მე და ჩემი სოფელირეგიონებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

ბაბუის დანატოვარ მამულში გაშენებული თხილის ბაღი – „ჯიფონი“ სამეგრელოში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში ჯაბა ვეკუამ „საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით იტალიური ჯიშის თხილით პლანტაცია გააშენა.

თხილის ახალშენი პლანტაცია მეორე წელიწადია ნაყოფს იძლევა და ძალას იკრებს, ნერგები კარგად ვითარდება, ფერმერიც იმედიანადაა, რომ თხილი კარგ მოგებას მისცემს.

როგორც ჯაბა ვეკუა ამბობს, მართალია თხილის წარმოება შრომატევადი საქმეა, თუმცა კმაყოფილია, რომ სწორედ თხილმა უბიძგა, არ მიეტოვებინა მამა-პაპისეული მიწა.

ახუთში ბაბუის დანატოვარმა საკარმიდამო ნაკვეთში შეიქმნა მეურნეობა, რომელზეც ფერმერი დიდ იმედებს ამყარებს.

სოფლის მეურნეობის განხრით არასდროს მიმუშავია, მაგრამ ჩხოროწყუში ბაბუაჩემის დანატოვარ მიწაზე, რომელიც თითქმის 20 წელიწადი იყო მიტოვებული და ეკალ-ბარდს ჰქონდა გადავლილი, საქართველოს ბაკის“ კრედიტით კარგი  მეურნეობა გავმართე“.

„2015 წელს შვიდ ჰექტარზე იტალიური ჯიშის თხილი, „ჯიფონი“ გავაშენე, თხილის ამ ჯიშს აქებდნენ, უხვმოსავლიანია, ხარისხიანი ნაყოფი აქვს… თხილის მოვლა, როგორც აღვნიშნე შრომატევადი საქმეა, მითუმეტეს ისეთ რელიეფზე, როგორზეც  ჩემი ბაღია გაშენებული. დამრეც ფერდობზე უჭირს ტექნიკას მუშაობა და თითქმის ყველაფრის კეთება ხელით მიწევს. ხელით ვთიბავ, ვსხვლავ და ა.შ. ზოგჯერ დამხმარე მუშახელს ვქირაობ და ასე უფრო მიიოლდება საქმე“.

„ბაღის მოვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბევრი დაავადებაა გავრცელებული, ამას ემატება აზიური ფაროსანა და თუ  ტექნოლოგიური ნორმების დაცვით არ შეასრულეს სამუშაო, კარგი შედეგს ვერ მიიღებ. შარშან სამჯერ შევწამლე თხილის ბაღი, ორნაირი სასუქი შევიტანე. ასეთივე ოპერაციები დასჭირდება მომავალ წელსაც“ _ ამბობს ფერმერი.

როგორც  ჯაბა გვიხსნის,  იტალიური ჯიშის თხილი საქართველოს კლიმატსა და პირობებს ადვილად შეეგუა. ნერგები კომპანია „ფერეროსგანშეიძინა,  პლანტაცია უკვე მოძლიერებულია და ფერმერი მომავალ წლებში უხვ მოსავალს ელოდება. ფიქრობს, რომ რეალიზაციაც არ უნდა გაუჭირდება. თხილს ძირითადად ჩხოროწყუს ადგილობრივ ბაზარზე აბარებს. ამბობს, რომ გაურჩეველი თხილის ფასი 4 ლარი და 10 თეთრია, რაც არც ისე მაღალი ფასია.

„მეორე წელიწადია, რაც ბაღიდან თხილის მოსავალს ვიღებ. წლეულს ერთი ტონა და 600 კილოგრამი დავკრიფე, რაც ახალშენი ბაღისთვის ცუდი შედეგი არ არის. გაისად გაცილებით  უკეთესი მოსავალი მექნება.

მეურნეობის განვითარება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯაბა ვეკუამ „საქართველოს ბანკიდან“ აღებული სესხით შეძლო. ამბობს, რომ 40 000 ლარის კრედიტი აიღო და  მთლიანად თხილს პლანტაციას მოახმარა. გაასუფთავა მიტოვებული ტერიტორია, იყიდა ნერგები და დარგო, უკვე გაშენებულ ბაღში გამეჩხერებული ადგილები ახალი ნარგავებით შეავსო:

„საქართველოს ბანკიდან“ აღებულმა სესხმა დიდი შეღავათი მომცა. სწორედ ამ ბანკის დამსახურებაა, რასაც აქ ხედავთ. რამდენიმე წლის წინათ აქ გაუვალი ბუჩქნარი და ეკალ-ბარდი იყო მოდებული. დღეს აქ, როგორც ხედავთ, უკვე მშვენიერი თხილის პლანტაციაა გაშენებული.

თხილის იტალიური ჯიში „ტონდა დი ჯიფონი“, რომლითაც ჯაბა ვეკუამ პლანტაცია გააშენა, ცნობილი ჯიშია, კარგად ეგუება ადგილობრივ კლიმატურ პირობებს და უხვ მოსავალს იძლევა.

გამოცდილი ადგილობრივი ფერმერები ჯიშს დადებითად ახასიათებენ, რომ ის ახასიათებენ:

მოსავლიანობა – 1 ჰექტარზე 3.5 ტონა;

გამოსავლიანობა – 40-45%;

ნაყოფის საშუალო წონა – 1.2 გრ.;

ზრდა –  ძლიერი;

მოსავალი ერთ ძირზე – 5-6 კგ.;

კრეფის პერიოდი – ივლისი-აგვისტო;

ნაყოფი საკმაოდ მსხვილი აქვს, იოლად არ ცვივა, მაღალპროდუქტიულია, ხასიათდება ადრეული ნაყოფიერებით, მაგრამ გვიან მომწიფებით

ამჟამად თხილის ეს ჯიში საქართველოში გავრცელებულია სამეგრელოსა და კახეთში.

თაკო  ფეიქრიშვილი,

ჩხოროწყუ, დეკემბერი, 2021წ.

2