რუბრიკებიფერმერი ფერმერს

ახალგაზრდა მეფუტკრე

22 წლის გიორგი გორგოძე წარმატებული მეფუტკრე ფერმერია. საფუტკრე ბოლნისში აქვს. ჯერ 40 ფუტკრის ოჯახი ჰყავს. აწარმოებს თაფლს, ყვავილის მტვერს, დინდგელსა და ჭეოს.

გიორგი მეფუტკრეობით ბავშვობიდან დაინტერესდა. 16 წლის იყო ფუტკრის 2 ოჯახი რომ შეიძინა და მალე სკები 20-მდე გაამრავლა. შემდეგ სახელმწიფოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტში „აწარმოე საქართველოში“ გაიმარჯვა და საფუტკრე კიდევ 20 ოჯახით გაზარდა.

იორგი დღეს თავისი საქმით ამაყობს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა და წარმოებული პროდუქტის გაყიდვაც არ უჭირს, პირიქით, ვერც აკმაყოფილებს მოთხოვნილებას, ამიტომ ცდილობს საფუტკრე გაზარდოს, მეტი ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს და ექსპორტზეც გაიტანოს.

„მეფუტკრეობის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ბოლო წლებში განხორციელებული სახელმწიფო პროგრამებია _ ამბობს გიორგი _ კოოპერატივებიც ნაწილობრივ ფინანსდება, რაც ბევრ მეფუტკრეს განვითარების რეალურად შანს აძლევს.

კარგი რომ ქართულ თაფლზე და თაფლის პროდუქტებზე მოთხოვნა, როგორც შიდა, ისე გარე ბაზარზე იზრდება, რაც ბევრ ადამიანს იმედს უსახავს. მეფუტკრეობის ბიზნესს საქართველოში რეალური პერსპექტივა გააჩნია.

თუმცა, სამწუხაროა, რომ დღეს მცირე მეწარმეებს ექსპორტზე გასვლა გვიჭირს. მივმართავთ დილერებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, პროდუქტზე დაბალ ფასს გვთავაზობენ. ამას ემატება ისიც, რომ არ გვაქვს ლაბორატორია, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო აღიარება, რის გამოც ქართული თაფლის მიმართ ნდობა ნაკლებია. ამიტომ მცირე ფერმერები სარეალიზაციოდ ისევ ადგილობრივ ბაზარს ვამჯობინებთ“ _ დასძენს ახალგაზრდა მეფუტკრე.

გიორგისთვის მეფუტკრეობა რთული საქმე არ არის. საფუტკრეში სამუშაოების ჩატარება სეზონურობის მიხედვით უწევს და ძირითად საქმიანობაში ძმა ეხმარება.
„ფუტკარს ზამთრის პერიოდში ნაკლები ყურადღება სჭირდება. გაზაფხული კი ყველაზე რთულია, რადგან თითოეული ფუტკრის ოჯახი უნდა შეამოწმო, გაწმინდო, დააკვირდე, თუ საჭიროა დაეხმარო, უმკურნალო, გააძლიერო, რომ ფუტკარი ღალის დადგომას მომზადებული შეხვდეს, _ მეუბნება გიორგი. ამ სფეროში წარმატებას რომ მიაღწიო, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც თეორიულ ცოდნას, ას პრაქტიკულ გამოცდილებას.

ხშირად ვაწყდები ისეთ შემთხვევებს, როდესაც თეორია პრაქტიკას არ ემთხვევა. ამ შემთხვევაში მეფუტკრეს თავად უწევს გადაწყვეტილების მიღება, როგორ მოიქცეს. ჩემი გამოცდილებიდან, თუ ადამიანმა კარგად იცის ენები, ინტერნეტის მეშვეობით სასარგებლო ინფორმაციის მოძიებას შეძლებს სტატიების თუ ვიდეოგაკვეთილების სახით. სოციალურ ქსელშიც ძალიან კარგი შესაძლებლობებია, სადაც მეფუტკრეები სიახლეებს და გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს. ასევე, არსებობს უამრავი ქართულენოვანი სახელმძღვანელო, რომელშიც მრავლად არის თეორიული ინფორმაცია ფუტკრის მოვლა-პატრონობაზე“ _ ამიტომ გიორგი გორგოძე დამწყებ ფერმერებს ურჩევს, მეტი ინფორმაცია მოიძიონ, კარგი კარგად შეისწავლონ ეს საქმე და თუ საწყის ეტაპზე რაიმე ისე არ გამოუვათ, როგორც საჭიროა, ფარ-ხმალი არ დაყარონ, კიდევ მეტი ისწავლონ და წარმატებასაც აუცილებლად მიაღწევენ.

თეონა ნოზაძე,

ასოციაცია „მომვლის ფერემერი“