ქართული ხორბლის ახალი გზა — „ლომთაგორას“ გამოცდილება
საქართველოში ხორბლის წარმოების ზრდა, ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნება და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული ახალი ჯიშების განვითარება ქვეყნის აგროსასურსათო სექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება იმ მეურნეობებსა და კომპანიებს, რომლებიც პრაქტიკულ წარმოებას სელექციურ საქმიანობასა და ქართული გენეტიკური რესურსების შენარჩუნებას უკავშირებენ.
ამ მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაეცნო.
მინისტრმა ფირმა „ლომთაგორას“ სასოფლო-სამეურნეო საწარმო დაათვალიერა და კომპანიის წარმომადგენლებისგან ხორბლის წარმოებისა და სელექციის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ქართული ხორბალი, წარმოება, კვლევა და სელექცია
„ლომთაგორას“ საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ხორბლის სელექცია და ახალი ჯიშების გამოცდაა. კომპანიაში სასელექციო სამუშაოები წლების განმავლობაში მიმდინარეობს და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული ხორბლის ჯიშების გამოცდას, მათი სამეურნეო თვისებების შეფასებასა და განვითარების შესაძლებლობების შესწავლას.
სელექციის პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როდესაც სოფლის მეურნეობა ახალი გამოწვევების წინაშე დგას. კლიმატის ცვლილება, გვალვისა და მაღალი ტემპერატურის გახშირება, დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების რისკები ფერმერებისთვის უფრო გამძლე და ადაპტირებული ჯიშების საჭიროებას ზრდის.
„ლომთაგორა“ — წარმოებიდან მომხმარებლამდე
კომპანიის საქმიანობის საინტერესო მიმართულებას წარმოადგენს ქართული ხორბლის წარმოებისა და საბოლოო პროდუქტის ერთმანეთთან დაკავშირება.
„ლომთაგორას“ მიერ მოყვანილი ხორბლის ნაწილი ადგილზე, ქვის წისქვილზე იფქვება. მიღებული პურის ცეხვილი ფქვილი მიეწოდება კომპანია „იფქლი დიღომს“, რომელსაც მზა პროდუქტი, ცეხვილი პური სავაჭრო ქსელში გააქვს. რეალიზაციას.
ქართული ხორბლისგან დამზადებული პური მომხმარებელში უკვე პოპულარული პროდუქტია. ასეთი საწარმოო ჯაჭვი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულის გამოყენების, არამედ პროდუქტის წარმომავლობისა და ხარისხის მიმართ მომხმარებლის ინტერესის ზრდის თვალსაზრისითაც.
ამ შემთხვევაში ფერმერიდან მომხმარებლამდე იქმნება ერთიანი ჯაჭვი — ქართული ხორბლის მოყვანა, ადგილობრივი გადამუშავება, ქართული პროდუქტის წარმოება, მომხმარებლისთვის მიწოდება. სწორედ ასეთი მოდელის განვითარება ქმნის დამატებულ ღირებულებას ქვეყნის შიგნით და ზრდის ადგილობრივი აგროსექტორის ეკონომიკურ ეფექტიანობას.
ქართული ჯიშების შენარჩუნება — სასურსათო უსაფრთხოების ნაწილია
ქართული ხორბლის ჯიშებს მხოლოდ ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ქვეყნის აგრობიომრავალფეროვნებისა და სასოფლო–სამეურნეო გენეტიკური რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნება და მათი სამეცნიერო-სელექციური შესწავლა მომავალში ახალი, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული ჯიშების შექმნის საფუძველი შეიძლება გახდეს. ამასთან, ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული გენეტიკური მასალის არსებობა ზრდის სოფლის მეურნეობის მდგრადობის შესაძლებლობას.
სწორედ ამ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ხორბლის წარმოების ზრდას, ისე ქართული ჯიშების შენარჩუნებას, კვლევასა და თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული ახალი ჯიშების განვითარებას“, — აღნიშნა მინისტრმა.
მისი შეფასებით, ისეთი მეურნეობების გამოცდილება, როგორიც „ლომთაგორაა“, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ზრდისა და ქართული აგროსექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის.
ადგილობრივი წარმოება და სასურსათო უსაფრთხოება
როგორც კომპანია ლომთაგორას ხელმძღვანელი კახა ლაშხი ამბობს, ხორბალი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კულტურაა. შესაბამისად, მისი წარმოების ზრდა მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხი არ არის, იგი პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობასა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება.
ადგილობრივი წარმოების გაძლიერება რამდენიმე მიმართულებით ქმნის დადებით ეფექტს: იზრდება ფერმერებისა და აგრომეწარმეების შემოსავლების მიღების შესაძლებლობა, ვითარდება გადამმუშავებელი სექტორი, იქმნება დამატებული ღირებულება და მცირდება იმპორტირებულ ნედლეულზე დამოკიდებულება.
ამ პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორია არა მხოლოდ წარმოების მოცულობის ზრდა, არამედ ხარისხის გაუმჯობესებაც. სწორედ ამიტომ, ჩვენი მუშაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად რჩება წარმოების, სელექციის, კვლევის, გადამუშავებისა და ბაზრის მოთხოვნების ერთმანეთთან დაკავშირება.
ახალი შესაძლებლობები ქართული აგროსექტორისთვის
„ლომთაგორას“ მაგალითი აჩვენებს, რომ ხორბლის სექტორის განვითარება მხოლოდ მარცვლეულის წარმოებით არ შემოიფარგლება. თანამედროვე აგროსექტორში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სრული ღირებულებათა ჯაჭვის შექმნა, ჯიშის შერჩევიდან და წარმოებიდან გადამუშავებასა და საბოლოო პროდუქტის რეალიზაციამდე.
კომპანია ასევე აწარმოებს ქართულ უმაღლესი ხარისხის სასურსათო სიმინდს, რომლის ფქვილის დაფასოება და ბაზარზე გატანაც იგეგმება. ამასთ ერთად მალე სამამულო წარმოების მზესუმზირაც გამოჩნდება ბაზარზე. ასე რომ ლომთაგორა მუდმივად სიახლეების ძიებაშია და ახალი მიმართულებების განვითარებას ინტენსიურად აგრძელებს, რაც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის საფუძველზე შეიქმნას ქართული პროდუქტი და მომხმარებელს უფრო მეტი მაღალი ხარისხისიადგილობრივი წარმოების პროდუქტი მიეწოდოს.
ქართული ხორბლის წარმოების განვითარება, ადგილობრივი ჯიშების დაცვა და ახალი ჯიშების სელექცია ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესებია, რომლებიც ქვეყნის აგრარული სექტორის გრძელვადიან მდგრადობას განსაზღვრავს. „ლომთაგორას“ გამოცდილება ცხადყოფს, რომ ადგილობრივი გენეტიკური რესურსების გამოყენება, თანამედროვე სელექციური საქმიანობა და გადამუშავების განვითარება შეიძლება ერთიან საწარმოო ჯაჭვად ჩამოყალიბდეს.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, ქართული ხორბლის უნიკალური რესურსი არა მხოლოდ შეინარჩუნოს, არამედ თანამედროვე სოფლის მეურნეობის შესაძლებლობების გამოყენებით განავითაროს. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხორბლის სათესლე მასალის წარმოების ზრდას, ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების განმტკიცებას.

