არ ესროლოთ შორს მანძილზე მყოფ ნადირ-ფრინველს!
რატომ არ უნდა ესროლოთ?!
ძალიან ბევრ მონადირეს მცდარი წარმოდგენა აქვს გლუვლულიანი თოფის მიერ საიმედო მიტანის მანძილის შესახებ.
საბჭოთა პერიოდში ჩატარებული კვლევების მიხედვით ჩვენში დადგენილი იყო, რომ სანადირო გლუვლულიანი თოფის მიერ საფანტის საიმედო მიტანის მანძილი 12 ყალიბის გლუვლულიანი თოფის (მაქსიმალური) № 1 საფანტისათვის 50 მეტრია, №3; №4 და №5 საფანტისათვის _40 მეტრი, №6_ 35, №7 და №8 – 30 მეტრი.
აღნიშნულ მანძილზე შეჯგუფება, დაახლოებით, 50%-ს უდრის, ხოლო საფანტის მიტანის სისწრაფე 197-217 მ/წამს.
ბევრი მიხვდება, რატომ არის აღებული ეს მაგალითები, სამწუხაროდ, ბევრიც _ ვერა…
მეტიც, დღეს ბევრ მონადირეს მანძილის შეგრძნება დაკარგული აქვს, ან არ იყენებს. ხშირად შეხვდებით ისეთ სიმაღლეზე მსროლელ მონადირეებს, როგორზედაც ნორმალური მონადირე დამიზნებასაც არ იკადრებს, არათუ გასროლას.
ვისაც არ ესმის ამ კვლევის შინაარსი, გავმარტავ, რომ საიმედო მიტანა ნიშნავს იმ მანძილს, ნორმალური დამიზნების შემთხვევაში, სანადირო ობიექტს რომ მოიპოვებ და არა იმ მანძილს, რომელზეც თოფს საფანტის მიღწევა და სანადირო ობიექტის დაჭრა შეუძლია.
დაიმახსოვრეთ! წესიერი მონადირე არასდროს ესვრის იმ მანძილზე რომელზეც ფიქრობ, რომ ფრინველის დაჭრაა შესაძლებელი.
სროლა მიზანშეწონილია მხოლოდ მაშინ, როცა ნანადირევის აღებას და გამოყენებას მოვახერხებთ. უაზრო მანძილზე სროლისას უამრავ სანადირო ობიექტს ვაზიანებთ ისე, რომ ამას არც ვუფიქრდებით.
რამდენიმე „ძალაგამოცლილი” საფანტი არ ეყოფა მოსაკლავად და ადგილზე ჩამოსავარდნად სანადირო ობიექტს, თუმცა შეიძლება საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ის ან მოშორებით ჩამოვარდეს მკვდარი, ან კიდევ ჭრილობისგან დასუსტებული სადმე დაფრინდეს და რამდენიმე დღეში მოკვდეს ან სხვა მტაცებლის კერძი გახდეს.
გახსოვდეთ! ნამდვილი მონადირე არასდროს მისცემს თავს უფლებას, ბუნება ცივსისხლიანად დააზიანოს.
ნამდვილი მონადირე ნადავლით თუ უნადავლოდ მონადირეა და მას სულაც არ აწუხებს არასრულფასოვნების განცდა, როდესაც ხელცარიელი ბრუნდება სახლში, მან იმ ხეტიალით, ბუნებაში გასვლით მიიღო ის სიამოვნება, რასაც ვერანაირი ნადავლი ვერ შეედრება, იმ ხალხისაგან განსხვავებით, რომლებიც მტკივნეულად განიცდიან უნადავლობას, ზოგი კი ისე მტკივნეულად განიცდის, რომ „ნანადირევის“ ბაზარში ყიდვაც არ ეთაკილება.
გახსოვდეთ! ნადირობა პროფესია არ არის, ნადირობა ხელოვნებაა!
მონადირედ ადამიანი დიპლომით, თანამდებობით, ან ფულით ვერ გახდება, მონადირედ იბადებიან!
კეთილშობილი (კავკასიური) ირემი – Cervus elaphus Linnaeus
რატომ არ უნდა ესროლოთ?!
CR – გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი.
ირემი საქართველოში თითზე დასათვლელი ეგზემპლარია დარჩენილი.
ის ჩვენი ტყეების ერთ-ერთი ულამაზესი არსებაა. მგლის პოპულაციით და ადამიანების გაუფრთხილებლობის
გამო ეს ენდემური სახეობა საქართველოს მხოლოდ ორ გეოგრაფიულ წერტილში ისიც ძალიან მცირე რაოდენობით არის შემორჩენილი.
ნუ ვიზამთ ისე რომ მომავალ თაობას ჩვენი ტყეების უძველესი ბინადრის:
კავკასიურის ირმის ნაცვლად ევროპული ან სხვა ირმის გამრავლება მოუწიოს ჩვენს სამშობლოში.
ნიამორი – Capra aegagrus Linnaeus
რატომ არ უნდა ესროლოთ?!
CR – გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი.
ადამიანების გაუფრთხილებლობის გამო ნიამორის რაოდენობა ძალიან შემცირებულია.
წითელი წიგნის მონაცემებით, დღეს მისი მთელი პოპულაცია, თითქმის ერთ გეოგრაფიულ წერტილშია.
იმყოფება უკიდურესი საფრთხის წინაშე.
ჯიქი (ლეოპარდი) – Panthera pardus Linnaeus
რატომ არ უნდა ესროლოთ?!
CR – გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი.
ბოლო მონაცემების მიხედვით საქართველოში დაფიქსირებულია ამ ულამაზესი არსების მხოლოდ ერთი ეგზემპლარი და მარტოდმარტო დაეხეტება. ის ჩვენი ისტორიის, ხალხური თქმულებების ნაწილია. მისი სახელი ვაჟკაცობასთან, სიძლიერესთან, მოხერხებასთან და სიმამაცესთან ასოცირდება.
ფოცხვერი – Lynx lynx Linnaeus
რატომ არ უნდა ესროლოთ?!
CR – გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი.
ფოცხვერი შემცირებულია იმ დონემდე რომ მას უკიდურეს საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონის წოდება მიანიჭეს.
მოვუფრთხილდეთ საქართველოს ამ ულამაზეს ფაუნის წარმომადგენელს.
აფთარი – Hyaena hyaena Linnaeus
რატომ არ უნდა ესროლოთ?!
CR – გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი.
ასევე გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველი. მისი პოპულაცია ძალიან მცირეა.
ყურადღება მიაქციეთ, საქმე ეხება არა რაოდენობის შემცირებას არამედ გადაშენებას!!!
ქურციკი (ჯეირანი) – Gazella subgutturosa Güldenstaedt
რატომ არ უნდა ესროლოთ?!
RE – გადაშენებულია ეროვნულ დონეზე
რატომ არ უნდა ვესროლოთ: გარეულ ჩლიქოსნებს შორის ულამაზესია ქურციკი (ჯეირანი).
იგი საქართველოს ველების სიამაყედ ითვლებოდა, ახლა კი ჩვენში თითქმის სრული
გადაშენების პირზეა მისული.
დაუდევრობით და მოუფრთხილებლობით ერთხელ უკვე გავანადგურეთ, 2006 წლის მონაცემებით მას მიანიჭეს წოდება – RE (გადაშენებულია ეროვნულ დონეზე).
ახლა კი როდესაც ხელახლა შემოიყვანეს და მიმდინარეობს მისი პოპულაციის აღდგენა,
არანაირი უფლება არ გვაქვს მოვსპოთ, გავანადგუროთ. ეს ჩვენი მხრიდან არაადამიანური და ამორალური საქციელი იქნება.
დურაჯი – Francolinus francolinus
რატომ არ უნდა ესროლოთ?!
CR – გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი.
რატომ არ უნდა ვესროლოთ: ჩვენი ქვეყნის მკვიდრ ფრინველთაგან განსაკუთრებით მზრუნველობით უნდა მოვეპყროთ
დურაჯის დაცვა-გამრავლებას. დურაჯი ჩვენში ბოლო ხანებში თითქმის მთლიანად გადაშენდა. მხოლოდ ამ უკანასკნელ წლებში ისევ გამოჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე.
მოვუფრთხილდეთ ამ ულამაზეს ფაუნის წარმომადგენელს.
ვარდისფერი ვარხვი – Pelecanus onocrotalus
რატომ არ უნდა ესროლოთ?!
ვარხვი ჩვენი ბუნების სტუმარია, საქართველოში მიმოფრენისას გვხვდება ხოლმე.
გამორჩეული გარეგნობა ყველას ყურადღებას იქცევს. ვარხვის რაოდენობა მსოფლიოში ყოველწლიურად კლებულობს.
ვარხვი ფრენისას თუ წყალზე ჯდომისას მისი ზომისა და ნისკარტის მოყვანილობის გამო, ადამიანების ცხოველ ინტერესს იწვევს,
დაკვირვების ობიექტია. ხორცი საჭმელად გამოუსადეგარია.
მინიმუმ იმიტომ არ უნდა ვესროლოთ, რომ თუნდაც მეორეჯერ ვნახოთ, ან სხვამ ნახოს ეს არაპროპორციული, თვალისთვის უცხო ფრინველი.
კოდალა – Picidae
რატომ არ უნდა ესროლოთ?!
კოდალა ტყის სანიტარია და მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს ჩვენი ბუნებისთვის.
ყოველთვის მისი მოკვლა მონადირის არაეთიკურ და ბუნებისადმი მოუფრთხილებლურ საქციელზე მიგვანიშნებს. ვერცერთი ფრინველი ვერ ჩაანაცვლებს ვერც მის სილამაზეს და მითუმეტეს მის საქმიანობას ტყეში. მისი მოკვლა არ შეიძლება!
გედი – Cygnus
რატომ არ უნდა ესროლოთ?!
გედი ჩვენი ტბებისა და წყალსატევების მშვენებაა.
ჩვენთან მიმოფრენისას გვხვდება გედის 2 სახეობა: სისინა ანუ წითელნისკარტა – Cygnus olor და მყივანი გედი – Cygnus cygnus. მათი დანახვა ისეთი სიამოვნებაა რომ შეუძლებელია
ადამიანის ყურადღება არ მიიქციოს, გუნება არ გამოუკეთოს, განწყობა არ აუმაღლოს. გედი – სიმბოლო აღორძინების, სიწმინდის, სიამაყის, მარტოობის, კეთილშობილების, პოეზიის, სრულყოფილების, ერთგულების.
გააჩნია მეწყვილისადმი უსაზღვრო ერთგულება. ბევრ მონადირეს სროლის მერე მთელი ცხოვრება სანანებლად დარჩენია გედის მოკვლა, მისი დამწუხრებული,მგლოვიარე მეწყვილის შემხედვარე. მისი ხორცი გამოუსადეგარია.
მოვუფრთხილდეთ ამ ულამაზეს ფრინველს.
მტაცებელი ფრინველები – Accipter; Falco
რატომ არ უნდა ესროლოთ?!
მტაცებელი ფრინველები ერთ დროს კანონგარეშედ, მავნებლებად იყო მიჩნეული და ზოგიერთი სახეობა გადაშენების, გაწყვეტის პირამდე მიიყვანეს, თუმცა შემდეგ დრომაც და კვლევებმაც დაადასტურა რომ ისინი პირიქით სასარგებლონი არიან ბუნებისთვის და კაცობრიობისთვისაც, რადგან ისინი დიდი რაოდენობით ამცირებენ მღრღნელებსა და დაავადებულ ფრინველებს. არ უნდა ვესროლოთ თუნდაც იმიტომ, რომ ისინიც მონადირეები არიან.
ისინიც სანადიროდ არიან გამოსულები და ჩვენი ბუნებაში ყოფნისას ბევრჯერ დაგვატკბობენ ოსტატური პიკირებითა თუ მსხვერპლზე შთამბეჭდავი დადევნებებით.
არ შეიძლება მათი მოკვლა, იმიტომაც რომ ჩვენთან მტაცებელ ფრინველებს გეშავენ და სანადიროდ იყენებენ.
გაიხსენეთ ისტორია ჩვენი დედაქალაქის დაარსებასთან დაკავშირებით.
მტაცებლები საქართველოში უმეტესად მიმოფრენისას გვხდებიან.
მათი უმეტესობა სულ რამდენიმე დღეს ატარებს საქართველოში და შემდეგ თბილ ქვეყნებში მიფრინავენ.
მონადირე „მონადირეს“ არ ესვრის, თუნდაც ამიტომ, მათი მოკვლა უღირსი საქციელია!
მასალა მომზადდა „მონადირე ჯის“ მასალების მიხედვით