დარგებიმეცხოველეობაფერმერი ფერმერს

ზებუ

1975 წელს მოსკოვში, მეცხოველეობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურის ბოლო კურსზე სწავლისას, მქონდა ბედნიერება შევხვედროდი ცნობილ ქართველ მეცნიერს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, პროფესორ მიხეილ რჩეულიშვილს. შეხვედრა შედგა სასტუმროს ნომერში, ტრადიციისამებრ, სახელდახელოდ გაშლილ ქართულ სუფრასთან, რომელსაც ამშვენებდა თბილისიდან ჩამოტანილი კახური ღვინო; საუბრისას ბატონმა მიხეილმა გამომკითხა ჩემი კვლევის შესახებ და მომავალ გეგმებზე, რის შემდეგ შემომთავაზა დამეწყო მასთან მუშაობა ძროხისა და ზებუს ჰიბრიდიზაციის საკითხებზე. სწორედ ამ შეხვედრამ განსაზღვრა ჩემი მომავალი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი ორიენტირი.

სიმართლე უნდა ვთქვა, რომ თავიდან დავვეჭვდი კვლევის ამ მიმართულების პერსპექტიულობაზე, რამეთუ იმხანად ჩემი ცოდნა ამ ცხოველზე საკმაოდ მწირი იყო, შემოიფარგლებოდა რა სტუდენტობის წლებში ლექციაზე მოსმენილი და ენციკლოპედიაში წაკითხული ინფორმაციით: „…გავრცელებულია: ინდოეთში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ამერიკის სუბტროპიკულ და ტროპიკულ რაიონებში; … თავისებურება: კუზის არსებობა კისერ-მინდაოს მიდამოში, პიროპლაზმიდოზებისადმი მდგრადობა. ფურების ცოცხალი წონა 250-270, კუროების 300-350 კგ, მონაწველი 900-1300 კგ რძე, 6-7% ცხიმით…“.

შემოთავაზებიდან გამომდინარე დავინტერესდი ძროხის ამ ნაირსახეობით, მოვიძიე შესაბამისი ლიტერატურა და დავრწმუნდი, რომ საქართველოს ბარის რაიონებისთვის ეს ცხოველი პერსპექტიულია; აზრი კიდევ უფრო განმტკიცდა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, წნორის მეხორცული მეძროხეობის საცდელ-სპეციალიზირებულ კომპლექსში საწარმოო კვლევების განხორციელებისას;

როგორც ცნობილია, ეს მეურნეობა ამერიკული პროექტით აშენდა გასული საუკუნის 70-იან წლებში. მისი ისტორია მოკლედ აღწერილი აქვს ბ-ნ თამაზ ბურდულაძეს (ჟურნ. „ახალი აგრარული საქართველო“, №5 (25), 2013, გვ. 28-30), მაგრამ ამ წერილში თითქმის არაფერია თქმული იმ სამუშაოებზე, რომელსაც მ. რჩეულიშვილის ხელმძღვანელობით აქ ატარებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის ბიოლოგიური საფუძვლების ლაბორატორიის (შემდგომში ინსტიტუტის) ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფი, რომელიც დაკავშირებული იყო ზებუსთან ძროხის ევროპული ჯიშების ჰიბრიდიზაციის საკითხებთან.

გადაუჭარბებლად მინდა ვთქვა, რომ აქ ჩატარებული სამეცნიერო და საწარმოო ექსპერიმენტების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები, ჯიშთაშორისი ჰიბრიდიზაციის ეფექტური სქემები, აგრეთვე სახორცე მეძროხეობის ორიგინალური ტექნოლოგიის დანერგვით მიღებული პრაქტიკული შედეგები, ერთ-ერთი ნათელი ფურცელია ქართული ზოოტექნიკური მეცნიერების ისტორიაში, რასაც არა მარტო მკვლევარები აღიარებენ, არამედ პრაქტიკოსი მეცხოველეებიც.

მაგრამ დავუბრუნდეთ საუბარს ზებუზე, კერძოდ, რას წარმოადგენს ეს ცხოველი, რა ადგილი უკავია მას მსოფლიო მეცხოველეობაში?

უნდა ვაღიარო, რომ ზებუზე ზოგიერთ ჩემს კოლეგასაც კი საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს და მიაჩნია, რომ მას ზოოპარკის ექსპონატის ფუნქციის მეტი სხვა რაიმე ხელშესახები სარგებლობის მოტანა არ შეუძლია.

ზებუ (იგივე აზიური, ანუ კუზიანი ძროხა — Bostaurus in­di­cus) ჩამოყალიბებულია ინდოეთში, საიდანაც გავრცელდა აზიისა და აფრიკის კონტინენტების სამხრეთ და ჩრდილოეთ განედის 32-400-ის არეალში მდებარე ცხელი კლიმატის ქვეყნებში. ნიშანდობლივია, რომ ამ გეოგრაფიულ ზონაში მცხოვრებთათვის ზებუ არის ცხოველური ცილის მნიშვნელოვანი, ხშირად კი ერთადერთი წყარო, ფართოდ გამოიყენება ცოცხალ გამწევ ძალად სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო სამუშაოებზე, აგრეთვე სპორტულ შეჯიბრებებში, სანახაობების მოწყობისას და რელიგიური რიტუალების შესრულებისას.

ზებუ და „ჩვეულებრივი“, ანუ ევროპული ძროხა (Bos ta­u­rus) ერთი საერთო გარეული წინაპრის (B. t. Primigenius) მოშინაურებული ფორმებია, რომლის დამადასტურებელი ფაქტი საკმარისზე მეტია: ორივე მათგანის გენოტიპი წარმოდგენილია ქრომოსომთა ერთნაირი ნაკრებით (2ნ=60), ისინი თავისუფლად უწყვილდებიან ერთმანეთს და იძლევიან ნაყოფიერ შთამომავლობას, თავის ქალა პრაქტიკულად იდენტური აგებულებისაა (კრანიოლოგიური ტიპების მსგავსება) და სხვ.

იმავე მონაცემებით, ჩვეულებრივ ძროხასა და ზებუს შორის გარეგნულ ფორმებში არსებული განსხვავებები განაპირობა საუკუნეების მანძილზე განსხვავებულ ეკოლოგიურ გარემოში მოშენებამ, აგრეთვე ადამიანის მიზანმიმართული სელექციის განსხვავებულმა დონემ (უფრო სწორად, ზებუს შემთხვევაში, გასული საუკუნის 30-იან წლებამდე ასეთი საქმიანობის საერთოდ არარსებობამ). რაც შეეხება ამ ცხოველის კისერ-მინდაოს უბანზე არსებულ ხორცოვან-ცხიმოვან კუზს, მეცნიერებს აქვთ იმის მრავალი დამადასტურებელი წერილობითი მასალა, რომ ეს წარმონაქმნი დამახასიათებელი იყო მათი საერთო გარეული წინაპარის — ტურისთვისაც.

ზებუს მრავალი ნიშან-თვისება დაკავშირებულია ცხელი კლიმატური ზონის მკაცრი გარემო პირობებისადმი _ პაპანაქება სიცხისადმი, მზის გაძლიერებული ინსოლაციისადმი, მაღალი ფარდობითი ტენიანობისადმი, ან ზედმეტად მშრალი ჰაერისადმი შეგუების გაადვილებასთან: კუზი არის გვალვების პერიოდში საკვებისა და წყლის ნაკლებობისას ცხოველის ორგანიზმის ენერგიით მომარაგებისა და წყურვილის დასაკმაყოფილებელი მნიშვნელოვანი წარმონაქმნი (1); ტემპერატურული დატვირთვისადმი შეგუებას ხელს უწყობს ერთეულ ცოცხალ მასაზე კანის მეტი ფართობი და ჩვეულებრივზე ძლიერ განვითარებული ყურის ნიჟარები (2), რომლის ერთეულ ფართობზე საოფლე ჯირკვლების რაოდენობა 2,5-ჯერ და უფრო მეტია, ვიდრე ძროხაში (3), აგრეთვე შედარებით იშვიათი და მოკლე ბალნის საფარი (4), კანის თავისებური შეფერილობა და კანში საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების უფრო ზედაპირული განლაგება (5), მათი ფუნქციური აქტიურობა (6) და სხვ.

მნიშვნელოვანია სხვადასხვა ეტიმოლოგიის დაავადებებისადმი ზებუს გადიდებული მდგრადობა, რაც უმეტეს შემთხვევაში, მისი გენოტიპით არის განპირობებული და ამდენად, მემკვიდრული ბუნებისაა. ასე მაგალითად, სამეცნიერო ექსპერიმენტებით დადასტურებულია, რომ ზებუ გამოირჩევა გადიდებული მდგრადობით ისეთი მიკრობული, ვირუსული და ინვაზიური დაავადებებისადმი, როგორებიცაა; ტუბერკულოზი, მასტიტი, ბრუცელოზი, ინფექციური კერატოკონიუქტივიტი, თურქული, პიროპლაზმიდოზები, ფასციოლოზი, ტრიქოსტრონგილიდოზები და ა.შ.

ევროპულ ჯიშებთან შედარებით ზებუს დაავადებებისადმი რეზისტენტობაზე და იმუნურობაზე მონაცემები ბიოლოგიურ და ვეტერინარულ სამეცნიერო ლიტერატურაში მრავლადაა. მათგან მოვიტან რამდენიმეს:

R. Verma-ს (1982) მონაცემებით ინდოეთში ფურკამეჩებსა და ზებუს ფურებში მასტიტის სიხშირე 2-ჯერ უფრო იშვიათია, ვიდრე ძროხის ევროპულ ჯიშებში; უგანდაში ანკოლეს ჯიშის ძროხის გამოკვლევით დადგენილია, რომ ტუბერკულოზით დაავადებული იყო შესწავლილი სულადობის 17%, ხოლო თეთრი ფულანი ჯიშის ზებუს მხოლოდ 0,9% (J. Car­mic­ha­el, 1941); კენიაში ფასცეოლოზის გავრცელებაზე ათწლიანმა დაკვირვებამ გამოავლინა, რომ ამ დაავადებით დასნებოვნებული იყო ევროპული ძროხის 42,3%, ხოლო ზებუს მხოლოდ 12% (P. Bitacaramire, 1968);

აზერბაიჯანელმა ვეტერინარმა, პროფესორმა ე. ალიევმა ბრ. აბორტუს ვირულენტური კულტურის გადიდებული დოზით დაასნებოვნა ზებუ და ევროპული ძროხა; ინექციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ დადგინდა, რომ ბრუცელოზის ტესტზე ყველა ცხოველი დადებითად რეაგირებდა, ხოლო 90 დღის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ევროპული ძროხის რეაქცია კვლავ დადებითი იყო მაშინ, როდესაც ზებუსი — უარყოფითი; ამის საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ ზებუ ავადდება ბრუცელოზით, მაგრამ ის გარკვეული პერიოდის შემდეგ თვითგანიკურნება მისგან.

1976 წელს სიღნაღის რაიონის წნორის მეძროხეობის კომპლექსში „იფეთქა“ თურქულის ეპიზოოტიამ, რა დროსაც საცდელ ფერმაში არსებული 1005 სული სხვადასხვა ასაკის კავკასიური წაბლა, ველის წითელი, ყაზახური თავთეთრა და სიმენტალური ჯიშის ცხოველიდან დაავადდა 992, ანუ საერთო რაოდენობის 98,7%, ხოლო ამავე ნახირში მყოფი 20 სული კუბური ზებუდან ამ დაავადებაზე საეჭვო სიმპტომები (კოჭლობა) გამოავლინა მხოლოდ 4 სულმა (ანუ 20%-მა). ყოველდღიურმა დაკვირვებებმა დაგვანახა, რომ ევროპულ ჯიშებში დაავადება მიმდინარეობდა მძიმე ფორმით, რაც გამოიხატა ჩლიქების მასობრივად დაზიანებასა და ნაკვებობის მკვეთრად გაუარესებაში; 31 ფური და უშობელი გაბერწდა, 11 სული მოკვდა, ხოლო 78 სული მოგვიანებით გამოიწუნეს ჩლიქების ქრონიკულად დაზიანების გამო. მათგან განსხვავებით, თურქულის დაავადებაზე საეჭვო 4 სულ ზებუში დაავადებების სიმპტომები არ იყო მძიმე, გრძელდებოდა 3-5 დღე და განიკურნენ ისე, რომ მათ ნაკვებობაზე არ მოუხდენია გავლენა (მ. ვარაზანაშვილი და სხვ., 1981; გ. გოგოლი და სხვ., 2003). ამავე ფერმაში, მ. ვარაზანაშვილის მიერ (1983) ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ ზებუ და მისი ჰიბრიდები ევროპულ ძროხასთან შედარებით მდგრადები არიან ტრიქოსტრონგილიდოზებისა და ინფექციური კერატოკონიუქტივიტისადმი. ჩვენივე გამოკვლევებით, ზებუს და ¼ სისხლიანი ჰიბრიდები არა მარტო ადვილად ეგუებოდნენ პაპანაქება სიცხეს, არამედ პრაქტიკულად არ ავადდებოდნენ ფილტვებისა და ზედა სასუნთქი გზების, აგრეთვე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებით.

ბოლო წლების სამეცნიერო ლიტერატურაში გამოჩნდა ცნობები ზებუს ლეიკოზისადმი მდგრადობის შესახებ (წყარო: ttp://ag­rar­n­yi­sec­tor.ru /zhi­vot­no­vod­s­t­vo/ oz­do­rov­le­nie-mo­loc­h­no­go-sta­da-v-ros­sii-lej­j­koz-krs.html–).

მსგავსი მაგალითები სამეცნიერო ლიტერატურაში საკმაოდ მრავლადაა, მაგრამ, ვფიქრობ, მოყვანილიც საკმაოდ წონიანი არგუმენტებია ზებუს დააავადებებისადმი ბუნებრივი რეზისტენტობის და`ან იმუნურობის დასასაბუთებლად.

განსაკუთრებული თვისება, რაც კიდევ უფრო მეტად ღირებულსა და შეუცვლელს ხდის ცხელი კლიმატური ზონის ქვეყნებისთვის ამ ცხოველს, ეს არის ბუნებრივი საძოვრების, ძირითადად გაუხეშებულ ბალახნარში შემავალი ცენოზის კარგი ჭამადობა და უჯრედანით მდიდარი საკვების უკეთ მონელების უნარი; დადგენილია, რომ ამ მაჩვენებლებით ზებუ საგრძნობლად აღემატება ჩვეულებრივ ძროხას და მხოლოდ უმნიშვნელოდ ჩამორჩება კამეჩს.

აღნიშნულთან ერთად, აუცილებელია ვიცოდეთ იმ ნაკლოვან მხარეებზეც, რაც დამახასიათებელია ამ ცხოველებისთვის: ბუნებრივი არეალის რეგიონებში გავრცელე-ბული ზებუს ჯიშები შედარებით დაბალპროდუქტიული და გვიანმწიფადები არიან: ასე მაგალითად, ინდო-პაკისტანური წარმოშობის ზებუს სარძეო ჯიშები ლაქტაციის 305 დღეში იწველიდნენ 1300-1800 კგ. რძეს, ხოლო 4000-4500 კგ. მონაწველი ითვლებოდა რეკორდულად. ზებუ ევროპულ ძროხას ასევე ჩამორჩებოდა ზრდის უნარით, დაკვლის ძირითადი პროდუქტების გამოსავლითა და ხორცის ხარისხით.

აღნიშნულის გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობისას მკვლევარები მიუთითებდნენ, რომ ზებუს დაბალი სარძეო და სახორცე პროდუქტიულობა განპირობებულია საუკუნეების მანძილზე ცხოველთა თავისუფალი გამრავლებით (ანუ მიზანმიმართული სელექციის არარსებობით), მოვლა-შენახვის პრიმიტიული პირობებით და მწირი კვებით. ამ მოსაზრების სისწორე დადასტურებული იქნა ბოლო წლებში მიღწეული შედეგებით, რომელთა თანახმად მერძეული ზებუს სელექციონირებულ ნახირებში იშვიათობა არ არის 8-10 ათასი კგ. საშუალო მონაწველი, ხოლო ცალკეული ინდივიდები იწველიან 15-20 ათას კგ. რძეს.

მიუხედავად დაბალი პროდუქტიულობისა, პრაქტიკოსმა მეცხოველეებმა ჯერ კიდევ xvx საუკუნის შუა წლებიდან გაამახვილეს ყურადღება ამ ცხოველზე და, როგორც ძვირფასი სასელექციო მასალა, ის ინტროდუცირებული იქნა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ავსტრალიასა და ოკეანიის კუნძულებზე, მოგვიანებით კი, ძირითადად საცდელად, გერმანიაში, ბრიტანეთში, რუსეთში და სხვ.

ყველაფერი კი დაიწყო ინდოეთში, ბრიტანეთის კოლონისტური ჯარების სამხედრო ფერმებიდან, სადაც ევროპული წარმოშობის ძროხის მოშენების მცდელობამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. იმ პერიოდის ისტორიულ ცნობებში აღწერილია, რომ ევროპიდან ინტროდუცირებული ცხოველები მასობრივად ავადმყოფობდნენ, მაღალი იყო სიკვდილიანობის ხვედრითი წილი, ხოლო პაპანაქება სიცხისას მკვეთრად მცირდებოდა გადარჩენილების მონაწველი და ცოცხალი მასის ნამატი. აქვე მიაქციეს ყურადღება იმას, რომ ადგილობრივი პირუტყვი ზებუ პრაქტიკულად არ ავადდებოდა და, ასევე უარყოფითად არ რეაგირებდა ჰაერის ექსტრემალურ ტემპერატურაზე.

ანალოგიური მდგომარეობა აღინიშნა მოგვიანებით, დღევანდელი აშშ-ის სამხრეთ შტატებში, სადაც ევროპიდან გადასახლებულმა მოსახლეობამ თან ჩაიყვანა პირუტყვი: აღმოჩნდა, რომ რბილი კლიმატის პირობებში გამოყვანილი ძროხა ძნელად ეგუებოდა სამხრეთი რაიონების ცხელ კლიმატს და მასობრივად ავადდებოდა ე.წ. „ტეხასური ციებ-ცხელებით“ (პიროპლაზმიდოზებით); ამის გამო ფურებში ბერწიანობის ხვედრითი წილი აღწევდა 40%-ს, ხოლო ყველა ასაკის ცხოველთა სიკვდილიანობა— 90%-ს, რაც, იმ პერიოდის გათვლებით, 40-100 მლნ $ საერთო წლიური ზარალით გამოიხატებოდა.

ზემოთ მოყვანილმა მაგალითებმა, აგრეთვე სხვა ქვეყნების პრაქტიკულმა გამოცდილებამ, წარმოშვა კითხვა: ხომ არ არის შესაძლებელი ევროპული ძროხის მაღალი პროდუქტიულობისა და ზებუს გარემოსადმი მდგრადობის ნიშან-თვისებათა შერწყმით ისეთი გენოტიპების მიღება, რომლებიც ექსტრემალურ ეკოლოგიურ ზონებში მოშენებისას იქნებიან ეფექტიანები?..

დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით მიღწეული წარმატებები მეტად შთამბეჭდავია; კერძოდ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ევროპული და აზიური ძროხის ჰიბრიდიზაციით გამოყვანილია ზებუსნაირი (ზებუს „სისხლიანი“), ან ხალასჯიშიანი ზებუს რამდენიმე ათეული ჯიში. ასეთებს მიეკუთვნება სახორცე მიმართულების ჯიშები: „სანტა-გერტრუდა“, „ბრაფორდი“, „ბრანგუსი“, „ბიფმასტერი“, „შარ-ბრეი“, „კანშიმი“, „ემერიკანი“, „სიმბრაზინი“, „ბრამუზინი“, „ბრალერსი“, „ბრამანი“ (აშშ), „მანდოლონგური“ და „დრავმასტერი“ (ავსტრალია), „ინდუბრაზილი“, „იბაჯე“, „სანგიმი“ (ბრაზილია), „ბონსმარა“ (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა); მერძეული მიმართულების ზებუსნაირი ჯიშებია: „იამაიკის იმედი“ (ჟამაიცა ჰოპე), „კარანშვიცი“ (ინდოეთი), მერძეული ზებუ და „ზებუ-ფრიზი“ (ავსტრალია), „სიბონეა“ (კუბა), „ჯიროლანდო“ (ბრაზილია).

ეს ჯიშები ცხელი კლიმატისა და სისხლის პარაზიტული დაავადებების გავრცელების ზონებში ეფექტიანად ითვისებენ ბუნებრივ საკვებ-სავარგულებსა და ხასიათდებიან მაღალი სარძეო და სახორცე პროდუქტიულობით. უფრო მეტიც:

  1. დღიური მონაწველის მსოფლიო რეკორდი, 110,7 კგ. რძე, დაამყარა კუბის რესპუბლიკის ცხოველთა სელექციისა და გენეტიკის ინსტიტუტის პროგრამა „სიბონეა დე კუბას“ განხორცილებისას მიღებულმა ფურმა „უბრე ბლანკამ“, რომლის გენოტიპში სისხლი ზებუსია; ლაქტაციური მონაწველის რეკორდიც, რომელიც შეადგენდა 27464 კგ რძეს, 2000 წლამდე ამ ფურს ეკუთვნოდა.
  2. აშშ-ის ფერმერები, რომლებიც სპეციალიზდებიან ძროხის ხორცის წარმოებაზე, გასასუქებელი მოზარდის შეძენისას ზებუს ჰიბრიდებში საშუალოდ იხდიან 20-25%-ით მეტ თანხას, ვიდრე ევროპული ჯიშის ცხოველებში, ან მათ ნაჯვარებში;
  3. ბრაზილიელ მეცნიერებს, ეკოლოგიური პირობების გამო, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპული ჯიშის პირუტყვის მოშენება ბაგურ-საძოვრულად შენახვისას დასაშვებად მიაჩნიათ ზღვის დონიდან 2000 მ-ზე უფრო მაღლა;
  4. ავსტრალიის კვინსლენდისა და ახალი სამრეთ უელსის შტატში ბევრი ფერმერი უპირატესობას ანიჭებს ავსტრალიური მერძეული ზებუსა და ზებუ-ფრიზის ჯიშების მოშენებას, ვინაიდან ცხელი კლიმატის პირობებში ისინი მონაწველით არ ჩამოუვარდებიან საყოველთაოდ აღიარებულ ჰოლშტინურ, შვიცურ და ჯერსულ ჯიშებს, ხოლო რძის წარმოების თვითღირებულება თითქმის 40%-ით უფრო ნაკლებია;

ბოლო 30 წელია არანაკლები ყურადღება ეთმობა ხალასად მოშენების პირობებში ზებუს უძველესი ჯიშების მიზანმიმართულ სელექციას, რამაც ორჯერ და მეტად გაზარდა მათი სარძეო და სახორცე პროდუქტიულობის გენეტიკური პოტენციალი, აგრეთვე გააუმჯობესა ნაყოფიერება და მალმწიფადობა.

მიღწეულმა შედეგებმა მეცნიერებსა და პრაქტიკოს სპეციალისტებს მისცა საფუძველი ეღიარებინათ, რომ პლანეტის ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის ქვეყნების მეძროხეობის ისტორიაში ზებუს გავრცელება იყო მნიშვნელოვანი ეპოქა, რომლის წყალობით საკმაოდ ვრცელი, გამოუყენებელი, ან ნაკლებად ვარგისი ტერიტორიები გადაიქცა მაღალრენტაბელური მეძროხეობის რეგიონებად.

დღეისთვის ზებუს აშენებენ მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 120-ზე მეტ ქვეყანაში. FAO-ს მონაცემებით, პლანეტაზე აღწერილი ძროხის ათასზე მეტი ჯიშიდან 400-მდე მიეკუთვნება ზებუსა და ზებუსნაირებს, რომელთა სულადობა 500 ათასს, ანუ ძროხის საერთო რაოდენობის 1.3-ზე მეტია.

მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს ამ სტატიის პუბლიკაციის მიზნები, უნდა გაეცეს პასუხი კითხვებზე: რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ზებუს ან ზებუსნაირ პირუტყვს საქართველოს მეცხოველეობის დღევანდელობაში? და რა პრაქტიკულ შედეგს შეიძლება ველოდოთ ამ საქმიდან?

როგორც აღინიშნა, 1976 წლიდან, 15 წლის მანძილზე, სიღნაღის რაიონში საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა ადგილობრივი და ინტროდუცირებული ევროპული ჯიშების კუბურ ზებუსთან ჰიბრიდიზაციის სამუშაოები, რა დროსაც დადგენილი იქნა, რომ გაუმჯობესდა ნახირის აღწარმოების მაჩვენებლები, ნამატის გამოსავალი, მისი ცოცხალი მასის ნამატი, აგრეთვე საკლავი პროდუქტიულობა და ხორცის ხარისხი.

სამეცნიერო-საწარმოო ცდებით ასევე დადგინდა, რომ ზებუს ჰიბრიდები პრაქტიკულად სახორცე პროდუქტიულობის ყველა პარამეტრით სჯობდნენ როგორც კავკასიურ წაბლა თანატოლებს, ასევე მის ნაჯვარებს აბერდინანგუსურ ჯიშთან. ამასთან, ჰიბრიდების უპირატესობა ზრდის უნარში, წონამატზე საკვების დანახარჯსა და საკლავ პროდუქტიულობაში ვლინდება როგორც ინტენსიურად, ასევე ზომიერი კვების პირობებში გამოზრდა-სუქებისას.

კვლევის შედეგებმა დაგვანახა, რომ ევროპული ჯიშების ხალასად მოშენებასთან და შეჯვარებასთან შედარებით, ზებუსთან ჰიბრიდიზაციით წარმოებული ხორცის რაოდენობა გაიზარდა 1,5-2,5-ჯერ, ხოლო პროდუქციის თვითღირებულება შემცირდა 8-13%-ით. ამან, აგრეთვე გამოზრდა-სუქების ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვამ შესაძლებელი გახადა წნორის კომპლექსი გადაქცეულიყო მომგებიან საწარმოდ.

პირველ წლებში მიღებული შედეგები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ 1981 წელს რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მიზანშეწონილად ჩათვალა სხვადასხვა ბუნებრივ-ეკონომიკური ზონის რამდენიმე რძის მწარმოებელ მეურნეობაში ჩაგვეტარებინა ჰიბრიდების გამოცდა სარძეო პროდუქტიულობაზე.

თითქმის ათწლიანი გამოკვლევებით დადგენილია, რომ მონაწველის მიხედვით ევროპული ჯიშისა და ზებუს I თაობის ჰიბრიდ ფურებს შორის ლაქტაციურ მონაწველში განსხვავება ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ უმნიშვნელო იყო (75-260 კგ რძე), მაგრამ უკეთესი რძეღალიანობის წყალობით მათგან მიღებულია 560-1056 კგ-ით, ანუ 31-53%-ით მეტი საბაზისო ცხიმიანობის რძე; აღნიშნულის თვალსაჩინოებისთვის ცხრილ 2-ში მომაქვს ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ერგეს კოლმეურნეობაში ჩატარებული სამეცნიერო-საწარმოო გამოცდის მონაცემები.

რამდენადმე განსხვავებული, მაგრამ საერთო ტენდენციით მსგავსი შედეგები მიღებული იქნა თელავის რაიონის სოფ. ფშავლისა და კურდღელაურის, სიღნაღის რ-ის ს. ჯუგაანის, ქობულეთის რ-ის სოფ. ქვემო კვირიკეს, სენაკის რ-ის სოფ. თეკლათის და ახმეტის რ-ის სოფ. ოჟიოსა და ლალისყურის საზოგადოებრივი მეურნეობების რძის მწარმოებელ ფერმებში, რომლებშიც მოშენებული იყო კავკასიური წაბლა, შავჭრელი, ველის წითელი და ლატვიური წაბლა ჯიშები.

ექსპერიმენტების შედეგების საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით მეცნიერული სიახლეების დანერგვის 1991 წლის გეგმაში შეტანილი იქნა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საზოგადოებრივ მეურნეობებში ყოველწლიურად 7,1 ათასი სული ფური ზებუს სპერმით განაყოფიერებას.

სამწუხაროდ, ცნობილი მიზეზების გამო ამ პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა. უფრო მეტიც, 90-იანი წლების დასაწყისში სამოქალაქო ომის, შემდგომ კი საზოგადოებრივი ქონების პრივატიზაციისას, წლების მანძილზე დაგროვილი სახორცე და სარძეო პროდუქტიული მიმართულების 6000 სულამდე (მ.შ. 5000 სულზე მეტი წნორის მეხორცული მეძროხეობის საცდელ სპეციალიზირებულ კომპლექსში) ჰიბრიდული პირუტყვის გენოფონდი მთლიანად დაიკარგა.

ფერმერებისთვის ზებუსთან ჰიბრიდიზაციის მაღალი ეფექტურობის დემონსტრირება შესაძლებელი გახდა 2010 წლიდან, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს ოფისის მიერ განხორციელებული პროექტის, “სოფლის მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა”, ფარგლებში, რა დროსაც შევთავაზე სადემონსტრაციო პროექტი: „ზრდის გადიდებული პოტენციისა და მაღალი სახორცე პროდუქტიულობის მქონე ჰიბრიდების წარმოება ამერიკული ბრამანის ჯიშის ადგილობრივ პირუტყვთან ჰიბრიდიზაციის გზით“. მიღებულმა შედეგმა დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონების ფერმერები დაარწმუნა ჰიბრიდების სახორცედ სუქების მაღალ ეფექტურობაში და დღეს უკვე ამ რაიონებში წარმატებით მიმდინარეობს ზებუს სპერმით ხელოვნური განაყოფიერება.

2013 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მეცნიერთა ჯგუფის მიერ წარდგენილი იქნა ფუნდამენტური კვლევის პროექტი „გარემოსადმი ტოლერანტობისა და პროდუქტიულობის მაჩვენებლების მემკვიდრულობა და ცვალებადობა ავსტრალიურ მერძეულ ზებუსთან ადგილობრივი ძროხის ჰიბრიდიზაციისას“, რომელმაც უცხოელი ექსპერტების მხრიდან დაიმსახურა მაღალი შეფასება და მოიპოვა გამარჯვება.

პროექტის მიზანია მარნეულისა და გარდაბნის რაიონებში ადგილობრივი ძროხის მერძეულ ზებუსთან ჰიბრიდიზაცია, მიღებული თაობის სარძეო პროდუქტიულობის შეფასება და მათი პაპანაქება სიცხისადმი ტოლერანტობაზე და სხვადასხვა დაავადებების მიმართ რეზისტენტობაზე გამოცდა; მიღებული შედეგების საფუძველზე შემუშავდება საქართველოს ბარის ზონაში მერძეული ზებუს ადგილობრივ ძროხასთან ჰიბრიდიზაციის რეკომენდაციები.

ჩვენი აზრით, ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურისადმი ტოლერანტული ცხოველების გამოყვანა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მეცნიერების მიერ პროგნოზირებული გლობალური დათბობის პირობებში მოსალოდნელი ეკოლოგიური ცვლილებების გათვალისწინებით. ამასთან, პროექტის წარმატების გარანტია არის სწორი მეთოდური მიდგომა, ოპტიმალურად შერჩეული შეჯვარების სქემა და გასანაყოფიერებელი მასალის წარმომავლობა; განსასკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ამ უკანასკნელ მომენტზე: შემოტანილი სპერმა მიღებულია მონაშენის ხარისხზე შემოწმებული, გამაუმჯობესებელი კურო-მწარმოებლებისგან, რომელთა დედების მონაწველი 4%-ზე მეტი ცხიმიანობის 15-22 ათასი კგ რძეა.

აქვე მინდა აღვნიშნო კომპანია „კავკასიის გენეტიკის“ მხრიდან უდიდესი თანადგომისა და ხელშეწყობის შესახებ, რაც გასანაყოფიერებელი მასალის შემოტანასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტისას და პროექტის განხორციელების პროცესში გაწეულ საქმიან დახმარებაში გამოიხატა.

გიული გოგოლი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“