დარგებიმეცხოველეობა

ბალახის ფქვილისა და გრანულების დამზადების ტექნოლოგია

მრავალწლოვანი და ერთწლოვანი ბალახების მწვანე მასის დაკონსერვების ყველაზე მაღალეფექტიან მეთოდს წარმოადგენს ხელოვნური გაუწყლოება და ბალახის ფქვილის ან გრანულის დამზადება. საშუალოდ 1 კგ ბალახის ფქვილი შეიცავს 1,6-ჯერ მეტ ცილებს, 3,5-ჯერ მეტ ნახშირწყლებს, 7-ჯერ მეტ კაროტინს, ვიდრე კარგი ხარისხის თივა.

ბალახის ფქვილის დასამზადებლად ნორჩი ბალახის შრობის არსი ითვალისწინებს, რომ შრობის შედეგად მიღებული პროდუქტი ხასიათდებოდეს არა მარტო შენახვის კარგი უნარით, არამედ სრულად ჰქონდეს შენარჩუნებული ბალახში არსებული საკვები ნივთიერებები, პირუტყვის მიერ მათი მაღალი შემთვისებლობა და გემოვნებითი თვისებები. ხელოვნური შრობის დროს ნორჩი მაღალყუათიანი ბალახიდან მიიღება მშრალი მწვანე კონცენტრატი, ხოლო დაფქვის შემდეგ — ბალახის ფქვილი.

სტანდარტული და სრულფასოვანი ბალახის ფქვილის წარმოებისათვის უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მაღალხარისხიანი ნედლეული — ნათესი პარკოსანი და მარცვლოვანი ბალახები, მათი ნარევი, ან მაღალი ბონიტეტის ბუნებრივი სათიბი. ძალზე მნიშვნელოვანია ბალახნარის დროულად გათიბვა, კერძოდ პარკოსნების დაკოკრების, ხოლო მარცვლოვნების-აღერების (დამუხვლის) ფაზაში. თუ რა გავლენა აქვს ვეგეტაციის სხვადასხვა ფაზაში ბალახნარის მოთიბვას ბალახის ფქვილის წარმოებასა და მის ყუათიანობაზე, წარმოდგენას იძლევა პირველი ცხრილის მონაცემები.

მარცვლოვანი ბალახებიდან თივის ფქვილის დამზადებისას სასურველია აზოტიანი სასუქის შეტანა (N60-120), რაც მწვანე მასის გადიდებასთან ერთად უზრუნველყოფს მოსავლის უფრო თანაბარ განაწილებას გათიბვებს შორის, ასევე, რაც მთავარია, სათიბ მასაში პროტეინის და კაროტინის შემცველობის გადიდებას.

ბალახის ფქვილის და გრანულების წარმოება სათანადო დანადგარების და მოწყობილობების შეძენას საჭიროებს. მათი შეძენისა და სრული დატვირთვისათვის სეზონის მანძილზე მიზანშეწონილია რამდენიმე ფერმერის კოოპერირება, ერთობლივი საამქროს შექმნა. მე-2 ცხრილში მოცემულია 1 ტონა ბალახის ფქვილის წარმოებისათვის საჭირო მწვანე მასის და საწვავის რაოდენობა, მწვანე მასის ტენიანობაზე დამოკიდებულებით.

ერთი კგ წყლის ასაორთქლებლად საჭიროა 80 გ-მდე თხევადი საწვავი, ამიტომაც ხელოვნურად გამომშრალი საკვების, კერძოდ ბალახის ფქვილის წარმოების დროს დანახარჯების ლომის წილი სწორედ საწვავზე მოდის. მეტად პერსპექტიულია ამ მიზნით მზის და ქარის ენერგიის გამოყენება.

მწვანე ბალახეული მასის შრობის მთელი პროცესის მანძილზე გასაშრობი ნედლეულის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 800C-ს, რადგანაც ტემპერატურის მატება გამოიწვევს კაროტინის დაშლის დაჩქარებას. არასაკმარისად გამომშრალი მასა ცუდად ინახება, ზრდის თვითაალების შესაძლებლობას.

საშრობი დოლიდან გამოსული მასის ტემპერატურა 60-700C-ს, ხოლო აგრეგატიდან გამოსულისა კი 30-400C-ს არ უნდა აღემატებოდეს.

საშრობი აგრეგატის ნორმალური მუშაობისათვის და ხარისხიანი საკვების მიღებისათვის დაცული უნდა იყოს შემდეგი ძირითადი მოთხოვნები: დაქუცმაცებული მასის ნაწილაკების სიგრძე უნდა იყოს 20-30 მმ (არა უმცირეს 85%-სა); 100 მმ უფრო მეტი სიგრძის ნაწილაკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს; საშრობი დოლიდან გამოსული გამშრალი ბალახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 7000-ს; ტენიანობა — 13-14 %-ს; ბალახის ფქვილის ტენიანობა — 10-12 %-ს.

ბალახის ფქვილი 6 თვის შენახვის შემდეგ 50% მეტ კაროტინს კარგავს, რაც დამოკიდებულია ტემპერატურაზე, ტენიანობაზე, განათებასა და სხვა ფაქტორებზე. ყველაზე ოპტიმალურია ბალახის ფქვილის შენახვა ქაღალდის ან პოლიეთილენის ტომრებში.

ბალახის ფქვილში კაროტინის დანაკარგების შესამცირებლად წარმოების პროცესში შეაქვთ კაროტინის სტაბილიზატორები — სანტოქინი და დილუდინი.

ბალახის ფქვილიდან მიზანშეწონილია დავამზადოთ გრანულები, რითაც 12%-ით მცირდება კაროტინის დანაკარგები შენახვის დროს და სამჯერ ნაკლები მოცულობის საცავებია საჭირო. გრანულების დასამზადებლად გამოიყენება სხვადასხვა მარკის გრანულატორები.

ბალახის ფქვილის დასამზადებლად, დაბლობის სარწყავ პირობებში, მიზანშეწონილია პარკოსანი ბალახების — აღმოსავლეთ საქართველოში ლურჯი იონჯას, დასავლეთში კი ლურჯი იონჯას ან მდელოს (წითელი) სამყურას, კოლხეთის დაბლობზე მათ გარდა კურდღლისფრჩხილას თესვა.

ბრიკეტების დამზადება. მსხვილი რქოსანი პირუტყვისათვის უფრო მიზანშეწონილია დამზადდეს დაკუწული ბალახი, ხოლო მის საფუძველზე კი ბრიკეტი ისევე, როგორც ბალახის ფქვილის გრანულირების დროს. დაქუცმაცებული ბალახიც დაწნეხვის წინ უნდა დაინამოს შემრევ-ნორმალიზატორში, იმ ანგარიშით, რომ ამ მასის ტენიანობა 10-15%-დან გაიზარდოს 14-17%-მდე. ბრიკეტირების დროს დაქუცმაცებული ბალახი 17% და უფრო მცირე ტენიანობის დროს არ ობდება, კარგად ინახება, ხოლო საყუათო ნივთიერებების შემცველობა პრაქტიკულად არ იცვლება.

ბრიკეტირებისათვის საჭირო ნედლეულის ტენიანობის შემცირება 70% და უფრო ნაკლებ ტენიანობამდე, რაც საშრობი აგრეგატების მიერ საწვავის ხარჯვის მნიშვნელოვან შემცირებას განაპირობებს და ადიდებს მათ წარმადობას, შესაძლებელია მოთიბული ბალახის მინდორშივე შეჭკნობით; ამასთან ზუსტად უნდა იყოს დაცული ტექნოლოგიური მოთხოვნები და მოთიბული ბალახის შეჭკნობის ოპტიმალური ვადები, რათა მინიმალური იყოს კაროტინის დანაკარგები.

ბრიკეტების, ისევე როგორც გრანულების სიმტკიცის გადიდებისათვის, მათთვის სპეციალური თვისებების შესაძენად, მაგალითად წყლისადმი გამძლეობა თევზებისათვის გრანულების წარმოებისას, დასაწნეხ მასალაში წნეხ-გრანულატორებში და წნეხ-ბრიკეტირებლებში, ჩამოთვლილი დანამატების გარდა შეაქვთ შემაკავშირებელი ნივთიერებები — მელასა, სიმინდის ექსტრაქტი, კარბამიდი, ბენტონიტები, საპროფილი, სულფიტურ-სპირტოვანი ბუყი და სხვა.

ბრიკეტების დამზადების ტექნოლოგია სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: მოთიბვა-დატლეჟა (აჩეჩვა (აჯენჯვა)-გადაბრუნება, მოფოცხვა (აკრეფა-დაქუცმაცება (ტრანსპორტირება (ხელოვნური შრობა (შემაკავშირებელი (შემაწებებელი) სითხის დამატება-არევა (დაწნეხვა-ბრიკეტირება.

პირველი სამი ოპერაცია სრულდება იმავე წესით და იმავე მანქანებით, როგორც ეს ხდება ბარდანებად თივის აღების დროს. მოფოცხვის შემდეგ, თუ მოთიბული მასის გაშრობა არ ხდება საშრობ აგრეგატებში, აუცილებელია ბალახი შეშრეს ღვარეულებში 14% ტენიანობამდე. კარგად გამშრალ ღვარეულებს მიჰყვება ამკრეფ-დამქუცმაცებელი მანქანა, დაქუცმაცებული მასა მიიტანება ბრიკეტირებისათვის დამწნეხ აგრეგატთან, იყრება შნეკურ ამრევში, ესხურება შემაწებებელი (შემაკავშირებელი) სითხე და მიეწოდება დამბრიკეტებელ წნეხს. ბრიკეტის სიგრძე მერყეობს 50-75 მმ ფარგლებში, დიამეტრი (სისქე) კი 25-50 მმ შუალედში.

ბრიკეტებს ძირითადად აძლევენ ცილინდრის ან სწორკუთხედის ფორმას. საცავებში შენახვის წინ ბრიკეტების ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს გარემოს ტემპერატურას 80C-ით.

იოსებ სარჯველაძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა

დოქტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი,

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კონსულტანტი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №70