აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

ბამბუკის პლანტაციის გამოყენება, ექსპლოატაცია

ბამბუკი მრავალმხრივ გამოყენება სახალხო მეურნეობასი. მას იყენებენ დეკორაციული სახლების, ჯიხურების, სასადილო ოთახების და ტალავერების მოსაწყობად, მსუბუქი და გამძლე კიბეების გასაკეთებლად, კალათებისა და გოდრების დასაწნავად, საანკესო და სასპორტო ჯოხების დასამზადებლად, მევენახეობასა და მებოსტნეობაში, როგორც საუკეთესო საყრდენს. ზამთარში მეციტრუსეები იყენებენ ციტრუსოვანთა დასაყრდენად, ასევე მისი ჩელტები გამოიყენება ღობეების და დეკორაციული გაზონების მოსაწყობად.
ბამბუკის მერქნისაგან მზადდება უმაღლესი ხარისხის ქაღალდი, ხოლო ბამბუკის  ბოჭკოსაგან დამზადებულ ანტიალერგიულ ქსოვილი (მაისურები, წინდები) ძვირადღირებული და  მოთხოვნადი ნაწარმია.

ბამბუკის მერქნისგან დამზადებული ფქვილი საუკეთესო კომპონენტია მეტალო-პლასტმასის ფილების საწარმოებლად.

ბამბუკის ნედლი ღეროები და ფოთლები  მეცხოველეობაში საკვებად გამოიყენება

ბამბუკი მისი ძლიერი ფესვთა სისტემის გამო საუკეთესო საშუალებაა ფერდობების და ხრამების ეროზიული პროცესებისაგან დასაცავად.

ბამბუკის ნარგავების კარგად განვითარების პირობებში, რაც დამოკიდებულია ნიადაგურ – კლიმატურ პირობებზე და ნერგის მოვლაზე, დარგვიდან მეოთხე- მეხუთე წელს თითქმის ყველა სახე ბამბუკისა მოგვცემს სრულფასოვან ღერებს აჭრისთვის, ხოლო 7-8 წლიანი პლანტაცია სრულმოსავლიანობას აღწევს.

ასაჭრელად ვარგისად ჩაითვლება ბამბუკის სრულიად მომწიფებული 3 წლიანი ღეროები. აჭრა უნდა წარმოებდეს ზუსტად დადგენილი წესით და დროში.

უწესოდ აჭრის შემთხვევაში ერთ-ორწლიან პლანტაციაში მცენარეები კნინდებიან და ნადგურდებიან.

ბამბუკის ღეროების ხნოვანება გარეგნულად ძნელად დასადგენია, ამიტომ ამონაყარის ზრდის დამთავრების შემდეგ უნდა დაინომროს ფერადი საღებავით. წლის უკანასკნელი ციფრის აღნიშვნით.

ღეროების აჭრის საუკეთესო ვადებია ნოემბრიდან დეკემბრამდე.

გაზაფხულზე ამონაყრების მასიური ვეგეტაციის პეროიდში პლანტაციაში ღეროების მოჭრა დაუშვებელია.

ღერო იჭრება ბაღის ხერხით მიწის ზედაპირიდან 5-7 სმ.სიმაღლეზე. მოჭრილ ღეროებს 7-10 დღის შემდეგ გაეცლება გვერდითი ტოტები, დახარისხდება, შეიკვრება კონებად და გაიტანება პლანტაციიდან. აჭრილი ტოტები ფოთლების გაცვენის შემდეგ საუკეთესო მასალაა ქუჩებისა და ეზოების დასაგველი ცოცხების გასაკეთებლად.

გაწმენდილი ღეროების რეალიზაცია წარმოებს კარგად ვენტილირებულ საწყობში გამოშრობის შემდეგ, იმ მიზნით, რომ არ მოხდეს მისი ნაადრევი ლპობა და ფიზიკო-მექანიკური თვისებების გაუარესება.

ბამბუკის ძლიერ პლანტაციებს აქვს თვისება ყოველწლიურად გვერდითი ფართობების, ან კულტურული ნარგაობის ,,დასარევლიანებისა“ ანუ აქტიურად მზარდი მიწისქვეშა ფესვები თავისუფლად გადიან საზღვრებს გარეთ, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს სახნავ- სათესი, თუ კულტურული ნარგაობის შევიწროვებას. ამ მიზნით პრაქტიკოსი მებაღეები მიმართავენ 1-მ-იანი თხრილის ამოღებას საზღვარზე, რაც იცავს  მომიჯნავე კუტურებს ბამბუკის ფესვებისა და ღეროებისაგან.

ბამბუკის პლანტაციას ხანგრძლივი ექსპლუატაციის შედეგად ახასიათებს მკვრივი  ფესვების ზედაპირული  განვითარება, რომლებიც გადაიხლართებიან ერთმანეთში და არ აძლევენ ახალ ფესვებს განვითარების საშუალებას, ან თუ ვითარდებიან ასეთი ფესვებიდან ამონაყრებს ძლიერ სუსტი, ცოცხისებრი ზრდა ახასიათებთ. როდესაც ბამბუკის ასაკოვან პლანტაციაში დიდი რაოდენობით ვითარდება სახეობისათვის არადამახასიათებელი წვრილი ცოცხისებური ამონაყრები, ეს იმის მაჩვენებელია, რომ პლანტაცია იწყებს გადაგვარებას და საჭიროა ზომების მიღება. ასეთ შემთხვევაში ერთად-ერთ რადიკალურ ღონისძიებას წარმოადგენს ადრე გაზაფხულზე ერთ მეტრამდე პლანტაციაში არსებული ბამბუკის გადანაჭერი კუნძებისა და ფესურების ამოძირკვა-გამოხშირვა. ამოთხრის შემდეგ დარჩენილი ორმოები უნდა შეივსოს  ტორფკომპოსტით. ერთ ჰექტარზე საჭირა 30 ტონა ტორფკომპოსტი.

მითითებული აგრო ღონისძიება ეფექტს იძლევა 5-6 წლის განმავლობაში, აღნიშნული პერიოდის გავლის შედეგ ეს ღონისძიება უნდა განმეორდეს.ნორმალური მოვლისა და  ექსპლუატაციის პირობებში 1 ჰა ბამბუკის პლანტაცია   სახეობების მიხედვით იძლევიან 3-5 ათას სარეალიზაციოდ ვარგის ღეროებს.

/ზაურ გაბრიჩიძე/,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი