აგროსიახლეები

„ბაქოს ვარდები“ უკვე  საქართველოს ბაზარზეა

აზერბაიჯანის ყვავილების კომპანიის Azerbaijan Flowers Company (AFC) ძალისხმევით, ბრენდი Baku Roses/ ბაქოს ვარდები, ყვავილების ფართო ასორტიმენტით, უკვე საქართველოს ბაზარზეც არის  წარმოდგენილი.

თბილისში ვარდების პირველი პარტია უკვე გამოიგზავნა. ახალ-ახალი პროდუქცია საქართველოს ყოველკვირეულად მიეწოდება, რომელიც განიხილება, როგორც პატარა, მაგრამ ახლო, სტაბილურ ბაზრად. თუ ამ დრომდე საქართველოში ვარდები კენიიდან, ეკვადორიდან და სომხეთიდან შემოჰქონდათ ამიერიდან ჩვენი მომხმარებელი „ბაქოს ვარდებსაც“ გაეცნობა.

საქართველოში აზერბაიჯანიდან ამ ჯერზე 10 ჯიშის ვარდია შემოტანილი, მათ შორის კაშკაშა წითელი ვარდის უნიკალური სახეობა, რომელიც სპეციალურად Azerbaijan Flowers Company-სთვის გამოიყვანეს.

როგორც მოგეხსენებათ, მეყვავილეობა აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ტრადიციული დარგია.  ისიც ცნობილია, რომ რუსეთში ყვავილების ბიზნესში აზერბაიჯანელები დომინირებენ, თუმცა აქამდე ყვავილები, ვარდები მათ ძირითადად ჰოლანდიიდან, აგრეთვე ზემონახსენები ეკვადორიდან და კენიიდან შემოჰქონდათ, ახლა უკვე „ბაქოს ვარდები“ რუსეთის ბაზარზეც იწყებს გააქტიურებას. 

კომპანია AFC- ს თანადამფუძნებლის, რაუფ ხალილოვის თქმით, პროდუქციის ექსპორტის პირველმა წარმატებულმა ცდამ, აშკარად დაგვანახა ამ საქმიანობის განვითარების მკაფიო გზა, რომ მაღალი სტანდარტის აზერბაიჯანული ვარდებით მსოფლიო ბაზარზე ღირსეულად წარვსდგეთ.

AFC აზერბაიჯანში პერსპექტიული ახალი პროექტია, რომელიც LU-MUN და ISR ჰოლდინგების დახმარებით შეიქმნა.

კომპანიის სათბურები სოფელ გალაში, სამ ჰექტარ ფართობზეა გაშენებული.

 ბოლო ორი წელიწადია AFC პროდუქტმა „ბაქოს ვარდებმა“/ Baku Roses ბრენდმა ადგილობრივ ბაზარზე მყარად დაიმკვიდრა ადგილი. ახლა ის უკვე მსოფლიო ბაზარზე დასამკვიდრებლად დიდ ენერგიას და სოლიდურ ინვესტიციას ხარჯავს.