ათი წელიწადი უპესტიციდოდ _ ექსპერიმენტი სოფლის მეურნეობის ახალ შესაძლებლობებს ხსნის
საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა (INRAE) ათწლიანი ექსპერიმენტის შედეგები შეაჯამა.
ცხრა სხვადასხვა საცდელ ნაკვეთზე, მთელ საფრანგეთში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ პესტიციდების სრული გამორიცხვით ისე, რომ ფერმერულმა მეურნეობებმაეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნონ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება შესაძლებელია…
2026 წლის ივნისში წარდგენილი პროგრამა Rés0Pest-ის შედეგები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სოფლის მეურნეობაში პესტიციდების შემცირების შესახებ მიმდინარე დისკუსიაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ლაპარაკი არ არის ორგანულ (ბიო) მეურნეობაზე.
ექსპერიმენტის უნიკალურობა
ფრანგული კვლევის მთავარი თავისებურება მის სტრატეგიაშია _ მკვლევარებმა სრულად გამორიცხეს პესტიციდები, თუმცა შეინარჩუნეს მინერალური სასუქების გამოყენება. ეს მიდგომა მას ორგანული მეურნეობისგან განასხვავებს. პროექტის მიზანი იყო არა ერთი უნივერსალური მოდელის შეთავაზება, არამედ იმის შეფასება, თუ რაოგორ შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სისტემებს ფუნქციონირება ბიოლოგიურ და აგრონომიულ მექანიზმებზე დაყრდნობით.
პროექტის ინიციატორის, ჟან-ნოელ ობერტოს განცხადებით, დასკვნა ერთმნიშვნელოვანია, უპესტიციდო მიწათმოქმედება ტექნიკურად შესაძლებელი და ეკონომიკურად მომგებიანია. თუმცა, შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება რეგიონის, მოყვანილი კულტურებისა და კლიმატური პირობების მიხედვით.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გარკვეული კულტურები, კერძოდ: კარტოფილი, ჭარხალი და ხორბალი. ასეთ პირობებში განსაკუთრებულად კარგად გრძნობენ თავს. მარცვლეული კულტურების მოსავლიანობა, როგორც წესი, ჩამორჩება ტრადიციულ, პესტიციდებით გაჯერებულ სისტემებს, თუმცა ის მაინც აღემატება ორგანული მეურნეობის მაჩვენებლებს.
წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები აგრონომიული მეთოდების კომპლექსური გამოყენებაა:
- თესლბრუნვის გაზრდა _ კულტურათა მონაცვლეობის სქემის გაუმჯობესება;
- თესვის ვადების კორექტირება _ მავნებლების ციკლებთან ადაპტაცია;
- მექანიკური დამუშავება _ სარეველების კონტროლის ინტენსიური მექანიკური მეთოდები:
- ბიოლოგიური კონტროლი _ ყვავილოვანი ზოლების შექმნა 20-ზე მეტი სახეობის მცენარით, რაც ხელს უწყობს მავნებლების ბუნებრივი მტრების _ მტაცებელი მწერების პოპულაციების შენარჩუნებას.
სელექციის როლი
კვლევამ ხაზი გაუსვა ჯიშების სელექციის მზარდ მნიშვნელობას. ჩრდილოეთ საფრანგეთში, ესტრე-მონსის საცდელ ნაკვეთზე, ხორბლის ჯიშმა „ჟეოპოლისი“ (Geopolis), რომელიც კომპანია Agri Obtentions-მა (INRAE-ს შვილობილი კომპანია) 10-წლიანი სელექციური მუშაობის შედეგად გამოიყვანა, მაღალი მდგრადობა გამოავლინა ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა სეპტორიოზი და ჟანგა.
ფართო სურათი
INRAE ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური მაჩვენებლების გარდა, ეფექტურობის შეფასებისას გასათვალისწინებელია სხვა სარგებელიც, რომლებიც ხშირად კლასიკურ გათვლებში არ ხვდება:
- გაუმჯობესებული ბიომრავალფეროვნება და ეკოსისტემური მდგრადობა;
- წყლის ხარისხის შენარჩუნება;
- ნიადაგის ჯანსაღი მდგომარეობის აღდგენა;
- ჯანდაცვის ხარჯების შემცირება, რომელიც პესტიციდების ზემოქმედებას უკავშირდება.
წყარო: Science et Avenir

