ლურჯი მოცვი _ დარგვა და მოვლა-მოყვანის აგროწესები
ლურჯი მოცვი ყინვაგამძლე ბუჩქოვანი კენკრაა, რომელიც ლურჯი ფერის მრგვალ ნაყოფს იძლევა. ვერ იტანს გვალვას. დაავადებების მიმართ გამძლეა. საუკეთესო საკვები და დიეტური თვისებების გამო ბოლო პერიოდში ფართოდ ვრცელდება მსოფლიოში და მასზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. კენკრას ორიგინალური, მომჟავო-მოტკბო გემო აქვს, რაც კიდევ უფრო ზრდის მის პოპულარობას. იჭმევა ნედლად.
ლურჯი მოცვის გაშენება დიდ სირთულეს არ უკავშირდება. მისი დარგვა შეიძლება როგორც შემოდგომაზე, ისე გაზაფხულზეც. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში.
შეიცავს C ვიტამინს, მთრიმლავ ნივთიერებებს. გამოიყენება კულინარიაში, ხალხურ მედიცინაში, აქვს ანტიოქსიდური თვისებები. დიაბეტით დაავადებულთათვის მისი ფოთლების ნახარში კარგია ჩაის სახით.
გამოიყენება მოშუშებული ჭრილობების დასამუშავებლად. უნიკალური პროდუქტია მხედველობისთვის. არსებობს ლურჯი მოცვის რამდენიმე სახეობა. გამოყოფენ ჩრდილოეთ მაღალბუჩქოვან, სამხრეთ მაღალბუჩქოვან და სხვა სახეობებს. მოცვის ბუჩქი სიმაღლეში 2 მეტრამდე იზრდება. მოცვის 150-მდე ჯიშია გამოყვანილი. მათგან საწარმოო მნიშვნელობით პოპულარული ჯიშებია:ბლუკროპი, ბლუგოლდი, ელიზაბეთი, ბონუსი, ჩანდლერი, სანრაიზი, სპარტანი, ტორო, დიუკი, ბრიგიტა ბლუ, პატრიოტი, ბერკლი და ერლი ბლუ ასევე ლეგასი, მისტი და ონილი და სხვები.
ლურჯი მოცვი ითხოვს ტენიან ნიადაგს, რომელიც იოლად ატარებს წყალს. კარგად ხარობს მჟავე ნიადაგებზე, ანუ ისეთ ნიადაგებზე, რომელიც რეკომენდებულია ჩაის გასაშენებლად.
ლურჯი მოცვის ნერგები საქართველოში პირველად 2006 წელს აშშ-დან ჩამოიტანეს და საცდელად იმერეთში, სოფელ სიმონეთში დარგეს, ხოლო პირველი მოსავალი მესამე წელიწადს, 2009 წელს მიიღეს. ლურჯი მოცვი საქართველოსთვის ახალი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა, რომელსაც დასავლეთ საქართველოს რეგიონებში შემოსავლის გაზრდის კარგ შესაძლებლობას უქმნის.
მცენარის დარგვა და მოვლა-მოყვანის აგროწესები
ლურჯი მოცვის ნერგის გამოყვანა მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი. დარგვის წინ ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად დამუშავებული ნიადაგის ზედა ფენაში უნდა შევიტანოთ ფოთლოვანი ხეების ნახერხი, კომპოსტი ან ტორფი. ახლადდარგული მცენარე აუცილებლად უნდა დაიმულჩოს ორგანული ან სხვა სახის მულჩის 25-40სმ. სიგანის და 10-15სმ. სისქის ფენით. კარგი მულჩი საშუალოდ 8 წელიწადს ძლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ 8 წლის განმავლობაში მულჩის ქვეშ სარეველა არ ამოვა.
მწკრივთა შორის დაცილება უნდა იყოს 1,20 მეტრი, ნერგებს შორის — 0,9მ.
ნიადაგის არეს რეაქცია — PH უნდა იყოს 4-5,5-მდე.
რა არის მულჩა?
მულჩა ნიადაგის ხელოვნური საფარია, რომელიც შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერი ორგანული ნარჩენებისგან: ნამჯა, თივა, თხილის ნაჭუჭი და სხვა.
მულჩის შეტანა ხდება რიგებში, მცენარის გარშემო, 30-60სმ. სიგანის ზოლებად. მულჩირების სისტემა საგრძნობლად აძლიერებს მცენარის ზრდას, უნარჩუნებს ტენიანობას, ნიადაგს ამდიდრებს ორგანული ნივთიერებებით. ლურჯი მოცვის გასაშენებლად თანამედროვე ინტენსიური ტექნოლოგია აუცილებლად საჭიროებს მცენარეების ბაზოებზე (შემაღლებულ კვლებზე) დარგვას. ბაზოების უპირატესობაა: ფესვების ჰაერით უზრუნველყოფის გაუმჯობესება, ტენის უკეთ რეგულაცია, ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება, ფესვებიდან ჭარბი ტენის მოცილება.
მცენარეთა დარგვისას ნარგავების გარშემო მულჩის ოვალური კვლების გაკეთების შემდეგ ირწყვება ნიადაგი და სპეციალური ცელოფანი ეფარება, იმულჩება.
ლურჯი მოცვის მოშენება ბიზნესის თვალსაზრისით
საქართველოში არსებულ სანერგეებში ერთი წლის ლურჯი მოცვის ნერგს ფერმერი 5 ლარად შეიძენს. მცენარე დარგვიდან მე-2-3 წელს იძლევა მოსავალს. 2 წლის ბუჩქიდან ფერმერი საშუალოდ 2 კგ. ნაყოფს მიიღებს, სრული მსხმოიარობისთვის კი 5-6 წელია საჭირო. საშუალოდ ზრდასრული მცენარის ბუჩქი 5-8 კგ. მოსავალს იძლევა.
ერთ ჰექტარზე 3500 ნერგი ირგვება.
ერთ მკრეფავს დღეში 70-80 კგ. მოცვის მოკრეფა შეუძლია. 5 ჰა გაშენებული პლანტაციის მოცვის ნაყოფის დასაკრეფად 60-მდე მკრეფავია საჭირო.
დღევანდელ პირობებში ლურჯ მოცვზე მოთხოვნილება დიდია და გასაღება სხვა კენკროვნებთან შედარებით არ ჭირს.
მართალია ლურჯი მოცვის ბიზნესით დაკავება ძვირადღირებული საქმიანობაა, მაგრამ საქმიანობის სწორად დაგეგმვის და მოგებაზე ორიენტირებული გათვლილი მენეჯმენტის შემთხვევაში ის სერიოზულ მოგებას იძლევა.
ერთი ჰექტარი პლანტაციის გასაშენებლად დაახლოებით 17000-20 000 ლარის ინვესტიციაა საჭირო. წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟება მართალია პლანტაციის გაშენების ხარჯს ზრდის, მაგრამ ამასთანავე ზრდის პლანტაციის პროდუქტიულობას და ამცირებს რისკებს.
მოცვის სასარგებლო თვისებები
როგორც ვთქვით მოცვის გამოყენება შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივი სახით, ასევე გამშრალ და გაყინულ მდგომარეობაში. დღეს მისი შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ მდგომარეობაში. მოცვის მურაბა ასევე ინახავს მის სამკურნალო თვისებებს.
მოცვი დადებითად მოქმედებს ადამიანის მხედველობაზე. ეს ბევრისთვისაა ცნობილი. საკმარისია დღეში მოიხმაროთ 100 გრამი ახალი მოცვი (ან გაყინული, ან მშრალიც), და შეგიძლიათ დაივიწყოთ ახალი პრობლემები დაკავშირებული მხედველობასთან.
მოცვის კენკრის კვება ან მისი წვენით სარგებლობა ამაგრებს ადამიანის ძვალს. ზამთრისთვის გაყინულ მოცვს იყენებენ პროფილაქტიკის მიზნით. საკმარისია კვირაში ერთხელ მივირთვათ მოცვისგან დამზადებული რაიმე კერძი (ახალგაწურული მოცვი შაქართან ერთად, გაყინული ჩაისთან გარეული, მოცვის მურაბა ბლინებთან ერთად).
მოწამვლისა და ინტოქსიკაციის დროს დაგეხმარებათ მოცვის დადებითი თვისებები. იგი მდიდარია პეკტინური ნივთიერებებით, რასაც ორგანიზმიდან გამოჰყავს მძიმე რკინის მარილები, ასევე ტოქსინები და სხვა მავნე ნივთიერებები. დოზა დამოკიდებულია თქვენი დაავადების სიმძიმეზე, მას მოიხმარენ 3-ჯერ დღეში (ერთ მუჭას).
ნივთიერებების ცვლის დარღვევის (მეტაბოლიზმის) შემთხვევაში რეკომენდებულია მოცვის კენკრის ყოველდღიური მოხმარება. მოცვის გამოყენება დესერტად ნებისმიერი დიეტის საუკეთესო ალტერნატივაა. სისხლის ლეკერტი, რევმატიზმი, შარდისა და ნაღველ-კენჭოვანი ავადმყოფობა — ამ ყველაფრის დაძლევა შესაძლებელია მოცვის დადებითი თვისებებით. არ გაუშვათ დრო, ისარგებლეთ ბუნების ნაბოძით გამოსაჯანმრთელებლად.
მოცვის რეგულარული გამოყენება ამცირებს ტვინის მკვდარი უჯრედების რიცხვს, ეს კი ყველაზე მოქმედი საშუალებაა ასაკობრივი ცვლილებების წინააღმდეგ.