აგრარული განათლებააგროსიახლეებიმეცხოველეობა

კვების მნიშვნელობა მეცხოველეობაში

 

რძის წარმოების ზრდა ბევრ ქვეყანაში, როგორც წესი,  მარტო მაღალპროდუქტიული ჯიშების მიზანმიმართული გამოყენებით და სანაშენე მუშაობის ეფექტურობის გააქტიურებით კი არ მიიღწევა, არამედ, საკვები ბაზის მოწესრიგებით, საკვების ხარისხის გაუმჯობესებითა და ულუფების ყუათიანობის სრულფასოვნებით, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ფურების პროდუქტილობაზე გავლენას ახდენს მემკვიდრული და არამემკვიდრული ფაქტორები. მათი მოქმედების ხვედრითი წილი ფურების სარძეო პროდუქტიულობაზე საკმაოდ განსხვავებულია. დადგენილია, რომ მემკვიდრული ფაქტორის წილი დაახლოებით 24%-ს შეადგენს, კვებისა და შენახვის პირობებისა – 59%-ს, სხვა ტექნოლოგიური ფაქტორების _ 17%-ს.

როგორც ჩანს, მთავარი ფაქტორი, რომელიც პროდუქტიულობას განაპირობებს, არის სრულფასოვანი დაბალანსებული კვება.

პირუტყვის კვების სპეციალისტების მიერ რეკომენდებული ნორმებით მეწველი ფურის ულუფა უნდა დაბალანსდეს 24 კომპონენტით, მათ შორის მშრალი ნივთიერებით, საერთო და მიმოცვლითი ენერგიით, საკვები ერთეულით, ნედლი და მონელებადი პროტეინით, ნედლი ცხიმით, ნედლი უჯრედანათი, შაქრებით, მიკრო- და მაკროელემენტებით (მინერალური ნივთიერებებით) და სხვ. ყოველდღიურ ულუფაში ამ ნივთიერებების გარკვეული პროპორციებით შემცველობა აუცილებელია არა მარტო მაღალი პროდუქტიულობის (მონაწველის, ცოცხალი მასის ნამატის) მისაღწევად, არამედ ისინი უზრუნველყოფენ ცხოველის ნაკვებობის, განვითარებისა და სიცოცხლისუნარიანობის, აგრეთვე აღწარმოების ფუნქციისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

საკვები საშუალებები შერჩეულია იმდაგვარად, რომ ულუფა ბალანსდება როგორც ცხრილებში მოტანილი სამი ძირითადი კომპონენტით (საკვები ერთეულით, მიმოცვლითი ენერგიით და მონელებადი პროტეინით), ასევე სხვა აუცილებელი შემადგენლებით

პროტეინით დაბალანსებული კვებისას იზრდება ფურების წველადობა და რძის ხა¬რისხი. წველადობაზე და რძის შემცველობაზე დადებითად მომქმედ საკვებს მიე¬კუთვ¬ნება მზესუმზირას და კანაფის კოპტონი, კარგი ხარისხის თივა, პარკოსნების მწვა¬ნე მასა ან პარკოსანი და მარცვლოვანი ბალახნარევი. ცხოველებისათვის გა¬ზაფ¬ხულ-ზაფხულის პერიოდში მწვანე საკვებისა და საძოვრული ბალახის, ზამთარში კი კარ¬გი ხარისხის სილოსისა და სენაჟის მიცემა ხელს უწყობს ვიტამინებით და კა¬რო¬ტი¬ნით გამდიდრებული რძის მიღებას.

ფურის მოთხოვნილება საყუათო ნივთიერებებზე იცვლება პროდუქტიულობის დონის, ფიზიოლოგიური მდგომარეობის, ასაკისა და სხვა ფაქტორების მიხედვით.

ახალგაზრდა და საშუალოზე დაბალი ნასუქობის ზრდასრული ფურის კვების ნორმები უნდა გაიზარდოს საშუალოდ 10%-ით.

ლაქტაციის პირველ პერიოდში მაღალპროდუქტიული ფური დიდ მოთხოვნილებას განიცდის ენერგიაზე, განსაკუთრებით მოგების შემდეგ, ხოლო ულუფიდან მიღებული საყუათო ნივთიერებები ვერ ფარავს რძის წარმოქმნაზე დახარჯულ ენერგიას. დეფიციტის დასაფარავად ორგანიზმი ინტენსიურად იყენებს ქსოვილებში დაგროვილ საყუათო ნივთიერებებს. ამ პერიოდში ენერგიის დეფიციტის შესამცირებლად საჭიროა ულუფაში შეტანილ იქნეს მაღალენერგეტიკული საკვები საშუალებები: კოპტონი, შროტი, შვრია, ქერი, სიმინდი და სხვ.

ფურის სარძეო პროდუქტიულობა დიდად არის დამოკიდებული ულუფაში პროტეინის რაოდენობაზე და მის სრულფასოვნებაზე. ფურის დღიური მონაწველი 10 კგ-ია, მონელებადი პროტეინის ნორმა 1 საკვებ ერთეულზე არის 95_120 გრამი. მონაწველის ზრდასთან ნორმა თანდათან იზრდება და 20_30 კგ წველადობისას 105_112 გრამს აღწევს. პროტეინის გამოყენების ეფექტურობა დამოკიდებულია საკვების ხარისხზე (უხეში, წვნიანი, კონცენტრირებული), ცილოვანი და არაცილოვანი აზოტის თანაფარდობაზე, ყველა საყუათო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებით^უზრუნველყოფაზე. ულუფაში პროტეინზე მოთხოვნილების დეფიციტის შემთხვევაში 20_25% შეიძლება დაიფაროს კომბინირებულ ან კონცენტრირებულ საკვებში კარბამიდის ან ამონიუმის მარილების შერევით.

ნორმირებულ მინერალურ მაკროელემენტების რიცხვს მიეკუთვნება: კალცი-უმი, ფოსფორი, სუფრის მარილი, მაგნიუმი, კალიუმი, გოგირდი. მათზე მოთხოვნილება დამოკიდებულია ცხოველის ცოცხალ მასაზე, პროდუქტიულობასა და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს ულუფებში მიკროელემენტების შემცველობაც. საქმე ის არის, რომ ზოგიერთი მიკროელემენტის დეფიციტი იწვევს ორგანიზმის ფიზიოლოგიური ფუნქციების ნორმიდან გადახრას. მაგალითად, მანგანუმის უკმარისობა კუროებში იწვევს სუსტ სქესობრივ აქტივობას, ფურებში კი _ ბერწიანობას ან უნაყოფობას, დამაკების შემთხვევაში კი აბორტებს; იოდის ნაკლებობა ხდება სქესობრივი სიმწიფის ასაკის ზრდის მიზეზი,  კობალტისა – უნაყოფობის, სპილენძისა _ კუჭნაწლავის აშლილობის და ზურგის ტვინის დაზიანების, ხოლო თუთიისა _ ზრდის შეჩერებისა და სხვ.

მეწველი ფურები განსაკუთრებით საჭიროებენ საკვებიდან მიიღონ კაროტინი, “D” და “F” ვიტამინები. ვიტამინებით ულუფის უზრუნველყოფა აუცილებელია პროდუქტიულობის გადიდებისათვის, ვიტამინებით მდიდარი რძის მისაღებად, აღწარმოების ფუნქციების გასაუმჯობესებლად, ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებისათვის და სხვ.

თანამედროვე კვების ნორმების საფუძველზე მუშავდება ულუფები და საკვები ნარევები. ყველა ფერმერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკვების ბალანსი და ყოველთვიური კვების გეგმები, რომელთა საფუძველზეც დგება ულუფები. ულუფამ უნდა უზრუნველყოს ცხოველთა სრულფასოვანი კვება და დაგეგმილი პროდუქტიულობის მიღება. მაგალითად, კონცენტრირებული საკვების ოპტიმალური რაოდენობა სხვადასხვა პროდუქტიულობის მქონე (3000_5000კგ. რძე) მეწველი ფურების ულუფაში უნდა მერყეობდეს 250_350 გრ-ის ფარგლებში 1 კგ რძეზე.

კონცენტრირებული საკვები მიზანშეწონილია პირუტყვს მიეცეს კომბინირებული საკვების სახით, რაც უზრუნველყოფს მისი სრულფასოვნების გადიდებას. მარცვლეული კომბინსაკვებში უნდა შეადგენდეს მასის არა უმეტეს 50%-ს, ხოლო დანარჩენ ნაწილს _ სხვა მარცვლის გადამუშავების ანარჩენები, კოპტონი, შროტი, შაქრის ჭარხლის ბადაგი, აგრეთვე ბუყი, ბარდა  და სხვ.

ტიპური და სამუშაო ულუფები შეიძლება მიჩნეული იყოს არა მარტო ულუფის შედგენის საფუძვლად, არამედ მომავალი წლის საკვების მოთხოვნილების გასაანგარიშებლადაც. ულუფაში საკვების მრავალფეროვნება და მაღალი ხარისხი ცხოველთა კვების სრულფასოვნებისა და საყუათო ნივთიერებების გამოყენების გაუმჯობესების უპირველესი პირობაა.

მეწველი ფურის ზამთრის ულუფის საფუძველს უნდა შეადგენდეს მოცულობიანი საკვები. კარგი ხარისხის თივა პროტეინის, შაქრის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. თივის ჭამადობა დამოკიდებულია მის ხარისხზე და ულუფაში სხვა მოცულობიანი საკვების არსებობაზე. თუ ულუფაში არ შედის სილოსი და სენაჟი, მეწველ ფურებს შეუძლიათ მიიღონ ყოველ 100 კგ ცოცხალ მასაზე 3 კგ-მდე კარგი ხარისხის თივა. იმ შემთხვევაში, თუ ფურებს სილოსი ნებაზე აქვთ, ისინი თივას ცოტა რაოდენობით (3_5 კგ-მდე) ჭამენ. ძირხვენების დიდი რაოდენობით მიცემისას კი ფურები ყოველ 100 კგ ცოცხალ მასაზე 2 კგ-მდე თივას ჭამენ.

მარცვლოვანი და პარკოსანი ბალახებისაგან დამზადებული მაღალხარის-ხოვანი სენაჟი საუკეთესოა მეწველი პირუტყვისათვის, მისი ენერგეტიკული ღირებულება 2-ჯერ აღემატება სილოსისას და ულუფას შაქრებით ამდიდრებს.

სილოსი ერთ-ერთი ძირითადი საკვებია მეწველი ფურის ულუფაში. სილოსის კვებითი ღირებულება დამოკიდებულია დასასილოსებლად გამოყენებული ნედლეულის ქიმიურ შედგენილობაზე, აღებისას ვეგეტაციის ფაზაზე და დამზადების ტექნოლოგიის ზუსტად დაცვაზე.

სარძეო მეძროხეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ძირხვენებს. მათ უწოდებენ რძის გამოყოფის მასტიმულირებელ საკვებს. ძირხვენების მშრალი ნივთიერება შედგება ადვილად მონელებადი ნახშირწყლებისგან _ ძირითადად შაქრებისგან, მდიდარია C ვიტამინით, ხოლო წითელ სტაფილოში ბევრია კაროტინი. ძირხვენებიდან მეწველი ფურის საკვებად მეტი მნიშვნელობა ენიჭება საკვებ ჭარხალს. ძირხვენებს მაღალი თვითღირებულება აქვთ, ამიტომ ისინი რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ.

ვეგეტაციის ადრეულ ფაზაში აღებული და დამზადებული პარკოსანი კულტურების ბალახის ფქვილი, ნაკუწი და ჩრდილში გამშრალი თივა ენერგეტიკული ღირებულებით უახლოვდება კონცენტრირებულ საკვებს, ხოლო ბიოლოგიურ ღირებულებით სჯობს მათ.

რიგ რეგიონებში ფურის ულუფაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნამჯას. უკეთესია შვრიისა და ქერის  ნამჯა. საშემოდგომო მარცვლოვნების ნამჯა 40%-მდე უჯრედანას შეიცავს, ამის გამო მისი გამოყენება კვებისწინა შემზადების გარეშე არ არის დიდად სასარგებლო. მისი შემზადების ხერხებია: დაკუწვა, დასველება და შემზადება, დამდუღვრა, დასილოსება, გაფუება, გრანულირება, და სხვ.

მწირი და არათანაბარი კვების დროს წველადობა 25_50%-ით მცირდება. ფურების სარძეო პროდუქტიულობაზე ყველაზე უარყოფითად მწირი კვება მოქმედებს მშრალობის პერიოდში და ლაქტაციის პირველ თვეებში. კვების ოპტიმალური პირობების შექმნა 2-ჯერ ზრდის ფურების წველადობას. 3000 კგ წველადობისას, რძესთან ერთად, ფურის ორგანიზმიდან გამოიყოფა 392 კგ მშრალი ნივთიერება, ხოლო 4000 კგ წველადობისას – 500 კგ-ზე მეტი. ამიტომ ფურების უწყვეტი და სრულფასოვანი კვება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ მაღალი სარძეო პროდუქტიულობა.

მწირი კვების გამო მცირდება დღეღამური მონაწველი, მოკლდება ლაქტაციის ხანგრძლივობა. ულუფაში  უხეში და წვნიანი საკვების არასაკმარისი რაოდენობა და მისი დაბალი ხარისხი იწვევს კონცენტრატების მნიშვნელოვან გადახარჯვას. კვების გაუმჯობესება (1 კგ რძეზე 1,1_1,2 საკვებ ერთ.) უზრუნველყოფს მაღალი მონაწველის პერიოდის გახანგრძლივებას (ლაქტაციური მრუდის მდგრადობას) და ფურის განაყოფიერების შემდეგ შენელებულ დაცემას.

რძის წარმოებისას გასათვალისწინებელია ის, რომ ულუფაში ძირხვენების (ტურნეფსი, საკვები ჭარხალი, ძირხვენების ფოჩი)  დიდი რაოდენობა აუარესებს რძის ხარისხს – ის ხდება მომწარო  და მას დაჰკრავს საკვების გემოც. რძის ხარისხი, აგრეთვე, უარესდება, თუ ფურებს მივცემთ უხარისხო საკვებს – დამპალ თივას, სილოს ან სენაჟს.

არასასურველ შედეგს იწვევს, აგრეთვე, ფურებისათვის დიდი რაოდენობით ჟენჟოს, ლუდის ნახარშის (ბუყის), მჟავე ბადაგის მიცემა, აგრეთვე ისეთ საძოვრებზე ძოვება, სადაც ჭარბობენ მომჟავო მცენარეები. ამ დროს რძეს ახასიათებს დონდლო შენადედი, და მისგან შეუძლებელია კარგი ხარისხის ყველის ამოყვანა.

ძალიან ფასობს რძე, რომელიც მიიღება ფურების ალპურ, სუბალპურ საძოვრებზე იალაღობისას. მათგან მოწველილი რძისაგან გამოდის უმაღლესი ხარისხის ყველი და რძის სხვა ნაწარმი. ხშირად გაზაფხულზე, როდესაც ფურები გაჰყავთ საძოვარზე, მცირდება რძის ცხიმიანობა. ეს გამოწვეულია იმით, რომ მწვანე საკვებში მცირეა უჯრედანას ხვედრითი წეილი (12%-მდე) და დიდია პროტეინის შემცველობა (25%-მდე). ასეთი მდგომარეობა მოქმედებს ფაშვში დუღილის პროცესებზე, რის გამო მცირდება ძმარმჟავის გამოყოფა და სარძევე ჯირკვლებში ქვეითდება რძის ცხიმის სინთეზის ინტენსივობა. ამის თავიდან ასაცილებლად საძოვარზე გაყვანის პირველ 25_30 დღეს საჭიროა ფურებს დამატებით მივცეთ კარგი ხარისხის თივა, რომლის რაოდენობა დეკადების მიხედვით იქნება: I-ში _ 5 კგ, II-ში _ 3 კგ, III-ში _ I კგ.

მაგრამ სრულფასოვანი კვების ფონზეც კი ძალიან რთულია შევუნარჩუნოთ ფურებს და მოზარდს ორგანიზმისათვის აუცილებელი მინერალური ნივთიერებების, ვიტამინების, მაკრო- და მიკროელემენტების ბალანსი. იმისათვის რომ სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში არ გამომჟღავნდეს ამ ნივთიერებების დეფიციტი, აუცილებელია ვისარგებლოთ საკვები დანამატებით და ბიოპრეპარატებით.

სხვადასხვა ბიოპრეპარატების და საკვები დანამატების გამოყენებით კვებისა და მოვლა-შენახვის კარგი პირობების შექმნა ხელს უწყობს პროდუქტიულობის გადიდებას პირუტყვის მემკვიდრული თვისებებით განსაზღვრულ დონემდე, აგრეთვე ჯანმრთელი მოზარდეულსა და მისი იმუნური სისტემის გაძლიერებას.