რომ, საჩრდილობლის არსებობის შემთხვევაში, არ არის აუცილებელი კამეჩის წყლის აბაზანებით უზრუნველყოფა, ან განსაკუთრებულად ცხელ დღეებში მათთვის საკმარისია 1-2 ჯერ 15-20 წუთის ხანგრძლივობით ცივი წყლის შხაპი.

სიცივისადმი გამძლეობა

მართალია კამეჩის ფილოგენეზი მრავალი ათეული საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა ჭარბტენიანი ცხელი კლიმატის პირობებში, ის ბევრად უკეთესად იტანს სიცივეს, ვიდრე ეს, ჩვეულებრივად მიაჩნიათ პრაქტიკოს მეცხოველეებს.

ამის დასამტკიცებლად საკმარისია კამეჩის გავრცელების ბუნებრივი არეალის ჩამოთვლა: ის გვხვდება სამხრეთ და ჩრდილოეთ განედების 400- მდე განლაგებულ ქვეყნებში. ეს საკმაოდ ვრცელი ტერიტორიებია და მოიცავს ფილადელფიისა და პეკინის მდებარეობის განედს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, აგრეთვე მელბურნის, კეიპტაუნის, ბუენოს-აირესისა და ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულების მდებარეობის განედს- სამხრეთ ნახევარსფეროში. კამეჩი ბუნებრივად გავრცელებულია ჩრდილოეთის განედის 450- ის ზონის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად რუმინეთში და უკრაინის იმიერკარპატეთში. ის ასევე გვხვდება ზღვის დონიდან 2800 მ- ის სიმაღლეზე (ნეპალი), სადაც კლიმატი საკმაოდ გრილია. აქ არაფერს ვიტყვით ამ სახეობის ცხოველების უელსში, შვეციაში და გრილი კლიმატის სხვა ქვეყნებში ინტროდუქციის და წარმატებით აკლიმატიზაციის თაობაზე.

ჩვეულებრივად, აზიური კამეჩის თერმონეიტრალური ტემპერატურის ქვედა ზღვარი +8…+100C – ის ფარგლებშია ((www.sapphireturf.com.au), მაგრამ სუბრტოპიკული კლიმატური ზონის უკიდურესად ჩრდილოეთ რაიონებში გავრცელებულმა კამეჩმა, როგორც ჩანს, ფილოგენეზის პროცესში გამოიმუშავა საკმაოდ დაბალი, ცალკეულ დღეებში კი უარყოფითი ტემპერატურისადმი ადაპტაციის უნარი. ამის ერთერთ დამადასტურებელ საბუთად შეიძლება მოვიყვანოთ ქართული კამეჩის ბალნის საფარის სეზონური ცვალებადობის საკმაოდ მაღალი ინტენსივობა.

ჩვენი დაკვირვებებით დადგენილია, რომ შემოდგომაზამთარში კანის ერთეულ საფარზე ბალნის საფარის სიხშირე თითქმის 2- ჯერ იზრდება, ხოლო ბალნის სიგრძე 4-4,5 სმ- ს აღწევს. მართალია საფარში თივთიკის ხვედრითი წილი საკმაოდ მცირეა (5,0-5,9%, რაც 2-5- ჯერ ნაკლებია ძროხასთან და კუბურ ზებუსთან შედარებით), მაგრამ, ჩვენი აზრით, სიცივისას ასეთი საფარიც კი მნიშვნელოვანი დამცველობითი ფუნქციის მატარებელია.

საკმაოდ ხშირი და გრძელი ბალნის საფარით ხასიათდება ქართული კამეჩის ზაქი, რაც უზრუნველყოფს ალაზნის ველის საკმაოდ მკაცრი ზამთრის პირობებისადმი მის ადაპტაციას

ქართული კამეჩის და კავკასიური წაბლა ჯიშის სიცხე და სიცივემდგრადობის მაჩვენებლების დასადგენად ალაზნის ველის პირობებში ჩავატარეთ სამეცნიერო-საწარმოო ექსპერიმენტი: ამისათვის ანალოგების მეთოდით შევარჩიეთ 16 სული ფური და 18 სული ფურკამეჩი, რომლებიც მოვათავსეთ ღია ბაკში და სასმელ წყალს იღებდნენ ნებაზე. ცხოველებს საკვები ეძლეოდათ ნორმის მიხედვით, მათი ცოცხალი მასისა და მონაწველის/ცხიმრძიანობის გათვალისწინებით. ზაფხულის ულუფა შედგებოდა იონჯის შემჭკნარი მწვანე მასისა და კომბინირებული საკვებისაგან, ხოლო ზამთარში იონჯის სენაჟისა და კომბინირებული საკვებისაგან.

ცხოველთა სიცივე- და სითბომდგრადობის დასადგენად ინდივიდუალურად, დილით 7-8, ხოლო შუადღეს 12-14 საათებში ვსაზღვრავდით რექტალურ ტემპერატურას.

კამეჩის ბიოლოგიური თავისებურების გათვალისწინებით ზაფხულში ცდა დავყავით ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე რექტალური ტემპერატურა განვსაზღვრეთ ჩვეულებრივი წესით, დილით და შუადღეს, ხოლო მეორე ეტაპზე- შუადღისას ცხოველების 20-25 წუთიანი ცივი წყლის შხაპის დასხურვების შემდეგ.

სიცივისადმი ცხოველის მდგრადობის განსაზღვრისას გამოვიყენეთ გარემოს ტემპერატურის გავლენით სხეულის ტემპერატურის ცვალებადობის რეგრესიის კოეფიციენტი, ხოლო სიცხემდგრადობას (ИТУк) ვადგენდით ი. რაუშენბახის მიერ შემოთავაზებული ტოლობით:
ИТУк= 100 – 20 [(T1 – T0)+ 0,1 (40 – t2)], სადაც:
Tარის სხეულის ტემპერატურა შუადღეს, ჰაერის ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურისას; T_ სხეულის ტემპერატურა დილით, ჰაერის პირობითად თერმონეიტრალურ ტემპერატურაზე;

t_ ჰაერის ექსტრემალურად მაღალი (შუადღისას) ტემპერატურა;

0,1 – გარემოს ტემპერატურის ცვალებადობაზე ცხოველის სხეულის ტემპერატურის რეგრესიის კოეფიციენტი.

ექპერიმენტის პერიოდში, მთელი დღე-ღამის მანძილზე აღირიცხებოდა მეტეოროლოგიური მაჩვენებლები, რომლის შედეგები მოტანილია ცხრილ 19- ში. უნდა აღინიშნოს, რომ ცხრილში მოტანილი ჰაერის ტემპერატურისა და ფარდობითი ტენიანობის დონე ალაზნის ველისათვის, ძირითადად, ტიპიურია ზაფხულის თვეებისათვის.

ცხრილი 1. მეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემები (ორი მომდევნო დღის საშუალო)        

  იანვარი ივლისი
დაკვირვების დრო, სთ
7-8 12-14 1-2 7-8 12-14 1-2
ჰაერის ტემპერატურა, 0C -6,0 -3,5 12,0 +18,5 +37,0 +14, 0
ფარდობითი ტენიანობა, % 66 74 62 78 49 61
ატმოსფერული წნევა, მმ 739 735 743 746 753 750

დადგენილია, ცხოველს, რომლის სხეულის ტემპერატურა უფრო ნაკლებად იცვლება ჰაერის ტემპერატურის ნებისმიერი მიმართულებით ცვალებადობის გავლენით, თერმორეგულაციის უფრო ეფექტური მექანიზმები აქვს.

ცდაში მიღებული შედეგები მოწმობენ, რომ ზამთრის სიცივე უფრო ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს კავკასიური წაბლა ჯიშის ფურების რექტალურ ტემპერატურაზე (R=0,21), ვიდრე ფურკამეჩების შესაბამის მაჩვენებელზე (R=0,58). ამდენად, როგორც ვხედავთ, ძროხა გაცილებით უკეთ იტანს ზამთრის სიცივეს, ვიდრე კამეჩი. ცხრილის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ზაფხულისათვის ჩვეულებრივი ჰაერის ტემპერატურაზე, კავკასიური წაბლა ჯიშის ფურების სითბომდგრადობა გაცილებით უფრო მაღალია- ИТУк=51,5±2,3, ვიდრე კამეჩის- ИТУк=37,4±2,4 (სხვაობა სტატისტიკურად სარწმუნოა, P<0,001);

სულ სხვა სურათი გამოიკვეთა ცივი წყლის შხაპით ცხოველების დასხურვებისას. ამ შემთხვევაში ფურკამეჩის სითბომდგრადობის ინდექსი ორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა და მიაღწია 92,9±0,4%- ს, მაშინ, როდესაც კავკასიური წაბლა ჯიშის ფურების შემცირდა 4,8%- ით.

ცხრილი 2 სითბომდგრადობის ინდექსის გაანგარიშების შედეგები

სახეობა/ჯიში ცივი წყლის შხაპის გარეშე 20-25 წუთიანი ცივი წყლის შხაპის შემდეგ
M±m Lim M±m Lim
კავკასიური წაბლა 51,5±2,3 38_63 46,7±2,0 34_59
ქართული კამეჩი 37,4±2,4 30_48 92,9±0,4 89_96

როგორც ჩანს, ჰაერის მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისას ცივი წყლის შხაპი უჩვეულო აღმოჩნდა ფურებისათვის ((Bos taurus) და გამოიწვია მათი ორგანიზმის დაძაბულობა (სტრესი) და, პირიქით: ძროხისაგან განსხვავებით ჰიდროფილური ცხოველის- კამეჩის ((Bubalus bubalis) ორგანიზმი შხაპამდე მეტად დაძაბულია, ხოლო ცივი წყლის ზემოქმედებით სწრაფადვე აღიდგენს ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. ამდენად, ეს პროცედურა შეესაბამება კამეჩის ბიოლოგიურ ბუნებას და აუცილებელია ჰაერის ექსტრემალური ტემპერატურის დროს სხეულის ნორმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

ზემოთ მოტანილი ექსპერიმენტების შედეგები დადასტურდა ა. კოგას და სხვ. გამოკვლევებით, რომელიც გამოქვეყნდა 2004 წელს. კერძოდ, დადგენილია, რომ ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის მოქმედებას, ძროხასთან შედარებით, უფრო ძლიერ განიცდის კამეჩი, რაც გამოიხატება რექტალური ტემპერატურის, კანის ტემპერატურის, პულსის და სუნთქვის სიხშირის მაჩვენებლების მკვეთრად გადიდებით. ამასთან ერთად აღმოჩნდა, რომ სიცხისას კამეჩის ორგანიზმის თერმორეგულირება ხდება კანის ზედაპირიდან გამოსხივების გაძლიერებით, რასაც უზრუნველყოფს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის ინტენსივობის მატება. ამ მოვლენას კვლევის ავტორები კამეჩის სახეობრივი თავისებურებებით ხსნიან.

კამეჩის მომშენებელი პრაქტიკოსი სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ მკვეთრი აცივება, განსაკუთრებით კი გამჭოლი ქარი, შეიძლება გახდეს კამეჩის პნევმონიით დაავადების მიზეზი.

აღნიშნული თავისებურებების გამო, აღმოსავლეთ საქართველოში ბარის, აგრეთვე ქვეყნის მთიანი ზონის მეურნეობებში პროდუქტიულობის დონის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ზამთრის განსაკუთრებულად ცივ დღეებში აუცილებელია კამეჩი მოვათავსოთ მეტ-ნაკლებად დათბუნებულ სადგომებში და დავიცვათ ისინი ნალექების და ქარის პირდაპირი ზემოქმედებისაგან.

დასავლეთ საქართველოში (კოლხეთის დაბლობზე), უფრო რბილი კლიმატის წყალობით, ზამთარში კამეჩის შენახვა რაიმე განსაკუთრებულ ღონისძიებებს არ საჭიროებს.

გ. გოგოლი, გ. ხატიაშვილი, გ. მაჭარაშვილი, ლ. ტაბატაძე

„მეკამეჩეობა“