ახალშენი ნუშის ხის სხვლა-ფორმირება
ახალშენი ნუშის ხეების ფორმირება ტარდება პირველ წლებში, იმისთვის რომ მცენარეს მივცეთ სასურველი ფორმა, რომელიც შემდგომ განაპირობებს მცენარის მაქსიმალურ ზრდასა და უხვ მოსავლიანობას.
პირველი წლის ფორმირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მცენარის ჯანსაღად ზრდის და პროდუქტიულობისთვის.
მას შემდეგ რაც პირველი წლის გასხვლას ჩავატარებთ, შემდეგ წლებში ზრდასრულ მცენარეების ფორმირებაში მინიმალური ჩარევა დაგვჭირდება, რომელიც შეიძლება იყოს პროფილაქტიკური, გასაწმენდი გასხვლა და დაავადებული/გამხმარი ტოტების მოშორება.
არსებობს ორი სახის გასხვლა: ზედაპირული და გამოხშირვა (ამოჭრა).
ორივე ტიპი ერთმანეთისგან განსხვავებულ ზრდას იწვევს. ზედაპირული სხვლის დროს ვჭრით ზედა ნაწილს, ხოლო ქვედა ტოტებს ვტოვებთ.
გამოხშირვის დროს კი მთლიან ტოტს ვაშორებთ ზრდის საწყისიდან.
ზედაპირული გასხვლის შემდეგ, გასხვლის ადგილის დაბლა მყოფი გვერდითი კვირტები აქტიურდებიან და წარმოქმნიან ახალ გვერდითა ყლორტებს. ხოლო, გამოხშირვის დროს კი ძირითადი ტოტები სტიმულირდება და ენერგია მიდის დარჩენილ ტოტებში/ყლორტებში. ეს ხდება იმიტომ, რომ ნახშირწყლების მარაგი, რომელიც აქამდე მთელ ხეში/ყველა ტოტში ნაწილდებოდა, ახლა მხოლოდ გასხვლის შემდეგ დარჩენილ ყლორტებში დაიხარჯება.
პირველ წელს ხდება 3-4 ნაზარდის არჩევა და დანარჩენის სხვლა, იმისთვის რომ ფორმა მივცეთ დედა ტოტებს. ასევე უნდა მოიჭრას ყლორტები, რომლებიც ზედმეტად ვიწრო, ან გაშლილი კუთხითაა განლაგებული (ოპტიმალურია 45 გრადუსი). უნდა ავირჩიოთ 3-4 ჯანსაღი ყლორტი, რომელიც გამოდის შტამბიდან და სხვადასხვა მხარესაა მოთავსებული. ერთი ყლორტი უნდა იყოს მიმართული იმ მხარეს, საიდანაც ქრის აქტიური ქარები. საბოლოოდ ვიღებთ Y ფორმას (ზედხედიდან დაკვირვებით).
შემდეგ სეზონზე ჩვენ უკვე გვექნება ახალი ნაზარდი, რომელიც დედა ტოტებიდან გამოდის. არის ორი აზრი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გავსხლათ ხე.
არსებობს სამნაირი მიდგომა: გრძელი, მოკლე და საშუალო გასხვლა.
გრძელი გასხვლის მეთოდის გამოყენების დროს დედა ტოტებს ტოვებენ გრძლად და მხოლოდ პატარა ნაწილს აჭრიან, ხოლო მოკლე გასხვლის შემთხვევაში ხდება მძიმედ გასხვლა.
კალიფორნიაში ყველაზე ხშირად საშუალო გასხვლას იყენებენ და ზემოაღნიშნულ გასხვლას შორის, მოცემული ტიპი, საშუალო პოზიციას წარმოადგენს.
გრძელი გასხვლის გამოყენებისას, ტოტები უნდა შევკრათ ლენტით.
მეორე მიძინების პერიოდის განმავლობაში უნდა ავირჩიოთ 2-3 მეორეული ყლორტი ყოველ დედა ტოტზე და ამ ყლორტების გარდა სხვა დანარჩენი გავსხლათ, რის შემდეგაც უნდა მივცეთ მცენარეს საშუალება განივითაროს მესამეული ყლორტები.
აუცილებლად უნდა მოვჭრათ ისეთი ტოტები/ყლორტები, რომლებიც ერთმანეთს ეხება, გამხმარია ან დაავადებულია.
შემდეგ სეზონზე უკვე შეგვიძლია, მინიმალური სხვლა ვაწარმოოთ.
მცენარე როცა უკვე ზრდასრული გახდება, შეგვიძლია სხვლა ისე ჩავატაროთ, რომ მექანიზაციას მუშაობაში ხელი არ შეეშალოს და რიგთაშორისებში, მცენარის ყველა ნაწილამდე, სინათლეც თავისუფლად აღწევდეს.
წყარო: The Almond Production Training Booklet (Prepared by: Gurreet Brar); USAID training program.