აგროკონსულტირების როლი საქართველოს სოფლის მეურნეობაში
საქართველოში უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელ დონეს საგრძნობლად ჩამორჩა. აღნიშნული განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით:
- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ავტომატურად მოიშალა სოფლის მეურნეობის არსებული ინფრასტრუქტურა — დაიკარგა ტრადიციული ბაზარი, პარალელურად მოიშალა სოფლის მეურნეობის გადამმუშავებელი მრეწველობა;
- გლეხებისათვის მიწების საკუთრებაში გადაცემის შედეგად სავარგულების მცირე ფართობებად დანაწევრება მოხდა, სადაც პრაქტიკულად ვერ ხერხდება თანამედროვე ტექნოლოგიებით ეფექტური მეურნეობის ორგანიზება;
- შიდა ბაზრის 80%-ი იმპორტულმა ს/ს პროდუქტმა დაიკავა, რასაც კონკურენციას ვერ უწევს ადგილობრივი პროდუქტი.
- მიწის მესაკუთრემ ბაზრის დაკარგვის და არამომგებიანი საქმიანობის გამო ეტაპობრივად ხელი აიღო მიწათსარგებლობაზე და შემოსავლების სხვა გზების ძიება დაიწყო;
- საქართველოს ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის სტრატეგიული განვითარების რეალური პოლიტიკის შემუშავება დღემდე ვერ უზრუნველყო;
- ქვეყანაში როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე კვალიფიციური სპეციალისტების მწვავე დეფიციტია.
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად მიჩნეულია სოფლის მეურნეობა. გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და სპეციალური მილიარდიანი ფონდის დაფუძნება. რეგიონული სპეციფიკის გათვალისწინებით დაგეგმილია სამოცი გადამმუშავებელი საწარმოს შექმნა და საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ერთ-ერთ გადაუდებელ ღონისძიებებად აგროკონსულტირება მიმაჩნია. სოფლის მეურნეობაში კონსულტირება ნიშნავს კონსულტანტისა და მიწის მეურნის (გლეხი, ფერმერი) ისეთ ურთიერთობას, როცა თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით მაღალხარისხიანი და სტაბილურად კარგი შედეგები მიიღწევა. კონსულტაციის მიზნებიდან გამომდინარე კონსულტირების მეთოდები ორ ძირითად ნაწილად უნდა დაიყოს — სისტემური (მთავარი) და პერიოდული (დამატებითი). პირველი სოფლის მეურნეობის (რეგიონების, მიწების) განვითარების სტრატეგიის და პროგრამების მომზადებას, პრობლემების განსაზღვრას და გადაჭრას გულისხმობს. ცხადია, სოფლის მეურნეობის ეკონომიკური დაგეგმარებისას მიწათმოსარგებლეს პასუხი სამ ძირითად კითხვაზე აინტერესებს:
- რა სახის პროდუქცია აწარმოოს არსებულ მიწის ფართობზე;
- რა ტექნოლოგიით მიიღოს მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქცია;
- ბაზარი — სად და როგორ გაყიდოს თავის პროდუქცია სარფიანად.
დამატებითი კონსულტირება ცოდნის და უნარ-ჩვევების გაზიარებას, სამეცნიერო-ტექნიკური და მარკეტინგული კვლევის შედეგების მიწოდებას, პროგრესული გამოცდილების დანერგვასა და გავრცელებას გულისხმობს.
სახელმწიფო აგრარული პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე აგროკონსულტირება შემდეგი ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად: სახელმწიფო აგრარული პოლიტიკის რეალიზაციის ხელშეწყობას კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის დამხმარე ინსტრუმენტი, მიწის მესაკუთრეთა დახმარების გაწევას. აგროკონსულტირება ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც აქვს ეფექტური ორგანიზაციული სტრუქტურა, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე და საკონსულტაციო ცენტრები აქტიურად იყენებენ საერთაშორისო მიღწევებს. აგროკონსულტირების ეფექტიანი სამსახურები დღევანდელი საქართველოს პირობებისათვის განსაკუთრებით საჭიროა, რადგანაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი და გადაუდებელი აგრარულ-ეკონომიკური რეფორმებია გასატარებელი.
დღეს აგროსაკონსულტაციო სამსახურის ამოცანა მიწათმოსარგებლეთათვის აგრარული რეფორმირების მიზნების, თანამედროვე მსოფლიოს სოფლის მეურნეობაში მიმდინარე დადებითი პროცესებისა და მათი გამოცდილების ადგილობრივ პირობებზე მორგება-რეგულირების მეთოდების გაცნობაა.
სოფლის მეურნეობის პარალელურად აგროკონსულტირების მიმართულებებიც ვითარდება. მაგალითად, ტექნიკურმა პროგრესმა დღის წესრიგში დააყენა სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული კონსულტაციების აუცილებლობა, ეკონომიკურმა რეფორმებმა აქტუალური გახადა საბაზრო ბიზნესის ორგანიზაციულ-ეკონომიკური კონსულტაციები, ინტეგრაციამ და გლობალიზაციამ დააჩქარა იურიდიული და სამართლებრივი კონსულტაციების განვითარება. ამჟამად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკონსულტაციო ამოცანები ერთ ცნებაშია გაერთიანებული „სოფლის მეურნეობის მართვა“.
დღეს სოფლის მეურნეობაში კონსულტირების ძირითადი მიმართულებებია:
- ტექნოლოგიური;
- ორგანიზაციულ-ეკონომიკური;
- იურიდიულ-სამართლებრივი;
- სოციალური და საყოფაცხოვრებო;
- სტანდარტების სფერო;
- კონსულტირება გარემოს დაცვის საკითხები.
არსებობს აგროკონსულტირების სამი ძირითადი ფორმა: კოლექტიური, ჯგუფური და ინდივიდუალური.
მსოფლიო პრაქტიკა აგროკონსულტირების ორგანიზაციის ორ მოდელს იცნობს: საზოგადოებრივი, რომელიც იყოფა სახელმწიფო, კოოპერატიული და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების მიერ ორგანიზებულად;
კომერციული, რომელსაც პროფესიული ორგანიზაციები, კონსალტინგური ფირმები და სოფლის მეურნეობის გადამმუშავებელი საწარმოთა მიზნობრივი ჯგუფები ახორციელებენ.
განვითარებულ ქვეყნებში აგროკონსულტირების განვითარება მიმდინარეობს საზოგადოებრივიდან — კომერციულის მიმართულებით. აგროკონსულტირებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სამეცნიერო დაწესებულებებს და იქ არსებული პოტენციალის გამოყენებას. ბევრ ქვეყნებში კონსულტირების სპეციალური სამსახურები უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან ფუნქციონირებენ. აქვე ხდება კონსულტანტების დარგობრივი კადრების მომზადება.
ქვეყნებში, სადაც რეფორმები დაჩქარებული ტემპებით ხორციელდება, აგროკონსულტირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახელმწიფო საკონსულტაციო სამსახურები. ისინი მხარს უჭერენ სოფლად სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას და პარალელურად გლეხებს კონსულტაციებს უტარებენ. ამ მიმართულებით ჩვენთვის მისაბაძი პრაქტიკაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მ.შ. პოლონეთში. პოლონეთში მიღებული აქვთ სპეციალური კანონი „სასოფლო-სამეურნეო კონსულტირების დაწესებულებების შესახებ“. კონსულტირების პროგრამას აფინანსებს ევროკავშირის სპეციალური ფონდი. კონსულტირების ასეთი მოდელი შესაძლებელია წარმატებით გამოვიყენოთ საქართველოში.
საქართველოში აგროკონსულტირების დაწყებისათვის გარკვეული ინფრასტრუქტურული ბაზა არსებობს. პირველ რიგში ვგულისხმობთ „მილენიუმის“ პროგრამის ფარგლებში შექმნილ „ფერმერთა მომსახურების ცენტრებს“, თითქმის ყველა რეგიონშია და ასევე — ახლად შექმნილი სერვისცენტრები. ამ ეტაპზე გადაუდებელ სახელმწიფოებრივ ღონისძიებად შესაბამისი კადრების მომზადება და საკონსულტაციო ჯგუფების დაკომპლექტება მესახება, რომლებიც საგაზაფხულო ს/ს სეზონის დაწყებასთან ერთად რეგიონებში აგროკონსულტირებას დაიწყებენ. მიგვაჩნია, რომ აგროკონსულტირების ორგანიზება და დაფინანსება პირველ ეტაპზე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. შემდგომში აგროკონსულტირების კომერციალიზაცია და კერძო სტრუქტურებში მისი გადასვლა ბუნებრივად მოხდება.
ქრისტო კახნიაშვილი
ბიოლოგიის მეცნიერების დოქტორი