ალექსანდრე მოსულიშვილს სეტყვით მიყენებულ ზარალს „ალდაგი“ აუნაზღაურებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ალექსანდრე მოსულიშვილს ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის 70% გაუნადგურდა.
მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. ალექსანდრე მოსულიშვილი ზარალის ანაზღაურების თანხას 26,500 ლარს, სადაზღვევო კომპანია „ალდაგისგან“ მიიღებს. ალექსანდრე მოსულიშვილმა 3 ჰექტრამდე ფართობის დაზღვევის პოლისის შესაძენად, 1,328 ლარი გადაიხადა, 70 %-იანი თანადაფინანსება (3,100 ლარი) კი, სახელმწიფოსგან მიიღო.
„მოვუწოდებ ფერმერებს, დაიჭირონ თადარიგი და დააზღვიონ მოსავალი. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა პირი 70%-იან თანადაფინანსებას იღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის, ვაზზე“, – აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის კოორდინატორმა იმედა ალხაზიშვილმა.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორიცაა, სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის – 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).
31 მაისიდან 30 ივნისის პერიოდში, აგროდაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან, კახეთის რეგიონიდან, სადაზღვევო კომპანიებში შესულია 4,636 შეტყობინება. დაზიანებული ფართობი, 2,6761 ჰექტარს შეადგენს. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მიერ ზარალის დათვლის პროცესი უმოკლეს ვადაში დასრულდება.