კვლავ მეთევზეობაში არსებული გამოუყენებელი რეზერვების შესახებ
მეთევზეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის რეგიონებისათვის, მრავალი ბუნებრივი მონაცემით შეიძლება იყოს განპირობებული. ცნობილია, რომ ერთი კვადრატული კილომეტრიდან წლიური ჩამონადენი წყლის რაოდენობის მიხედვით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში.
დასავლეთ საქართველოს მდინარეებს საშუალოდ წლიურად შავ ზღვაში ჩააქვთ 40,7კმ3 წყალი, ე. ი. მთელი საქართველოს მდინარეების ჩამონადენის 76%, კასპის ზღვაში კი 12,7კმ3, ანუ 23%. არსებული მონაცემების მიხედვით შავი ზღვის აუზის მდინარეთა მინიმალური ჩამონადენი კასპიის ზღვის აუზის მდინარეთა მინიმალური ჩამონადენის მოდულებთან შედარებით უფრო დიდი მაჩვენებლებით ხასიათდება, რაც აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი კლიმატური პირობებით და ზაფხულში მდინარეების წყლის სარწყავად გამოყენებით აიხსნება.
საქართველოს ჰიდროენერგეტიკული რესურსების სიმდიდრე, რაც მდინარეთა წყალუხვობით, მაღალი ვარდნილობით, წყლიანობის რეგულირებითა და სხვა ბუნებრივი სიმდიდრით არის განპირობებული, გვაძლევს საშუალებას იდენტიფიკაციის მეთოდების დროული დანერგვით, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, ჩრდილოეთში თუ სამხრეთში, სადაც თევზის მეურნეობისთვის დიდძალი დამოუკიდებელი ფართობებია, მივიღოთ თევზის უხვი მოსავალი.
სამწუხაროდ, სარწყავ-საირიგაციო და ჰიდრომშენებელ ორგანიზაციებსა და თევზის მეურნეობებს შორის შეუთანხმებელი სამუშაოების ჩატარება, მოსალოდნელი სავალალო შედეგების გაუთვალისწინებლობა და ბუნებისდაცვითი ღონისძიებების უგულებელყოფა მილიონობით ზარალს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას, რის მაგალითსაც წარმოადგენს წყალსაქაჩების გაუქმება, ხოლო დანარჩენის შემთხვევაში თევზდაცვითი მოწყობილობების გარეშე მათი მუშაობა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ჯანდარის ტბაში 2015 წლიდან გარემოს დაცვისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სამსახურების მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით გაცემული დასკვნის საფუძველზე ხდება ჯანდარის ტბის დათევზიანება თევზის ჯანსაღი მოზარდით, რომელიც დღეს უკვე რეალობაში სასაქონლო პროდუქციის სახითაა სავაჭრო ქსელში წარმოდგენილი. ძნელია იმის თქმა, თუ რა რაოდენობის პროდუქცია შეიქმნებოდა იმ შემთხვევაში, ადგილი რომ არ ჰქონდეს როგორც სასაქონლო, ისე სანაშენე მასალის გადინებას აზერბაიჯანის საზღვრის მიღმა ტერიტორიაზე.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ ხდება იმ თევზის სრულყოფილი დაცვა, რომელიც ზოგიერთი წყალსაცავიდან სწრაფდამშვების მეშვეობით წყალთან ერთად ხვდება ტურბინებში. იღუპება ტონობით ისეთი ჯიშის თევზი, როგორიცაა: ადგილობრივი კალმახი, კობრი, ლოქო, რებეცი და სხვა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიგოეთში (ჯაპანა) არსებულ თევზსაშენს, რომელიც საქართველოს ამარაგებდა ტბორში ჩასასმელი თევზის მოზარდით, მასზე ჩქაროსნული გზის მონაკვეთისა და ხიდის გაყვანის გამო ემუქრება გაუქმება.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან აღმოსავლეთით მდებარე წყალსაცავში, რომელიც დღეს შპს „დალის მთის“ სახითაა წარმოდგენილი, ჩასმული ჰყავთ თეთრი ამური და სქელშუბლა. პოლიკულტურის შემადგენლობაშია ლოქო, ხრამულა, შამაია, ჭანარი. წყალსაცავში წყლის დონის რეგულირებას ახდენს მელიორაციის სამსახური. სამელიორაციო სამსახურისა და შპს „დალის მთის“ შეუთანხმებელი მუშაობის შედეგად, რაც გამოიხატება წყალსაცავში წყლის დონის მერყეობით, დიდი რაოდენობით თევზის მოზარდი იღუპება. კოშკურის წყალგამშვები, რომელიც თევზის შემაჩერებელი ბადის გარეშე ფუნქციონირებს, მუდმივად ღიაა, რის გამოც ადგილი აქვს წყალსატევში გაზრდილი სასაქონლო კონდიციამდე მიყვანილი თევზის გადინებას აზერბაიჯანის საზღვრის მიღმა (მოიჯარის გადმოცემით წყალგამშვებზე თევზის შემაჩერებელი ბადის დაყენების უფლებას მელიორაციის ადგილობრივი სამსახური არ იძლევა).
კუმისის ტბა, რომელიც მაღალი მინერალიზაციით გამოირჩევა უკანასკნელი წლების ზაფხულის პერიოდში წყლის დეფიციტს განიცდის. იხოცება თევზი ტბის სარკის ზედაპირის შემცირების გამო — რაც წყალში ჟანგბადის შემცირების ძირითად მიზეზად გვევლინება. აღნიშნული გარემოება შეიქმნა იმის გამო, რომ აღარ ხდება მაღალმინერალიზებული წყლის ნეიტრალიზაცია და ტბის სარკის ზედაპირის რეგულირება წყალსაქაჩის გაუქმების გამო, ზაფხულის განმავლობაში ერთადერთი წყალსამარაგო არხიც მუდმივად გადაკეტილია და სათავეზე მეურნეობის (ტბის) შევსება წვიმის იმედად არის დატოვებული. მეთევზეობის განვითარებისთვის საჭირო რეზერვების ასამოქმედებლად მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომელთაგან ერთერთ მნიშვნელოვან მომენტად მიგვაჩნია საქართველოს მთის მდინარეების თავისებურებები, რაც ბუნებრივი სასუქი საკვებით წყალსატევების გამდიდრებაში გამოიხატება. ტბორების, წყალსაცავებისა და არხების წყალუხვი მდინარეებით კვება შესაძლებლობას გვაძლევს სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო აქტიურად გამოვიყენოთ მოცემული ბუნებრივი სიმდიდრე მთელ სავეგეტაციო პერიოდში თევზის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით.
მდინარე ენგურისა და მის შენაკადებს დიდი რაოდენობით ჩამოაქვთ სვანეთის ქვაბულებში კარგი თვისების ლამი, რომელსაც სვანეთის მოსახლეობა იყენებს სასუქად სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის, რაც ორჯერ და სამჯერ ზრდის ნიადაგის მოსავლიანობას. ანალოგიურია გურიის, იმერეთისა და მთის სხვა მდინარეების მიერ ჩამოტანილი ლამის ხარისხი და რაოდენობა.
რიონჰესის სარეგულაციო საცავ აუზებში დღესდღეობით მდინარის მიერ მოტანილია და ამოსაღებია 800 ათას ტონაზე მეტი ყუათიანი ლამი. იგივე შეიძლება ითქვას მთის სხვა მდინარეების მიერ ჩამოტანილი ლამის ხარისხსა და რაოდენობაზე. ჩვენს მიერ გამოკვლეული იქნა გეგუთის ზუთხსაშენი მეურნეობის სატბორეებში არსებული ლამის შედეგიანობა, რომელიც ისეთი რაოდენობითაა დაგროვილი, რომ ტბორმა დაკარგა ფუნქცია ლამით გადავსების გამო მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სპეციალიზირებული ლაბორატორიის ანალიზით დასტურდება, რომ ხსენებული ლამის შემადგენლობაში შედის აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, ქრომი და სხვა მიკროელემენტები. აღნიშნულის გათვალისწინება საფუძველს იძლევა დავასკვნათ, რომ ტბორიდან ამოღებული ლამის სასუქის სახით გამოყენება სხვა სათევზე მეურნეობაში ან მემცენარეობაში მოსავლის გაზრდის გარანტად შეიძლება მოგვევლინოს, აღნიშნული სამუშაოს შემსრულებელი კი, რომელიც ერთი და იგივე სისტემაში ორი დარგის ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს, სამწუხაროდ, არავინაა.
საქართველოში არსებული ბევრი კარიერი, რომელიც ტორფის ან სამშენებლო მასალების მოპოვების შედეგად წარმოიქმნა და დღესაც მნიშვნელოვანი ფართობები უჭირავს, მცირე დანახარჯების გაღებით შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა სახის თევზის გამოსაზრდელად, აღნიშნულის სამაგალითო მოდელი შეიძლება იყოს ძველი, ტორფის მოსაპოვებელი კარიერები, რომელშიც ბინადრობს კარჩხანა და სხვა დაბალი ღირებულების თევზი. დარჩენილი ჯირკვების, უსწორმასწორო ადგილების, ქვებისა და ნაგავის არსებობის გამო მასში თევზის ჭერა გაძნელებულია. ხსენებული კარიერის ბაზაზე შესაძლებელია სატბორე მეურნეობის მოწყობა, სადაც მოსაშენებელი ობიექტი იქნება კობრი, კარჩხანა, ჭანარი და სხვა. ასეთ მეურნეობებში ყოველ 1ჰა წყლის ფართზე, ბუნებრივი თევზპროდუქტებით შესაძლებელია 1-2ც და მეტი თევზის მიღება.
ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მცირეწყლიანი რეგიონის პირობებისთვის მხედველობაშია მისაღები თევზის მეურნეობის დახურული სისტემა, რომელიც თავისი ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით კმაყოფილდება სუფთ, შედარებით დაბალი დებეტის მქონე წყლით.
ქვემოთ ილუსტრირებული დახურული წყალმომარაგების სისტემით თევზის გამოზრდის სქემა ემყარება წყლის მექანიკურ გაწმენდას, ბიოლოგიურ ფილტრაციასა და დეგაზაციას, საჭიროების შემთხვევაში ჟანგბადით გამდიდრებასა და ულტრაიისფერი სხივებით დეზინფექციას.
დანადგარი სხვადასხვა წარმადობის გათვალისწინებით შეიძლება გამოყენებული იქნას აქვაკულტურის ობიექტების გამოსაზრდელად (თევზი, კიბორჩხალა, მოლუსკი და სხვა). მისი მუშაობის პრინციპი ემყარება თევზის როგორც მრავალტონიანი, ასევე მცირე მოცულობის სამარაგო სისტემის შევსებასა და გადაშენების პირზე მყოფი სახეობების გადარჩენას.
თამაზ გავაშელი,
ეკოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი
დემნა ხელაია, სურსათის ეროვნული სააგენტოს
უფროსის მოადგილე