ამერიკის შეერთებული შტატები – სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია და კოოპერაციული ინფრასტრუქტურა
აშშ-ში მე-20 საუკუნის დასაწყისში ნიუ-იორკის კოოპერაციულმა ლიგამ სტიმული მისცა კოოპერაციული მოძრაობის განვითარებას აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე. ლიგამ გააჩაღა ინტენსიური განმარტებითი და აგიტაციური საქმიანობა, რასაც მოყვა სხვადასხვა კოოპერაციული გაერთიანებების აღმოცენება. აშშ-ში მოქმედებს განყენებული სამართლებრივი რეგულაციები სხვადასხვა სახის კოოპერატივებისთვის, დიფერენცირებული ნორმატიული აქტები კოოპერატივების ტიპების და დარგობრივი კუთვნილების მიხედვით.
არსებულ ეტაპზე აშშ-ში ფუნქციონირებს 30000 კოოპერატივი, რომელთა აქტივები 3 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება. მათი ყოველწლიური შემოსავლები 500 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც ხელფასის სახით გაიცემა 25 მილიარდი აშშ დოლარი. აშშ-ს კანონმდებლობის შესაბამისად კოოპერატივი შეიძლება იყოს როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო ფუნქციის მატარებელი. არასამეწარმეო კოოპერატივების წახალისება სახელმწიფოს მხრიდან ხდება შეღავათიანი საგადასახადო და საკრედიტო პოლიტიკით.
აგროკოოპერატივების რაოდენობა შეადგენს მხოლოდ 3000-ს, მაგრამ ისინი მოიცავს ამერიკული ფერმების უმრავლესობას. ისინი წარმოადგენს მომარაგება-გასაღების ან მწარმოებელ კოოპერატივებს, ხოლო ზოგჯერ ამ ორის კომბინაციას. ფერმერთა კოოპერატივები თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ამუშავებენ და ყიდიან. ფერმერებს აწვდიან ნედლეულს, ასევე თავიანთ წევრებს სთავაზობენ სესხებს და სხვა ფინანსურ მომსახურებას. ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი უბრუნდებათ კოოპერატივის წევრებს. რაც უფრო მეტი წევრი სარგებლობს კოოპერატივის მომსახურებით, მით მეტი მოგება უბრუნდებათ კოოპერატივის წლიური შემოსავლიდან.
აშშ-ს კოოპერაციულ სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მომარაგების და გასაღების კოოპერატივები, რომლებმაც თანდათანობით შეითავსეს წარმოების ფუნქციაც.
მომარაგების კოოპერატივები – ფერმერებს ამარაგებენ წარმოების საშუალებებით და ახდენენ მათი ხარისხის კონტროლს. მომარაგების კოოპერატივების ფუნქციებია: სათესლე და სანერგე მასალების, ქიმიკატების, სასუქების, საწვავის და ვეტერინარული პრეპარატების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და აღჭურვილობის საბითუმო შესყიდვები, კომბინირებული საკვების წარმოება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და აღჭურვილობის მომსახურება, სათადარიგო ნაწილების მიწოდება. მათი მიზანია ორგანიზაციის წევრების შემოსავლების ზრდა გაყიდვების მოცულობების და წარმოების შესაძლებლობების ზრდის საშუალებით და შემოსავლების ეფექტური გადანაწილებით, კოოპერატივების უზრუნველყოფა ყველა საჭირო მომსახურებით. მსხვილ რეგიონალურ მომარაგების კოოპერატივებს აქვთ რამდენიმე კომბინირებული საკვების საწარმო თავისი საწყობებით. მსხვილი კოოპერაციული გაერთიანებები აწარმოებენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გარკვეული სახეობებს.
გასაღების კოოპერატივები – ყიდიან პირველად პროდუქციიას და ამუშავებენ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულს, ქმნიან პროდუქციის რეალიზაციის ხელსაყრელ ეკონომიკურ პირობებს, ასრულებენ კომერციულ ოპერაციებს ფერმერთა სახელით, ეწევიან საბითუმო ვაჭრობას, მსხვილი კოოპერატივები კი ეწევიან საქონლის საცალო გაყიდვებს.
აშშ-ში უპირატესად გავრცელდა რძის გაყიდვების კოოპერატივები, რომლებიც რძის 78%-ს აწარმოებენ, ხილის და ბოსტნეულის 17%-ს, მარცვლეულის 59% -ს, მათ შორის ლობიოს და ბარდას.
გაყიდვების მოცულობების გაფართოებამ საწარმოო სექტორში კოოპერატივების გააქტიურება გამოიწვია. ნედლეულის გადამუშავების 21 კოოპერაციული გაერთიანება შევიდა აშშ-ს კვების მრეწველობის 100 წამყვანი კომპანის რიცხვში. რძის მწარმოებელი კოოპერაციული საწარმოები ქვეყანაში წარმოებული მშრალი რძის 87%-ს, კარაქის 64%-ს და ყველის 47% აწარმოებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ბევრი წამყვანი ბრენდი, განსაკუთრებით კი ხილის წვენის მწარმოებლები, კოოპერატივები არიან. ასევე ძალიან გავრცელებულია რძის და რძის პროდუქტების მწარმოებელი კოოპერატივები, მათ შორის ზოგიერთი მსხვილი ბრენდი სწორედ კოოპერატივს წარმოადგენს. ისინი შეიძლება გამოიყურებოდნენ როგორც დიდი კორპორაციები, მაგრამ მართვის მეთოდითა და მოგების განაწილებით ძალიან განსხვავდებიან.
აშშ-ში შრომისნაყოფიერება კოოპერაციულ საწარმოებში 1,5-ჯერ აღემატება, შრომის ნაყოფიერებას ინდივიდუალური საწარმოებში.
აშშ-ს ფერმერთა კოოპერატივების მხარდაჭერის და კოორდინაციის სისტემა:
• ფერმერთა კოოპერატივების ეროვნული საბჭო (NCFC) – ხელს უწყობს კოოპერატივების ზრდას საკანონმდებლო და მარეგულირებელ საქმიანობაზე დაყრდნობით. მისი წევრები არის 3000-ზე მეტი ადგილობრივი კოოპერატივი და 26 რეგიონალური ან ეროვნული საბჭო. ამერიკის ფერმერთა უმრავლესობა კოოპერატივის წევრები არიან, NCFC-ის „ქოლგის ქვეშ“.
• რძის მწარმოებელთა ეროვნული ფედერაცია (NMPF) – რძის მწარმოებელ ფერმერებსა და მათ კოოპერატივებს ეხმარება პოლიტიკის და გრძელვადიანი მიზნების შემუშავებაში. რძის მწარმოებელი კოოპერატივების უმრავლესობა ამერიკაში არის NMPF-ის წევრი.
აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სამსახური წარმოადგენს სოფლის ეკონომიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ნაწილს. აღნიშნული სამსახური ატარებს კვლევებს, დახმარებას უწევს მართვასა და საგანმანათლებლო სფეროში რათა გაიზარდოს ეკონომიკური მდგომარეობა სოფლად მაცხოვრებელთათვის. იგი მართავს ფედერალური მთავრობის ყველაზე დიდ საგრანტო პროგრამებს რომლებიც დაკავშირებულია კოოპერატივების განვითარებასთან.
მნიშვნელოვანი განვითარება კოოპერაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით საკრედიტო სფეროში დაიწყო, როდესაც 1916 წელს აშშს კონგრესის ინიციატივით შეიქმნა „ფერმერთა საკრედიტო სისტემა“, რომლის საბანკო სტრუქტურები შექმნილია სახელმწიფო სახსრებით. საკრედიტო კოოპერაცია ვითარდებოდა სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე და სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მოზიდული სახსრებით, სახელმწიფოს პირდაპირი და ირიბი ჩარევისა და რეგულირების საფუძველზე.
„ფერმერთა საკრედიტო სისტემის“ სამართლებრივ საფუძველს სხვადასხვა დროს წარმოადგენდა აშშ-ს სხვადასხვა კანონები: „ფერმერული კრედიტის შესახებ ფედერალური კანონი“ (1916 წ.), „კანონი სასოფლო-სამეურნეო კრედიტის შესახებ“ (1923 წ.), „კანონი სასოფლო-სამეურნეო მარკეტინგის შესახებ“ (1929 წ.), „კანონი ფერმერული კრედიტის შესახებ“ (1933 წ.), „კანონი ფერმერული იპოთეკის შესახებ“ (1934 წ.), „კანონი ფერმერული კრედიტის შესახებ“ (1971 წ.), „კანონი სასოფლო-სამეურნეო კრედიტის შესახებ“ (1987 წ.), „კანონი ფერმერთა საკრედიტო სისტემების შესახებ“ (1996 წ.). სამართლებრივ საფუძვლებს საკრედიტო კავშირების საქმიანობის შესახებ განსაზღვრავს აშშ-ს კანონი „კანონი საკრედიტო კავშირების შესახებ“ (1934წ.).
„ფერმერთა საკრედიტო სისტემების“ წევრები – ფერმერები და კოოპერატივები ხელმძღვანელობენ მას, მათ მიერ არჩეული დირექტორთა საბჭოს მეშვეობით. „ფერმერთა საკრედიტო სისტემის“ შემადგენელია 7 კოოპერაციული ბანკი, და 232 ადგილობრივი ასოციაცია (ფონდი).
ადგილობრივი ასოციაციები გასცემენ როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან კრედიტებს. აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტები თავაზობენ კრედიტებს კოოპერატივებს ქვეყნის ორმოცდაათივე შტატში. „ფერმერთა საკრედიტო სისტემა“ უზრუნველყოფს მთელი კრედიტების მეოთხედზე მეტს რომლითაც სარგებლობენ ფერმერები, და წარმოადგენს ფერმერული კოოპერატივების საქმიანობის დაკრედიტების მთავარ წყაროს.
„ფერმერთა საკრედიტო სისტემა“ სესხებისთვის თანხებს გარანტიით იღებს ფერმერთა საბანკო საკრედიტო ფედერალურ კორპორაციიდან (Federal Farm Credit Banks Funding Coгрoration). „ფერმერთა საკრედიტო სისტემის“ სესხები ექვემდებარება „სადაზღვევო კორპორაცია ფერმერთა საკრედიტო სისტემებისთვის“ (Farm Credit System Insurance Coгрoration) დაზღვევას.
დავით მამუკელაშვილი,
ეკონომიკის დოქტორი