აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა და იგპ-თა ქვეყნის აგრარულ სექტორში ჩართულობა – პრობლემები და პერსპექტივები
აფხაზეთის ავტომომიური რესპუბლიკის აგროსამრეწველო კომპლექსს საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა. აფხაზეთის ბიუჯეტის თითქმის 50% სოფლის მეურნეობის წილად მოდიოდა.
ომისწინა პერიოდში აფხაზეთის მოსახლეობის 53% (280 ათასი კაცი) სოფლად ცხოვრობდა. აფხაზეთის აგროსამრეწველო კომპლექსში დასაქმებული იყო 60 ათასი ადამიანი. იყო წლები, როცა აფხაზეთში 100-120ათას ტონა ციტრუსებს, 80-100 ათას ტონა ჩაის, 2-3 ათას ტონა თამბაქოს აწარმოებდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდგომ შექმნილმა რეალობამ აფხაზეთში სოფლის მეურნეობის დარგის ღრმა კრიზისი გამოიწვია, რაც განპირობებული იყო როგორც გარე, ისე შიგა ფაქტორებით. პირველ რიგში ეს იყო ქართულ-აფხაზური კონფლიქტი და მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ იძულებით ტერიტორიის დატოვება, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, ეკონომიკური კავშირების მოშლა და რაც მთავარია, საკადრო დეფიციტი. ამ მდგომარეობას ნათლად ასახავს რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავლიანობის არსებული მონაცემები. კერძოდ: 1991 წელს მოიკრიფა 120000 ტონა ციტრუსი, ხოლო 2013 წელს — 38000 ტონა. 1991 წელს მოიკრიფა 99000 ტონა ჩაი, 2013 წელს კი — 435 ტონა. 1991 წელს მოწეულია 47600 ტონა სიმინდი, ხოლო 2013 წელს — 19850 ტონა, 1991 წელს დამზადდა 2000 ტონა თამბაქო, ხოლო 2013 წელს — 4,4ტონა, 1991 წელს დაიკრიფა — 1520 ტონა ყურძენი, 2013 წელს კი — 347 ტონა. ზემოთაღნიშნული მონაცემები ნათლად გვიჩვენებს არსებულ სავალალო მდგომარეობას, როდესაც ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოება ფაქტიურად შეჩერებულია, მაგ. ჩაი, თამბაქო და სხვა.
ომისშემდგომ პერიოდში აფხაზეთში უმნიშვნელო ტემპით დაიწყო თხილისა და კივის პლანტაციების გაშენება, თუმცა მათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ვერ შეძლეს. საინტერესოა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ექსპორტის ბოლო მონაცემები: ციტრუსები — 28000 ტონა, ხურმა — 2000 ტონა, ფეიხოა — 600 ტონა, თხილი — 1500 ტონა, კივი — 52 ტონა, რაც ომამდელი პერიოდის ერთი საშუალო სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის წარმადობის ტოლია.
არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა აგროსამრეწველო კომპლექსში. ბოლო მონაცემებით რეგისტრირებულია 357 საწამო, რომელთაგანაც მხოლოდ 36 ფუნქციონირებს, აქედან 15 სახელმწიფო და 21 კერძო. მათი ფინანსური მაჩვენებლები კი საკმაოდ არასახარბიელოა და უმრავლესობა სერიოზულ ფინანსურ ზარალს განიცდის. მაგ. ჯამურმა ზარალმა 2012 წელს 160 მილიონი რუბლი შეადგინა. აქვე აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის წარმოება დეფაქტო აფხაზეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს მაშინ, როდესაც ომამდე ეს წილი 50-52% შეადგენდა.
ამჟამად საქართველოს სოფლის მეურნეობის სტრატეგიული ღონისძიებების მთავარი მიმართულებებია:
- მცირე მეურნეობები ;
- რეგიონალური და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა;
- ინსტიტუციონალური განვითარება;
- სრული ციკლის წარმოების განვითარების ხელშეწყობა;
- ფერმერთა და აგრარულ სექტორში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება;
- გარემო და ბიომრავალფეროვნება;
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა.
ამ საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა და ამოქმედებულია შესაბამისი მრავალი პროექტი, მაგრამ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მეთესლეობის, სელექციის, სანერგე მეურნეობების და ჯიშთა გამოცდის ინსტიტუტების რეაბილიტაცია.
არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ სამეცნიერო პოტენციალს. კერძოდ, ჯერ კიდევ 90-იან წლებში საქართველოში არსებობდა უამრავი ნოვაციური წინადადება და გამოგონება, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი სასურსათო საკითხების მოგვარება და საერთოდ აგროსამრეწველო კომპლექსის გაძლიერება. ამ ნოვაციებს შეეძლოთ მრავალი წამყვანი ქვეყნის სამეცნიერო წრეების დაინტერესება. მათ დღესაც შეუძლიათ უდიდესი შემოსავლების მოტანა საქართველოსათვის, მაგრამ სამწუხაროდ ეს გამოგონებები დახლებზე დევს და ფაქტობრივად საარქივო მასალებად არის გადაქცეული. ამ საკითხების წინა პლანზე წამოწევა და მათი აქტუალიზაცია უშუალოდ აკადემიის პრეროგატივაა, რაც არ იგრძნობა არა მარტო სოფლის მეურნეობაში, არამედ მთლიანად სამეცნიერო კუთხით. არ არის საიდუმლო ის ამბავი, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების 10%-ით გამოყენებით შესაძლებელია ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტის მიღება. დაგვეთანხმებით, რომ მეცნიერება ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და მას საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, თუმცა ამ საკითხის განხილვას უფრო სხვა ფორმატი სჭირდება.
მინდა მოკლედ მოგახსენოთ საქმიანობის შესახებ, რომელსაც ეწევა აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი დევნილობაში.
— შევქმენით აფხაზეთიდან ი.გ.პ.-თა მონაცემთა ბაზა, რომლებიც განსახლებული არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და აწარმოებენ სასაოფლო -სამეურნეო პროდუქციას ან აქვთ სურვილი დასაქმდნენ აღნიშნულ სფეროში.
— მივაღწიეთ გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადრე აფხაზეთის კუთვნილებაში არსებული 350ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწების ჩვენზე გადმოცემას სარგებლობის უფლებით. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ყვარლის რაიონში მიწის ფართის გადმოცემის თაობაზე.
— დეპარტამენტის ხელშეწყობით მიმდინარე წელს მოხერხდა გადმოცემული მიწის ფართობებიდან 10ჰა დამუშავება და სიმინდის დათესვა საპილოტე პროექტის სახით. შესაბამისად მოწეულ იქნა 23 ტონა მოსავალი, რომელიც დარჩა იმ 12 დევნილ ოჯახს, ვინც უშუალოდ ჩაატარა ყველა აგროტექნიკური სამუშაოები.
— გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისათვის შემუშავდა 7 პროექტი, რომლებიც მოწონებულ იქნა დროებითი სამთავრობო კომისიის მიერ და სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში პროექტის ღირებულების 10% -ით დაფინანსების თაობაზე.
— ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მეფრინველეობის პროექტის განხორციელებისთვის სამეგრელოში — გამყოფ ზოლში 12 000 ფრთა ფრინველზე. პროექტმა უნდა უზრუნველყოს 40-მდე ადამიანის დასაქმება. ამასთან ერთად აღნიშნული პროექტის იმპლიმენტირებით ირიბ სარგებელს მიიღებს კიდევ 300-ზე მეტი ადამიანი. პროექტს გააჩნია პატრიარქის კურთხევა და მხარს უჭერს საპატრიარქო, ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰეიფერი“ და შესაძლებელია კიდევ სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერა. პროექტის საერთო ღირებულებაა 400 000 აშშ დოლარი.
— დეპარტამენტი ახორციელებს სერიოზულ საქმიანობას მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის კუთხით თვით ოკუპირებულ ტერიტორიაზე — საქმიანობა ხორციელდება გალის რაიონის 22 სოფელში. შედეგად გვაქვს ის, რომ უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღნიშნულ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა შინაური ცხოველების საშიში დაავადების არცერთი შემთხვევა. ასევე პრევენციული ღონისძიებების შედეგად ლოკალიზებულ იქნა საკარანტინო მავნებლების არსებობის კერები.
— ოკუპირებულ ტერიტორიზე — გალის რაიონში ჩართული ვართ წყალმომარაგებისა და საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტების შედგენაში.
— ქ.თბილისის მერიის მიერ გადმოცემულ 7ჰა ტერიტორიაზე გატყევება-განაშენიანების მიზნით დაირგო 1500-ზე მეტი ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი ნარგავები, მომავალ წელს დაგეგმილია კიდევ 1000 ძირის დარგვა.
— დეპარტამენტი ახორციელებს გარემოსდაცვითსა და ეკოსაგამანათლებლო აქციებს — გამწვანება, დასუფთავება, კეთილმოწყობა და სხვა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში.
ჩვენ ვთვლით, რომ კიდევ მრავალი ჩანაფიქრის განხორციელება შეგვიძლია რიგი საკითხების მოგვარების შემთხვევაში, კერძოდ:
— სასოფლო-სამეურნეო პროგრამებში დევნილთა აქტიური ჩართვისათვის აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ ჩართულობას პროგრამებში განსხვავებული მიდგომებით.
— დევნილთა სარგებლობაში წლების განმავლობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკითხი მოითხოვს ლეგიტიმაციას, რაც შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და გააუმჯობესებს აფხაზეთიდან ი.გ.პ.-თა ეკონომიკურ მდგომარეობას.
აფხაზეთის ა„რ ლეგიტიმური მთავრობა ენერგიულად მოქმედებს შესაბამის სამთავრობო შტოებთან ზემოთაღნიშნული საკითხების მოგვარების მიზნით.
დეპარტამენტს გააჩნია სერიოზული საკადრო პოტენციალი, მას ძალუძს კვალიფიციური კონსულტაციები გაუწიოს ფერმერებს, მოაწყოს მათთვის მნიშვნელოვანი ნოვაციური წინადადებების სადემონსტრაციო ნაკვეთები და შესთავაზოს პრაქტიკული დახმარება ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და მათი გადამუშავების საკითხებში.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული პარალელურ რეჟიმში ემსახურება დევნილი მოსახლეობის დასაქმების პრობლების მოგვარებას და კადრების გადამზადებას, რამაც დასაბამი უნდა მისცეს აფხაზეთში რეპატრიაციის შემთხვევაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.
რევაზ გოგოხია,
აფხაზეთის ა„რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების დეპარტამენტის
თავმჯდომარის ჳ მოადგილე,
სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი