მევენახეობა-მეღვინეობა

ახალი მცირე მარნების ფესტივალი 2017

გუშინ, პირველ ოქტომბერს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, ” თბილისის N1 ღვინის ქარხანაში, ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017″ ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალი უკვე მეორედ ჩატარდა, მისი მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება და ახალი მეწარმეების ხელშეწყობაა.

პირველ ფესტივალში ოცამდე მცირე ღვინის მარანი მონაწილეობდა, გუშინ კი  ორმოც მეღვინეს ჰქონდა თავის ღვინო წარმოდგენილი.

ორგანიზატორების თქმით დღეს ეს ყველაზე საინტერესო რგოლია თანამედროვე ქართულ მევენახეოაბა- მეღვინეობაში, რომელიც ზრუნავს ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე.

ფესტივალზე საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ორმოცი გამორჩეული ღვინის მარანი იყო წარმოჩენილი.

ღვინის კლუბის დამფუძნებლისა და ორგანიზატორის, მალხაზ ხარბედიას განმარტებით, ასეთი ღონისძიების მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ქართული ღვინის შესახებ,  სადაც მათ შეეძლებათ დააგემოვნონ და გაიცნონ სხვადასხვა ღვინოები, რათა შემდეგში თავად შეძლონ არჩევანის, თუ რომელი ღვინო მიესადაგება მათ ხასიათსა და გემოვნებას, ჩამოიყალიბონ  პოზიცია და აირჩიონ ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.

ფესტივალში მონაწილეობდა “ხვთისიას ღვინო”. მარანი 2015 წელს დაარსდა, დღეს კი მათი ღვინოს დაგემოვნება თბილისის რამდენიმე ბარშია შესაძლებელი.

ღვინოს აწარმოებენ ნატურალურად და ხარისხიანად . მათთვის მთავარი მიზანი ღვინის  ხარისხის შენარჩუნებაა.

“მარანი სანავარდომ” წლევანდელ ფესტივალზე ოთხი სახეობის ღვინო წარმოადგინა,  აქვთ საკუთარი ვენახები, საფერავი და რქაწითელი. სამომავლოდ გეგმავენ წარმოების გაზრდას და გაძლიერებას. პირველად ასეთ ღონისძიებაში იყალთოში მონაწილეობდნენ, სადაც  ბრინჯაოს მედალი აიღეს.

“ქვევრი ამორისი” მესამე წელიწადია აწარმოებს ღვინოს და უკვე 100-მდე  ქვევრი აქვთ ჩაყრილი. მოსკოვის საერთაშორისო ღვინის ფესტივალზე კი მათმა ღვინომ ორი ოქროს მედალი დაიმსახურა.

”შატო ატენს” კი 2015 წლის ოთხი სახეობის ღვინო წარმოადგინეს. სოსო ვანიშვილის თქმით, სამომავლოდ წარმოების გაზრდას ფიქრობს, რადგან უახლოეს მომავალში ოთხი ათასამდე ბოთლი ღვინო ამერიკაში გაიტანოს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, რამდენიმე წელია აქტიურად იმართება  სხვადასხვა სახის  ფესტივალი, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებაში  ახალგაზრდა მეწარმეების გაცნობას და ქართული ღვინის მრავალფეროვნების წარმოჩენას და პოპულარიზებას.

ქართული  ღვინის დღე პირველად 2014 წელს აღინიშნა. ღონისძიებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს გადაწყდა, რომ „ქართული ღვინის დღე“ კვირეულის სახეს მიიღებდა. 2017 წელს ქართული ღვინის კირეული 29 სექტემბერს მარნეულში გაიხსნა და 8 ოქტომბერს თბილისში „ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსით“ დასრულდება.

სალომე კაპანაძე