სოფლის მეურნეობის ტექნიკური საშუალებებით გადაიარაღებას მეცნიერული უზრუნველყოფა სჭირდება
ადრე სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით გადაიარაღება „მანქანათა სისტემის“ საფუძველზე ხორციელდებოდა, რომლის სრულყოფასა და პერიოდულ განახლებას საინჟინრო პროფილის ოთხი ორგანიზაცია ემსახურებოდა:
სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სამეცნიერო გაერთიანება „საქაგრომანქანა“, მანქანათა საგამოცდო სადგური და ნორმირების სადგური.
პირველი ორი ორგანიზაციის ფუნქციას, გარდა „მანქანათა სისტემის“ ფორმირებისა, შეადგენდა ქვეყნის სპეციფიკური დარგებისათვის (მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, სამთო მიწათმოქმედება და ა.შ.) სამანქანო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების დამუშავება, დაპროექტება და დამზადება. ამ მიმართულებით ჩატარებული თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის საფუძველზე შეიქმნა მსოფლიოში პირველი ჩაის საკრეფი მანქანა და სხვა ტექნიკური საშუალებანი, რომელთაც თავის დროზე დაიმსახურეს ლენინური და სახელმწიფო პრემიები. ასე რომ, ქვეყანაში არსებობს აგროსაინჟინრო სფეროში სამეცნიერო-საპროექტო მუშაობის მდიდარი ტრადიციები.
უკანასკნელ წლებში, მიუხედავად ფინანსური სიძნელეებისა, სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტში შეიქმნა გადაზრდილი და დეგრადირებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისა და ნიადაგის რეკულტივაციის ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებანი, რომელთა გამოყენება წარმოებაში უკვე დაწყებულია. სახელმწიფოს მხარდაჭერის შემთხვევაში შესაძლებელია მიმოქცევიდან სავარგულების ქვეყნის სამსხურში უსწრაფესი დაბრუნება.
ამჟამად ზემოთჩამოთვლილი საინჟინრო პროფილის ადრე არსებული ყველა ორგანიზაცია ფაქტიურად გაუქმებულია, სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტი გადასულია კერძო სამართლის იურიდიული პირის — აგრარული უნივერსიტეტის შემადგენლობაში. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი დაყვანილია 4 ერთეულზე. შეზღუდულია კვლევითი სამუშაოების დაფინანსება.
ევროკავშირის ქვეყნებში არსებობს სოფლის მეურნეობის განვითარების მდიდარი გამოცდილება, როცა საქართველოს მსგავს ქვეყნებში (ფინეთი, დანია, ნორვეგია, ისრაელი და ა.შ.) სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურაში შედის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, რომელთა რეკომენდაციების საფუძველზე ხდება სოფლის მეურნეობის მართვა.
ქვეყნის სპეციფიკის გათვალიწინებით, აუცილებლად მიგვაჩნია აგროსაინჟინრო სფეროს სოფლის მეურნეობის სტრუქტურაში ჩამოყალიბდეს სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი (რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის გაერთიანება), რომელიც შეასრულებს სამეცნიერო კვლევების, მანქანების დაპროექტების, დამზადების, გამოცდის და სამუშაოთა ნორმირების ფუნქციებს.
ცენტრის რეკომენდაციებით უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის ტექნიკური საშუალებებით გადაიარაღება მაღალი ტექნოლოგიების თანდათანობითი ათვისების საფუძველზე. ამჟამად საზღვარგარეთიდან ტექნიკის შეძენა ხდება მათი წინასწარი გამოცდის გარეშე, ძირითადად ძველი, მრავალოპერაციული ტექნოლოგიების შესრულებისათვის და უმეტეს შემთხვევაში ჩვენს ნიადაგობრივ პირობებში მალე გამოდის მწყობრიდან. ცენტრის საპროექტო ქვედანაყოფი დააპროექტებს მანქანა-მექანიზმებს ჩაისა და ციტრუსების მოვლა-მოყვანისა და სამთო მიწათმოქმედების მექანიზაციისათვის, ხოლო ექსპერიმენტულ-მექანიკურ ქარხანაში მოხდება მათი დამზადება. ცენტრის საგამოცდო ქვედანაყოფი ჩაატარებს შესაძენი მანქანების წინასწარ გამოცდებს და მაღალი ტექნოლოგიების გამოცდისა და ათვისების სამუშაოებს რეგიონების მიხედვით, ასევე სამუშაოების ნორმირებას მანქანა-ტრაქტორთა აგრეგატების სახეობების, კულტურებისა და რეგიონების მიხედვით.
ცენტრს შეეძლება ასევე კოოპერაციის საფუძველზე სერიულად აწარმოოს სასოფლო-სამეურნეო მანქანა და უცხოეთიდან შემოტანილი ტექნიკის რემონტი.
ქვემოთ მოტანილია სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის საქმიანობის სფეროს ძირითადი მიმართულებანი:
კონკურენტუნარიანი ტექნიკის, მექანიზმების და მასალების ნიმუშების, რესურსდამზოგი ტექნოლოგიების და სხვა სახის მეცნიერებატევადი პროდუქციის შექმნა;
ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ჩატარება სოფლის მეურნეობის წარმოების მექანიზაციის დარგში;
სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის, პრინციპულად ახალი გზების გამოვლენა, გამოყენებითი კვლევების ჩატარება სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებით, ახალი თაობის მექანიზაციის ენერგეტიკული და ტექნიკური საშუალებების დამუშავება;
ცენტრის პროფილის მიხედვით მეცნიერების მსოფლიო მიღწევების შესწავლა, განზოგადება და მათი პრაქტიკული გამოყენებისათვის ხელშეწყობა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისათვის ენერგეტიკული და ტექნიკური საშუალებების ოპტიმალური ნომენკლატურისა და რაოდენობის მეცნიერული დასაბუთება კულტურების მოვლა-მოყვანის მაღალი ტექნოლოგიების ათვისების გათვალიწინებით;
საზღვარგარეთიდან შემოსატანი ტექნიკის ნიმუშების წინასწარი გამოცდა ქვეყნის რეგიონების მიხედვით და რეკომენდაციების მიცემა;
სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიური ოპერაციების შესრულებისათვის სამუშაოების ნორმირება მანქანა-ტრაქტორთა აგრეგატების სახეობების, კულტურების და რეგიონების მიხედვით;
მექანიზაციის სპეციფიკური დარგებისათვის (მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, სამთო მიწათმოქმედება) ახალი თაობის ენერგეტიკული საშუალებების დამუშავება და სერიული წარმოება.
კოოპერაციის პრინციპებზე ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო მანქანის წარმოება და უცხოეთიდან შემოტანილი მანქანების ტექნიკური მოვლისა და რემონტის ჩატარება;
სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ასევე სახელმწიფო მართვის სხვა ორგანოების დავალებით მნიშვნელოვანი სამეცნიერო, სამეცნიერო-ტექნიკური და სამეურნეო პროგრამების, საინოვაციო პროექტების, ასევე ნორმატიული სამართლებრივი პროექტების სამეცნიერო ექსპერტიზის ჩატარება ცენტრის პროფილის მიხედვით;
მაღალი კვალიფიკაციის კადრების, მაგისტრების და დოქტორანტების მომზადებაში მონაწილეობა;
სამეცნიერო კადრების და სპეციალისტების კვალიფიკაციის, მათ შორის საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში ამაღლება.
რევაზ მახარობლიძე,
სსმმ აკადემიის აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილების
აკადემიკოს-მდივანი