აგროსიახლეები

ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავება დამატებული ღირებულების შექმნის საფუძველია

სოფლის მეურნეობის განვითარებისა და რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებისთვის გადამმუშავებელი მრეწველობის როლი ფუნდამენტურია.

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ სწორედ იმ წარმატებული მოდელის მაგალითია, სადაც ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავება პირდაპირ უკავშირდება როგორც ფერმერთა შემოსავლების ზრდას, ისე ქართული აგროპროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციას.

2007 წელს დაარსებული „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ დღეს საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. საწარმოს საქმიანობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაეცნო. ქარხანა ორიენტირებულია ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებაზე და აწარმოებს 50-ზე მეტი სახეობის პროდუქტს, მათ შორის ტომატის პასტას, ტყემალს, აჯიკას, მარინადებს, საწებლებს, ჯემებსა და მურაბებს.

საწარმოს წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ფერმერებთან მჭიდრო კავშირია. ქარხანა ნედლეულს პარტნიორი კომპანიის „მარნეული აგროსა“ და 150-ზე მეტი ქართველი ფერმერისგან იბარებს, რაც უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის სინერგიას. შედეგად, ქართული პროდუქცია არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა წარმოდგენილი, არამედ წარმატებით გადის ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე, სადაც განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს ტყემალი, კიტრის მარინადი და აჯიკა.

 „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ საქმიანობა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების მეშვეობით, ადგილობრივი ნედლეულის ეფექტიანად ათვისება და  მომგებიან რესურად ქცევა. ეს იმის გარანტიც არის, რომ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გლობალურ ბაზარზე ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს, რაც საბოლოო ჯამში, თითოეული ქართველი ფერმერისა და რეგიონის კეთილდღეობაზე აისახება.