ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
ახალი:
აგროსიახლეები

აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის ლაბორატორიულ-კვლევით ცენტრში თევზის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის საჭირო ყველა კვლევა დაინერგება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან ერთად, ქ. ბათუმში, აჭარის ლაბორატორიულ-კვლევით ცენტრში იმყოფებოდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ლაბორატორიის შესაძლებლობებს, გამოწვევებს და სამომავლო გეგმებს.

„საქართველოს მასშტაბით თევზის დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობების  გაძლიერებას აკვაკულტურის დარგის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა. ჩვენი მთავარი მიზანია, მეთევზე ფერმერებს მივცეთ საშუალება, ადგილზე მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევის შედეგები.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და აჭარის ლაბორატორიულ-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს. ლაბორატორიათშორისი მემორანდუმის ფარგლებში მოხდა სპეციალისტების გადამზადება. ამ ეტაპზე კი, მიმდინარეობს სამუშაოები საჭირო აპარატურის შესასყიდად, რაც საშუალებას მოგცემს, აჭარაში დაიწყოს თევზის ყველა დაავადების კვლევა“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ირმა აფხაზავას განცხადებით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა აკვაკულტურის განვითარება, რაც პირდაპირ კავშირშია თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერებასთან.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას; ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა; ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში, აჭარის რეგიონში ფერმერებს ექნებათ შესაძლებლობა, ადგილზე მიიღონ მათთვის საჭირო კვლევის შედეგები“, – აღნიშნა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავამ.

ბათუმში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ლაბორატორიულ-კვლევითი ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.