მედიასტატიებიფერმერი ფერმერს

აზიური ფაროსანა _ რეკომენდაციები შენობების დასაცავად  

აზიური ფაროსანას (Halyomorpha halys) სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა (ჩინეთი, კორეა, იაპონია).  ამერიკის შეერთებულ შტატებში ის გამოჩნდა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, პენსილვანიის შტატში და სწრაფად გავრცელდა. ამჟამად ის უკვე გავრცელებულია 34 შტატში და სოფლის მეურნეობის სერიოზული მავნებლია.
ევროპაში პირველად  2008 წელს, შვეიცარიაში გამოჩნდა. 2014 წელს დაფიქსირდა რუსეთში – სოჭის ოლქში. 2015 წლიდან გავრცელდა აფხაზეთში (განსაკუთრებით სოხუმისა და გულრიფშის რაიონებში) და 2016 წლიდან მასიურად დაიწყო  გავცელება დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში. 
აზიური ფაროსანა საკმაოდ დიდი ზომის (12-17 მმ) პოლიფაგი მავნებელი მწერია. აზიანებს თესლოვან და კურკოვან  ხეხილს, კეკნკროვნებს, მინდვრის კულტურებს,  ბოსტნეულს, დეკორატიულ  მცენარეებს. ინტენსიურად გამრავლების შემთხვევაში მასშტაბურ ზარალს აყენებს გარემოსა და სოფლის მეურნეობას. ფაროსანას გამოზამთრება მიმდინარეობს იმაგოს (ზრდასრული) ფაზაში. ზრდასრულ მწერს შეუძლია დღეში 35 კმ მანძილზე ფრენა და მისი გადაადგილება კულტურებზე და ტერიტორიებზე ძნელად პროგნოზირებადია. აქვს რეპროდუქციის მაღალი უნარი. საქართველოში ჩატარებული დაკვირვებით, დასავლეთ საქართველოში მწერის ორი სრული თაობა ვითარდება.  რაც მთავარია, საქართველოს ეკო-სისტემაში ჯერჯერობით არ არის იდენტიფიცირებული მავნებლის ბუნებრივი მტერი, რომელიც შეძლებს მისი რაოდენობის კონტროლს. 2016-2017 წწ. მნიშვნლოვნად დააზიანა თხილი, სიმინდი, ციტრუსები.  2017 წ. ბოლოს გამოჩნდა აღმოსავლეთ საქართველოშიც.  2016-2017 წლებში ქართველი, ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების თანამშრომლობით შემუშავდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: საინფორმაციო კამპანიას, მონიტორინგს და ქიმიურ ღონისძიებებს. სტარატეგიის განმახორციელებელია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 იანვრის N224 განკარგულებით შექმნილი   სამთავრობო კომისია. 
მნიშვნელოვანია:
აზიური ფაროსანა არ კბენს ადამიანს და შინაურ ცხოველებს;
აზიურ ფაროსანას არ გადააქვს ადამიანთა და ცხოველთა დაავადებები;
შესაძლებელია ზოგიერთი ადამიანი იყოს ალერგიული და/ან მგრძნობიარე ,,სუნიანი ხოჭოს“ მიერ გამოყოფილი ნივთიერების მიმართ, თუმცა ეს არაა სიცოცხლისთვის სახიფათო;
ადრეული გაზაფხულიდან შემოდგომამდე აზიური ფაროსანა პარაზიტობს სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე და ნარგავებზე;
შემოდგომამდე აზიური ფაროსანა ჩვეულებრივ არ შედის ადამიანების საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებში;
აზიური ფაროსანას მიერ გამოწვეული ზიანის შესამცირებლად გაითვალისწინეთ და განახორციელეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციები:
-თუ თქვენ, თქვენი საცხოვრისის გარშემო მექანიკური ან სხვა საშუალებებით შეძლებთ შეამციროთ აზიური ფაროსანას რიცხოვნობა – შემოდგომაზე ნაკლებ შემაწუხებელი იქნება მათი შემოჭრა სახლებში; 
-შემოდგომაზე აზიური ფაროსანა იწყებს გამოსაზამთრებელი ადგილის ძებნას. ესეთი ადგილი შეიძლება იყოს საცხოვრებელი სახლები, ცხოველთა სადგომები და ყველა ის შენობა, სადაც მშრალი და თბილი გარემოა, განსაკუთრებით მიტოვებული შენობები; 
-შენობებში აზიური ფაროსანას შემოჭრის თავიდან აცილება შეიძლება ე.წ. სინათლის ხაფანგებით, ხოლო შემოჭრის შემთხვევაში, მისი რაოდენობის შესამცირებელად მარტივი, ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია მექანიკური განადგურება – გაჭყლეტვის გარეშე; 
-ფაროსანას მექანიკური განადგურებისთვის ფრთხილად დაიჭერეთ და ჩაყარეთ საპნიან ხსნარში; 
-ფაროსანას შესაგროვებლად შესაძლებელია მტვერსასრუტის გამოყენებაც, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ფაროსანას არასასიამოვნო სუნი დიდხანს რჩება მტვერსასრუტში, ამიტომ მტვრის შესაგროვებელი პარკების ცვლა და მილების გარეცხვა ხდება საჭირო; 
-სასურველია ფანჯრების აბადვა არა მხოლოდ ფაროსანასგან, არამედ ზოგადად მწერებისაგან თავის დასაცავად; 
-ფაროსანების მისატყუებლად და შესაგროვებლად შესაძლებელია 2-4 ნახვრეტიანი და კარგად შეკრული მუყაოს ყუთების განთავსება შენობების აივნებზე ან შენობებთან ახლოს დასველებისგან დაცულ ადგილას. ფაროსანას შენობებში შეღწევის პერიოდის დამთავრების შემდეგ, ყუთი დაწვით, ან მთლიანად ჩაყურსეთ საპნიან წყალში;   

-ფაროსანას განადგურება შენობებში შესაძლებელია იმ სადეზინსექციო საშუალებებით (ინსექტიციდი), რომელთა გამოყენება საფრთხეს არ უქმნის ადამიანთა და შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობას – სითხეები, აეროზოლები, ფხვნილები და ა.შ. მფრინავი და მცოცავი მწერებისათვის; 
-სადეზინსექციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბავშვების შენობებში არყოფნის პერიოდში; 
-სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს დამუშავებული ობიექტის დასუფთავება და განიავება
-გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით პრეპარატის თანმხლებ ინსტრუქციას და ზედმიწევნით დაიცავით გამოყენების წესები;
ნებისმიერი სადეზინსექციო  საშუალებების შენახვისა და გამოყენებისას აუცილებელია  უსაფრთხოების ზოგადი წესების დაცვა: 
-არ დაუშვათ სადეზინსექციო საშუალების მოხვედრა ლორწოვან გარსზე ან კანზე; 
-აკრძალულია  პრეპარატთან მუშაობის დროს თამბაქოს მოწევა  და საკვების/წყლის მიღება; 
-პრეპარატი უნდა ინახებოდეს გარეშე პირებისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას; 
-დაუშვებელია  პრეპარატის უმეთვალყურეოდ დატოვება; 


  ქიმიური დეზინსექციის ჩატარებისას დეტალურად გაეცანით გამოსაყენებელი პრეპარატის ინსტრუქციას და მწარმოებლის მიერ რეკომენდებულ უსაფრთოების წესებს; 

საყოფაცხოვრებო და სამედიცინო დანიშნულებით დეზინსექციის ჩასატარებლად საქართველოში რეგისტრირებული და ნებადართული პრეპარატების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ვებგვერდზე:  http://www.ncdc.ge/Pages/User/Documents.aspx?ID=b7130a40-b29f-4c2a-b258-c213a04e2769 . აქვე წარმოდგენილია ის რეგისტრირებული სადეზინსექციო საშუალებები, რომლებიც თანმხლები ინსტრუქციის თანახმად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შენობებში აზიური ფაროსანას  წინააღმდეგ:
1.„რაფტორი-აეროზოლი მცოცავი მწერების საწინააღმდეგოდ“;
2.,,K-Othrine SC 50“;
3.“BUNTOX INSECTISIDE AEROZOL EXTRA KILLER“;
4.,,დიხლოფოსი ეკო”;
5.,,Insecticida Mugal Forte“;
6.„სახლის პროშკა გელი“;
7.,,დიხლოფოსი „მრ ვოლტ“ უნივერსალური“ ;
8.,,რეიდი“ ტარაკნებისა და ჭიანჭველების წინააღმდეგ;
9.,,სოლფისანი“. 
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი