ალტერნატიული მიწათმოქმედების მიმართულებები
ალტერნატიული მიწათმოქმედება ვითარდება სხვადასხვა მიმართულებებით, როგორიცაა: ორგანული, ბიოდინამიური, ორგანო–ბიოლოგიური, ბიოორგანული, ბიოინტენსიური და სხვა.
ორგანული მიწათმოქმედების წარმოების დროს არსებითად მცირდება ან გამოირიცხება მინერალური სასუქებისა და პესტიციდების გამოყენება. ორგანული მიწათმოქმედება განსაკუთრებით გამოიყენება აშშ-ში.
ორგანული მიწათმოქმედების ხერხები უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, არახელსაყრელ ნიადაგურ–კლიმატურ პირობებში სიმინდის და სოიოს მოსავლიანობის მინიმალურ შემცირებას. ცალკეულ შემთხვევებში-გაზრდას. ხორბლის, სიმინდის, კარტოფილის წარმოების დროს ბუნებრივი ენერგიის ეფექტურ გამოყენებას, მაგრამ ამასთან ერთად იზრდება შრომითი დანახარჯები, მცირდება შრომის ნაყოფიერება და მოსავლიანობა.
ორგანულ მიწათმოქმედებაში თესლბრუნვებისათვის ჩვეულებრივია პარკოსანი კულტურების მორიგეობა ისეთი კულტურებით, რომლებიც ხასიათდება აზოტისადმი მაღალი მოთხოვნილებით.
ნიადაგი მუშავდება ბელტის ამოუბრუნებლად დადისკვით ან დაღარვით. სარეველებთან ბრძოლას აწარმოებენ როგორც თესლბრუნვაში წარმოდგენილი კულტურებით, ისე შუალედური კულტურებით, ნათესების შემჭიდროებით, რიგთაშორისებში საფარი კულტურების გამოყენებით.
მწერებისაგან მცენარეთა დასაცავად გამოიყენება ენტომოფაგები, როგორიცაა ოქროთვალა, ტრიქოგრამა, მტაცებელი ტკიპები– ფიტოსეილუსი და ბიოპრეპარატები.
მინერალური აზოტოვანი სასუქების ნაცვლად გამოიყენება მაღალხარისხიანი ორგანული სასუქები: ნაკელი, კომპოსტი, მწვანე სასუქები. ორგანულ მიწათმოქმედებაში გამოიყენება მინერალური სასუქებიც, ოღონდ ისეთი მინერალური სასუქები, რომელთაც ახასიათებთ წყალში სუსტი ხსნადობა.
ბიოდინამიური მიწათმოქმედება სოფლის მეურნეობაში ერთ– ერთი ძველი ორგანიზებული მოძრაობაა, რომელიც აერთიანებდა სოფლის მეურნეობის ბიოლოგიურ, ტექნიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებს. ამჟამად დასავლეთ ევროპის სასოფლო– სამეურნეო წარმოების საერთო სტრუქტურაში მისი წილი 1%–ზე ნაკლებს შეადგენს. მიწათმოქმედების პრობლემას მეურნეობის ეს ტიპი განიხილავს კომპლექსურად ანუ სოფლის მეურნეობას, ადამიანს, გარემოს, კოსმოსს და მათ ურთიერთგავლენას. რაც შეეხება მინერალურ სასუქებსა და პესტიციდებს, მათ საერთოდ არ იყენებს, ხოლო მცენარეთა დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება მცენარეული წარმოშობის პრეპარატები, როგორიცაა ფარსმანდუკის, ჭინჭრის, გვირილას, კატაბალახას ნაყენები და კაჟმიწის საფუძველზე დამზადებული ბიოპრე– პარატები.
ბიოდინამიურ ფერმებში სასუქებად გამოიყენება სხვადასხვა კომპოსტები და სპეციალური მინერალური დანამატები–კაჟნიწა, კირქვა და სხვა.
ორგანო-ბიოლოგიური მიწათმოქმედება ეკოლოგიური, ალტერნატიული და ბიოლოგიური მიწათმოქმედების ტექნოლოგიების ტოლფასია. მას საფუძვლად უდევს იდეა, იმის შესახებ, რომ ნიადაგიდან მინერალური ნივთიერებები შთაინთქმება არა მარტო იონების, არამედ მაკრომოლეკულების სახით. ისინი წარმოადგენენ საკვებ ნივთიერებებს ნიადაგური მიკროორგანიზმებისათვის, რომლებიც ძნელადხსნად ნაერთებს გარდაქმნიან მცენარისათვის ადვილად მისაწვდომ ადვილად ხსნად ფორმებში. ამიტომ ორგანობიოლოგიურ მიწათმოქმედებაში მთავარია ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდა კვების მართვით, ნიადაგური მიკროფლორის გააქტიურებით.
ნიადაგის დამუშავებისას ცდილობენ შეინარჩუნონ ნიადაგის სტრუქტურა, კომპოსტი შეაქვთ ზედაპირულად, მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება ბრძოლის ის მეთოდები, რაც ორგანულ მიწათმოქმედებაში. ნიადაგის თვისებების გაუმჯობესება ხდება თესლბრუნვაში ბალახიანი ნარევების დამუშავებით, ამასთან არ არის გამორიცხული ისეთი სასუქების გამოყენება– კირქვა, ბენტონიტები, ფოსფატები, რომლებიც შეიცავენ მინერალური ელემენტების ძნელადხსნად ფორმებს.
ბიოორგანული მიწათმოქმედების მიზანია საკუთარ მეურნეობაში ჩაკეტილი წრებრუნვა, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდა საკუთარი მეურნეობის ძალებით, ბუნებრივი რესურსებისადმი ფრთხილი დამოკიდებულება და მათი შენარჩუნება მომავალი თაობებისადმი, შინაური ცხოველების გამოკვება საკუთარ მეურნეობაში მოყვანილი საკვებით, შინაური ცხოველების მოვლა მათი ბუნებრივი ინსტიქტების გათვალისწინებით, მეურნეობაში ბუნებრივი კანონზომიერებების გამოყენება და მაღალი საყუათო ღირებულებების მქონე პროდუქციის შექმნა.
ბიოინტენსიური მიწათმოქმედება წარმოადგენს ინტენსიური და ბიოდინამიური მიწათმოქმედების მეთოდების გაერთიანებას. მისი მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მაქსიმალურად გაზარდოს მოსავლის ოდენობა და ხარისხი მიწის ფართობის გაზრდის გარეშე. ბიოინტენსიური მიწათმოქმედების მეთოდიკა ითვალისწინებს წამოწეული კვლების მოწყობას, რომელიც მეწყერს წააგავს. ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინათ ძველმა ბერძნებმა, ყურადღება მიაქციეს იმას, რომ მცენარეები განსაკუთრებით კარგად იზრდებიან მეწყერზე, რადგანაც მეწყერის მრუდე ზედაპირი უკეთ უზრუნველყოფს ნიადაგში შესაღწევ დიდ ფართობს და მასში ბუნებრივი ელემენტების ურთიერთქმედებას, ვიდრე ბრტყელი ზედაპირი.
ამერიკულმა გაერთიანებამ Common Graund-მა (საერთო ნიადაგი) მთელი რიგი გამოკვლევების საფუძველზე დაადგინა, რომ ბიოინტენსიური მეთოდების გამოყენებისას შესაძლებელია მოსავლის 4–6 ჯერ გაზრდა, სარწყავი წყლის რაოდენობის რამდენიმეჯერ შემცირება, ნიადაგის ნაყოფიერებისა და სტრუქტურის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ამ მეთოდის მომხრეების აზრით, მისმა გამოყენებამ შესაძლოა გადაწყვიტოს ისეთი გლობალური პრობლემა, როგორიცაა შიმშილი, უმუშევრობა, ენერგორესურსების შემცირება, ნიადაგის ეროზია.
ბიოინტენსიურ მიწათმოქმედებაში გამოიყენება მხოლოდ ორგანული სასუქები. მცენარეები ირგვება იმდენად ახლოს ერთმანეთთან, რომ გაზრდისას მათი ფოთლები ერთმანეთს ეხება. მცენარეების ამგვარი მჭიდრო განლაგება უზრუნველყოფს მათ გარშემო განსაკუთრებული მიკროჰავის ჩამოყალიბებას, იქმნება ცოცხალი მცენარეული მულჩის ფენა, რომელიც ერთის მხრივ თრგუნავს სარეველებს, მეორეს მხრივ კი ნიადაგს უნარჩუნებს ტენს.
მიწათმოქმედების ბიოინტენსიური მეთოდები საშუალებას იძლევა აღდგეს გარე სამყაროსთან გაწყვეტილი კავშირი.
ნ. ნაკაშიძე,
დ. ჯაში
„ორგანული სოფლის მეურნეობა“