აგროსიახლეები

„აგროსტიპენდიების“ პროგრამით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და უნივერსიტეტებთან მემორანდუმები გაფორმდა

„აგროსტიპენდიების“ პროგრამის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა უნივერსიტეტებსა და  პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. მემორანდუმებს ხელი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანი  „აგროსტიპენდიების“ პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად უწყებების აქტიური თანამშრომლობაა. „აგროსტიპენდიების“ პროგრამა აგრარული მიმართულების დეფიციტური პროფესიების პოპულარიზებას, წარჩინებული სტუდენტების სტიპენდიებით წახალისებას და შესაბამის უწყებებში სტაჟირების გავლას ითვალისწინებს

ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების პროგრამის ოფიცერი ლელა მამრიკიშვილი  და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ პროექტის ფარგლებში „აგროსტიპენდიების“ პროგრამას ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს აგრარული მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  მქონე უნივერსიტეტების და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმატებული სტუდენტების აგროსტიპენდიებზე წარდგენას.