ხუთშაბათი, მაისი 23, 2024
ახალი:
დარგებიმეცხოველეობა

ახალგაზრდა ფერმერი ზემო ბოდბედან

მესაქონლეობას 9-10 წლიდან მისდევს. დღემდე საკმაოდ რთული და შრომატევადი გზა გაიარა. რამდენიმე წლის წინათ ინგლისსა და ესტონეთში კვალიფიკაციაც აიმაღლა. საქართველოში ფერმერმა წარმატებას რომ მიაღწიოს, პირველ რიგში, ეს საქმე უნდა უყვარდეს, იყოს შრომისმოყვარე, მომთმენი და მიზანდასახული _ ამბობს ახალგაზრდა ფერმერი.

გურამ მანგოშვილი

-გურამ მანგოშვილი 33 წლისაა, ცხოვრობს სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში. მისდევს მეცხოველეობას. აქვს მსხვილფეხა პირუტყვის მეხორცული ფერმა.

_ ბატონო გურამ,  როდის მიჰყავით ხელი მესაქონლეობას, როდიდან იქცა ეს საქმიანობა თქვენი შემოსავლის ძირითად წყაროდ?

_ მესაქონლეობას ბავშვობიდან მივდევ, ალბათ 9-10 წლიდან. ვუყურებდი პაპებს, როგორ ზრდიდნენ და უვლიდნენ საქონელს. დიდი სურვილი მქონდა გამეგრძელებინა მათი საქმიანობა და გავმხდარიყავი დიდი ფერმერი. თავდაპირველად მყავდა რამდენიმე ძროხა, შემდეგ კი, დაუღალავი შრომის შედეგად, გავზარდე საქონლის რაოდენობა. ეს საქმიანობა ჩემი შემოსავლის წყაროდ  2014-2015 წლებიდან იქცა.

_ რთული არ იყო პირველი ნაბიჯები?

_ სირთულე ყველა პროფესიას სდევს თან, რა თქმა უნდა, არც ჩემთვის ყოფილა ეს ყველაფერი მარტივი. მით უმეტეს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გამოუცდელი ბავშვი ვიყავი და ჩემთვის პირველი ნაბიჯები ამ სფეროში სწორედ ამიტომ იყო რთული. ყველაფერი დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ადამიანი აანალიზებს, თუ რამხელა ენერგია სჭირდება ამ ყველაფერს და რამხელა ვალდებულებები გაკისრია.

_ ამჟამად რამდენი სული საქონელი გყავთ?

_ ფერმაში უკვე 60 სული ძროხა მყავს.

_ რძის პროდუქტებსაც აწარმოებთ?

_ როგორც თავდაპირველად მოგახსენეთ, ვაწარმოებ მხოლოდ ხორცს და არა რძის პროდუქტებს.

_ რამდენად ხელსაყრელია დღეს ფერმერობა?

_ თავისი სირთულეების მიუხედავად, ფერმერობა საკმაოდ შრომატევადი და ამავე დროს სარგებლიანი პროფესიაა.

_ კორონავირუსმა ბევრი სფეროში შექმნა პრობლემები. თქვენ რა პრობლემების წინაშე დადექით?

_ პანდემიამ გარკვეულწილად პრობლემები ჩემს სფეროშიც შექმნა. დაიკეტა კვების ობიექტები, ვეღარ ხერხდება ხორცის სრული რეალიზაცია. დაახლოებით, 70%-ით შემიმცირდა გაყიდვები. დაიკეტა ცოცხალი საქონლის ბაზრები, რაც  დიდ სირთულეს მიქმნის.

_ ბოლო დროს სოფელს ბევრმა ადამიანმა მიაშურა. როგორ ფიქრობთ, მიმდინარე პროცესები ხელს ხომ არ შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას?

_ მოგეხსენებათ, ქალაქის მოსახლეობა სოფელში ვირუსისგან თავდასაცავად ჩამოვიდა. ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება კრიტიკული პერიოდი, დღე, თვე ან წელი. თუ ვირუსის გავრცელება მოკლე დროში შეწყდება (რისი იმედიც გვაქვს ყველას), მოსახლეობა კვლავ ქალაქში დაბრუნდება, სოფლის მეურნეობის განვითარება კი ასეთ მოკლე დროში შეუძლებელია.

ავტორი:

წყარო: sputnik-georgia.com

გურამ მანგოშვილის ფოტოები