აგრარული განათლებააგროსიახლეებისტატიები

აგრობიოორგანული ტექნოლოგიის პერსპექტივები

ჩვენი პლანეტის მზარდი მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფა შესაძლებელია შემდეგი გზებით:

  1. აგრარული სისტემის და ტექნოლოგიური პროცესების მართვის მუდმივი სრულყოფით;
  2. ნიადაგის დამუშავების ინტენსიფიკაციით, ეფექტური, კომპლექსური ფაქტორების გამოყენების საშუალებით;
  3. ნიადაგის ნაყოფიერების რაციონალური გამოყენებით და რეპროდუქციული ზრდით;
  4. მცენარეთა პოტენციურ შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოვლენით აგრობიოორგანული მეთოდების გამოყენებით.

ამჟამად მეცნიერები ცდილობენ, მსოფლიოს საკვებით უზრუნველყოფის პრობლემა გადაჭრან პირველი სამი გზით.

ჩვენ მიერ მოწოდებულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პროდუქტიულობის გაზრდისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების მეოთხე ეფექტიანი გზა. დამუშავებულია აგრობიოორგანული ტექნოლოგია, რომელიც მცენარეთა ენდოგენური რეგულატორულ სისტემების მართვის და გარემოს არახელსაყრელ პირობებთან მცენარეთა ადაპტაციის საშუალებას იძლევა, რითაც შესაძლებელია მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხიანი მოსავალი.

მრავალწლიანი ფუნდამენტური კვლევის საფუძველზე ჩვენ მიერ შესწავლილია ცოცხალი უჯრედის მართვის გზები და გამოვლენილია ახალი თაობის უნივერსალური რეგულატორები, რომელთაც ჩვენ ბიოენერგოაქტივატორები ვუწოდეთ (ბიორაგი, ემატონი, რაგოცინი, რაგილი, იმუნორაგი და სხვ.) და რომელთაც მსოფლიოში ანალოგები არ გააჩნია. ისინი გარემოს დაუბინძურებლად ბიოლოგიურად სუფთა მოსავლის მიღების საშუალებას გვაძლევს, რაც დღეს კაცობრიობის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემაა.

ბიოენერგოაქტივატორები ახალი თაობის რეგულატორებია, რომლებიც პრინციპულად განსხვავდება ცნობილი ქიმიური პრეპარატებისგან და მცენარეთა ენდოგენური (საკუთარი) რეგულატორული სისტემების მართვის საშუალებას იძლევა.

ბიოენერგოაქტივატორები უხვი მოსავლის, გარემოს ფაქტორებისა და დაავადებებისადმი მცენარეთა მდგრადობის გაზრდის, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისა და მიწის ეფექტიანად გამოყენების საშუალებას იძლევა.

ბიორაგი ბიოენერგოაქტივატორების ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელმაც ათეული წლების განმავლობაში როგორც ჩვენთან, ისე უცხოეთში გაიარა ტოქსიკურ-ეკოლოგიური ექსპერტიზა და სამეურნეო გამოცდები. დადგინდა მისი სრული უვნებლობა. უფრო მეტიც, გამოვლინდა მისი მაღალი ანტიმუტაგენური აქტივობა და პროფილაქტიკურ-სამკურნალო თვისებები, რის გამოც რეკომენდებულა მისი გამოყენება როგორც სოფლის მეურნეობაში, ისე მედიცინასა და კვების მრეწველობაში.

ახალი აგრობიოორგანული აგროტექნოლოგიის გამოყენებით: 1) მნიშვნელოვნად ძლიერდება აგროქიმიკატების ეფექტიანობა, ფოტოსინთეზური აპარატი, გარემოდან წყლისა და საკვები ნივთიერებების შეთვისება; 2) მკვეთრად მცირდება გარემოზე აგროქიმიკატების ნეგატიური გავლენა. ნაყოფში პრაქტიკულად არ რჩება სასუქები და პესტიციდები. ყოველივე ეს კი მაქსიმალურად ზრდის არსებული აგროქიმიკატების პოტენციურ შესაძლებლობებს და გამოყენების არეალს.

ბიოენერგოაქტივატორი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა; მცენარეში არ ტოვებს ნაშთს და ერთვება ნორმალურ მეტაბოლიზმში, ამცირებს ნიტრატების და მავნე ნივთიერებების შემცველობას. უფრო მეტიც, ავლენს დამცავ მოქმედებას კანცეროგენების (კიბოს გამომწვევი ნივთიერებების) წინააღმდეგ. ბიოენერგოაქტივატორები უზრუნველყოფს როგორც მცენარეულ, ისე ცხოველურ ორგანიზმთა ბუნებრივ ნორმალიზაციას და წარმოადგენს მათი პროდუქტიულობის მართვის ეფექტიან მეთოდს. ბიოენერგოაქტივატორი, ფიზიოლოგიური რეგულატორული მექანიზმების გამოყენებით, განაპირობებს ადაპტაციას ექსტრემალური პირობების მიმართ; ზემოქმედებს ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა სისტემაზე: სუნთქვაზე, ცილების, ნახშირწყლების და მეორეული ნივთიერებების ბიოსინთეზზე; მკვეთრად ზრდის ზოგიერთი ფერმენტის (მაგალითად, კატალაზა, პეროქსიდაზა) აქტიურობას; ცვლის პროტოპლაზმის ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს და უჯრედის მემბრანაში წყლის და მინერალურ ნივთიერებათა შეღწევადობას.

ლობიოზე ჩატარებული ექსპერიმენტებით დადგენილია, რომ ბიოენერგოაქტივატორი ადვილად იჭრება როგორც თესლში, ისე ფოთლების ქსოვილში და ახდენს სარეზერვო მექანიზმების გააქტიურებას, რაც გამოიხატება არა მარტო ნიადაგიდან, არამედ ატმოსფეროდან საკვებ ელემენტთა შეთვისების უნარის გააქტიურებით. მაგალითად, ბიოენერგოაქტივატორის ხსნარით ლობიოს თესვისწინა დამუშავება, ისევე როგორც პირველადი ფოთლების დასველება, იწვევს ნიტრატების ასიმილაციის საკვანძო ფერმენტ ნიტრატრედუქტაზის აქტივობის მკვეთრ ზრდას და ცილის აკუმულაციის გაძლიერებას, რაც მიუთითებს მცენარეული ორგანიზმის სარეზერვო შესაძლებლობათა არსებობაზე. ეს კი იწვევს მცენარეთა მოსავლიანობისა და ხარისხივანი მაჩვენებლების მნიშვნელოვან გაზრდას.

გარემოსთან ადამიანის ადაპტაცია შესაძლებელია ორი გზით: 1) გარემოს დაცვის გაუმჯობესებით და 2) ადამიანის ორგანიზმის მდგრადობის გაზრდით მავნე ფაქტორების მოქმედების მიმართ.

ცოცხალ ორგანიზმთა ადაპტაცია სხვადასხვა პირობების მიმართ შესაძლებელია ბიოენერგოაქტივატორების გამოყენებით. ისინი ამჟღავნებენ ძლიერ ბიოპროტექტორულ თვისებებს, რითაც ამცირებენ ქიმიზაციის მავნე გავლენას ადამიანზე.

ბოლო პერიოდის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბიოენერგოაქტივატორების ზემოქმედებით ხდება მცენარის კომპენსატორული უნარის გაძლიერება, რის გამოც მცენარე სწრაფად (3-ჯერ და უფრო მეტად, ვიდრე ბიოენერგოაქტივატორების გარეშე) გამოდის სტრესული მდგომარეობიდან. ფოტოსინთეზის და სუნთქვის პროცესების გააქტიურების გამო ჩქარდება მცენარის რეპარაცია (აღდგენა) და ცვლადი გარემო პირობებისადმი მისი აკლიმატიზაცია (შეგუება), რაც, შესაბამისად, ზრდის ბიოპროდუქტიულობას.

როგორც მრავალწლიანმა გამოკვლევებმა აჩვენა, ბიოენერგოაქტივატორების გამოყენებით შესაძლებელია: ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის (პროფილაქტიკურ-სამკურნალო თვისებების მქონე) მოსავლის მიღება; ძნელად დასაფესვიანებელი, მრავალწლიანი ძვირფასი მცენარეების ვეგეტაციურად გამრავლება და ზრდისა და ნაყოფმსხმოიარობის რამდენიმე წლით დაჩქარება; მეაბრეშუმეობის აღდგენა; ძველი ენდემური ვაზის ჯიშების გამრავლება; ინფექციებისადმი მგრძნობიარე მაღალხარისხიანი ლიმონის (როგორიცაა, მაგალითად, „ახალქართული” ჯიში) პლანტაციების აღდგენა; მაღალპროდუქტიული თხილის პლანტაციების მოშენება; ფრინველთა და ცხოველთა ცოცხალი წონის პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად გაზრდა.

ბიოენერგოაქტივატორებს და მათი გამოყენებით მიღებულ სასოფლო—სამეურნეო პროდუქტებს ახასიათებს მაღალი ანტიმუტაგენური, ანტიციტოტოქსიკური და ანტიზოგადტოქსიკური ეფექტი. ისინი ცნობილ აგროპრეპარატებთან შედარებით რამდენიმეჯერ ამცირებენ პესტიციდების, სასუქებისა და გარემოში არსებულ კანცეროგენურ ნივთიერებათა მიერ გამოწვეულ მუტაგენურ და ტოქსიკურ დარღვევებს, რითაც მკვეთრად აქვეითებენ ავთვისებიან სიმსივნეთა განვითარების რისკს (შრომის, ჰიგიენისა და პროფდაავადების ინსტიტუტის და ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრის მონაცემები).

ამგვარად, ბიოენერგოაქტივატორები (ბიორაგი და სხვ.), რომლებიც შექმნილია ხანგრძლივი ფუნდამენტური კვლევის შედეგად, მრავალპროფილიანი ახალი ბიოპრეპარატებია; ისინი იწვევს ცოცხალი ორგანიზმის სარეზერვო მექანიზმების მაქსიმალურად გააქტიურებას და პოტენციურ შესაძლებლობათა მაქსიმალურად გამოვლინებას.

რამაზ გახოკიძე,                                                                                                                                                                                                                         პროფესორი, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი